USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „მოვიდა დრო იმისა, რომ პუტინის რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან იქნეს გაძევებული“
дата:  1429

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოვიდა დრო იმისა, რომ პუტინის რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან იქნეს გაძევებული“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დღეისათვის უკრაინაში მიმდინარე ომი მრავალი მომენტის სინონიმი გახდა: ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ ვითარდება ომი დრონების მონაწილეობით, ვწუხვართ უდიდესი მსხვერპლის გამო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დანაკარგებს უთანაბრდება, ვდარდობთ ულამაზესი ქალაქების ნგრევას... და მაინც, რუსეთის არცერთი დამანგრეველი ქმედება არ ყოფილა ისეთი შოკისმომგვრელი, როგორსაც მოსკოვის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული წარმოადგენს ევროპის მიწა-წყალზე, სადაც, როგორც ითვლებოდა, მსგავსი რამ ისტორიიას დიდი ხნის წინ ჩაბარდა.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როგორც სამხედრო დამნაშავეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი წაუყენა უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ალბათ სხვებიც დაემატება - წინასწარ დაგეგმილი სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, აგრეთვე ბუჩასა და ირპენში მომხდარი ტრაგედიები.

რუსეთის საშინელი რეჟიმი არ ზრუნავს სმოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირებაზე. კრემლს არ ადარდებს სარაკეტო დაბომბვების თანმდევი ზიანი, რასაც ადამიანები განიცდიან.  მოსკოვში ფიქრობენ, რომ თუ მშვიდობიანი მოსახლეობას დიდი რაოდენობას დახოცავენ და უკრაინას მიწასთან გაასწორებენ, ისინი გამარჯვებას მოიპოვებენ - ისე როგორც ეს სირიაში გააკეთეს.

რუსეთის მიერ ჩადენილმა საშინელმა ქმედებებმა გაეროს უკვე მისცა საფუძველი იმისათვის, რომ ორგანიზაციამ საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს, წესდების თანახმად, რომელიც მისი მოქმედების პრინციპებს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანის თვალში გაერო ბოლო დრომდე ამ ომში უმოქმედო ორგანიზაციად რცჩება. გაერომ ვერ ააცილა მსოფლიოს ომის დაწყება, ვერ შეამჭიდროვა მსოფლიო უკრაინის მხარეზე, ვერ შეინარცუნა „მარვლეულის გარიგება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია აფრიკისა და აზიის რარიბი ქვეყნების მოსახლეობისათვის... გაერო დუმილს ინარჩუნებს რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეტქებასთან დაკავშირებით, რომელმაც ეკოლოგიური კატასტროფის პროვოცირება მოახდინა. გაეროს ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეში საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენს ისე როგორც საჭიროა: მისი განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობის თაობაზე საკმაოდ დუნე იყო და სულაც არ ამჟღავნებდა გენმდივნის, როგორც ლიდერის როლს. ეს უხერხულობას ქმნის.

და მაინც, როგორც ჩანს, ანტონიო გუტერეშის ყველაზე დიდი შეცდომა, ჩემი და სხვების აზრით, მორალური თვალსაზრისით, ისაა, რომ იგი საერთოდ არ განიხილავს რუსეთის გარიცხვის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობიდან.

მე მზად ვარ ვაღიარო, რომ ეს ძალიან რთული თემაა. ბევრი კითხვა ჩნდება: ვთქვათ, გაირიცხა რუსეთი, მერე რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი დიალოგის დაწყებაზე უკრაინის ირგვლივ? გადავა თუ არა ინიციატივა ჩინეთის ხელში? რას იზამს ამერიკა და საბჭოს სხვა მუდმივი წევრები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია. და მაინც, რატომ არ ცდილობენ ამ საკითხის წამოწევას და განხილვას სხვა მუდმივი წევრები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი?

წარმოიდგინეთ რამდენად თავზარდამცემი იქნება რუსეთისათვის ის მომენტი, როცა მოსკოვი დაინახავს, რომ მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა რეალური გახდება. ეს რუსეთისათვის ეროვნული დამცირება და დიდი სირცხვილი იქნებოდა, ცივი ომის დასრულების პერიოდიდან ყველაზე დიდი მორალური დარტყმა. ვლადიმერ პუტინი ამას, ალბათ, ვერ გადაიტანს. გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვა ახალი მსოფლიო წესრიგისათვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნებოდა და აჩვენებდა, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის დასჯას თვით უშიშროების საბჭოს წევრიც ვერ გადაურჩება.

რას ნიშნავს დღევანდელი მსოფლიოსათვის ის, რომ პუტინის რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობას ინარჩუნებს და ამას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს? გამოდის, რომ მის დანაშაულზე თვალი უნდა დავხუჭოთ? რუსეთი აღარ იმსახურებს მუდმივი წევრის სტატუსს. ალბათ, იტყვიან, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. მერედა რა, განა არ არიან სხვა ბირთვული ქვეყნები, მაგალითად, პაკისტანი და ინდოეთი, რომლებსაც საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი არ აქვთ? მე მესმის ამ ქვეყნების იმედგაცრუება იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოს წევრია გენოციდში დადანაშაულებული ქვეყანა - რუსეთი. თანაც ეს სტატუსი მინიჭებული უშუალოდ რუსეთს კი არ ჰქონდა, არამედ საბჭოთა კავშირს.

კარგად მესმის მათიც, ვინც ამბობს, რომ ჩინეთი ვეტოს დაადებს რუსეთის გარიცხვის საკითხის განხილვასო, თუ ამის გაკეთებას აშშ და სხვები შეეცდებიან. დაე, ეგრე იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაგრამ არ იქნება განხილული, მაინც სასარგებლო შედეგს გამოიღებს: ყველა დაინახავს რუსეთის ჭეშმარიტ სახეს, კრემლი ვერანაირად ვეღარ შენიღბავს დიპლომატიურად თავის მოქმედებას.

გაერო ყველაზე უძლიერესი ორგანო უნდა იყოს ჩვენს პლანეტაზე, რომლისაც კიდეც შეეშინდებათ და კიდეც პატივს მიაგებენ. ამის ნაცვლად ის გადაქცეულია სალაყბოდ, სადაც ყველას უფლება ეძელევა დეზინფორმაცია გაავრცელოს, ცრუ მოვლენების პროპაგანდა განახორციელოს, თანაც რაიმე სასჯელის გარეშე. გაეროს წევრები ნებას აძლევენ რუსეთს, რომ კრემლმა ამ ორგანიზაციის მუშაობა განსაზღვროს, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყოს... და  ეს უფლება აქვს იმ სახელმწიფოს, რომლის ლიდერი საერთაშორისო დამნაშავეა და  დაპატიმრებული უნდა იქნეს. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს.

გაეროს თუ სურს, რომ სიკეთის მთესველი იყოს, მან მხარი უნდა დაუჭიროს ახალ მსოფლიო წესრიგს, თავისი რიგებიდან უნდა გააძევოს დანაშაულის ჩამდენი ქვეყნები, უპირველესად კი რუსეთი. ნებისმიერ შემთხვევაში, მას ვეტოს უფლება მაინც უნდა ჩამოერთვას. რუსეთი გაეროსათვის იმ მძიმე საზღვაო ღუზას წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციას ჩასაძირად ფსკერისკენ ითრევს და რომლის მიერ ჩადენილი ბოროტება მატულობს.

ჩვენ საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ - ვართ თუ არა იმ დემოკრატიის ერთგულნი, რისთვისაც უკრაინა იბრძვის და რომლის განადგურებას რუსეთი ცდილობს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/08/08/it-is-time-to-kick-putin-russia-off-the-un-security-council/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати