USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ“
Date:  523

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ“ (ავტორი - ჩალზ მური). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის ქცევა-მოქმედების მიზეზები, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულებაში გამოიხატება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ფართოდ არის ცნობილი, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს. ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფიის მიხედვით, მათგან მხოლოდ ორნი გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები - ჯიმი კარტერი და ბარაკ ობამა.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღიზიანებს, რომ დღემდე მან ნობელის პრემიის მიღება ვერ მოახერხა.

თუ ჩვენ ბარაკ ობამას ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სიას დონალდ ტრამპისას შევადარებთ, აშკარად შევამჩნევთ, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა: ნობელის პრემიის გარდა, ბარაკ ობამას მიღებული აქვს „გრემისა“ და „ემის“ პრემიები, ჯონ კენედის და რობერტ კენედის სახელობის პრემიები, აგრეთვე სულ მცირე 15 პრემია და 16 საპატიო წოდება.

ჰოდა, რატომ უნდა ჩამოუვარდებოდეს პრემიებისა და წოდებების მინიჭების საკითხში  რესპუბლიკელი პრეზიდენტი დემოკრატ პრეზიდენტს? არადა, ფაქტი ჯიუტია: დონალდ ტრამპის გვარსახელი 1995 წლიდან მხოლოდ აზარტული თამაშების დიდების დარბაზს ამშვენებს, გასულ წელს კი იგი McDonalds French Fry-ს სერიფიკატით დაჯილდოვდა. სულ ესაა მისი მიღწევების აღიარება. 

რასაკვირველია, ბარაკ ობამას ნობელის პრემიის მინიჭებაშიც არის გარკვეული არასასიამოვნო და საეჭვო მომენტები: კონკრეტულად რისთვის მიიღო მან - პრეზიდენტობის პირველ წელს, 2009-ში, ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში - ესოდენ პრესტიჟული პრემია, დღემდე მითქმა-მოთქმას იწვევს. თუ ამ პრინციპით, ალბათ, მისტერ დონალდ ტრამპს, პრემია 2017 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ახლა 2025 წელია, პრეზიდენტობის მეორე ვადა, ნორვეგიელები და შვედები კი მას ძველებურად არ აღიარებენ.

დონალდ ტრამპის სწრაფვას ჯილდოს მისაღებას არა მხოლოს პატივმოყვარეობაა. იგი გულწრფელად თვლის თავის თავს მშვიდობისმყოფელად. მართლაც, მისი პრეზიდენტობის წლებში ამერიკას არცერთი ომი არ დაუწყია, რაც ძალიან იშვიათობად ითვლება 21-ე საუკუნეში. მან ხელი მოაწერა ავღანეთის ომი შეწყვეტის (ჯარების გამოყვანის) შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში (სხვა საკითხია, როგორ ქაოსურად გამოიყვანა ჯო ბაიდენმა). სწორი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ დონალდ ტრამპის აგრესიული ენერგია უფრო მეტად მიმართულია მოკავშირეების შეურაცხყოფისაკენ, ვიდრე მტრების დასაბომბად.

დიახ, დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, როგორ განსაზღვრავს იგი ტერმინ „მშვიდობას“.

ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი შეპყრობილია იდეით უკრაინაში მშვიდობის დამყარების თაობაზე. იგი ჯერ კიდევ არჩევამდე აცხადებდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას თავისი პრეზიდენტობის პირველსავე დღეს მოაგვარებდა. მართალია, მას ზუსტად არ შეუსრულებია დაპირება, მაგრამ აშკარაა, რომ სწრაფად მოქმედებს.

ჩვეულებრივი მშვიდობისმყოფელები არაფორმალურ მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან აწარმოებენ და ცდილობენ მათგან გარკვეულ დათმობებს მიაღწიონ, შემდეგ კი მათთან ერთად მაგიდას უსხდებიან. დონალდ ტრამპი პროცესს ისე აცქარებს, რომ მას არავიტარი ბალანსი არ აინტერესებს, იგი თავის ყურადღების კონცეტრირებას და ზეწოლას იმ მხარისაკენ მიმართავს, რომლსაც სუსტად თვლის. იგი მეგობრულად ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც აშშ რუსეთის მტრად ჰყავს გამოცხადებული, მაგრამ საჯაროდ ამცირებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის ერთგული მეგობარია.

რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს დათმობებზე აგრესორი რუსეთის მიმართ, უნდებად დონალდ ტრამპისათვის იგი დაბრკოლებას წარმოადგენს მშვიდობის მიღწევის გზაზე. სანამ ეს დაბრკოლება არ იქნება განეიტრალებული, ვლადიმერ პუტინი თავს უფლებას აძლევს როგორც სურს ისე მოიქცეს.

რა მიზანი აქვს დონალდ ტრამპს? ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ნობელის კომიტეტმა, ალბათ, ისევე უნდა იმოქმედოს, როგორც ბარაკ ობამას მიმართ - სასწრაფოდ მიანიჭოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს  მშვიდობის პრემია. მსოფლიო გაიგებს, მართლაც სურს თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება, თუ მისი ინტერესი მხოლოდ დროებითია.

ამჟამად დონალდ ტრამპი წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში იმყოფება: იგი ცდილობს მიზანს დაუბალანსებელი მოქმედებით მიაღწიოს და იმავდროულად უარს ამბობს მიღწეული შედეგის კონტროლზე პერსპექტივაში. ეჭვი მაქვს, რომ ჯერ-ჯერობით არავინ იცის - არც სახელმწიფო დეპარტამენტმა და არც პენტაგონმა, მით უმეტეს, არც აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა, თუ როგორი მტკიცე გეგმის ან როგორი სცენარის სახით შეიძლება სამშვიდობო პროცესი განვითარდეს. შესაძლოა, როცა დონალდი მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდება, რაღაც სინათლეს შეიტანს საკითხში.

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთზეც ზეწოლას მოახდენს. „უკრაინას სურს გარიგებაზე დათანხმდეს, რადგან მას არჩევანი არ აქვს. ვფიქრობ, რუსეთსაც სურს გარიგება, იმიტომ, რომ... იმ განსხვავებული გარემოების გამო, რომელიც მხოლოდ მე ვიცი - არც [რუსებს] არ აქვთ არჩევანი“. საინტერესოა, რა განხვავებული გარემოება არსებობს რუსეთისათვის?

სამწუხაროდ, ტრამპის მალულ იდეებზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. რა პრინციპით მოქმედებს პრეზიდენტი? არსებობს ერთ-ერთი საკმაოდ გონივრული თეორია, რომელიც ამერიკელმა სტრატეგიის თეორეტიკოსმა ედვარდ ლიუტვაკმა წამოაყენა: ტრამპი „ანტინიქსონისებურად“ მოქმედებს (ნიქსონივით, მაგრამ საწინააღმდეგო მიზნით).

რიჩარდ ნიქსონი 1970-იან წლებში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ჩინეთთან, რომ რუსეთი (საბჭოტა კავშირი) დაესუსტებინა. 2020-იან წლებში ტრამპი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომ ჩინეთი დაასუსტოს. ამ თეორიას აქვს რეალური საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს რუსეთის მიმართ (არაოფიციალური) ტერიტორიული პრეტენზიები აქვს აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთი ბევრად ჩამოუვარდება ჩინეთს ეკონომიკური განვითარებით

ერთადერთი, რითაც რუსეთი მნიშვნელოვნად ძლიერია ჩინეთზე, ეს არის ბირთვული იარაღის მეტი რაოდენობა. ამ მხრივ რუსეთი და აშშ თანაბარ დონეზე არიან, თითოეულს 10-ჯერ მეტი ბირთვული ქობინა აქვს, ვიდრე ჩინეთს. იბადება კითხვები: აქვთ თუ არა ვლადიმერ პუტინს და დონალდ ტრამპს რაიმე ერთობლივი ხედვა მსოფლიოში ერთად ბატონობის თაობაზე, რომელიც ბირთვული უპირატესობით არის განმტკიცებული? რამდენად შეიძლება მათი ერთობლივი შეთანხმებული ბატონობით მილიარდების დაზოგვა, იარაღის არსენალის შემცირება? ანუ მიაღწევენ თუ არა ისინი იმ წარმატებას, რომლის მიღწევა რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა 1986 წელს რეიკიავიკში ვერ შეძლეს?

რა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი შეიძლება ვინმემ სპეკულაციად ჩათვალოს - ისევე როგორც  მოსაზრება მინერალების შესახებ შეთანხმებაზე უკრაინასთან, რომელსაც, ვფიქრობ, რუსული განზომილება აქვს. თვითონ განსაჯეთ: იმ რესურსების თითქმის 40%, რომელსაც უკრაინა ამერიკას სთავაზობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ისევ ჩნდება კითხვები: აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმის იმედი, რომ ორივე მხარეს - კიევს და მოსკოვს -იძულებულს გახდის მონაწილეობა მიიღონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, რომლის მთავარი ექსპლოატატორი თვითონ (აშშ) იქნება? იქიდან გამომდინარე, რომ „მახვილებისაგან შეიძლება არამარტო სახნისები გამოიჭედოს“, არამედ აქციებიც.

ეს ტრამპის გარდა არავინ იცის - მან ბოლო დროს რამდენჯერმე თქვა ფრაზა - „მხოლოდ მე ვიცი“. ალბათ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მან რაღაც საკითხი პირადად ვლადიმერ პუტინთან „ჩააწყო“, ერთი-ერთზე. აი, ამ დროს ჩვენ უკვე მივდივართ ტრამპის დიდი ხნის პოზიციასთან, რომ ის და ვლადიმერ პუტინი დაზარალებულნი არიან - ორივე ცილისწამების მსხვერპლია კლინტონების, ბაიდენების, ამერიკული მასმედიის და „ღრმა სახელმწიფოს" (deep state) მხრიდან და მათ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი რუსეთს პირველად 1987 წელს ეწვია და შემდგომ პერიოდში ვლადიმერ პუტინიც ახლოს გაიცნო. ამასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ გავრცელებულია უამრავი  [მაკომპრომეტირებელი] ხმები, რომლებიც არ დასტურდება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ტრამპი შინაგანად დარწმუნებულია - ის და პუტინი ერთმანეთს უგებენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკა - ეს აშშ-ის პოლიტიკა კი არის, არამედ უშუალოდ მისი, დონალდ ტრამპის პოლიტიკა. სახელმწიფო მდივანი მარკო რუვიო დიდი ხნის განმავლობაში იყო ატლანტიზმის ერთგული, მაგრამ ახლა იგი, როგორც ჩანს, ტრამპის გავლენით, პუტინის პროპაგანდას იმეორებს, როცა ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკა და ნატო ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, „სხვისი [უკრაინელების] ხელით“.

ტრამპის მოქმედების სისტემას ხშირად ადარებენ მაფიის სისტემას და მისი ფორმირება უფრო მეტად ფლორიდაზე არსებულ რეზიდენციაში - მარა-ლაგოში ხდება, ვიდრე თეთრ სახლში. მაფიოზური სისტემის დროს ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა ხშირად ხასიათდება ერთმანეთის პოზიციისადმი „პატივისცემით“ - კონცეფციით, რომლითაც ისარგებლეს დონალდ ტრამპმა და ჯეიმს ვენსმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. როგორც ჩანს, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ლიდერი.

ამიტომაც ჩვენ ყველა - დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა და ნატოელი მოკავშირეები - იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ (თუმცა შეიძლება ვცდები), რომ როცა უკრაინას დაცვა ჭირდება, ის მხოლოდ ჩვენ უნდა დავიცვათ.

სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ეს დონალდ ტრამპს ჰგონია, ამიტომაც უკრაინის დაცვა ჩვენი ძალებით ნამდვილად შეგვიძლია. გვაქვს თუ არა ამის პოლიტიკური ნება - ეს უკვე სხვა საკითხია.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way