USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს“
Date:  606

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს 27 აგვისტოს ნომერში აქვეყნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბენ უოლესის სტატიას სათაურით „კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2002 წლის ოქტომბერში, გვიან ღამით, ხერსონის წმინდა ეკატერინეს ტაძარში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთან ერთად, მოსკოველი ოფიციალური პირები შევიდნენ და მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი მხედართმთავრის გრიგორი პოტიომკინის ნეშტის ექსგუმაცია მოახდინეს. იგი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე დიდის ფავორიტი იყო და გადამწყვეტი როლი შეასრულა ყირიმის ანექსიაში 1783 წელს.

არავინ არ იცის, სად წაიღეს პოტიომკინის ნეშტი. შესაძლოა მას ადგილი მოსკოვში ან ყირიმში მიუჩინეს, მაგრამ ცნობილია, რომ „ოპერაცია“ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელდა. თუ თქვენ ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ, თუ რა ამოძრავებს რუსეთის იმპერატორს, მაშინ ეს ფაქტი თქვენთვის დამარწმუნებელი მტკიცებულება უნდა იყოს. ეს დაგვეხმარება იმაში, თუ როგორ და რით უნდა განისაზღვროს ისტორიაში რუსეთის ადგილი.

2022 წლის თებერვლამდე ბრიტანული უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ჩემი ერთ-ერთი მცდელობა ის იყო, რომ ისინი დამერწმუნებინა - მათი „ღრმა ანალიტიკური მოხსენებების“ და „ბრძენი თავების“ მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს არა ლოგიკით და არა იმ სურვილით, რომ თავისი ქვეყნა თანამედროვე და დემოკრატიაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ გადააქციოს, არამედ მას ამოძრავებს შურისძიება, ისტორიული მემკვიდრეობა და ერთგვარი რომანტიკა, ერთად აღებული.

რუსეთის პრეზიდენტი და მისი ძალოვანები (ყოფილი „კაგებეს“ და ამჟამინდელი „ეფესბეს“ წარმომადგენლები) არ აღიარებენ იმას, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავენი საბჭოთა კავშირის დაშლაში - უბედურებაში, რომელიც მათ რუს ხალხს მოუმზადეს. მათი აზრით, ისინი დასავლეთის შეთქმულების მსხვერპლი გახდნენ: შეხედეთ, როგორ ამცირებს დასავლეთი მეორე მსოფლიო ომში რუსეთის როლს, არადა იმ ომში ძირითადად მხოლოდ რუსეთმა გაიმარჯვა; ცივი ომი არასოდეს არ იქნებოდა, დასავლეთს რომ არ დაეწყო თავისი ხრიკების განხორციელება აღმოსავლეთ გერმანიისა და პოლონეთის მიმართ...

 2021 წელს ვლადიმერ პუტინმა (ამბობენ, რომ პირადად) უცნაური ესსე (ნარკვევი) დაწერა სათაურით „გაკვეთილები მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისათვის“, რომელშიც იგი ყველანაირ ფაქტებს ამახინჯებს, მოვლენებს აყალბებს და რუსეთს მსოფლიოს მხსნელად წარმოაჩენს. მისი მტკიცებით, რუსეთ-გერმანიის ბოლშევიკურ-ნაცისტური პაქტით, რომელსაც პოლონეთის ოკუპირება მოჰყვა ორივე მხარისაგან, დიდმა ბრიტანეთმაც ხელი მოითბოო.

ცდილობს რა საბჭოთა ხელისუფლების მოქმედების „გათეთრებას“, ვლადიმერ პუტინი თავის ესსეში მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აბრალებს და სრულიად აყალბებს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დებულებებს. იგი არაფერს არ წერს პოლონელი სამხედრო ტყვეების მასობრივ დახვრეტაზე კატინის ტყეში, წითელი არმიისა და საიდუმლო პოლიციის („ენკავედე“-ს) მიერ. ასევე არაფერია ნათქვამი პუტინის ესსეში, თუ როგორ იწრთვნებოდნენ რუსი წითელი სამხედროები გერმანიის ვერმახტში ომის წინ და როგორ აწვდიდა ტანკებს მოსკოვი ბერლინს. ეს ნარკვევი უნდა წაიკითხოთ, რომ ამ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ.

ერთი წლის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთი ნარკვევი დაწერა - რუსეთისა და უკრაინის ისტორიულ ერთობაზე, რომელიც იკითხება როგორც ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფისა“ და ვალტერ სკოტის რომანების ნარევი: ისტორიული ბედი, ეთნიკური ნაციონალიზმი და რომანტიკა - ყველაფერი ერთ ესსეშია გაერთიანებული. უკვე თითქმის ყველაფერი ჩანდა, რა უნდა მომხდარიყო სამომავლოდ.

სამწუხაროდ, ბევრმა „რუსეთის საკითხების ექსპერტმა“ არც ჩვენს „ფორინ ოფისში“, არც ორსეს ნაპირებზე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში) და არც Foggy Bottom-ში (ვაშინგტონის კვარტალში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი მდებარეობს) ეს გარემოებები არ გაითვალისწინა. ერაყის ომის შედეგების გამო სადაზვერვო სამსახურები ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ და ღია მსჯელობებს თავს არიდებდნენ.

როცა მე მოსკოვში ვიყავი უკრაინაში შეჭრამდე სულ რაღაც ათი დღით ადრე, თავდაცვის იმდროინდელ მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შესახვედრად, ჩემი მიზანი იყო მოწინააღმდეგეების გაცნობა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად ღრმა იყო მათი სიცრუე და თავდაჯერებულობა, რა ამოძრავებთ მათ და როგორ იქცევიან მათი თანამშრომლები.

მოსკოვიდან რომ ვბრუნდებოდი, მახსოვს, გენერალ გერასიმოვს ვუთხარი - „გაოცებული ვარ თქვენი სამხედრო დოქტრინით, რომელშიც მობილიზაცია მასობრიობით არის უზრუნველყოფილი-მეთქი“. იგი დაიხარა და მითხრა: „და დაშინებითაც“. მან ამით ნიღაბი ჩამოიხსნა. და ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა გერასიმოვის მიერ გენშტაბის დერეფანში ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ ამიერიდან ვერავინ ვერ დაგვამცირებს. თუ ადრე, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ მსოფლიოში სამხედრო ძლიერებით მეოთხე ადგილზე ვიყავით, ახლა პირველები ან მეორეები ვართ. მოკლედ, მხოლოდ ჩვენ და ამერიკელები“.

რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი ადამიანები თვლიან, რომ ისინი ჭეშმარიტ ისტორიას წერენ და ამით იმ „შეურაცხყოფას“ ასწორებენ, რომელიც მათ დასავლეთმა ცივი ომის დასრულებისას მიაყენა. ისინი ფიქრობენ, რომ შური უნდა იძიონ რუსეთის დამცირებისათვის ბოლო ორასი წლის - მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში. რუსეთის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეული ვერსიის მიხედვით, სწორედ დიდ ბრიტანეთს (და არა ამერიკას) მიუძღვის ბრალი რუსეთის წარუმატებლობაში.

ვლადიმერ პუტინის დამახინჯებული მსოფლმხედველობის თანახმად, სწორედ ჩვენ, ბრიტანელები ვართ დამნაშავენი მეფის რუსეთის დამარცხებაში ყირიმის ომის დროს; სწორედ ჩვენ, ბრიტანელებმა შევუწყეთ ხელი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას, ჩვენ ვიყავით რუსული კონტრრევოლუციის უკან სამოქალაქო ომში და ჩვენი დაზვერვა იდგა საბჭოთა კავშირის დაშლის უკან. მოკლედ, დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინს მიზანში აქვს ამოღებული. ერთ-ერთმა რუსული ძალოვანი სტრაუქტურის წარმომადგენელმა ამას წინათ ასე განაცხადა: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ კურსკის ოლქში შეჭრის უკან დიდი ბრიტანეთი იმალება“. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვლადიმერ პუტინი ჩვენთვისაც მოიცლის. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ გარდაუვალობისათვის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/08/26/putin-will-soon-turn-his-war-machine-on-britain/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way