USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): ჯონ ბოლტონი: „მე დონალდ ტრამპთან ვმუშაობდი და მას კარგად ვიცნობ“
თარიღი:  390

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მე დონალდ ტრამპთან ვმუშაობდი და მას კარგად ვიცნობ“, რომლის ავტორია ჯონ ბოლტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, მისი პირველი ვადის პრეზიდენტობის პერიოდში.

„დონალდ ტრამპის მრჩევლად ყოფნა მისი მოქმედების კარგად გაგების გასაღებს წარმოადგენს“, - წერს ჯონ ბოლტონი, რომელიც თეთრ სახლში მუშაობის პერიოდში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოსაც ეწვია, თუმცა შემდეგ ბოლტონსა და ტრამპს შორის უთანხმოება მოხდა და პრეზიდენტმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ ჯონ ბოლტონი, სადაც კი შესაძლებლობას და დროს იპოვის, დონალდ ტრამპს მუდამ აკრიტიკებს. ამ სტატიაშიც მისი კრიტიკული პოზიციაა გამოხატული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა სურს და რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი? რა შეიძლება ჩაითვალოს მის მოქმედებაში ბლეფად, ტრაბახად და გარიგებად და არა? იმდენად, რამდენადაც მას არ გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, იგი ყველაფერს სპონტანურად აკეთებს, რის გამოც მემარცხენეები და მემარჯვენეები ძალიან ხშირად გაურკვევლობაში იმყოფებიან. დონალდ ტრამპი თვითონ წარმოადგენს „ტრანზაქციურობის“ (ფულის გადარიცხვის ოპერაცია ყიდვა-გაყიდვისას) განსახიერებას, შესაბამისად, რა ხდება მის ტვინში, ამის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. მასმედია, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ხშირად ირწმუნებიან, რომ იგი მხოლოდ პოზიორობს, მაგრამ შემდეგ უკვირთ მისი მოქმდების შედეგები. გაიხსენებთ პრეზიდენტის მიერ მოქმედება უკრაინის, ნატოს და ტარიფების საკითხებში.

ბევრი ამბობდა, დონალდ ტრამპი საკუთარ თავს არასოდეს არ ჩაიგდებსო უხერხულ მდგომარეობაში უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუ იგი დარწმუნებული არ არის რუსეთის პოზიციაში, ანუ იგი არ გადადგამდა სარისკო ნაბიჯს თავისი თავისთვის. მთელი წინასაარცევნო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპი განუწყვეტლივ იმეორებდა და ტრაბახობდა, რომ ომს რამდენიმე დღეში დაასრულებდა და რომ ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, იმ დროს რომ თვითონ ყოფილიყო პრეზიდენტი. ამ „კვეხნა-პოზიორობაში“ ვერავინ ვერ შენიშნა, თუ როგორ გადაიზარდა მისი თითქოსდა „ცარიელი განცხადებები“ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის განახლების პრაქტიკულ მცდელობში. სხვათა შორის, დონალდ ტრამპისათვის ლიდერებს შორის კარგი პირადი ურთიერთობა ყოველთვის ნიშნავს კარგ ურთიერთობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ეს ლიდერები ხელმძღვანელობენ, რაც მსოფლიოსადმი ძალიან გამარტივებულ მიდგონას წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს. დონალდ ტრამპიც ეთანხმება თავის რუს კოლეგას. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იგი უსაფუძვლოდ მიენდო კრემლის ნათქვამს და ხაფანგში აღმოჩნდა. კაცმა რომ თქვას, სინამდვილეში დონალდ ტრამპს არასოდეს არ ჰქონია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სურვილი. იგი მშვიდობის მიღწევას რუსეთის მიმართ დათმობებზე წასვლით ცდილობს, მაგრამ უკრაინის ხარჯზე.

უფრო მეტიც: უნდა გავითვალისწინოთ იმ გარემოება, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობა სურს. მას თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს აშკარად შურდა ბარაკ ობამასი, რომელმაც პრემია მიიღო და გრძნობდა, რომ მასაც შეუძლია ჯილდოს დამსახურება. სწორედ ამ მიზნით დაიწყო მან სატელეფონო გადარეკვები ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს „უაზროს“ უწოდებს და შესაბამისად, თუ ომი უაზროა, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, თუნდათ ომის მსხვერპლის მხრიდან ტერიტორიული დათმობებით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ზედაპირული მსჯელობას წარმოადგენს: დონალდ ტრამპი თავს არ იწუხებს იმის გასაცნობიერებლად, რომ სასწორზე რეალური ღრმა პრობლემები და ქვეყნის ბედი დევს. მას არ აინტერესებს უკრაინის პერსპექტივა და გადარჩენა, მას სურს ცეცხლის შეწყვეტა ყველაფრის საფასურად - „მშვიდობა იყოს, თუნდაც უკრაინის საზიანოდ“. იგი ძალიან ჩქარობს ნობელის პრემიის მიღებას.

ისინი, რომლებსაც სჯეროდათ, რომ დონალდ ტრამპი არ დაარღვევდა უკრაინის სახელმწიფოებრიობას და უფრო უარესი - არ დადგებოდა ვლადიმერ პუტინის მხარეს, ბევრჯერ დარჩნენ გაკვირვებულები და შოკშიც ჩავარდნილან პრეზიდენტის ნაბიჯებით. მაგალითად, ტრამპისტები კმაყოფილნი დარჩნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომ მან კიტ კელოგი, თავისი გრძელვადიანი მრჩეველი, მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა მშვიდობის დამყარების საკითხებში, მაგრამ როგორც მოსკოვმა განაცხადა, რომ კიტ კელოგი „ძალიან პროუკრაინულად ლაპარაკობსო“, დონალდ ტრამპმა იმავწუთს „გვერდზე გასწია“ და, შეიძლება ითქვას, საქმეს ჩამოაშორა. მიუხედავად იმისა, რომ კიტ კელოგი დონალდ ტრამპის მიმართ ურყევ ერთგულებას ამჟღავნებდა და ფრიად გამოცდილი პიროვნებაა, ეს პრეზიდენტისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი თვლის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი პრეზიდენტის პირით უნდა ლაპარაკობდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა თქვას.

რაც შეეხება ნატოს: დამკვირვებელთა თქმით, დონალდ ტრამპი, უბრალოდ ვაჭრობდა, როცა აცხადებდა, რომ აშშ არ დაიცავდა ისეთ მოკავშირეებს, რომლებიც თავიანთი თავდაცვის გასამტკიცებლად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს არ დახარჯავენო. მისი მუქარები, რომ აშშ ნატოს დატოვებს, ექსპერტებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ დონალდ ტრამპი რასაც ამბობს, იმას ყოველთვის აკეთებს - მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა მისი მოქმედება. მერწმუნეთ, რომ ცრდილოატლანტიკური ალიანსი სულაც არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დრეს ამერიკა ნატოს წევრობაზე უარს განაცხადებს. ალიანსიდან გასვლის შესაძლებლობა ისევ არის დონალდ ტრამპისათვის პრიორიტეტული.

დონალდ ტრამპი აღტაცებულია ტარიფების გადიდებით. იმის ფონზე, რაც ამ დღეებში მსოფლიოს ბირჟებზე ხდება, უკრაინისა და ნატოს საკითხები ფერმკრთალდება. დონალდ ტრამპი თავისი მოუზომელი ნაბიჯით უდიდეს ზიანს აყენებს როგორც საერთაშორისო ეკონომიკურ სიტემას, ასევე თვით ამერიკასაც: ბუმერანგი უკან ისევ ამერიკას დაუბრუნდება. დონალდ ტრამპს რომ ყველაფერი პირველ აპრილს დაეწყო და არა ორ აპრილს, მას შეეძლო ეთქვა, რომ გაიხუმრა და ტარიფები რეალურად არ გაიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საბაჟო გადასახადების ზრდა ნამდვილი აღმოჩნდა. აშშ-სათვის „ეკონომიკური დამოუკიდებლობის დღე“, როგორც პრეზიდენტმა მონათლა თავისი ბრძანებულების გამოქვეყნება, ზარალიანი აღმოჩნდა.

ასე რომ, დონალდ ტრამპს თუ აქვს ნობელის პრემიის მიღების შანსი, იგი მიიღებს არა მშვიდობის დაცვაში, არამედ ლიტერატურის დარგში. ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა თავის „შინაგან ხმას“ უსმენს, ვიდრე სხვების ნათქვამს, თუმცა იგი ადვილად ექცევა იმის გავლენის ქვეშ, ვინც მოსწონს. დონალდ ტრამპი თავის ილუზიურ სამყაროს ქმნის და მასში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ იგი პარალელურ სამყაროში იმყოფება. მისთვის ციფრებს მაგიური ძალა აქვს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი ნეგატიურად რეაგირებს, როცა ციფრები რეალურ სამყაროში ერთმანეთს არ ემთხვევა და ამბობს: „ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აქ მთავარი? ციფრები ერთმანეთს უნდა დაემთხვეს“.

დონალდ ტრამპს არ შეუძლია აშშ-ის მეგობრების გარჩევა მტრებისაგან - არც სამხედრო-პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს მას საერთოდ არ აღელვებს. მისთვის მნიშვნელოვანია ის მეგობრები და მტრები, რომლებიც აშკარად არ ემთხვევა აშშ-ის მტერ-მოყვარეთა სიას.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.