USD 2.7264
EUR 3.1283
RUB 3.1948
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს“
Date:  1691

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 მაისის ნომერში რუბრიკით „რედაქციის ხედვა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს“.

პუბლიკაციაში ნათქვამია:

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ახლა საუდის არაბეთთან და ყატართან, იგი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რომელიც ეჭვებს აჩენს მისი გამოცდილების მიმართ გარიგებების დადების საკითხში.

დღეს, 15 მაისს, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები სტამბოლში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. მანამდე კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ არა რომელიმე დაბალი რანგის მქონე ჩინოვნიკს. უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინები არ გამართლდა - ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ გაემგზავრა და თურქეთში თავისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი გაგზავნა. სწორედ ის არის კრემლის დელეგაციის ხელმძღვანელი.

დონალდ ტრამპმა, სანამ ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში ვიზიტით წავიდოდა, მანამდე განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში ჩასვლას დააპირებდა, თვითონაც შეცვლიდა ვიზიტის მარშრუტს და შეიძლებოდა რუს ლიდერს სტამბოლში შეხვედროდა. სამწუხაროდ, ტრამპის მოლოდინი არ გამართლდა.

აშშ-ის პრეზიდენტს ისღა დარჩენია, რომ მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. დონალდ ტრამპს ასევე მოუწევს იმავდროულად ევროპელთა მოქმედების კოორდინაციაც მოახდინოს, რომელიც დღეისათვის საკმაოდ დეზორგანიზებულია: პარიზი, ლონდონი და ბერლინი მოსკოვის მიმართ სასურველ მიზანს ვერ აღწევენ.

მისტერ დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, თანდათან აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ უნდა ენდოს და რომ ზეწოლა მშვიდობის დამყარებისათვის კიევზე კი არ უნდა მოახდინოს, არამედ მოსკოვზე. სამწუხაროდ, აშშ-ის ლიდერმა მმართველობის პირველ დღეებში საშიში შეცდომები დაუშვა. შესაბამისად, ახლა მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს სხვა არჩევანი არ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს წაყენებულ პირობებს და უსამართლო ომი შეწყვიტოს.

გასაგებია, რომ ევროპელები ცდილობენ რუსეთის შეკავებას, მაგრამ ისინი ძალიან დაყოვნებით მოქმედებენ რუსეთთან ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკონომიკური კავშირების გასაწყვეტად. გარდა ამისა, მათ მათ შიდა პრობლემებიც აქვთ - ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას ეურჩება. შესაბამისად, რადგან ახალ მასშტაბურ სანქციებს კონსენსუსი ჭირდება, ისინი მიღებული არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს რუსეთთან მიმართებით ამერიკის დახმარება ჭირდებათ - უიმისოდ ევროკავშირის ნაბიჯები რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი არ იქნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირება, რომ 2027 წლისათვის ევროკავშირის რუსული მილსადენური გაზის იმპორტს მთლიანად შეწყვეტსო, შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს.

ექნება თუ არა დონალდ ტრამპს ამ ამოცანის შესრულების სურვილი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამასთან, აშკარაა, რომ ევროკავშირი უუნარო და სუსტია, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად რაღაც შეცვალოს. უკრაინას აშშ-ის და კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერა ჭირდება, თუ ჩვენ სასურველი შედეგის მიღება გვსურს.

World
რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად
ABC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა, მოუწოდონ უცხოეთის მთავრობებს, სწრაფად იმოქმედონ ირანისა და მისი „პროქსი“ დაჯგუფებების წინააღმდეგ „თავდასხმის მომატებული რისკის“ გამო.
 კონფიდენციალური დიპლომატიური დეპეშით, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაევალათ, ეს გზავნილი სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლეს დონეზე 20 მარტამდე გადასცენ.
 
დირექტივაში აღნიშნულია, რომ ირანმა და ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ქვეყნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.
 
რუბიო ამერიკელ დიპლომატებს ასევე სთხოვს, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური გლობალური ზეწოლა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალმხრივი ქმედება ირანის ქცევის შესაცვლელად.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს შექმნას კოალიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისა და რეგიონული უსაფრთხოების ფართო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
 
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლა“ და სხვა გასამხედროებული ფორმირებები ახდენენ მთავრობების დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
 
აშშ-ს სჯერა, რომ კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებებსა და სანქციებს შეუძლია შეზღუდოს ირანის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მებრძოლ დაჯგუფებებს და განახორციელოს თავდასხმები გლობალურად.“
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way