USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების გზაზე დგას“
дата:  533

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების გზაზე დგას“ (ავტორი - ნაიჯელ ფარაჯი, ბრიტანელი ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა, როცა იგი შოტლანდიის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე აბერდინში, ტერნბერში ჩამოვიდა, განაცხადა - „მე უკვე სახლში ვარ“. მისი ნათქვამი აშკარად ჯო ბაიდენზე მინიშნებას წარმოადგენდა: ბოლოსდაბოლოს, დონალდ ტრამპი, იმის გამო, რომ დედამისი მარიენ მაკლაუდი შოტლანდიის ჰებრიდის კუნძულებზეა დაბადებული, უფრო მეტად არის შოტლანდიელი, ვიდრე ჯო ბაიდენი - ირლანდიელი.

ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ დონალდ ტრამპი თავს ნამდვილად ნახევრად შოტლანდიელად გრძნობს, თავისი ნიუ-იორკული იმპოზანტურობის მიუხედავად. მისი ერთგულება დედის ხსოვნისადმი აშკარად საგრძნობია - აბერდინის ახლოს მდებარე გოლფ-კურორტზე დონალდ ტრამპმა გოლფის სათამაშო მეორე მინდორი გახსნა და დედის სახელი უწოდა.

როცა მე დონალდ ტრამპს შევხვდი ტელეარხ GB News-სთვის ინტერვიუს ჩამოსართმევად (სხვათა შორის, ერთადერთ ინტერვიუს, რომელსაც იგი შოტლანდიაში ყოფნის დროს დათანხმდა),  პირველი, რაც მას ვუთხარი, ეს სიტყვები იყო: „შენ, ალბათ, ძალიან გენატრება აქაურობა“, რაზედაც მიპასუხა: „კი, მუდამ ძალიან მენატრება აქ ყოფნა, მოწყენილი ვარ ხოლმე“.

თუმცა აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი შოტლანდიაში საკმაო ხანს ვერ დაბრუნდება, რადგან მის მიზანს ახლა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს და ყურადღება მასზე აქვს გადატანილი.

როცა მას ვუყურებდი, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მისი გაბედულება და სიმტკიცე, ბოლო წლების მძიმე მოვლენების მიუხედავად, არსად არ გამქრალა. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრაპის საარჩევნო ლოზუნგები და გზავნილები (რომლებსაც ზოგიერთი „პოპულისტურს“ უწოდებს), უფრო მკაფიო და დამაჯერებელი იქნება, ვიდრე წინა საარჩევნო კამპანიის დროს.

ამის საუკეთესო მაგალითი იყო ის მომენტი, როცა ჩვენ უკრაინის ომზე ვსაუბრობდით. დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ის დღეს აშშ-ის პრეზიდენტი რომ იყოს, ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავდა და მოსკოვ-კიევის კონფლიქტს 24 საათში დაამთავრებდა. ზოგიერთებს შეიძლება გაეცინოთ დონალდ ტრამპის ამ განცხადების გამო და თქვან, რომ ეს სისულელეაო,  მაგრამ ვისაც ახსოვს, იმან კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპი ასეთ საკითხებს სხვებზე უფრო უკეთ წყვეტს ხოლმე: იგი ისე ლაპარაკობს, რომ მსმენელს მისი ნათქვამი მუდამ ახსოვს. სწორედ ასეთი ხერხის წყალობით დონალდ ტრამპი იოლად ატარებს დებატებს.

ოთხშაბათს მე მასთან საკმაოდ დიდი დრო გავატარე და დავრწმუნდი, რომ იგი ისეთი  ადამიანია, რომელიც თავის მრისხანებას მართავს და თავშეკავებულობას იჩენს. მან უკმაყოფილება გამოხატა აშშ-ის პოლიტიზებული სასამართლო სისტემის გამო და ენერგიულად არის განწყობილი იბრძოლოს სიმართლის მიღწევისათვის. იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ გამართლდეს და რეპუტაცია აღიდგინოს. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა თავისი ბოლოდროინდელი მოქმედებით უკვე მიაყენა „სასიკვდილო პოლიტიკური დარტყმა“ თავის თანაპარტიელს რონ დესანტისს, რომელიც პრეზიდენტობისათვის ემზადება.

ეჭვი არ მაქვს, რომ 70 მილიონზე მეტი ამერიკელი ხმას დონალდ ტრამპს მისცემდა. საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა იგი საკმარისად დაარწმუნოს დანარჩენი ამომრჩეველი, რომელთა ხმები გამარჯვებისთვის არის საჭირო? იმის იმედად ყოფნა, რომ ამომრჩეველი ჯო ბაიდენს ხმას არ მისცემს ძალზე ხანდაზმულ ასაკთან დაკავშირებით, ხოლო კამალა ჰარისს - ესოდენ მაღალი პოსტისთვის შეუფერებლობის გამო, არასაკმარისი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას იტყვის თვითონ დონალდ ტრამპი [მოყოყმანე] ელექტორატის მიმხრობის მიზნით.

მე მშვენივრად მესმის, რომ ბიულეტენების ფართომასშტაბიანი სარგებლობა ფოსტის მეშვეობით ყოველთვის საეჭვო იქნება, მაგრამ არ ვეთანხმები დონალდ ტრამპს იმაში, რომ ზედმეტად აკეთებს აქცენტს ე.წ. „მოპარულ არჩევნებზე“. ასევე სრულიად სწორია, რომ არ იქნა გამხელილი ჰანტერ ბაიდენის (პრეზიდენტის ვაჟის) ნოუთბუქში არსებული მასალები, რომლებიც თვითონ ჯო ბაიდენს „დაარტყამდა“, თუმცა ყველამ იცის, რომ ბრალდებები მართლაც ზუსტია.

ჩემი აზრით, დონალდ ტრამპმა ნაკლები უნდა ილაპარაკოს წარსულზე და უფრო მეტი - მომავალზე. ეს უფრო ბრძნული მოქმედება იქნებოდა. იგი ასე უფრო შეძლებს ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას.

მოკლედ, რომელი „ინგრედიენტი“ უფრო დაჭირდება დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის?

2016 წელს იგი საარჩევნო არენაზე პრაქტიკულად „არსაიდან“ გამოჩნდა (პოლიტიკური გაგებით) და ამომრჩეველს ასე განუცხადა: „მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და არა იმათგანი,  რომლებიც „ვაშინგტონის წრიული გზის“ შიგნით სხედან (იგულისხმება თეთრი სახლი, ფედერალური მთავრობა, კონგრესი და ა.შ.). მე თქვენს მხარეს ვარ და განზრახული მაქვს თქვენი ცხოვრება უფრო უკეთესი გავხადო“.

დონალდ ტრამპი იმ დროს მოსახლეობის დამცველად გამოვიდა. მან ახლაც უნდა დაადასტუროს თავისი დაპირება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ჩინეთზეც ილაპარაკოს, ან უკრაინის ომზე, ან სხვა გლობალურ პრობლემებზე... დიახ, მისი პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკური მიღწევები შთამბეჭდავი იყო, მაგრამ... დღევანდელი დონალდ ტრამპისათვის უფრო მეტად საყურადღებო ისევ ჩვეულებრივი ამერიკელის ჭირი და ლხინი უნდა იყოს. მას ჭირდება მოამზადოს უფრო ძლიერი და პოზიტიური გზავნილი. მჯერა, რომ დემოკრატები მას ასეთ საკითხებში ვერ შეედრებიან.

ამ მომენტისათვის სამოქმედო ფორმულა ჯერ კიდევ არ არის შექმნილი და 2024 წლის ნოემბრამდე გარკვეული დრო რჩება. მაგრამ როცა დონალდ ტრამპს ასეთ კარგ ფორმაში ვხედავ, დარწმუნებული ვარ, რომ მას 50%-ზე მეტი შანსი აქვს არჩევნებში გამარჯვებისთვის და თეთრ სახლში დაბრუნებისათვის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/05/04/farage-trump-will-win-president/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати