USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი საოცრად მართალიც არის და სახიფათოდ უსამართლოც: MAGA-ს იმპერიალისტური ამბიციები ევროპელ მემარჯვენეთა მიზნებს ეწინააღმდეგება“
Date:  507

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი საოცრად მართალიც არის და სახიფათოდ უსამართლოც: MAGA-ს იმპერიალისტური ამბიციები ევროპელ მემარჯვენეთა მიზნებს ეწინააღმდეგება“ (ავტორი - ალისტერ ჰითი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის ლოზუნგის - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ - მნიშვნელობა აშშ-ის ფარგლებს გარეთ - სასარგებლოა თუ უსარგებლო MAGA ამერიკის მოკავშირეებისათვის?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი არც მესია არ არის და არც დემონი. მისი მლიქვნელები და მოძულეები ერთნაირად არასწორნი არიან. რეალობა გამოხატული ნიუანსებით: არის კეთილი ტრამპი და არის ბოროტი ტრამპი, ერთ პრეზიდენტში ორივე რთულად ეთავსება ერთმანეთს.

დონალდ ტრამპი საოცრად მართალია რიგ მომენტებში, მაგრამ იმავდროულად სახიფათო შეცდომებს უშვებს და არასწორად მოქმედებს. იგი განსაკუთრებული ფიგურაა, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაზე და ადამიანების თაობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მაგრამ თავისი  სოლიფსური მსოფლმხედველობით (მხოლოდ საკუთარი გონების რწმენა და ობიექტური რეალობის უარყოფა), დაუდევარი დამოკიდებულებით ფაქტების მიმართ და გადაჭარბებული პატივისცემით ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებისადმი აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფალი სამყაროს ბედს რისკის წინაშე აყენებს.

როცა დონალდ ტრამპი ნორმალურად იქცევა, იგი ნამდვილად კარგი ადამიანია. მისი პოლიტიკა ქალების უფლებების საკითხებში, ანტისემიტიზმთან ბრძოლაში, ისრაელისადმი მხარდაჭერაში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში, მერიტოკრატიის ხელშეწყობაში, როცა თანამდებობების დაკავებაში კანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ჭკუა-გონება და შრომისმოყვარეობა ფასდება, სიტყვის თავისუფლებაში, ხარჯების დერეგულირებაში, მისი მკაცრი პოზიცია მფლანგველობასთან, ბედოვლათობასთან, არეულ-დარეულ მმართველობასთან - უბრალოდ, შთამაგონებელია.

მაგრამ როცა გაბრაზებული ტრამპი რაიმე საკითხის გადაწყვეტას იწყებს, ის ნამდვილად საშინელი ადამიანი ხდება. მან საკუტარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ უკრაინა ცრუ ნარატივს წარმოადგენს. მან დაიჯერა, რომ უკრაინა რუსეთის მსხვერპლი არ არის. იგი ბრალდებას უყენებს მსხვერპლს, მას მოსწონს უკრაინის პრეზიდენტის დამცირება პირდაპირ ეთერში, იგი აიძულებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იგი აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტის მორჩილი იყოს და ამ მიზნით სამხედრო დახმარებას უწყვეტს. დონალდ ტრამპისათვის ვლადიმერ პუტინი მონსტრი კი არ არის, რომელიც უკრაინელებს გენოციდს უწყობს, არამედ კოლეგა-პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, გულწრფელად სურს მშვიდობის დამყარება. შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის არასწორად მოიქცა - ალბათ, თავი უნდა შეეკავებინა მასთან საუბარში, მაგრამ ჩვენთვის, რომლებსაც „პაქს ამერიკანას“ (Pax Americana - მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური სტაბილურობა) იმედი გვაქვს, იმ აზრის დაშვება, რომ ამერიკას შეუძლია დასავლური სამყარო მიატოვოს, უბრალოდ, საშინელებაა. ჩინეთის განცხადება, რომ ის მზად არის ნებისმიერი ომისათვის, ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჩვენი უსაფრთხოების მიმართ რწმენას გვისუსტებს.

დიახ, ჩვენი მეტწილად უსაქმური მთავრობები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დაცვის იმედზე იყვნენ, ეს პრობლემა არ აწუხებდათ და იოლად ხარჯავდნენ უამრავ თანხებს სოციალურ დაცვაში, დიდებული მიზნის - ადამიანთა კეთილდღეობის ზრდისათვის, ვალდებულები იყვნენ მეტი ყურადღება დაეთმოთ თავდაცვისათვის და მეტი უნდა ეზრუნათ თანამოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტრამპი თავის ერთგულ მოკავშირეებს ისე ეპყრობა როგორც ვასალებს ან მათხოვრებს, რომლებსაც შეიძლება ყურადღება არც მიაქციო. ტრამპს შეუძლია ისინი, ვინც მას უსიტყვოდ არ დაეთანხმება, დასაჯოს, გადასახადები დაუწესოს, ტარიფები მოუმატოს თავისი შეხედულებით. მისთვის ყველაფერი დამყარებულია ტრანზაქციებზე და გარიგებებზე, მისთვის მეგობრობა თითქმის არაფერს არ ნიშნავს - სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრობაც, რომლებსაც ამერიკა გულწრფელად, უანგაროდ გვიყვარს და პატივს ვცემთ. ტრამპი არღვევს თავისივე დადებულ სავაჭრო შეთანხმებებს კანადასთან და მექსიკასთან, ანგრევს ეკონომიკებს და სურს ამერიკის ტერიტორიის გაფართოება მეზობლების ხარჯზე.

ბევრი ამერიკელი რესპუბლიკელისათვის პასუხი მარტივია: ისინი ხომ აღმერთებენ დონალდ ტრამპს და ამიტომ რეფლექტორულად ახდენენ იმ ყველაფრის რაციონალიზებას, რასაც იგი აკეთებს. ისინი იმედოვნებდნენ და ახლაც იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი მათ „სოციალიზმის ბორკილებისგან“ გაათავისუფლებს, შეამცირებს პანიკას და დასწევს ფასებს ენერგოშემცველებზე. მათ მოეწონათ ჯეიმს ვენსის გამოსვლა მიუნჰენის კონფერენციაზე. მაგრამ იმავდროულად და მათთვის შეუმჩნევლად, კეთილთვისებიანი ტრამპი თანდათან ავთვისებიანად მოქმედებს და ცხოვრებას ურთულებს თავის პოლიტიკურ თანამგზავრებს, ბიძგს აძლევს მემარცხენეთა საპასუხო ბრძოლას მთელ მსოფლიოში.

მემარჯვენეები არ უნდა იყვნენ ზედმეტად პატივისმცემლები ტრამპის მიმართ. დიახ, მას მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ როცა იგი მართალი არ არის და არასწორად იქცევა, იგი კიდეც უნდა გააკრიტიკონ. ობიექტურად თუ ვიტყვით, კრიტიკა უკვე იწყება.

როცა ჯეიმს ვენსმა უარყო უკრაინაში ევროპული ჯარების ყოფნის წინადადება და განაცხადა, რომ არ ღირს 20 ათასი ჯარისკაცის შეყვანა „შემთხვევით“ ქვეყანაში, რომელსაც 30-40 წელი არ უბრძოლიაო, ნაიჯელ ფარაჯი (ბრიტანეთის რეფორმირების პარტის ლიდერი) გაბრაზდა და მას პირდაპირ უთხრა, რომ მიუტევებელ შეცდომას უშვებდა. ჯეიმს ვენსის სიტყვები ბევრმა ბრიტანელმა გულთან მიიტანა და შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ბრიტანეთმა საკმაო მსხვერპლი გასწია  ერაყში და ავღანეთში. კონსერვატორთა ლიდერი კემი ბადენოქიც იძულებული გახდა დისტანცირება მოეხდინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებისაგან უკრაინასთან დაკავშირებით (მოგვიანებით ვენსმა განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული).

ტრამპის პროგრამა-მაქსიმუმი „დავუბრუნოთ ძველი დიდება ამერიკას“ (MAGA) დიდწილად იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს და არა ნაციონალისტურს - იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპის ექსპანსიონისტური ამბიციები შეხამებულია კომერციულ და სამხედრო ინტერესებთან (ჩინური „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ მსგავსად). უცხოელები მიიღებენ ამერიკულ ნაციონალიზმს და მას მეტ-ნაკლებად შეურიგდებიან, მაგრამ ისინი ვერ მოითმენენ ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლენას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის აშკარად მიმართულია წიაღისეულის მისატაცებლად.

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტი უკვე პოპულარული აღარ არის, თვით მემარჯვენედ განწყობილ მოსახლეობაშიც კი. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა დაახლოებით 76% თვლის, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის ომს თავს ცუდად ართმევს, 13% კი თვლის, რომ კარგად. მთელ ევროპაში პატრიოტულად განწყობილი ამომტჩევლები დონალდ ტრამპის მიმართ უკვე ალერგიას განიცდიან, რადგან იგი ევროპელ მემარჯვენე პოლიტიკოსებს, ანუ მათ ლიდერებს (მცირე გამონაკლისის გარდა) გესლავს და ცხოვრებას უმწარებს. ისინი სამართლიანად არიან აღშფოთებულები ტრამპის სავაჭრო სანქციებით ევროპის მიმართ.

შეუძლებელია, რომ  პროექტი MAGA მთლიანად იქნას გადატანილი სხვა დასავლელი ქვეყნების პოლიტიკაში. იმიტომ, რომ MAGA მთლიანობაში არათანმიმდევრულ და ირაციონალურ იდეოლოგიურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც დროისა და სივრცისაგან არის მოწყვეტილი.  MAGA არ არის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა სხვა ნებისმიერმა ქვეყანამ და ხალხმა თავისი აღორძინებისთვის შეიძლება გამოიყენოს.

MAGA-ს რეალიზებით დონალდ ტრამპს სურს ამერიკა ყველგან პირველობდეს - გამოცანის გასაღები თვითონ სახელწოდებაშია („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“). შესაბამისად, ის რაც ამერიკელი მემარჯვენეებისათვის მუშაობს, შეუძლებელია ავტომატურად იმუშაოს ბრიტანელი, კანადელი, ტაივანელი ან ავსტრალიელი მემარჯვენეებისათვის. აშშ-ის ეროვნული ინტერესები საკმაოდ ხშირად სხვა დასავლელი სახელმწიფოების ინტერესებს არ ემთხვევა და ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება. MAGA მანიფესტი არ არის, რომლის ასლების გამრავლება და მთელი მსოფლიოს ქუჩებში გაკვრა შეიძლება. თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ის დადგება ორგანოების წარუმატებელი ტრანსპლანტაციის პოლიტიკური ექვივალენტის - ნეგატიური ეფექტის წინაშე: რეციპიენტის იმუნური სისტემა უცხო სხეულს შეუტევს და უკუაგდებს, როგორც შეუთავსებელს.

კანადის მაგალითი მსგავსი ეფექტის თვალსაჩინო ილუსტრაციას წარმოადგენს. პიერ პუალევრი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ჯასტინ ტრიუდოს უღიმღამო პრემიერობის შემდეგ გამარჯვების გზაზე იდგა, მაგრამ ამ დროს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მას სურს კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს და სავაჭრო ტარიფები გაზარდა. საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მემარჯვენე პიერ პუალევრის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, მემარცხენე მარკ კარნის პოპულარობამ კი, რომელიც ჯასტინ ტრიუდოს კიდევ ერთ შემცვლელად მოიაზრება, საკმაოდ მოიმატა. პიერ პუალევრი, რომელიც ადრე ამერიკელ რესპუბლიკელებს სიმპათიით უყურებდა, დღეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ტრამპისტებს და აქტიურ ანტიამერიკელად გადაიქცა. არადა, აშშ და კანადა, ორი ერთმანეთის მოსაზღვრე ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთისათვის ნამდვილად ყველაზე თბილი მოკავშირეები იყვნენ, დღეს თითქმის ომის ზღვარზე დგანან. კიდევ ერთი ნიუანსი: დიდი ბრიტანეთის მეფე  კანადის სახელმწიფოს მეთაურადაც ითვლება. რა უნდა ქნას ასეთ სიტუაციაში ლონდონმა?

თავისი გაუაზრებელი მოქმედებით დონალდ ტრამპმა დასავლელ მემარცხენე ელიტებს მოულოდნელი საჩუქარი მიუძღვნა. მათი სტრატეგია ნათელია: რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ აშშ-ის მეთაურის გარკვეულ პრეტენზიებს დათანხმდნენ, მაგალითად, გაზარდონ სამხედრო ხარჯები, მაგრამ იმავდროულად ფსონი დადონ იმაზე, რომ ამომრჩევლები მემარჯვენე პარტიებს მხარს აღარ დაუჭერენ. ბრიტანელი ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ხელს შეუწყობს მათ გაერთიანებას.

მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტის იმპერიული ამბიციები, ნებით თუ უნებლიედ, შეიძლება ხელშემშლელ პირობად იქცეს ევროპული მემარჯვენე კონტრევოლუციისათვის, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და, საერთოდ, ევროპისათვის ამჟამად ერთადერთ იმედს წარმოადგენენ [მემარცხენე ნეოლიბერალების წინააღმდეგ].

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way