USD 2.7496
EUR 3.1227
RUB 3.3435
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ანკესიდან თავისუფლდება“
Date:  161

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ანკესიდან თავისუფლდება“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი), რომელშიც კომენტირებულია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამდღიანი დაზავების გამოცხადების შესახებ (8 მაისის დილის 07 საათიდან 10-11 მაისის 00 საათამდე) , გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ითვლება თუ არა რუსეთის ბოლო განცხადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, 9 მაისთან დაკავშირებით, მორიგ უაზრო ჟესტად? შესაძლოა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მიმართულია აშშ-ის პრეზიდენტის დასამშვიდებულად, რომელმაც, როგორც ჩანს, კრემლის დიქტატორთან მეგობრობა შეწყვიტა? ანდა მართლაც გულწრფელი განზრახვაა და მცდელობა იმისა, რომ საბოლოოდ დასრულდეს სისხლისღვრა უკრაინაში? რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტს გულწრფელად უნდა ომის დასრულება, მაგრამ ბევრი რამ ძალიან საეჭვოდ გვეჩვენება.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ბოლო პერიოდში ისეთი წინააღმდეგობრივი მოვლენები ხდება, რომ მათ ფონზე რთულია რუსეთის პოლიტიკის გამოცნობა.

პირველი - კრემლმა გამოაცხადა, რომ კურსკის ოლქი მთლიანად დაიბრუნა და აკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაკარგა თავისი ერთ-ერთი საკვანძო კოზირი, ვლადიმერ პუტინმა კი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, კრემლს პოლიტიკური ვაჭრობის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა.

მეორე საყურადღებო მომენტია მოსკოვში, ორი დღის წინ მომხდარი რუსი გენერლის მკვლელობა - თანაც კრემლთან ძალიან ახლოს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მოსკოვში თავისუფლად მოქმედებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა „შეშინებულია“. კრემლი მიანიშნებს, რომ უკან იხევს და მშვიდობის სურვილს ამჟღავნებს.

მესამე - რომის პაპის დაკრძალვამდე ისე ჩანდა, რომ უპირატესობა ვლადიმერ პუტინის მხარეს იყო. ამას ადასტურებდა დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის მოქმედებაც, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიმართ კეთილად იყო განწყობილი, ვოლოდიმირ ზელენსკის კი პირიქით, ემუქრებოდა. მაგრამ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამ, დონალდ ტრამპისათვის, ალბათ, „დამასკოს გზის“ როლი შეასრულა (ბიბლიური პავლე მოციქულის მსგავსად, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. დამასკოსაკენ მიმავალ გზაზე პავლეს მოულოდნელად ზეციდან საყვედურის ხმა ჩაესმა და დაბრმავდა, შემდეგ კი, როცა მას ქრისტიანმა ანანიამ უმკურნალა, პავლემ უფლის ძალა ირწმუნა და ქრისტიანად მოინათლა). ამრიგად, დონალდ ტრამპს „გონება გაუნათდა“ და ის უფრო ხისტად იმოქმედებს, რაც კრემლისათვის არასასურველია. რუსეთი იძულებულია ითვალთმაქცოს და ამ ეტაპზე სამაისო დაზავება გამოაცხადოს

მაგრამ სინამდვილეში ვლადიმერ პუტინისადმი ნდობის საფუძველი ძალიან მცირეა.

ბოლოსდაბოლოს, გავიხსენოთ, რომ რუსეთი დათანხმდა 1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დაეცვა, მაგრამ თვითონ დაარღვია დოკუმენტის პირობები. რუსეთმა ასევე დაარღვია როგორც შავ ზღვაზე 30-დღიანი დაზავება, ასევე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტაც, როცა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა და მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ვლადიმერ პუტინი საკუთარ თავს ქრისტიანად და მორწმუნედ ასაღებს, სინამდვილეში კი არაქრისტიანულად მოქმედებს. სწორედ მისი ბრძანებით იქნა გამოყენებული სოლსბერიში ქიმიური იარაღი, რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის განადგურების მიზნით. კრემლი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ იმ ნივთიერებით შეიძლებოდა ათასობით ადგილობრივი მცხოვრები მოწამლულიყო, ანუ ვლადიმერ პუტინს პირადი მიზნების მისაღწევად ადამიანების ბედი არ აღელვებს.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, ვლადიმერ პუტინზე გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის დედების“ ომის საწინააღმდეგო საქმიანობა. ვინ-ვინ და რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ რუსმა დედებმა აიძულეს 1988-89 წლებში საბჭოთა მთავრობა ავღანეთიდან ჯარები [სამარცხვინო დამარცხების ფონზე] გამოეყვანა. არადა, იმ ომში მოსკოვმა მხოლოდ 17 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინაში კი ბევრად მეტს კარგავს. ბევრი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა დაახლოებით მილიონი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა-დასახიცრების გამო. შესაძლოა ხელისუფლების მიერ კონტროლირებული რუსული მასმედიაც კი მივიდა დასკვნამდე, რომ მსხვერპლის დიდი რაოდენობის დამალვა უკვე აღარ შეიძლება.

ევროპელი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის არმიის მდგომარეობა თავის კულმინაციურ წერტილს უახლოვდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ჯარები „სულს ვეღარ ითქვამენ“. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი ბოლო დროს სულ უფრო იხრება ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერისაკენ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, სანამ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, მანამ შეწყვიტოს ომი, რაც დიდ გამარჯვებად მოინათლება. საწინააღმდეგო შემთხვევაში მას ავღანეთის პრეცედენტის გამეორება ელოდება.

ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინის ბოლო „სამშვიდობო-საზავო“ განცხადება მის ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს, რომ დონალდ ტრამპი ანკესზე ჰყავდეს წამოგებული და მარჯვედ ახერხებდეს მის მანიპულირებას. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არსებობს.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way