ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიქტატორები დევნილობაში: როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?“ (ავტორი - მარსელ დირსუსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
სირიის დიქტატორი, ხელისუფლებაში ყოფნის ორ ათეულ წელზე მეტი ხნისა და ადამიანთა უთვალავი მსხვერპლის შემდეგ, მოსკოვში გაიქცა, თუმცა ბაშარ ასადის დრევანდელ მდგომარეობაში გასაკვირი არაფერია - მსოფლიო ისტორიაში უამრავი ტირან-დიქტატორების გაქცევის ფაქტია ცნობილი. უფრო მეტად საინტერესო, ალბათ, ისაა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, სისხლისმსმელი რეჟიმის ყოფილი მეთაურები, საზღვარგარეთ, სამშობლოსაგან მოშორებით. ამ მხრივ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან - ისევე როგორც ის დრო და პერიოდები, რომლებშიც მათ უხდებოდათ ჯერ მოღვაწეობა, შემდეგ კი დევნილობაში ცხოვრება.
ნიკარაგუის ყოფილი დიქტატორი ანასტასიო სომოსა დებაილე გაქცევის შემდეგ, 1979 წელს, მალე მოკლეს, ხუან პერონმა კი, არგენტინის ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც დევნილობაში 18 წელი გაატარა, შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება და 1973 წელს კვლავ არგენტინის მეთაური გახდა. გაქცეული მმართველების უმრავლესობა ხელისუფლების დაკარგვიდან დაბრუნებამდე შუალედურ პერიოდში გარკვეული უსაფრთხოების პირობებში ცხოვრობენ და მათ, „სტუმრებს“, მიმღები „მასპინძლები“ მფარველობენ.
როცა უგანდელი დიქტატორი იდი ამინი 1979 წელს პირველად ჩავიდა საუდის არაბეთში, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ხელისუფლების აღდგენის იმედი, მაგრამ როცა 1989 წელს მისი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა ჩაიშალა და უკან, საუდის არაბეთში ისევ დაბრუნდა, მან ყველაფერი დაკარგა. თუ ადრე იგი საკუთარ თავს „ხმელეთისა და ზღვების ყველა ბინადარის მბრძანებლად“ თვლიდა, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. საუდის არაბეთი, ცდილობდა რა „სტუმრისათვის“ ღირსეული „მასპინძლობა“ გაეწია, იდი ამინს კარგი სახლი მისცა საცხოვრებლად, მანქანა ემსახურებოდა, მზარეული და მოახლეებიც კი. სამაგიეროდ, „ყველა მხეცისა და თევზის მბრძანებელი“, ერ-რიადი რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ცაყენებინა, თავისთვის ჩუმად იჯდა. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ იდი ამინი ფიზიკურად თავს კომფორტულად გრძნობდა, ამას ვერ ვიტყვით მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე...
როცა მმართველი პირი დიქტატორი ხდება, იგი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს. მისი გარემოცვა „პატრონს“ ელაქუცება და ისე იქცევა, როგორც „პატრონს“ სურს. ყველა იმას ამბობს, რაც „პატრონს“ მოეწონება და ესიამოვნება. გარემოცვის წევრები კომპეტენტურობით კი არ გამოირჩევიან, არამედ თვალთმაქცობით. თუ ვინმე ასე არ გააკეთებს და გაბედულებას გამოიჩენს სიმართლის სათქმელად, იგი ახლო წრიდან ამოვარდება და გაირიყება - ან თანამდებობით დააქვეითებენ, ან უფრო უარესი მოხდება - მას ან მოკლავენ, ან ციხეში ჩასვამენ სამუდამოდ.
ცივი ომის დროს ყველაზე საშინელ ტირანებსაც ჰქონდათ იმედი გაქცეულიყვნენ და დემოკრატიულ ქვეყნებში უსაფრთხოდ ეცხოვრათ - ისინი ხომ მფარველ ქვეყნებს თავის დროზე ყველაფერში ეთანხმებოდნენ და ყველაფერს უსრულებდნენ, შესაბამისად, მათ, გაჭირვების შემთხვევაში, სამაგიერო ზრუნვის იმედი ჰქონდათ. 1986 წელს აშშ-ის მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა: მიეღო თუ არ მიეღო თავისთან ფილიპინელი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი ცოლითურთ - მიეცა თუ არა მათთვის „ოქროს პარაშუტი“ გადასარჩენად? ფერდინანდს ამერიკის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. აშშ ყოყმანობდა, ფილიპინებზე კი სისხლისღვრა გრძელდებოდა. საბოლოოდ, ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო და ფილიპინელ დიქტატორს თავშესაფარი მისცა. ფერდინანდ მარკოსმა მომენტით ისარგებლა და სამშობლოდან რისი წაღებაც შეძლო, წაიღო - ჰავაის კუნძულებზე მან თან ჩაიტანა ოცამდე ოქროს მოზრდილი ზოდი, ქრისტეს ოქროს ქანდაკება, ბრილიანტები და მილიონობით დოლარი. იმ ადამიანისათვის, რომელსაც ოფიციალური ხელფასი ჰქონდა - წელიწადში 13 500 დოლარი, ასეთი ქონება ჰონოლულუში ახალი ცხოვრების დასაწყებად საკმარისი უნდა ყოფილიყო.
საერთოდ, ტირანებს ბევრი ფული ჭირდებათ განცხრომით ცხოვრებისათვის. შესაძლოა მათ თავდაპირველად ბევრი ფული ჰქონდეთ, მაგრამ როცა იხარჯება, მარაგს შევსება ჭირდება. ამ დროს მთავარია მომჭირნეობა და ეკონომია. როცა ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე 1986 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ საფრანგეთში გაიქცა, მას ბევრი ფული ჰქონდა და უანგარიშოდ ხარჯავდა - მას მოწონდა ჩქაროსნული კატერები, ძვირფასი ავტომობილები და საკუთარ ვილებში ცხოვრება „ლაჟვარდოვან ნაპირზე“. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მისმა ცოლმა მისელ ბენეტმა საათის ყიდვისას 42 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. მაგრამ როცა ფულის შევსების გზები აღარ დარჩა (ბანკებმა ანგარიშები გაუყინეს და დაუხურეს), დიუვალიე იძულებული გახდა სამოთახიან ბინაში ეცხოვრა (დიდი თანხები დაიხარჯა ცოლთან განქორწინების შედეგად) და კომუნალურ გადასახადებს „მეგობრები უხდიდნენ“. საფრანგეთის მთავრობამ ასეთი სტუმრისგან, როგორც იქნა, „დაისვენა“.
სხვათა შორის, მანილელი სტუმრის ფერდინანდ მარკოსის ჰავაის შტატში მიღების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მასთან კონტაქტებს თავს არიდებდა - ეტყობა, უხერხულობას გრძნობდა.
და თვითონ ჟან-კლოდ დიუვალიე? საფრანგეთი იძულებული გახდა იგი თავისთან მიეღო მას შემდეგ, რაც დიქტატორს თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადეს ამერიკამ, შვეიცარიამ, ესპანეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, მაროკომ და გაბონმაც კი... რა თქმა უნდა, ექს-პრეზიდენტის ქცევით უკმაყოფილო პარიზს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი ქვეყნიდან გაგდება, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე - „დიახ, ის ცუდია, მაგრამ მაინც ჩვენიანია“.
კანონზომიერი მოვლენაა, რომ ლიდერები ქვეყნიდან ძირითადად მაშინ გარბიან, როცა სახელმწიფო/სამხედრო გადატრიალება ხდება, როცა სახალხო აჯანყება იწყება ან სამოქალაქო ომი ფართოვდება. ისინი სამშობლოდან გარბიან არა იმიტომ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია, არამედ უფრო იმის გამო, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში დარჩენისას საპყრობილე ან გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ.
მიმღები ქვეყნისათვის მიზეზები, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად - „აბა, მაშ რა გვექნა, ქვეყანაში სისხლისღვრა იწყებოდა... კოლაფსი გარდაუვალი ხდებოდა... ქაოსი ფართოვდებოდა...“. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მიმღები (მასპინძელი) ქვეყანა ექს-ლიდერს ძალაუფლების დაბრუნებაში ეხმარება ხოლმე.
მხოლოდ დრო აჩვენებს, როგორი იქნება ბაშარ ასადისა და მისი ოჯახის ცხოვრება რუსეთში, სადაც იგი შეუერთდება ვიქტორ იანუკოვიჩს (უკრაინის ექს-პრეზიდენტს) და ასკარ აკევს (ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს), რომლებიც საკუთარმა ხალხმა „მაიდნისა“ და „ტიტების რევოლუციის“ შედეგად დაამხო.
მათი ხელისუფლებაში დაბრუნება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა და მოსკოვისათვის არააქტუალური. მაგრამ დადგება თუ არა ოდესმე ასეთი მომენტი, ყველაფერი დამოკიდებულია „მასპინძელ“ ვლადიმერ პუტინზე. კრემლმა სერიოზული შოკი გადაიტანა ბაშარ ასადის დამხობის გამო, რომლის დაცვა ვერ მოახერხა - მიუხედავად იმისა, რომ კრემლი სირიელი დიქტატორის შესანარჩუნებლად წლების განმავლობაში დიდ ფულს ხარჯავდა. ბაშარ ასადისათვის იღბალი იქნება, თუ ვლადიმერ პუტინი მის ცოცხლად ყოფნას გადაწყვეტს - ჯერ-ჯერობით მაინც.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/12/16/political-exile-safety-irrelevance-assad/
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.