USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ნატოს მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ალიანსის სხვა წევრებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად“
дата:  291

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ნატოს მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ალიანსის სხვა წევრებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად“ (ავტორი - გრანტ შეპსი, თავდაცვის მინისტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დიქტატორი „დიდი ძმა“ ქვეყანას რკინის ხელით მართავს. ვრცელდება დეზინფორმაციები სიმართლის დამახინჯების მიზნით. მოსახლეობა შეშინებულია გამოუცნობი საშინელებებით, რომლებიც 101-ე ოთახში ხდება...“. 75 წელი გავიდა ჯორჯ ორუელის ცნობილი შედევრის „1984“-ის გამოსვლის შემდეგ და მისი განსხვავება ვლადიმერ პუტინის თანამედროვე ანტიუტოპიისაგან დღითი დღე მცირდება. რა თქმა უნდა, ჯორჯ ორუელს თავისი დიდი ოპუსი „ჯიბეში ბროლის ბურთულით“ (ანუ წინასწარმეტყველებით) არ შეუქმნია, იგი მოვლენებს რეალურად უყურებდა. ერთი წლით ადრე, სანამ „1984“ წიგნის მაღაზიებში გასაყიდად დაიდებოდა, კრემლმა უკვე განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში, შემოიღო დასავლეთ ბერლინის ბლოკადა და მოსახლეობას სურსათ-სანოვაგე, საწვავი და პირველი მოხმარების საგნების მიწოდება შეუწყვიტა... გამოსცადა თავისი პირველი კოსმოსური რაკეტაც.

1940-იან წლების ბოლოს სიტუაცია ევროპაში ძალიან უსიხარულო იყო და შეიძლებოდა ვითარება უფრო გაუარესებულიყო, თუ ვაშინგტონში 75 წლის წინათ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდებოდა: იქ, სახელმწიფო დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ ათმა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება. როგორც პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აღნიშნა ამ მნიშვნელოვან თავყრილობაზე, „მამაც და შორმსჭვრეტელ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვრონ“. ასე შეიქმნა ნატო.

ბევრ ჩვენგანს მსოფლიო ნატოს გარეშე არასოდეს არ ჰქონდა წარმოდგენილი. ჩვენს ცნობიერებაში ალიანსის არსებობა თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ დრეს მოვიდა დრო გამოვხატოთ ჩვენი მადლობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ნატოს ძლიერებამ დაასრულა ცივი ომი და დაანგრია ბერლინის კედელი. სწორედ ნატო გახდა მშვიდობისა და აყვავების საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში. როცა ბალკანეთში ქაოსი 1990-იან წლებში ქაოსი გაბატონდა, მშვიდობა სწორედ ნატოს დახმარებით აღდგა. როცა 11 სექტემბერს „ტყუპი ცათამბჯენები“ დაინგრა, სწორედ ნატომ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირველად გამოიყენა ისტორიაში ხელშეკრულების მე-5 პუნქტი ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციის განსხორციელებლად. და როცა ორი წლის წინ იოსებ სტალინის მემკვიდრემ 21-ე საუკუნეში ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრა მოახდინა, ნატო ისევ გააქტიურდა კიევის დასახმარებლად აგრესიის მოგერიებაში.

დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ კიდევ უფრო დიდი გახდა, ვიდრე ოდესმე, როცა თავის რიგებში 31-ე და 32-ე წევრებად ფინეთი და შვედეთი მიიღო.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ნატოს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ალიანსის პირველი შტაბ-ბინა ლონდონში იყო განთავსებული, ხოლო მისი პირველი გენერალური მდივანი ცნობილი სამხედრო პირი,  გენერალი, ლორდი ჰასტინგ ისმეი იყო. და მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ დღეს ჩვენს ვალდებულებას მტკიცედ ვიცავთ და ვინარჩუნებთ. ჩვენ ნატოს ყველა მისიაში ვმონაწილეობთ. ჩვენი ბირთვული შეკავების საშუალებები ხელს უწყობენ ბირთვული ქოლგის სიმტკიცეს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყველა წევრს იცავს.

მაგრამ არასაკმარისი იქნებოდა ნატოს წარსულისათვის ხარკის გადახდა და დღევანდელ წარმატებებზე ლაპარაკი. ახლა ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ომისშემდგომი მსოფლიოდან ომამდელ მსოფლიოში გადმოვედით. რუსეთი ჩვენს მეზობლებს ემუქრება. ჩინეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. ირანი თავის დამქაშებს იყენებს, რომ რეგიონში - ახლო აღმოსავლეთიდან იემენის სრუტემდე - ქაოსი დათესოს. ჩრდილოეთი კორეა მუდმივად იარაღს აჟღარუნებს. ეს მტრული ქვეყნები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან და ჩვენი დემოკრატია მათი იარაღის სამიზნე ხდება.

მოკლედ, ჩვენ სამი რამ უნდა გავაკეთოთ:

პირველი - უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინელებმა საოცარ წარმატებას მიაღწიეს შავ ზღვაზე, სადაც მათ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად დაბლოკეს და [ჩაძირვას გადარჩენილი] ხომალდები პორტებიდან გამოსვლას ვეღარ ბედავენ, ფლოტი უმოქმედოდაა. ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას სათანადო დახმარების გაწევით. ჩვენი დახმარება უკრაინისადმი უყოყმანო უნდა იყოს, რადგან კიევი თავისუფლების საზღვარს იცავს თითოეული ჩვენგანისათვის. თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი მსხვერპლნი უახლოესი მეზობლები აღმოჩნდებიან. აი, ამიტომაც გამოვუყავით ჩვენ უკრაინას 2022 წლიდან 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ხოლო 2014 წლიდან 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე  გავწრთვენით - ქვეითებიდან დაწყებული მფრინავების ჩათვლით.

მეორე - ალიანსის წევრებმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედონ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ სცდებიან, როცა ელოდებიან, რომ ნატოელი მოკავშირეები უფრო მეტ ფულს დახარჯავენ საერთო თავდაცვისათვის. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებას სამხედრო ხარჯების კუთხით. ჩვენი თავდაცვითი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,28%-ს შეადგენს და გვინდა 2,5%-მდე გავზარდოთ. ნატოს ბევრი წევრი უკვე სამხედრო ხარჯებს სათანადოდ ზრდის და როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, უკვე ამ წლის ბოლოსათვის 18 ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მათი მთლიანი მშპ-ის 2% იქნება. გასულ წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 11 იყო და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მათი რაოდენობის ზრდა. სამწუხაროდ, ზოგიერთებს 2%-იანი თამასის მიღწევა ჯერაც არ შეუძლიათ. სიტუაციის ასე გაგრძელება შეუწყნარებელია. ჩვენ არ შეგვიძლია „რუსული რულეტი“ ვითამაშოთ ჩვენს საკუთარ მომავალთან.

მესამე - უნდა განვამტკიცოთ ევროატლანტიკური სამხედრო-თავდაცვითი მრეწველობის სექტორი. რუსეთი ავითარებს თავის მრეწველობას საკუთარი სამხედრო მოთხოვნილებების შესაბამისად, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ მეტი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ მეტი სამხედრო მასალების წარმოებისა და მათი რეზერვების შექმნის მიზნით. სწორედ ამიტომ მე ხელი მოვაწერე რიგ დოკუმენტებს სამხედრო შეკვეთებისა და შესყიდვების სფეროში. 245 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება საარტილერიო ჭურვების წარმოებაში და კიდევ უფრო მეტი - უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებაში იმ მიზნით, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისათვის დრონების უდიდესი მიმწოდებელი გახდეს.

75 წლის წინათ ჯორჯ ორუელმა ნატოს გარეშე არსებული მსოფლიოს საშინელი სურათი დახატა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სახიფათო ეპოქაში ვცხოვრობთ. „დიდი ბოროტი და ავტოკრატი ძმები“ ისევ ცდილობენ ჩვენს გათიშვა-დაყოფას, მაგრამ დღეს ჩვენ ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს: ნატო ამჟამად უფრო დიდია, უფრო ძლიერი და უფრო გამოცდილი, ვიდრე ოდესმე და სანამ ჩვენ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა. გარანტიას ვიძლევით, რომ ორუელისებური ფინალი არასოდეს არ დადგება.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/04/03/britain-always-a-prime-mover-in-nato-other-powers-pay-way/

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати