USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“
Date:  327

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ (ავტორი - რობერტ კლარკი). მასალაში განხილულია უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე გაყინულია. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ხელ-ფეხი ეხსნება უფრო თავისუფლად იმოქმედოს და აღმოსავლეთ ევროპაზე ძველი საბჭოურ-იმპერიული გავლენა აღადგინოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შარშანდელ და წლევანდელ იანვარს თუ ერთმანეთს შევადარებთ, მნიშვნელოვან განსხვავებას დავინახავთ. ერთი წლის წინ დასავლეთში დიდი ამაღლებული განწყობა და ოპტიმისტური განცხადებები დომინირებდა, ყველას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა წარმატებით შეძლებდა რუსეთის შეტევის მოგერიებას და ბარბაროს ვლადიმერ პუტინს თავისი გეგმების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცემოდა.

მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში და დასავლეთში იმედგაცრუება და გულგატეხილობა შეინიშნება. უკრაინის არმიამ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზანს და როცა მისი წარუმატებლობა აშკარად გამოჩნდა, დასავლეთის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა: ვაშინგტონელ და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს ეჭვი შეეპარათ - ხომ არ იყრება წყალში მათი დახმარება და შეძლებს კი უკრაინა რუსეთის დამარცხებას? ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, რაც დასავლეთს საკმაოდ ძვირი უჯდება. 2023 წლის დეკემბრისათვის უკრაინამ ამერიკისაგან და ევროკავშირის ქვეყნებისაგან 230 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით. კიევის უმსხვილესი დონორები გახდნენ აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები.

ბოლო დრომდე დაფინანსების პროცესი მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობდა კონსენსუსის წყალობით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა გასული წლის ბოლოს, როცა ამერიკელი კონგრესმენები, უმეტესად რესპუბლიკელები, თეთრ სახლს „აუჯანყდნენ“ და ჯო ბაიდენს მოსთხოვეს, რომ უკრაინის დახმარებასთან ერთად, თანხები შიდა პრობლემების მოსაგვარებლადაც გამოყოფილიყო. კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, უკრაინა ჯერ-ჯერობით აშშ-ის დახმარების გარეშეა დარჩენილი. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც ვლადიმერ პუტინის აპოლოგეტმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის დასახმარებელი ოთხწლიანი გეგმის პაკეტი დაბლოკა, 50 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მაშინ როცა რუსეთი თავის დაბალტექნოლოგიურ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აძლიერებს და თითქმის მთელი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს, დასავლეთი ვერ ახერხებს თავისი დაპირებების შესრულებას. მაგალითად, უკრაინას ამჟამად ჰაერივით ჭირდება 155-მილიმეტრიანი ჭურვები, რომელიც, ბრიუსელის დაპირებით, მარტის თვისათვის მზად ერთი მილიონი ცალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტამდე მხოლოდ თვენახევარიღაა დარჩენილი, ჯურვები კი მხოლოდ ჯერ-ჯერობით 300 ათასი ცალია წარმოებული.

როგორც ჩანს, დასავლური სამხედრო კომპანიების უუნარობა სამხედრო დაკვეთების დროულად შესრულების საკითხში განპირობებულია 1990-იანი წლების პოლიტიკური დივიდენდებით, როცა საბჭოთა მუქარა გაქრა და დასავლეთმა შვებით ამოისუნთქა, პარალელურად კი ყურადღება მოადუნა სამხედრო სფეროს განვითარება-განმტკიცებისადმი.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პერსპექტივამ ბევრი გამოაფხიზლა. საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის დროს ევროპისადმი (და ნატოს მიმართაც) სკეპტიკურად იყო განწყობილი და ევროპელი მოკავშირეებისაგან სამხედრო ხარჯების გადიდებას ითხოვდა. ალბათ, თუ დონალდ ტრამპი მართლაც ისევ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს გამოფხიზლება მოუწევს.

როგორც ჩანს, უნგრეთის ნეგატიური პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ უკრაინისადმი დახმარების პროექტი მხარდაჭერილი იქნება. ვაშინგტონში არსებული სიტუაცია კი მყიფეა: არავინ არ იცის, რომლები დაიხევენ უკან უკრაინის დახმარების საკითხში - დემოკრატები და რესპუბლიკელები.

ახლო აღმოსავლეთში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციის კვალობაზე, 2024 წლის განმავლობაშიც დასავლეთის ყურადღება უფრო მეტად ისრაელზე და ჩინეთზე იქნება გადატანილი, მაგრამ დასავლეთი ძალიან წააგებს, თუ უკრაინას არ დაეხმარება.

დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გადაიარაღებისა და რეინდუსტრიალიზაციის პროცესი და ხელახლა ისწავლოს ალიანსების შექმნისა და აგრესორების შეკავების ხელობა. და თუ ამას ვერ მოახერხებს, თუ უუნარობას გამოიჩენს, ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს ხელში ევროპის გასაღები ჩაუვარდება თავისი მზარდი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/01/09/the-west-could-soon-hand-putin-the-keys-to-europe/

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way