USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ჩვენ ევროკავშირს დავნებდით: პრემიერ-მინისტრმა არჩევნების დროს დადებული პირობა ბრექსიტის თაობაზე უსირცხვილოდ დაარღვია“
Date:  763

ბრიტანულ პრესაში ფართოდ განიხილება ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერსა და ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის 19 მაისს ხელმოწერილი (პირველად „ბრექსიტის“ შემდეგ) ორმხრივი შეთანხმება, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართლის სფეროებში თანამშრომლობას, მიწოდებული პროდუქციის კონტროლის ორმხრივ გაუქმებასა და ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თავისუფალი თევზჭერის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. ლეიბორისტული მთავრობის ასეთმა ნაბიჯმა ანტიევროპულად განწყობილ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში (ბრექსიტის მხარდამჭერებში) მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია.

გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ჩვენ ევროკავშირს დავნებდით: პრემიერ-მინისტრმა არჩევნების დროს დადებული პირობა ბრექსიტის თაობაზე უსირცხვილოდ დაარღვია“, რომლის ავტორია ნაიჯელ ფარაჯი, ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი, თემთა პალატის წევრი, „გაერთიანებული სამეფოს რეფორმირების“ (ყოფილი ბრექსიტის) პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. პუბლიკაციაში მწვავედაა გაკრიტიკებული ქვეყნის ლეიბორისტული მთავრობა და მისი ევროინტეგრაციული პოლიტიკური კურსი, რომელიც აღნიშნული შეთანხმების დადებით გამოიხატა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

განა ვინმე ამას იფიქრებდა? კირ სტარმერმა, რომელიც ფიცს სდებდა, რომ ბრექსიტის პირობებს დაიცავდა, ახლახან ევროკავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას კაპიტულაციის შესახებ. ეჭვი არავის შეგეპაროთ: ეს დოკუმენტი ჩვენ ბრიუსელის ორბიტაზე გვაბრუნებს - ფაქტიურად, ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტის უდიდესი ნაწილი გადავეცით, სამაგიეროდ კი ძალიან მცირე მივიღეთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ევროკავშირში  მოლიპული გზით დაბრუნების დასწყისი: მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი ხელგაშლილად, ტაშით შეხვდება ბრექსიტის გაუქმებას.

თავის დროზე ბრექსიტის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტი გახდა ის, რომ ჩვენ, როგორც იქნა, ევროპასთან კონკურენციაში უპირატესობა გაგვიჩნდა. დებულებები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებაშია დაფიქსირებული, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძველებურად ევროკავშირის წესების ტყვეობაში ვბრუნდებით - იმ წესების კონტროლის ქვეშ, რომლებიც გვაიძულებს მუდმივად დავიცვათ ევროკავშირის სტანდარტები

კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ის, რომ დიდი ბრიტანეთი იძულებული იქნება აღიაროს ევროპული სასამართლოს უპირატესობა, მისი უზენაესობა ბრიტანულ სასამართლოსთან შედარებით, ნებისმიერი დავის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვალდებულები ვხდებით უცხო სასამართლოს გადაწვეტილებას დავემორჩილოთ.

კირ სტარმერი სრულ [გონებრივ] უუნარობას იჩენს, მას არ შეუძლია ჩასწვდეს იმას, თუ რა ამოძრავებდათ ბრიტანელებს 2016 წელს, როცა მათ ხმა ბრექსიტს მისცეს. დღეს კი ჩვენ იმის მოწმენი ვხდებით, რომ უქმდება ბრექსიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი - გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებსაც ბრიტანული სასამართლოები იღებენ, შეფასებული და ინტერპრეტირებული უნდა იყოს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და არა სადღაც უცხოეთში. და რაც უფრო ყველაზე უარესია, კირ სტარმერი თვითონ სთავაზობთ ევროკავშირს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების უცხოეთიდან კონტროლის ხარჯები დიდმა ბრიტანეთმა დაფაროს.

რაც შეეხება თევზჭერას: ლეიბორისტული მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ნიშნავს, რომ ჩვენი თევზის მრეწველობა სრულიად ნადგურდება - უკვე სამუდამოდ. ეს არის ლეიბორისტების ღალატი ეკონომიკის იმ დარგის მიმართ, რომელიც ბრექსიტის შემდეგ უნდა აყვავებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ, სადაც 2016 წლიდან ერთმანეთს სხვადასხვა პარტიები ცვლიდნენ, მათ შორის კონსერვატორები და ლეიბორისტები, ბრიტანელი მეთევზეების ინტერესები გაყიდა. ეს არის მორიგი სრული უპასუხისმგებლო მოქმედება ოდესღაც უდიდესი დარგის მიმართ. ეს არის თევზჭერისა და თევზის მრეწველობის დაღუპვა, რომლის კუბოზე კირ სტარმერმა ბოლო ლურსმანი ჩაასო.

ჩავიხედოთ, რა წერია  დოკუმენტში: დიდი ბრიტანეთი უფლებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნების თევზმჭერ გემებს თავისუფლად გადაადგილდნენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში 12 წლის განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და შეზღუდვების გარეშე. იმდენად, რამდენადაც ხანდაზმული მეთევზეები, ასაკის თანახმად, დარგს ტოვებენ, ახალგაზრდებს კი არც დასაქმების და არც ინვესტირების (ახალი გემების ყიდვის) შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ამით ბრიტანულ თევზის მრეწველობის დარგს დაღუპვა ემუქრება. ძალიან სულელურ სიტუაციაში ვვარდებით: ევროპული სუპერტრაულერები ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ჩვენს თევზს იჭერენ და შემდეგ ჩვენვე გვთავაზობენ, იყიდეთო. ეს ნიშნავს ბრიტანელი მეთევზეების გაკოტრებას.

კირ სტარმერი დიდი ხანი არაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, მან კი უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა. მათგან ერთ-ერთი ის არის, რომ მან ოჯახურ ფერმერებს მემკვიდრეობის გადასახადის გადახდა დააკისრა, ახლა კი მიზანში ამოიღო ჩვენი თევზმჭერი სექტორი. ლეიბორისტული მთავრობა ძირს უთხრის ბრიტანეთის შესაძლებლობას თვითონ აწარმოოს საკუთარი საკვები პროდუქტები.

რას ვიღებთ ჩვენი უფლებებისა და ქონების უცხოეთისათვის გადაცემით? რა გგონიათ - ჩვენს რომ ამდენს ვაძლევთ ევროკავშირს, კირ სტარმერმა რაიმე სერიოზულ დათმობებს მიაღწია ურსულა ფონ დერ ლაიენისაგან?

სამწუხაროდ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მთავარი „უპირატესობა“, რომელზეც კირს სტარმერი ლაპარაკობს, იმით გამოიხატება, რომ ბრიტანელები, რომლებიც ევროკავშირში მოგზაურობენ, ახლა აეროპორტებში ელექტრონული გასასვლელით ისარგებლებენ, მაგრამ ამ ე.წ. „უპირატესობას“ - იმასთან შედარებით, რასაც ვკარგავთ - ნულოვანი მნიშვნელობა აქვს. დოკუმნტის ტექსტში არსად არ არის ნათქვამი, რომ ბრიტანელებს ელექტრონული კარით სარგებლობისას რიგში დგომა არ მოუწევთ. არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს აეროპორტების მოხელეები ვალდებულნი არიან ბრიტანეთის მოქალაქეები ყოველგვარი დაბრკოლებისა და დროის დაკარგვის გარეშე გაატარონ.

ამრიგად, სახეზეა ბრიტანეთის მოსახლეობის ინტერესების ღალატი: რადგან დიდი ბრიტანეთი ისევ ხდება უცხოური სასამართლოს მხრიდან ზემოქმედების ობიექტი, რადგან ბრიტანულ თევზის მრეწველობაზე ღიად ხდება სასიკვდილო დარტყმის მიყენება და ამდაგვარი უბედურება, კირ სტარმერის მიერ დადებული გარიგება ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე უარესი ხელშეკრულება.

არჩევნების დროს კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ ბრექსიტის იდეებს არ უღალატებდა. მან განაცხადა, რომ ძველი ჭრილობების გაღიზიანება არ სურს... მაგრამ ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის პირობის ღია, უსირცხვილო და მოღალატეობრივი დარღვევა.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way