USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი) - რუსეთი შეიძლება მისმა მეზობლებმა „ჩაყლაპონ“: რასაც დასთეს, იმას მოიმკი
Date:  597

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი შეიძლება მისმა მეზობლებმა „ჩაყლაპონ“: რასაც დასთეს, იმას მოიმკი - იაპონიას, ჩინეთს, თურქეთს და უკრაინას შეუძლიათ კრემლს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ“ (ავტორი - სვეტლანა მორენეცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის მიერ რუსული არმიის მიმართ გაწეულმა წინააღმდეგობამ დაამსხვრია მითი  რუსეთის უძლეველობის შესახებ. ყველამ დაინახა, რომ რუსეთი ის დაუმარცხებელი იმპერია არ არის, რომლის წარმოადგენასაც კრემლი ცდილობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. იმ დროს, როცა რუსეთს სურს უკრაინა თავის საკუთრებად გამოაცხადოს, სხვა ქვეყნები რუსეთის ტერიტორიის ნაწილებს უყურებენ და მის დასაკუთრებას ფიქრობენ - იმის გათვალისწინებით, რომ ომში რუსული ჯარი თავის სისუსტეს ამჟღავნებს. ყველა ამჩნევს, თუ რაოდენ დაძაბუნებულია რუსეთის არმია. ქვეყნის შიგნით მცხოვრები ხალხები ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ ხულიგანი პრეზიდენტი ჩამოაგდონ. კრემლი უნდა დაფიქრდეს, როცა მეზობლის სუვერენული ტერიტორიის მიტაცებას ცდილობს - ეს, თავის მხრივ, მეზობელ სახელმწიფოებს შანსს აძლევს, რომ რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს იმ მიწა-წყალზე, რომელსაც თავისად თვლის და რუსეთის მიერ არის დაპყრობილი.

იაპონია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც შარშან, რუსეთის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დუმილი დაარღვია: ტოკიომ მოსკოვს კურილის არქიპელაგის სტატუსი გაახსენა და განაცხადა, რომ „სრულიად მიუღებელია, როცა იაპონიის კუთვნილი ჩრდილოეთის კუნძულები 77 წლის განმავლობაში რუსეთს უსამართლოდ აქვს ოკუპირებული“. 1945 წლიდან სსრ კავშირის მიერ კურილიის კუნძულების ანექსიის შედეგად იქიდან იაპონური მოსახლეობა განდევნილი იქნა და იმ დროიდან მოყოლებული, ტოკიო და მოსკოვი დღემდე ვერ მისულან კომპრომისამდე. მოლაპარაკება შეწყდა, როცა პუტინმა აჩვენა - რუსეთი მზად არ არის ოკუპირებული მიწა ვინმეს გაუყოს ან კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს, პირიქით, კრემლი მუდამ სხვისი კუთვნილის მიტაცებას ცდილობს.

შემდეგ ჩინეთმა დაიწყო ისეთი რუკების შედგენა, რომელთა მიხედვით, რუსეთის ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონები ჩინეთის ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენს. პეკინის ასეთ არაოფიციალურ პოზიციას თავისი საფუძველი ნამდვილად აქვს: მე-19 საუკუნეში რუეთმა ჩინეთის კუთვნილი დიდი ტერიტორიების ანექსია მოახდინა. რადგანაც დღეს მათი მშვიდობიანი გზით დაბრუნება შეუძლებელია, პეკინი ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ბაიკალის ტბის რეგიონში, ციმბირსა და ამურისპირეთში, აქტიურად სარგებლობს ტერიტორიის იჯარით აღების წესით.

პოლონეთში სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ ვარშავას აქვს სრული კანონიერი უფლება პრეტენზია განაცხადოს კალინინგრადზე (კენისბერგზე), რომელიც საბჭოთა კავშირმა 1945 წელს მიიერთა. თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და უკრაინასაც კი შეიძლება თავიანთი ინტერესი ჰქონდეთ რუსეთის ტერიტორიის მიმართ. რუსმა „ბოევიკებმა“, რომლებიც ბელგორდის ოლქში უკრაინის დროშით მოქმედებენ, ვლადიმერ პუტინს შეახსენეს, რომ მსგავსი მოვლენა შეიძლება სხვა ადგილზეც განმეორდეს - იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან დღეს არსებულ თავიანთ საზღვრებს უსამართლოდ თვლიან.

კიევი ისწრაფვის იმისკენ, რომ ქვეყნის 1991 წლის დროინდელი საზღვარი აღდგეს და ომი ამით დაასრულოს, თუმცა, რუსეთის არმიის გაძევების პერსპექტივის გათვალისწინებით, უკრაინა რუსეთის საზღვრისპირა ოლქებში მომხდარ შეტაკებებს ერთგვარ შურისძიებად მიიჩნევს იმის სანაცვლოდ, რასაც მოსკოვი დონბასში აკეთებს.

სანამ კრემლი [უკრაინის ხარჯზე] თავისი ევროპული ტერიტორიების გაფართოებით არის დაკავებული, ეროვნული ავტონომიები და მათი ლიდერები მოსკოვისაგან გამოყოფას ნატრობენ, რაც პერსპექტივაში რუსეთის 34 „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ დაშლას ნიშნავს. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეისათვის რუსეთში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დათრგუნულია. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის შიგნით მდებარე  ზოგიერთმა ავტონომიურმა რესპუბლიკამ სუვვერენიტეტის გამოცხადება სცადა, მათ საწყის ეტაპზე თითქოსდა რაღაც წარმატებას მიაღწიეს (მაგალითად, თათრეთის რესპუბლიკამ), მაგრამ შემდეგ რაც ჰქონდათ, კრემლის წაყალობით, დაკარგეს. მართალია, ზოგიერთი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებში ჩაწერილია, რომ მათი მოსკოვთან ურთიერთობა ცალკე შეთანხმებებით რეგულირდება, მაგრამ ეს ნორმები ჯერ კიდევ „ძილის მდგომარეობაში“ არიან და „გაიღვიძებენ“ იმ დროს, როცა კრემლს იმპერიის კონტროლი გაუჭირდება.

ამჟამად რუსეთის ხელისუფლებას სრულიად რეალური შიში აქვს იმისა, რომ შეიძლება [1990-იანი წლების დასაწყისი მოვლენები განმეორდეს და] სუვერენიტეტების გამოცხადების კასკადი მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივმა მმართველმა ელიტამ თავისი რესურსებით და ფინანსებით სარგებლობაზე პრეტენზია განაცხადოს და მოსკოვის გარეშე მათი გადანაწილება მოახდინოს. მართალია, თავის დროზე ჩეჩნეთის მაგალითმა აჩვენა რუსეთის სხვა ხალხებს, რომლებიც იძულებით იქნენ ანექსირებულები, თუ რა ბედი ელოდება „ურჩ რეგიონებს“, მაგრამ როცა კრემლი ადგილობრივ მოსახლეობას უკრაინის ომის „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს, ამას, ალბათ, ისინი ვეღარ მოითმენენ.

ყველაზე მეტად ომში სამხედრო გაწვევით რუსეთის ღარიბი რეგიონები დაზარალდნენ. ანტოსაომარი მიტინგები ჩატარდა დაღესტანში, ყალმუხეთში, ბურიატეთში, რომელთა ლიდერები „სამხედრო ბეგარის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი გრძნობენ, რომ კრემლი მათ - ადგილობრივ ეთნიკურ მოსახლეობას - მეორე ხარისხის ადამიანებად თვლის იმათთან შედარებით, ვინც მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ფრონტიდან გაგზავნილი კუბოების მზარდ რაოდენობას ცეცხლის გაჩაღება შეუძლია და თუ ის ერთხელ მაინც იფეთქებს, მერე რუსეთის სხვა რეგიონებსაც გადაედება...

უკრაინის მთავრობა თვლის, რომ რუსეთის იმპერიალისტური ამბიციებს ბოლო უნდა მოეღოს ისე, რომ ყველასათვის სამართლიანობა აღდგეს. კიევმა კურილის კუნძულები და ჩეჩნეთი „რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად“ აღიარა და მხარს უჭერს ადგილობრივ ლიდერებს, რომლებსაც კრემლი დევნის. უკრაინა ითხოვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოსკოვის ჯარი უნდა გავიდეს არამარტო ყირიმიდან და დონბასიდან, არამედ დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, [სამხრეთ ოსეთიდან] და მთიანი ყარაბაღიდან. მართალია, ეს იდეალისტური ოცნებაა, თითქმის აუსრულებელი, რადგან ვლადიმერ პუტინი უფასოდ ოკუპირებული მიწების ერთ მეტრსაც კი არ დააბრუნებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსკოვმა თავის სამომავლო უბედურების თავიდან აცილებაზეც უნდა იფიქროს. საბოლოო ჯამში, რუსეთს ის, რაც მან დათესა, უბედურებად შეუტრიალდება.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/05/31/russia-may-be-devoured-by-its-neighbours/

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way