USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთ): „დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა“
Date:  268

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია ვრცელია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა“ (ავტორი - ემბროუზ ევანს-პრიტჩარდი, გაზეთის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჯო ბაიდენის მმართველობის ვადის დასრულებას ელოდება ევროპის გაწამებული ყოფის ფონზე, როგორც ჩანს, უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე დადგა: დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იკრებს ირგვლივ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროუკრაინული პოზიციებით გამოირჩევიან.

ისე გამოდის, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენზე მეტად სურს რუსეთის ეკონომიკის დანგრევა იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ეს გახდის იძულებულს კრემლს დაეთანხმოს უკრაინასთან ზავს იმ პირობებით, რომელსაც ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გულისხმობს.

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლებს შორის ახალი იმედის ნაპერწკალი და ერთგვარი შვება იგრძნობა, თუმცა ოპტიმიზმამდე ჯერ კიდევ შორსაა. ამასთან, ევროპელ დიპლომატებს უკვე კითხვები უჩნდებათ - ბოლოს და ბოლოს, იქნებ არ არის დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა კარგი რუსეთთან მიმართებით? იქნებ დონალდ ტრამპი არაფერს არ უთმობს ვლადიმერ პუტინს?

„ახლა აბსოლუტურად ნათელია, რომ დონალდ ტრამპს არ აქვს განზრახული უკრაინის მიტოვება რუსეთთან მარტოდმარტო, კრემლთან პირისპირ“, - ამბობს პროფესორი ალან რაილი, ატლანტიკური საბჭოს რეგიონული ექსპერტი.

მრჩევლებმა, ისარგებლეს რა „სოკრატისეული მეთოდი“, დონალდ ტრამპი დაარწმუნეს იმაში, რომ აშშ-ის უკანდახევა უკრაინის საკითხში ძალიან ცუდი და სამარცხვინო იქნებოდა - იმაზე უარესი, ვიდრე ავღანეთიდან გამოქცევა ჯო ბაიდენის მმართველობის დროს და რომ ჩინეთთან დაპირისპირების ფრონტის ხაზი სწორედ დონბასზე გადის.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალიან სურს [დემოკრატებმა და თანაპარტიელებმა] იმაში დაადანაშაულონ, რომ მან უკრაინა რუსეთს ჩააბარა. ეს არ მოხდება“, - ამბობს ლეონ პანეტა, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

როგორც პროფესორი ალან რაილი აღნიშნავს, მართვადი კონფრონტაცია კრემლთან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე მშვენივრად მუშაობს: „დონალდ ტრამპს აღიზიანებს, როცა მას ვლადიმერ პუტინის პუდელად თვლიან. მას შეუძლია ბუზი სპილოდ აქციოს - ჯო ბაიდენი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულოს, უკრაინას კი აუცილებელი რაოდენობით იარაღი გაუგზავნოს. მას უკრაინელები გააღმერთებდნენ და კრეშჩატიკზე მის სადიდებლად აღლუმს მოაწყობდნენ“

დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის ახალი დოქტრინაა „მშვიდობა იძულებით“, რომელიც რონალდ რეიგანის 1980-იანი წლების დოქტრინას ეყრდნობა, რომელიც  გამიზნული იყო საბჭოთა კავშირის გამოფიტვისათვის მანამ, სანამ მას ნავთობის ექსპორტით დაგროვილი ფული ეყოფოდა.

„პირველი რიგის ამოცანაა ვლადიმერ პუტინის იძულება, რომ იგი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - ამბობს რობერტ ო’ბრაიენი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დღესაც არჩეული პრეზიდენტისათვის სანდო პირს წარმოადგენს, - „ამჟამად კრემლს მოლაპარაკების სურვილი და სტიმული არ აქვს. პუტინი ფიქრობს, რომ ომს მოიგებს“.

„ყველაზე იოლი იქნება მისი მაგიდასთან დაჯდომა რაიმე ესკალაციის გარეშე მოხდეს, რომელმაც ჩვენ ბირთვული დარტყმებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამისათვის კარგი იქნებოდა სანქციების გამკაცრება“, - აღნიშნავს რობერტ ო’ბრაიენი. იგი დონალდ ტრამპს ურჩევს, რომ სანქციები გამკაცრდეს რუსეთისათვის ყველაზე მომგებიან სფეროში - ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართ, განსაკუთრებით ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ენერგეტიკული ნედლეულის იმპორტს აგრძელებენ და ბლოკადას არღვევენ.

თითქმის ასევე ფიქრობს მარკო რუბიო, რომელიც დონალდ ტრამპს განზრახული ჰყავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნოს. იგი ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე საკვანძო საკითხი გამოიხატება იმით, თუ ვის ექნება გავლენის ბერკეტები მოლაპარაკების დროს: „ეს იქნება ვლადიმერ პუტინი თუ ვოლოდიმირ ზელენსკი? მე მინდა, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი ბერკეტები ჰქონდეს კრემლზე ზემოწმედებისათვის“, - თქვა მან.

ასევე ფიქრობს მაიკ უოლცი, ყოფილი „მწვანე ბერეტი“, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. მისი მტკიცებით, ხანგრძლივი ომი, რომელიც უფრო დიდი მოწინააღმდეგის გამოფიტვაზეა გათვლილი, უკრაინისათვის მომგებიანი არ არის. ასეთ სემთხვევაში კიევი განწირული იქნება. „ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინის შეჩერება ამერიკის აბსოლუტურ ინტერესებშია. ამისათვის აუცილებელია უპირველესად რეალური ენერგეტიკული სანქციები დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ [დასავლეთმა] რაც შეიძლება მეტად უნდა დავწიოთ ნავთობის მსოფლიო ფასები, რომ კრემლმა ნაკლები შემოსავალი მიიღოს. რუსეთის ეკონომიკა და მისი სამხედრო მანქანა სწრაფად ჩამოიშლება“, - თქვა მან.

რასაკვირველია, ნავთობზე ფასების შესამცირებლად ამერიკას საუდის არაბეთის დახმარება დაჭირდება, რომელიც უკვე „დაიღალა კონკურენტების ნების შესრულებით და დღეში მხოლოდ 2 მილიონ ბარელს ნავთობს იღებს თავისი საბადოებიდან, ფასების დაცემის თავიდან აცილების მიზნით. როგორც აშშ-ის სტრატეგიულ წრეებში მსჯელობენ, ასეთ სიტუაციაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სალმან ას-საუდს მოუწევს  ვლადიმერ პუტინის გაწირვა და აშშ-სთან საუდიტების დინასტიის ისტორიული კავშირების აღდგენა.

მაგრამ შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როდის შეფერხდება და დაეცემა კეისიანიზმზე (ეკონომიკური თეორია, რომელიც ბრიტანელი ჯონ კეინსის მიერაა შემუშავებული) დამყარებული რუსეთის სამხედრო ეკონომიკა.

დღეისათვის უკვე ნათელია, რომ წიაღისეული საწვავის [ნავთობ-გაზის] ექსპორტი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ომის ხარჯები ძალიან დიდია - საომარი მოქმედებები რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სულ უფრო მეტ წილს ითხოვს. 2022 წლის შუა ხანებიდან ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები რუსეთს დღეში 600 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. გარდა ამისა, ამ სახის შემოსავალი კიდევ 5 მილიარდით შემცირდა ახლახანს - მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ევროპისაკენ გატარება აკრძალა.

რუსეთის რეზერვი - ეროვნული კეთილდღეობის ფონდი - თითქმის მთლიანად დაიხარჯა: მასში მხოლოდ „სასაცილო“ თანხა - 33 მილიარდი დოლარია დარჩენილი. რუსეთს აკრძალული აქვს კაპიტალის მსოფლიო ბაზრებთან კონტაქტი. ჩინეთმა უარი განაცხადა სიტუაციაში ჩარევის მიზნით.

ბიულეტენ The Bell-ის რუსული ეკონომიკის ანალიტიკოსები თანდათან უფრო მკაფიოდ ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკა, როგორც იქნა, „კედელს მიადგა“ და პრობლემების გადაულახავი „სამეულის“ წინაშე აღმოჩნდა: „კრემლს მეტად აღარ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინაში, დააფინანსოს სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს ინფლაცია - რუბლის კურსი“, - აცხადებენ ექსპერტები.

გასული წლის აგვისტოში რუბლმა თავისი ღირებულების მესამედი დაკარგა. ნოებერში მისი კურსი კიდევ უფრო დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა „გაზპრომბანკის“ - ერთადერთი მსხვილი ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც SWIFT-ის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შეეძლო.

ამჯერად რუსეთი მთელი ძალისხმევით ცდილობს რაიმე გვერდავლითი გზა იპოვოს. ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის კურსზე კონტროლი დაკარგა. თვიური ინფლაცია წლიური გაანგარიშებით, 30%-ს აღწევს, რაც უკვე ძალიან ახლოს დგას ჰიპერინფლაციის პირველ სტადიასთან. საპროცენტო განაკვეთები (21%) ძალიან მაღალია - ასეთი სიტუაცია უკვე იწვევს საკრედიტო კრიზისს მცირე კომპანიებისათვის. მოსალოდნელია მათი მასობრივი ბანკროტობა (გაკოტრება).

ის, რომ რუსეთს თითქოსდა დაბალანსებული ბიუჯეტი აქვს, ეს ფიქციაა და მეტი არაფერი. მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება ფარულად ხდება. ბანკები იძულებულნი არიან ფინანსურად უზრუნველყონ ის ნახევრად სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც რუსული სამხედრო მანქანა ეყრდნობა. საბოლოოდ კი, ერთ დღეს რუსები დაინახავენ, რომ მათ ფული ისე დაკარგეს, როგორც ეს კომუნიზმის კრახის დროს მოხდა, 1990-იანი წლების დასაწყისში.

„ბოლო დროს რუსეთში სიტუაცია უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, - ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორი. მან დღევანდელი პერიოდი „საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებს“ შეადარა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არასოდეს არ ყოფილა მზად რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვისათვის. მან მხოლოდ ის გაბედა, რომ ფასები მხოლოდ 60 დოლარამდე შეამცირა ერთ ბარელზე და ნაწილობრივი სანქციები შემოიღო რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების მიმართ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკელი ლიდერი დასავლეთზე ზრუნავდა - ნავთობის ფასების მომატება ხომ აშშ-სა და ევროპის მოსახლეობასაც დაარტყამდა... მაგრამ უმჯობესი იყო მას უფრო გაბედულად ემოქმედა.

ისარგებლებს თუ არა დონალდ ტრამპი „ჭინჭრით“? მისმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა დაწერა სტატია, რომელშიც მან დაადასტურა რუსეთის წარმატებები და იქვე წარმოადგინა აშშ-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ბევრმა „კრემლთან შეთანხმებულად“ ჩათვალა, თუმცა რუსეთმა მისი გეგმა პრინციპულად დაგმო და მიუღებლად ჩათვალა.

ვლადიმერ პუტინის მეგობარმა კონსტანტინე მალოფეევმა ამგვარი განცხადებები, რომ კიტ კელოგი მოსკოვთან თანამშრომლობსო, კატეგორიულად  უარყო და სასაცილოდ მიიჩნია: „კიტ კელოგს თავისი გეგმით მოსკოვში ჩამოსვლა სურდა, ჩვენ კი მას ვუთხარით, რომ ფეხი არ გადმოედგა ჩვენთან მოსასვლელად“, - თქვა მან.

რაც არ უნდა ჰქონოდა მხედველობაში გენერალ კიტ კელოგს, ფაქტია, რომ მას შემდეგ დონალდ ტრამპის პოზიცია გამყარდა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ მარა-ლოგოში (ფლორიდულ მამულში) გამართული ბრიფინგები ნებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს სხვას არაფერს არ დაუთმობს, გარდა უკრაინის იმ ტერიტორიისა, რაც რუსეთს ამჟამად აქვს ოკუპირებული და არ არის გამორიცხული, რომ უარს ეტყვის ვლადიმერ პუტინს ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილის გადაცემაზეც. დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, დათანხმდება ნატოს შეიარაღებული ძალების განლაგებაზე უკრაინის ტერიტორიაზე (ბრიტანული, ფრანგული და პოლონური არმიების ქვედანაყოფების სახით), რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 პუნქტით იმოქმედებენ.

ვლადიმერ პუტინი ვერ მიიღებს მთლიანი სახით მისი ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ ოლქს, ვერც დემილიტარიზებულ და ვერც ნეიტრალურ უკრაინას. კრემლი მიიღებს ძალიან ცოტას იმისათვის, რომ როგორმე გაამართლოს 400 ათასი რუსი ჯარიკაცის დანაკარგი, თავისი ეკონომიკის სერიოზული სტრუქტურული ზარალი და დაცემული რეპუტაცია მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინისათვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდება თავისი ავტორიტეტის აღდგენა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაში.

სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1940 წლის „ზამთრის“ ომის შემდგომ ვითარებას, როცა ფინელები საბჭოთა კავშირთან ომის შედეგად იძულებულები გახდნენ იოსებ სტალინისათვის თავიანთი ტერიტორიის 11% დაეთმოთ, ქალაქ ვიბორგთან ერთად, მაგრამ მთელ მსოფლიოში დიდი სახელი მოიპოვეს, საბჭოთა კავშირის უზარმაზარ წითელ არმიასთან გმირული წინააღმდეგობის გაწევის გამო.

დიქტატორმა იოსებ სტალინმა განგებ შეამცირა თავისი ჯარების დანაკარგები და „ცარიელი“ გამარჯვებით დაკმაყოფილდა. ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, ან ასევე მოუწევს დაეთანხმოს რაღაც უსახელო და ნაძრახ მიღწევა-გამარჯვებას, ან იგი ძალიან რისკავს, რომ დონალდ ტრამპი თავის დაუძინებელ მტრად გადააქციოს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/business/2025/01/03/the-biggest-threat-to-putins-regime-is-donald-trump/

 

analytics
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way