USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
«The Daily Telegraph»: „დასავლეთი მე-5 თაობის მხოლოდ ერთ ავიაგამანადგურებელს F-35-ს აწარმოებს, რუსეთს და ჩინეთს კი თავიანთი მე-5 თაობის თვითმფრინავები უკვე მწყობრში ჰყავთ“
Date:  762

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი მე-5 თაობის მხოლოდ ერთ ავიაგამანადგურებელს F-35-ს აწარმოებს, მაგრამ ისიც კრიზისულ მდგომარეობაშია, რუსეთს და ჩინეთს კი თავიანთი მე-5 თაობის თვითმფრინავები უკვე მწყობრში ჰყავთ“ (ავტორი - დევიდ ექსი), რომელშიც განხილულია ამერიკული F-35 Lightning II-ის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები. „დასავლეთს ჯერ კიდევ საკმაო დრო ჭირდება ვლადიმერ პუტინისეულ და სი ძინპინისეულ ავიაციასთან გასაჯიბრებლად“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვესრიას:

ამერიკულმა „ლოქჰიდმა“ (Lockheed Martin), როგორც იქნა, თითქმის ერთწლიანი შეფერხებით, ისევ დაიწყო ახალი, მეხუთე თაობის უჩინარი ავიაგამანადგურებელის მიწოდება არმიისათვის, მაგრამ ამერიკული ავიაციის გულშემატკივრების სიხარული ნაადრევია - ახალ F-35-ებს მინიმუმ ნახევარი წელიწადი მაინც მოუწევთ სასწავლო ფრენების შესრულება და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ დაიწყებენ სავარაუდო საბრძოლო დავალებების შესრულებას. თანაც ეს პრობლემა შეეხება როგორც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს და საზღვაო ავიაციას, ასევე მოკავშირეებსაც. ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვან უარყოფით ფონს ქმნის ნატოს არმიებისათვის.

არადა, ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალები იმედოვნებდნენ, რომ ზებგერითი უჩინარი ავიაგამანადგურებელი F-35 Lightning II („ელვა II”, ფასი - 80 მილიონი დოლარი) შეცვლიდა ამჟამად არსებული ავიაპარკის ძირითად ნაწილს - დაახლოებით ათას ცალ მოძველებულ A-10 Warthog-ებს („მეჭეჭიანებს“), F-15 Eagle-ებს  („არწივებს“) და ყველასათვის ცნობილ F-16 Falcon-ებს („შევარდნებს“).

გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ გაჭიანურებული, მაგრამ ბოლომდე მიყვანილი F-35-ების პროექტი ჩაანაცვლებს ასევე გაჭიანურებულ F-22 Raptor („მტაცებელი“), რომელიც „ელვების“ მსგავსად, რადარებისათვის შეუმჩნეველია. თუ კიდევ რაიმე შეფერხება არ მოხდება, F-35 Lightning-ები დასავლეთისთვის ერთადერთი მე-5 თაობის თანამედროვე გამანადგურებელი იქნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ სამწუხაროდ, შეფერხებები, სავარაუდოდ, კიდევ იქნება - F-35-ების [კომპიუტერული] პროგრამული უზრუნველყოფა არასახარბილოდ მუშაობს. არადა, თანამედროვე თვითმფრინავებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ისმება კითხვა: რატომ ვერ მოაბა თავი „ლოკჰიდმა“ F-35-ების ნორმალურ წარმოებას? გავიხსენოთ, რომ კომპანიამ ერთადგილიანი F-35 ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეიმუშავა, საცდელი ნიმუში ჰაერში 2000 წელს აფრინდა, ხოლო საბრძოლო ვერსია - 2006 წელს. იმავე ხანებში პენტაგონი იმედიანად იყო განწყობილი, რომ პროექტი სწრაფად რეალიზდებოდა, მაგრამ... „ლოკჰიდმა“ სასწარფოს განაახლა საბორტო პროგრამა Technology Refresh 3 და ერთ-ერთ საცდელ „ელვას“ დაუყენა, თუმცა 2023 წლის იანვარში ჩატარებული გამოცდის შედეგებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ვერ დააკმაყოფილა და უარი განაცხადა თვითმფრინავების მიღებაზე. სხვათა შორის, F-35-ები ჰაერივით ჭირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეორე მთავარ წევრს - დიდ ბრიტანეთსაც, მაგრამ პროექტის სრული რეალიზება გვიანდება.

ამ დროს კი, რუსეთს და ჩინეთს უკვე ფაქტიურად მწყობრში (ექსპლოატაციაში) ჰყავთ თავიანთი მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები - SU-57 („სუხოი“) და Chengdu J-20 („ჩენდუ“ – „შავი არწივი“), დასავლეთი კი მხოლოდ ბოლომდე დაუმთავრებელი F-35-ის ამარა რჩება. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა თუნდაც დაცქარებული წესით რომ დაიწყონ ბრიტანულ-იტალიურ-იაპონური ავიაგამანადგურებლის Tempest-ის („ქარიშხალი“) პროექტის რეალიზება, მათ ათი წელი მაინც დაჭირდებათ ვლადიმერ პუტინისეულ და სი ძინპინისეულ ავიაციასთან გასაჯიბრებლად.

გულახდილად და ობიექტურად თუ ვიტყვით, დასავლური ავიაცია არასახარბიელო მდგომარეობაშია - ფსონების თამასა წარმოუდგენლად მაღლაა აწეული.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/07/30/f-35-lightning-stealth-5th-gen-fighter-software-problems/

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way