USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«The Daily Telegraph» : „ზელენსკის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო იზრდება რისკი, რომ შეიძლება უკრაინას მოკავშირეები ჩამოშორდნენ“
Date:  3684

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით ზელენსკის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო მატულობს იმის რისკი, რომ შეიძლება უკრაინას მოკავშირეები ჩამოშორდნენ“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

როცა ჩვენ უკრაინელ მესაზღვრეს ბრიტანული და პოლონური პასპორტები ვაჩვენეთ, იგი მოგვესალმა სიტყვებით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენ ჩვენიანები ხართ“. უკრაინელი სამხედროები ხელს გვართმევდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ მათი ქვეყნისათვის მძიმე წუთებში გამოვლენილი მხარდაჭერის გამო.

(...)

შეიძლება ვინმემ პარადოქსულად ჩათვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ დიპლომატიური დისკუსიის დროს უკრაინის მხრიდან ასეთი თბილი მიდგომა არ შეინიშნება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩადენილი ამასწინანდელი „გამოხტომა“, როცა მან „მოსკოვის დამქაშის“ იარლიყი მიაწება პოლონეთს (და სხვა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს), პოლონელებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეებისათვის ძალიან ღრმად საწყენ და სამწუხარო შეფასებას წარმოადგენს. მათ გული ეტკინათ. დიახ, უკრაინა მტერთან მძიმე და სასტიკ ბრძოლას აწარმოებს, მაგრამ მისი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, შარს ეძებს და მოკავშირეებთან კინკლაობას იწყებს.

(...)

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლებში სულ უფრო მეტად იგრძნობა მოკავშირეთა მიერ გაწეული დახმარების დაუფასებლობა. რასაკვირველია, დასავლელი მხარდამჭერები ბუნებრივ  წყენას გამოხატავენ და კიევს ახსენებენ იმას, რომ სიკეთისათვის მადლობის გადახდაა საჭირო. ამას ამბობდა ყოფილი ბრიტანელი თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეკ სალივანი. სხვათა შორის, არც ინდოელები არ დაივიწყებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი მრჩევლის გამონათქვამს ნახევარმილიარდიანი აზიური ქვეყნის „სუსტი ინტელექტუალური პოტენციალის“ თაობაზე.

(...)

სრულიად გასაგებია, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა უკვე 19 თვეა ომშია ჩაბმული და აქედან გამომდინარე, სტრესულ მდგომარეობაშია [და შესაძლოა, ზოგჯერ რაღაც-რაღაცეები ვერ მოზომოს], მაგრამ დიპლომატიური უტაქტობის ხშირი გამოვლენები უკვე შეშფოთებას იწვევს. კიევის ასეთ მოქმედებას შეუძლია მოკავშირეების მხარდაჭერა შეასუსტოს. უკრაინას შეიძლება ძვირად დაუჯდეს ასეთი კინკლაობა: არ არის გამორიცხული, რომ მას ეკონომიკური და სამხედრო დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა შეუმცირდეს.

მე კარგად მახსოვს გაეროს ჩინოვნიკებთან საუბარი 2022 წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე. მათ თქვეს, რომ მთელი თავიანთი სამსახურის განმავლობაში ასეთი დახმარების ძლიერი ნაკადი ჯერ არ უნახავთ - როგორც სახელმწიფოს, ასევე უშუალოდ პოლონელი ხალხისაგან.

(...)

და ყოველივე ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გონივრულად ჩათვალა ვარშავისათვის მიენიშნებინა, რომ პოლონეთი და მისი აღმოსავლეთევროპელი მეზობლები კრემლთან თანამშრომლობენ!

ალბათ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაშვებული ყველაზე შეუწყნარებელი შეცდომაა ის, რომ მან დავა დაუწყო პოლონეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს ხორბლით ვაჭრობის საკითხში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა მარცვლეულის მაგნატებმა კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად საჯარო კონფრონტაცია აირჩიეს და ვარშავას, ბრატისლავას და ბუდაპეშტს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლეს - ჩვენი ხორბლის მათ ტერიტორიაზე გასაყიდად შეტანაზე უარს გვიცხადებენო. ეს უკვე უმადურობა კი არაა, არამედ მტრობის დაწყებაა ერთგულ მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას მძიმე წუთებში მხარს უჭერენ.

თუ კიევი ასეთ მიდგომას გააგრძელებს, ის ქვეყნები, რომლებმაც თვითონ ბევრი რამ მოიკლეს და უკრაინას დაეხმარნენ, თავიანთ პოზიციას გადასინჯავენ და მხარდაჭერას შეამცირებენ. (...) ალბათ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინის ხელისუფლება რეალობას გააცნობიერებს და მიხვდება - მოკავშირეებთან დავა და სავაჭრო ომების გამოცხადება რუსეთის გამარჯვებას ხელს არ შეუწყობს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/09/27/volodymyr-zelensky-blunders-allies/

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way