USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«The Daily Telegraph» : რუსი ახალწვეულებისათვის უკრაინაში მოქმედ ქვედანაყოფებში სამსახური სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია
Date:  607

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსი ახალწვეულებისათვის უკრაინაში მოქმედ ქვედანაყოფებში სამსახური სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია“ (ავტორი - რობერტ კლარკი) განხილულია იმ რუსი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც უკრაინის ომის ფრონტების წინა ხაზებზე გამართულ ბრძოლებში მონაწილეობენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რაც უფრო მეტად ვრცელდება ჩრდილოური სიცივე უკრაინის ტრამალებზე, ბრძოლების ინტენსიურობა სტეპებში დაბანაკებულ მოწინააღმდეგეთა შორის მით უფრო კლებულობს. უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც ჩანს, ზამთარი მძიმე იქნება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ამასწინანდელი შეფასების თანახმად, ფრონტზე მყოფი რუსი ახალწვეული ჯარისკაცების პერსპექტივა უიმედოა, ისინი თავიანთი პრეზიდენტის სულელურ გადაწყვეტილებას ეწირებიან. მათ წინ ბნელი მომავალი ელოდებათ.

რუსული დამოუკიდებელი მასმედია წერს, რომ რუსეთის არმიის იმ ნაწილებში, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, ძალიან მაღალია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების დონე. ბრიტანელი ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ რუსი ჯარისკაცები როტაციის წესით ფრონტის ხაზს არასოდეს ტოვებენ. როგორც კი ისინი ფრონტზე მიდიან, შეუსვენებლივ იბრძვიან მანამ, სანამ არ დაიღუპებიან და არ დაიჭრებიან. სწორედ ეს ითვლება იმის საკვანძო მიზეზად, თუ რატომ არის რუსულ ქვედანაყოფებში დისციპლინის დაბალი დონე და მორალური სულისკვეთება. აშკარაა, რომ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფრონტის ხაზზე მიწოდება იოლია და შესაძლოა, უზომოდ გამოიყენება.

კაცობრიობის ომების ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბედურებას დაბალი მორალური სული წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, დისციპლინისდაცემას იწვევს და პირიქით. ეს გარემოება, საუკუნეების განმავლობაში, მრავალი ქვეყნის არმიებზე დამღუპველ ზეგავლენას ახდენდა.

თავის დროზე ჯარისკაცთა დაბალი მორალური და საომარი სულისკვეთება, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის  სარდლობას, შეერთებული შტატების არმიამაც გამოსცადა ვიეტნამში. ამერიკელი ჯარისკაცები, ძირითადად მოხალისეები და ვადიან სამსახურში მყოფნი, საკმაოდ ხშირად დეპრესიაში ვარდებოდნენ, აკრძალულ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ და დისიპლინას არღვევდნენ.

ანალოგიური სახით, მობილიზაციით ჯარში გაწვეული დღევანდელი რუსი ჯარისკაცები, თითქმის 1960-იანი წლების ამერიკელი სამხედროების მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან - იმ განსხვავებით, რომ ისინი დასავლეთში გაწრთვნილ უკრაინელ მეომრებს უპირისპირდებიან, რომლებიც საკუთარ სახლებს და ოჯახებს იცავენ, რუსები კი, ბრძოლის ველზე საკუთარი მეთაურების მცდარი ხელმძღვანელობისა და გამეფებული უდისციპლინობის წყალობით, ცუდ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები.

რუსების მორალური სულის დაბალი დონე იმითაც ღრმავდება, რომ დისციპლინის დამრღვევები ანუ ისინი, ვინც ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მოიხმარენ, გადაჰყავთ საშტურმო (მოიერიშე) სპეცქვედანაყოფში, სახელწოდებით „შტურმ-Z“, რომელიც, თავისი არსით, სადამსჯელო  ქვედანაყოფს წარმოადგენს. „შტურმ-Z“ იმ დროს ჩამოყალიბდა, როცა „ვაგნერის“ აწ უკვე დაღუპული ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის საპყრობილეებში მყოფი პატიმრების ომში გაგზავნის კამპანიას ახორციელებდა. სწორედ იმ დროს მოხვდნენ ფრონტზე მკვლელები, მოძალადეები, ქურდები და სხვა დამნაშავეები, შეწყალების სანაცვლოდ.

„შტურმ-Z“-ის პირადი შემადგენლობა რუსული არმიის შეტევის დროს ე.წ. „ხარჯვით მასალად“ და „შესაწირ მსხვერპლად“ ითვლება. მათ სპეციალურად გზავნიან პირდაპირ წინა ხაზზე - მოწინააღმდეგის ცეცხლის „შთანთქმის“ (საკუთარ თავზე მიღების) მიზნით, ისინი პირველები მიდიან დანაღმული ველების განნაღმვისათვის. იმავდროულად „შტურმ-Z“-ის მებრძოლები ყველაზე ცუდად არიან აღჭურვილები, მათ ბრძოლის დროს მეთაურები სასტიკად ექცევიან და სამედიცინო მომსახურებასაც სულ ყველაზე ბოლოს იღებენ. არსებობს ასეთი გამოთქმა: „თუ უკრაინის ფრონტზე გაგზავნა რუსი ჯარისკაცისთვის ჩვეულებრივი სიკვდილის ტოლფასია, „შტურმ-Z“-ში მოხვედრა ნიშნავს, რომ დახვრეტას უნდა შეურიგდე, თანაც თვალებახვეული“. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ასეთ „ხორცსაკეპში“ მოხვედრა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების გამო რუსების საბრძოლო სულს კიდევ უფრო აქვეითებს.

ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის გენერლებს 2024 წლისათვის წარმატების მცირე არჩევანს უტოვებს. მათი ჯარები არამარტო მასობრივად იღუპებიან, არამედ დეპრესიაში არიან ჩავარდნილები (განსაკუთრებით ახალწვეულები) და შეტევაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. რუსეთის უდიდესი ადამიანური რესურსებიც კი ვერ უზრუნველყოფს უკრაინის ფრონტის მოთხოვნებს ცოცხალი ძალის შესასვსებად. ბახმუტისა და ავდეევკის ბრძოლებში ათეულ ათასობით რუსი დაიღუპა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრძანებას გასცემს იძულებითი მობილიზაციის მორიგი რაუნდის ჩასატარებლად, როგორც ეს მან 2022 წლის სექტემბერში გააკეთა, რუსეთის ლიდერი თავს დამშვიდებულად ვერ იგრძნობს, რომ ფრონტი ჯარისკაცების  საკმაო რაოდენობით არის უზრუნველყოფილი. რუსეთშიც, [უკრაინის მსგავსად], ძალზე დიდია ჯარში სამსახურის თავიდან არიდების ფაქტები, კანონები რეგულარულად ირღვევა.

იმ მიზეზით, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გენერლები თავიანთ განწირულ კურსს აგრძელებენ, ხდება რუსეთის სწრაფი გადაქცევა „შეუმდგარ სახელმწიფოდ“. ამას ადასტურებს რუსეთის არმიის კრიმინალურ არმიად გადაქცევაც, სადაც სულ უფრო მეტი ნარკომანი და ალკოჰოლის მოყვარული „მსახურობს“.

ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომსაც ისევე გადაიტანს და გაუძლებს, როგორც სხვა დამანგრეველ ომს უძლებდა ხოლმე, მაგრამ გაურკვეველია, ეს ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს მოხდება თუ არა. დღეს რაც ნამდვილად აღარ ჩანს, ეს არის ოდესღაც შიშისმომგვრელი რუსული სამხედრო მანქანის გაქრობა. მის ნაცვლად დღეს ჩვენ ვხედავთ ყოფილ პატიმრებს და ნარკოტიკებით მთვრალ კრიმინალებს, რომლებსაც წარმატების არანაირი მიღწევის უნარი არ აქვთ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/11/15/russia-army-ukraine-morale-drugs-death-storm-z/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way