USD 2.6081
EUR 3.0084
RUB 3.0886
Тбилиси
«The Daily Telegraph» : „რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? პრეზიდენტის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს, იგი სიამოვნებით პასუხობს უცნობ ზარებს “
дата:  1813

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? 47-ე პრეზიდენტის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს, იგი სიამოვნებით პასუხობს უცნობ ზარებს. მისი მრჩევლები საგონებელში არიან ჩავარდნილნი“ (ავტორი - ედ კამინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჰეის რეზერფორდმა 1877 წელს თეთრ სახლში ტელეფონი დადგა, აშშ-ის მეთაურის სატელეფონო ზარების მიმართ სერიოზული მიდგომა ჩამოყალიბდა; როგორც კი ტელეფონი დარეკავდა, რომელიმე პასუხისმგებელი პიროვნება, ყველაზე ხშირად კი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ყურმილს იღებდა და სანამ პრეზიდენტთან გადართავდა, აბონენტს ეუბნებოდა - „დაელოდეთ პრეზიდენტს“. საუბრის შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომლები ამზადებდნენ ინფორმაციას, თუ რაზე და ვისთან ისაუბრა პრეზიდენტმა. ასეთი ტრადიცია უცვლელი დარჩა ბარაკ ობამას - სმარტფონების ეპოქის პირველი პრეზიდენტის -  დროსაც: იგი დაარწმუნეს იმაში, რომ მისი ყოველი სატელეფონო ზარი თეთრი სახლის წესებს უნდა დაქვემდებარებოდა.

დონალდ ტრამპმა, რომლისთვისაც ტელეფონი განუყრელი თანამგზავრია, შეიძლება ითქვას, ამ ტრადიციას ბოლო მოუღო. იგი აიფონით სარგებლობს ყველგან, სადაც მოესურვება და რა დროსაც დაურეკავენ, იგი ყურადღებას არ აქცევს არანაირ წესებს და არც უსაფრთხოება არ ადარდებს. მისთვის როგორც პრეზიდენტისათვის, ტელეფონის აპარატი კომუნიკაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს - ნებისმიერ ამერიკელთან. ყველამ - მეგობრებმა, ნაცნობებმა, მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა, ჟურნალისტებმა, გოლფის მოთამაშეებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც დონალდ ტრამპმა პირველად დაინახა ტელევიზორში, შეუძლიათ პრეზიდენტის პირადი მობილური ტელეფონიდან მოულოდნელი ზარი მიიღონ და ესაუბრონ.

დონალდ ტრამპის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს. გარდა ამისა, იგი ხშირად პასუხობს სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც მას ურეკავენ. ამის შედეგად მისი ტელეფონის აპარატები - ფიჭური კავშირის სამი აპარატი - ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გახდნენ მსოფლიო პოლიტიკაში. ტრამპის ტელეფონები რისხვაა მისი მტრებისათვის, პრობლემაა უსაფრთხოების თანამშრომელებისათვის და ერთგვარი გართობის ობიექტია მისი მომხრეებისათვის.

„დონალდ ტრამპი გატაცებულია ტელეფონის აპარატებით სარგებლობით“, - ამბობს მაიკლ ვოლფი, ჟურნალისტი, რომელმაც ოთხი წიგნი დაწერა პრეზიდენტზე, - ტელეფონი მისთვის კიდევ ერთ პლატფორმას წარმოადგენს. მას ტელეფონით საუბრის საკმაოდ უცნაური გამოცდილება აქვს. თქვენ გგონიათ, რომ იგი საუბარს სწრაფად დაასრულებს? არამც და არამც. დონალდ ტრამპი „ყურმილს“ პირველი არასოდეს არ „დადებს“ (მობილურ ტელეფონს პირველი არ გათიშავს) და საუბრის გაგრძელება დაუსრულებლად შეუძლია. ეს თქვენ უნდა გათიშოთ ტელეფონი“.

გასულ თვეში თეთრ სახლში მიმდინარე პრეს-კონფერენცია რამდენჯერმე შეჩერდა პრეზიდენტის ტელეფონის ზარებით. ხან კონგრესმენები რეკავდნენ, ხან სრულიად უცნობი პირები. დონალდ ტრამპის თავისუფალი და „შინაურული“ ურთიერთობა სატელეფონო აბონენტებთან მის უსაფრთხოების მრჩევლებში შეშფოთებას იწვევს - ვაითუ მას ვინმემ მოუსმინოს, „კოდი გატეხოს“ და ამით პრობლემები შექმნას. ამას წინათ ჟურნალმა The Atlantic-მა მკითხველებს აუწყა, რომ თურმე ჩინელებს დონალდ ტრამპის ტელეფონისთვის მოუსმენიათ ჯერ კიდევ არჩევნების პროცესში. იმ დროს, როცა მისი თანამშრომლები დაშიფრულ კავშირზე გადავიდნენ, მას ეს საკითხი აბსოლუტურად არ ადარდებდა.

ექსპერტები შიშობენ, რომ აპარატის კოდის „გატეხვის“ გარდა, დონალდ ტრამპის უდარდელი დამოკიდებულება სატელეფონო საუბრებისადმი კიდევ ერთ პრობლემას ქმნის - იგი შეიძლება ვინმემ მოატყუოს და თავი რომელიმე სახელმწიფოს ლიდერად წარუდგინოს

რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ოფიციალურად აქვს დაცული კავშირის სტაციონარული აპარატები და ხაზები, მაგრამ იგი კავშირისთვის უპირატესობას პირად ტელეფონს ანიჭებს. „მაგრამ როცა საქმე პრეზიდენტის პირად ტელეფონს ეხება, მეტი საფრთხე არსებობს. ყველა აპარატს აქვს მიკროფონი და ვიდეოკამერა, რომლის ჩართვა შორიდანაც შეიძლება. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ სიტუაცია: პრეზიდენტი თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტშია და ამ დროს მას ვიღაც ძალიან შორიდან თვალს ადევნებს“, - ამბობს პროფესორი ალან ვუდვორდი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სურეის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

დონალდ ტრამპი სიამოვნებით პასუხობს ზარებს  და თვითონაც ხშირად ურეკავს იმ ადამიანებს, ვისთანაც მას საუბარი სურს, შეიძლება სრულიად უცნობებსაც. მისი წინამორბედი პრეზიდენტები კი მხოლოდ რამდენიმე აბონენტს ესაუბრებოდნენ ხოლმე. როგორც გოლფის ბრიტანელი მოთამაშე  ნიკ ფალდო ამბობს ინტერვიუში, მას ტრამპი ყოველი ტურნირის შემდეგ ესაუბრება ხოლმე. „რასაკვირველია, მეც შემიძლია დავურეკო და ველაპარაკო. სადაც არ უნდა ვიყო, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, [მეგობრების წრეში], შემიძლია დავიტრაბახო და ვთქვა - „აი, ახლავე დაგიმტკიცებთ“ და დავრეკო. იგი ყოველთვის მპასუხობს“.

ბრიტანელი ჟურნალისტი პირს მორგანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზარების კიდევ ერთი მიმღებს წარმოადგენს: „მე დონალდ ტრამპს 18 წელია ტელეფონით ვესაუბრები. სხვა მსოფლიო ლიდერებისაგან განსხვავებით, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მან თავისი ტელეფონის ნომრით სარგებლობა გააგრძელა და არ შეუცვლია.. ტელეფონით საუბარი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მას თუ ვინმე მოეწონება - დაინახავს ან მასზე წაიკითხავს - გაიგებს ნომერს, აიღებს ტელეფონს და უბრალოდ დაურეკავს, რაღაცეებზე ლაპარაკს დაუწყებს. მე ბევრს მსოფლიო ლიდერს ვიცნობ, მაგრამ ტრამპთან საუბარი ყველაზე იოლია. ამას წინათ, როცა მას კირ სტარმერი შეხვდა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ტაქსიდან დავურეკე და ველაპარაკე. შევატყვე, თუ როგორ იცვლებოდა ტაქსისტის სახე, რომელიც საუბარს ისმენდა... 15 წუთის შემდეგ საუბრის დასრულება მომიწია და ვუთხარი - „ნახვამდის, მისტერ პრეზიდენტო, ალბათ ამერიკაში მალე ჩამოვალ და გნახავთ“. ტაქსისტმა, რომელმაც მიცნო, მკითხა: „მისტერ პირს, მე ბოდიშს ვიხდი თქვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრისათვის, მაგრამ მაინტერესებს - ვისაც ელაპარაკეთ, მართლა დონალდ ტრამპი იყო?“. ვუთხარი, რომ „კი, ამერიკის პრეზიდენტს ვესაუბრე-მეთქი“. „35 წელია ვტაქსისტობ და პირველად ვნახე მგზავრი, რომელიც ჩემს ზურგსუკან ზის და ამერიკის პრეზიდენტს ელაპარაკება“, - ემოციურად მითხრა მძღოლმა“.

პირს მორგანისათვის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების სტილი არის იმ დემოკრატიული, თავისუფალი მოქმედების გამოხატულება, რომელიც ძალიან მოსწონთ პრეზიდენტის მომხრეებს და ძალიან სძულთ მის ოპონენტებს. „ეს არის ის, რაც დონალდ ტრამპს იმ სხვა მოსაწყენი, შაბლონური პოლიტიკოსებისაგან განასხვავებს, რომელთა პირველი კითხვა მაღალი პოსტის დაკავებისას ქცევის წესს ეხება - „მირჩიეთ, როგორ უნდა მოვიქცე, მომეცით წესები, რომლის მიხედვით უნდა ვიმოქმედო“. ტრამპი ასე არ აკეთებს. იგი არანაირ წესებს არ ემორჩილება. მისი ახლობლები ამბობენ, რომ მას ტელეფონით ლაპარაკი საათობით შეეძლო, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან. იგი პირველი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში (კანდიდატობის პერიოდიდან), რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და პოსტებს აქვეყნებს, ახალი ამბების სახით.

„შუაღამისას რომ გაიღვიძოს და რარაც ნახოს ახალ ამბებში თავის საწინააღმდეგოდ, იგი აუცილებლად იმავ წუთს დაწერს რაღაც საპასუხოს ონლაინ რეჟიმში - პირდაპირ იმ ოთახიდან, სადაც თავის დროზე აბრაამ ლინკოლნს ეძინა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი ტელეფონის ძალა. რამდენი მსოფლიო ლიდერი აკეთებს ასე?“, - ამბობს პირს მორგანი.

წლების განმავლობაში პრეზიდენტების კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა სულ უფრო ვიტარდებოდა და იხვეწებოდა. ჰერბერტ გუვერმა (იგი პრეზიდენტი იყო 1929-1933 წლებში, ფრანკლინ რუზველტის წინ) მიბაძა ჰეის რეზერფორდს და ტელეფონის აპარატი უშუალოდ თვითონ დაიდგა, ოვალურ კაბინეტში, პირდაპირი კავშირით. ბარაკ ობამას, რომელმაც პირველმა დაიწყო პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, უნდოდა თავისი  „ბლაქბერი“ შეენარჩუნებინა, მაგრამ იძულებული გახდა სერიოზულად შეემცირებინა თავისი პირადი კონტაქტები.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ერთადერთი მსოფლიო ლიდერი არ არის, რომელსაც სატელეფონო საუბრების გამო აკრიტიკებენ. „უსაფრთხოების გათვალისწინებით, [საკუთარი შეხედულებით], მას შეუძლია საუბრის ჩაწერა, ვთქვათ, ვლადიმერ პუტინთან“, - ამბობს ალან ვუდვორდი, - თუმცა გარეშე არაოფიციალური საუბრები მაინც გრძელდება... პოლიტიკოსები თვლიან, რომ მათი მობილური ტელეფონი მათი პირადი სივრცეა, მაგრამ ეს ასე არ არის. ტელეფონი ისეთი მოწყობილობაა, რომლითაც სხვებს ისე შეუძლიათ ზურგსუკან სარგებლობა, რომ მფლობელი შეიძლება აზრზეც არ იყოს“.

2021 წელს, როცა ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მიონისტრი იყო, მისი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი ინტერნეტში 15 წლის განმავლობაში თავისუფალ წვდომაში იყო. დღევანდელი პრემიერი კირ სტარმერი ასეთ სიტუაციას დაუშვებლად თვლის „ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით“. იგი დაცულ ტელეფონზე 2008 წელს გადავიდა, როცა გენერალური პროკურორი გახდა.

არცთუ დიდი ხნის წინათ დონალდ ტრამპის მთავრობის წევრები სკანდალში გაეხვივნენ, როცა მობილური ტელეფონის მეშვეობით სოციალურ ქსელში იემენზე შეტევის გეგმას იხილავდნენ და ამ ყველაფერს ჟურნალისტიც შეესწრო.

ტრამპის წარმოამდგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ტელეფონი სპეციალურად არის მოდიფიცირებული და მაღალი უსაფრთხოება აქვს, მაგრამ დეტალები არ დაუზუსტებით. გაზეთ „პოლიტიკო“-სთან ინტერვიუში კრის ლაჩივატას თქმით (იგი ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი იყო არჩევნების დროს), მან უარი თქვა თავისი ბოსის მიმართ მცდელობებზე, რომ ტელეფონით ლაპარაკი გადაეთქმევინებინა. „მე მას ტელეფონს ხომ ვერ დავუმალავდი?  ტელეფონის ნომერს ხომ არ შევუცვლიდი? ხომ ვერ ვეტყოდი, რომ არასად არ დარეკო-მეთქი?“.

მაიკლ ვოლფის თქმით, დონალდ ტრამპი დაუსრულებელი სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო საიდუმლოებებს არავის არ უზიარებს.  „მე ამაში დარწმუნებული ვარ. იგი ასეთ საკითხებზე არავისთან არ საუბრობს - მიდის მხოლოდ „ლაი-ლაი“.

რა თქმა უნდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, შენს „ლაი-ლაი“-საც თავისი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ზოგიერთი არ დაელოდოს პრეზიდენტს, სანამ იგი სხვასთან ლაპარაკს დაასრულებს, თუმცა მსოფლიოს ლიდერების უდიდესი ნაწილი ძველებურად უსმენს მის ყოველ სიტყვას.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати