USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
The Daily Telegraph» : რატომ არ მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება უკრაინელ ალექსი ბერესტს, რუს მიხეილ ეგოროვთან და ქართველ მელიტონ ქანთარიასთან ერთად
თარიღი:  681

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინმა რაიხსტაგის შენობის ასლი ააგო გამარჯვების დღის დღის აღსანიშნავად“ (ავტორი - ჯეიმს ჯექსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთმა რაიხსტაგის შენობის ასლი ააგო ნატურალურ ზომებში გამარჯვების დღის  აღნიშვნისათვის - განმეორდება 1945 წლის 30 აპრილის მოვლენები, როცა ბერლინის ცენტრში მდებარე შენობა, მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელი არმიის ქვედანაყოფებმა აიღეს და მასზე წითელი დროშა აღმართეს.

კრემლთან დაკავშირებულმა კინემატოგრაფისტებმა რაიხსტაგის (გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის) შენობა მოსკოვის კულტურისა და დასვენების პარკში ააშენეს იმ მოვლენების ასახვის მიზნით, რომელიც ბერლინის ცენტრში ხდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უშუალოდ დროშის აღმართვის პროცესს მესამე რაიხის პარლამენტის შენობაზე.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს იმით ამართლებს, რომ რუსეთისათვის აუცილებელი იყო მეზობელი ქვეყნის დენაციფიკაცია და ფაშიზმის ამოძირკვა რუსეთის ზღურბლთან.

მაგრამ სიტუაციის ირუნიულობა იმით გამოიხატება, რომ იმ წითელარმიელებს შორის, რომლებმაც რაიხსტაგზე წითელი დროშა აღმართეს, ერთ-ერთი ეროვნებით უკრაინელი იყო - ალექსი ბერესტი. სწორედ ლეიტენანტი ალექსი ბერესტი იყო ჯგუფის მეთაური, რომელშიც, მის გარდა, შედიოდნენ ეროვნებით რუსი სერჟანტი მიხეილ ეგოროვი და ქართველი უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია. ალექსი ბერესტი რაიხსტაგის დამცავ გერმანელ „ეს-ეს“-ელ (CC) ოფიცრებს მოელაპარაკა, აიძულა ისინი კაპიტულაციაზე დათანხმებულიყვნენ. რაიხსტაგის სახურავზე წითელარმიელებმა დროშა ჯერ ფრონტონზე მიამაგრეს, შემდეგ კი გუმბათზე გადაიტანეს.

მოგვიანებით, ომის დამთავრების შემდეგ, ალექსი ბერესტი დაუმსახურებლად იქნა შეურაცხყოფილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ, როცა 1946 წელს სერჟანტებს მიხეილ ეგოროვსა და მელიტონ ქანთარიას საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები მიანიჭეს, მათი მეთაური კი, ლეიტენანტი ალექსი ბერესტი მხოლოდ წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა, ალბათ, ეროვნული წარმომავლობის - უკრაინელობის გამო.

რაიხსტაგის ბრძოლების რეკონსტრუქცია, რომელიც კრემლს აქვს ჩაფიქრებული, მიანიშნებს იმას, რომ გამარჯვების დღე საომარ პირობებში ტარდება, მილიტარისტული მოწოდებების ფონზე, თუმცა საზეიმო განწყობით.

სპექტაკლი ღია  ცის ქვეშ სახელწოდებით „გამარჯვება: წითელი დროშა რაიხსტაგზე“ თეატრისა და კინოს რეჟისორის იგორ უგოლნიკოვის ხელმძღვანელობით დღეში ორჯერ ჩატარდება და წარმოადგენს იმ საზეიმო ღონისძიებების ერთ-ერთ ელემენტს, რომლის მთავარი ნაწილია სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე - კრემლის მიერ რუსეთის სამხედრო ძლიერების ჩვენება.

საზეიმო ღონისძიებებს, სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, დაესწრებიან სი ძინპინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე და რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

რუსული მასმედია სპექტაკლს რეკლამას უწევს როგორც ძალზე საინტერესო და საოცარ ფაქტს, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული 1945 წლის აპრილ-მაისს მომხდარ ნამდვილ მოვლენებთან. დეკორაცია მოგვიანებით გამოყენებული იქნება მხატვრული ფილმის გადასაღებად.

რაიხსტაგის შენობის ასლი ისევეა დანგრეული და დაცხრილული ნატურალური ზომის ნახვრეტებით, როგორც 80 წლის წინათ იყო. შენობის წინ ყრია აფეთქებული სამხედრო ტექნიკა, რომელთა რეკონსტრუქცია ომის დროს გადაღებული ფოტოების მიხედვით განხორციელდა.

რეჟისორის თქმით, მან შექმნა რეალისტურად ასახული სრული და ღრმა სურათი, საბჭოთა და გერმანული ავიაციის, აგრეთვე ტანკებისა და ჯავშანმანქანების მონაწილეობით.

თუმცა, როგორც ევროპული კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ეროვნებით რუსი სერგეი სუმლენი ამბობს, რაიხსტაგის ბრძოლების რეკონსტრუქცია ყალბია, რითაც პუტინის რეჟიმი რუსეთის მოსახლეობის აზროვნებას ამახინჯებს. მისი თქმით, რუსული „გამარჯვების დღე“ სინამდვილეში „ძალადობის კულტს“ წარმოადგენს.

გერმანელი პოლიტიკოსები რაიხსტაგის აღების სპექტაკლის მიმართ დუმილს ინარჩუნებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ვიღაც-ვიღაცეებმა გერმანიაში, როგორც ჩანს, დაივიწყეს, რომ ჰიტლერმა და მისმა თანამოაზრეებმა - ფაშისტებმა, მესამე რაიხის მშენებლებმა - თავიანთ გზა ხელისუფლებისაკენ და მსოფლიო სისხლისღვრისაკენ სწორედ რაიხსტაგის გადაწვით დაიწყეს, 1933 წლის 27 თებერვალს“.

რუსეთი რაიხსტაგის აღებას პატრიოტიზმის ფუძემდებლურ მოვლენად მიიჩნევს. შენობის ასლის შექმნის მცდელობები ადრეც იყო. მაგალითად, 2017 წელს სერგეი შოიგუ, თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი, მიესალმა მინიატურული რაიხსტაგის შექმნას კადეტთა სასწავლებელში, რომელიც მან „სამხედრო დისნეილენდად“ მონათლა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ისტორიული მოვლენებისადმი გარკვეული მიდრეკილება და ინტერესი აქვს. ჯერ კიდევ უკრანაში შეჭრამდე მან გრძელი ისტორიული ტრაქტატი გამოაქვეყნა სახელწოდებით „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ერთ ერს წარმოადგენენ.

კრემლთან დაკავშირებული გაზეთების მტკიცებით, ევროპა იმიტომ უჭერს მხარს უკრაინას, რომ როგორმე მეორე მსოფლიო ომში [და უფრო ადრინდელ ომებშიც] რუსეთისაგან განცდილი მარცხის კომპენსაცია მოახდინოს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის