USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«The Daily Telegraph» : „მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში“
Date:  669

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში“ (ავტორი - ალისტერ   ჰითი, „დეილი ტელეგრაფის“ საკვირაო გამოშვების - „სანდეი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვერ ვიტყვით იმას, რომ პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. რომელ პროგრესზე შეიძლება ლაპარაკი, როცა გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების 80 წლისთავის დღეებში მსოფლიო მორიგ აპოკალიპტურ ხანძრისაკენ მიექანება, ხოლო ინდოეთ-პაკისტანს შორის შექმნილ ისედაც მწვავე ურთიერთდამოკიდებულებაში მორიგი სახიფათო ესკალაცია მოხდა. ამერიკულ თარგზე გამოჭრილი საერთაშორისო წესრიგი დარღვეულია და მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება. მასთან ერთად გაქრა დასავლური თანამედროვეობის ილუზიები.

დღეს ბევრი ავლებს პარალელებს 1930-იან წლებთან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მართლაცდა, ახლა იმდენი კონფლიქტები მიმდინარეობს, რომლებიც იოლად შეიძლება გადაიზარდონ საშინელ გლობალურ ომში.

ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება და დასრულდება ინდოეთ-პაკისტანის საომარი დაპირისპირება ქაშმირში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ან რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში და შეიჭრება თუ არა ჩინეთის არმია ტაივანზე. მაგრამ რაც თითქმის უეჭველია, არის ის, რომ დიდი ომი ახლოვდება, რომელსაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი ვუწოდოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი და არანაირი ალიანსი მის შესაჩერებლად.

სიტუაცია გამოუვალი და უმედოა. გრძელვადიანი მშვიდობა, როგორც ჩანს, ისტორიული შემთხვევითობა აღმოჩნდა, რომელსაც განაპირობებდა აშშ-ის ეფემერული უპირატესობა ცივ ომში და არა კაცობრიობის გონივრული სწრაფვა მშვიდობის განმტკიცებისათვის, როგორც ამას დასავლური პოლიტიკური ელიტები გვიმტკიცებენ.

ის ვაკუუმი, რომელიც აშშ-ის უკანდახევის შედეგად გაჩნდა, მრავალპოლუსიანმა ქაოსმა შეავსო. მსოფლიოს გლობალური პოლიციელი აღარ ჰყავს. ის საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, აბსოლუტურად უსარგებლოდ აღმოჩნდა. ისინი მხოლოდ აშშ-ის ძლიერების დროს იყვნენ სიცოცხლისუნარიანნი და როგორც კი ვაშინგტონმა უკან დაიხია, მათ ეფექტურობასაც ბოლო მოეღო. საერთაშორისო ორგანიზაციები გადაიქცნენ კორუმპირებულ გაერთიანებებად ან ისინი ძლიერი სახელმწიფოების მძვლები გახდნენ. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები არ სრულდება. მარქსისტული ლიდერების გავლენა მატულობს. ევროკავშირი თავის ეკონომიკას თვითონვე ანგრევს.  გლობალურ სამხრეთი დასცინის დამპალ დასავლეთს და ტრამპის სულლურ მოქმედებას. ჩინეთის ლიდერი კი მოსკოვში თავის ვასალს - რუსეთის პრეზიდენტს ხვდება.

ამერიკა უკვე აღარ არის იმდენად მდიდარი და ძლიერი, რომ საერთაშორისო მშვიდობა შეინარჩუნოს. და რომც მოისურვოს, ის ამას ვეღარ შეძლებს. მისი მცდელობები, რომ ეს 11 სექტემბრის შემდეგ გაეკეთებინა, კრახით დასრულდა - მაგალითად, მისი ჩარევები ლიბიაში და ავღანეთში. აშშ-ის რწმენა საკუთარი თავის მიმართ დარღვეულია. წლების განმავლობაში მომხმარებლურმა პოლიტიკამ და იმპორტმა ამერიკა სხვებზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქცია, რომელმაც ვაშინგტონს არასასურველი გეოპოლიტიკური შედეგები მოუტანა. გადაჭარბებული ვალები და არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები აშშ-ის „აქილევსის ქუსლად“ იქცა. დონალდ ტრამპის ამომრჩევლებს აღარ სურთ საზარბაზნე ხორცად ყოფნა უსასრულო საზღვარგარეთულ ომებში. ტრამპი სულ უფრო იხრება მონროს დოქტრინისაკენ, რომელიც აშშ-ის გავლენას მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე გულისხმობს (პანამის, კანადისა და გრენლანდიის ჩათვლით). ტრამპმა ევროპა პუტინს დაუტოვა, აზია კი სი ძინპინს. მართალია, ფორმალურად თეთრ სახლს თითქოს არ სურს ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობა, მაგრამ სინამდვილეში ტრამპს ტაივანის ბედი სულაც არ აინტერესებს - იგი იჯერებს ისეთ ზღაპრებს, რასაც მას პუტინი უყვება.  საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ აშშ-ზე და ევროპაზე ცუდი გავლენა მოახდინეს - უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისინი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე აღარ ჰყავთ, საკუთარ კეთილდღეობას და სოციალური დონის გაუმჯობესებას მეტი ყურადღება დაუთმეს, თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი შეასუსტეს. ალიანსები შემოიფარგლნენ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლებით, იარაღის ქარხნები დახურეს, ახლა კი ევროპას საკმარისი რაოდენობის რაკეტები და საბრძოლო მასალები აღარ აქვს. ერთმანეთთან შეთავსებული პათოლოგიური მულტიკულტურალიზმის, პაციფიზმის ზრდით და გაღვიძებული ანტიპატრიოტიზმის  შედეგად დასავლეთი უფრო ნაკლებად ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ეს 1930-იანი წლების გადაიარაღების წინ იყო.

ჩვენი მოწინააღმდეგეების მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია: გლობალურ სამხრეთში სწრაფად მატულობს კეთილდღეობის დონე მას შემდეგ, რაც იქაურმა ქვეყნებმა განვითარებისათვის კაპიტალიზმის თანამედროვე, „მოდერნიზებული“ ვარიანტები აირჩიეს. ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წინსვლას, ერთი შეხედვით, ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას ომების და ავტორიტარული მმართველობების თავიდან აცილება უნდა გამოეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჩინეთმა არ მიიღო დემოკრატიისა და პიროვნების ტავისუფლების იდეები. სამაგიეროდ, ქვეყანამ თავისი სიმდიდრე იარაღად გადააქცია, რომ მსოფლიოში მეორე სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო. პეკინმა თავისი მოწინავე ტექნოლოგიები პოლიტიკური დევნისათვის გამოიყენა, რომ „დისიდენტები“ მუდმივად თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. ჩინეთი რაც უფრო მდიდრდება, მით უფრო სახიფათო ხდება. არ გამართლდა თომას ფრიდმანის თეორია, რომ ქვეყნები, რომლებშიც მაკდონალდსის სწრაფი კვების ქსელია, ერთმანეთთან არ იომებენო - ეს იდეა ჯერ კოსოვოს ამბებმა (1999 წელს, ნატოს მიერ იმდროინდელი იუგოსლავიის დაბომბვით), შემდეგ კი, 2022 წელს, კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრით „ამოყირავდა“.

ახლად გამოღვიძებული იდიოტები თავს იკატუნებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ დასავლეთია ექსპანსიონისტი და რასისტი, რაც, ცხადია, შეცდომას წარმოადგენს. დღეს რუსეთს უკრაინის ხელში ჩაგდება სურს, ჩინეთს - ტაივანის დაპყრობა-მიერთება, ირანს კი, რომელიც „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ აფინანსებს, ახლო აღმოსავლეთის გაკონტროლება და ისრაელის განადგურება. იმპერიალიზმის შერწყმა ეთნიკურ სიძულვილთან დღეს ისევევ დამღუპველია, როგორც 1930-იან წლებში იყო.

ძალთა ბალანსის დაცვა კიდევ უფრო რთულდება ასიმეტრიული ომების მასთაბების ზრდით: პატარა დრონებს, კერძოდ, დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ უფრო ძლიერი ქვეყნებისათვის და მსოფლიოს დესტაბილიზებისათვის. ეს მხოლოდ დროპის საკითხია: შეიძლება პატარა დრონმა ისეთი რამ მოახდინოს, რაც 1914 წელს ავსტრიელი ერც-ჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობამ გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომამდე ბევრი შედარებით მცირე კონფლიქტი იყო მომხდარი, მაგალითად, იაპონიის არმიის შეჭრა მანჯურიაში, იტალილების შეჭრა ეთიოპიაში, ავსტრიის ანშლუსი მესამე რაიხის მიერ. მსგავს საგანგაშო სიგნალები ჩვენს დროშიც ვრცელდება - დაწყებული რუსეთის ყირიმში შეჭრით 2014 წელს, ბარაკ ობამას მმართველობის დროს, რაც მსოფლიოს ქაოსად გადაქცევისათვის გადამწყვეტ მომენტად იქცა. მას მოჰყვა ომი ეთიოპიაში - ტიგრაელ სეპარატისტთა დასასჯელად, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ისრაელის შეტევა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზას სექტორში. ამ ყველაფერმა გააძლიერა ომების მსხვერპლთა ზრდის ტენდენცია.

დღევანდელი გადასახედიდან სასწაულად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ უკრაინის ომამდე ევროპელთა, ჩრდილოამერიკელთა და ავსტრალიელთა თითქმის სამი თაობა თავს არიდებდა ცდილობდა თავი აერიდებინათ სარაკეტო სეტევებისათვის, ბირთვული თუ ბიოლოგიური ომების ჯოჯოხეთისათვის და სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევებისათვის. დღეს კი რაზე ვფიქრობთ? მზად ვართ ვუღალატოთ არამარტო ჩვენს ვეტერანებს, არამედ ჩვენს შვილებსაც? ისინი, რომლებმაც თავის დროზე საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირეს ნათელ მომავალს, უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე იმას, რომ ჩვენ მათი მემკვიდრეობა დავანგრიოთ.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way