USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
Tbilisi
«The Daily Telegraph» : „მშვიდობა ახლა უკვე ტრამპისა და პუტინის ხელშია: ბრიტანეთმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინოს“
Date:  962

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 13 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მშვიდობა ახლა უკვე ტრამპისა და პუტინის ხელშია: ბრიტანეთმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინოს“ (ავტორი - როლანდ ოლიფანტი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის პერსპექტივა, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების   ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გახსოვთ აშშ-ის დაპირება - „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“? რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დროიდან ეს იყო ვაშინგტონის მანტრა, რომ მონაწილეობა არ მიეღო ნებისმიერ მოლაპარაკებასა და დიპლომატიურ თამაშებში ორ ზესახელმწიფოს შორის მესამის დანაწილების მიზნით.

მაგრამ მანტრა დღეს უკვე აღარ არსებობს.

ვლადიმერ პუტინთან იმ სატელეფონოს საუბრის შედეგად, რომელსაც დონალდ ტრამპმა „ძალზე პროდუქტიული“ უწოდა, აშშ-ისა და  რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ „ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყონებლივ შეუდგებიან მოლაპარაკებას“.

თუ ეს მართლაც ასე იქნება, მაშინ მომხდარი ფაქტი ვლადიმერ პუტინის მსოფლმხედველობის გამარჯვებას ნიშნავს.

რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის თვლიდა, რომ მხოლოდ ის ქვეყნები არიან ნამდვილად სუვერენულები, რომლებიც სხვების ბედს განსაზღვრავენ და წყვეტენ. იგი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი გახდება ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა (აშშ-სთან და ჩინეთთან ერთად), რომელსაც მსოფლიოს გადანაწილების უფლება და უნარი ექნება. აი, სწორედ ამიტომ სურდა მას ყოველთვის, რომ უკრაინის ბედზე ელაპარაკა მხოლოდ ვაშინგტონთან და არა კიევთან. ყველა დანარჩენთან ამ თემის განხილვა კრემლს საკუთარი თავის დამცირებად მიაჩნდა.

მაგრამ პუტინის თავმოყვარეობის გამარჯვება ომში [რუსეთის] გამარჯვებას არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ასე არ უნდა იყოს.

პიტ ჰეგსეთმა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრმა, ძალიან მკვეთრად და მკაცრად გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დანახული მსოფლიოს კონტურები ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ „რამშტეინის“ საკონტქტო ჯგუფისა და ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინას არ დაუბრუნდება, - თქვა მან, რაც გულისხმობს საომარი მოქმედებების გაყინვას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ. უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი - შესაბამისად, კიევს არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები ალიანსის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით. უკრაინაში აბსოლუტურად არ იქნება არანაირი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი გაგზავნილი - საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის ჩარჩოებში.

ეს კრემლსა და თეთრ სახლს შორის დადებული ძალიან შავ-ბნელი გარიგებაა, რომელიც რუსეთს მიტაცებული მიწებს უნარჩუნებს და უკრაინას მოწყვლადს გახდის რუსეთის მეორე თავდასხმისათვის უახლოეს წლებში.

ამასთან, პიტ ჰეგსეთმა უკრაინას ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაც მისცა და განაცხადა, რომ არ განმეორდება ე.წ. „მინსკის შეთანხმებები“, ანუ წინა ორი შეთანხმება, რომლის პირობებს მოსკოვი თავისი ძალების გადაჯგუფებისათვის იყენებდა უკრაინაზე თავდასხმის მზადებისათვის. თუ ეს დაპირება შესრულდება და უკრაინა შეინარჩუნებს კიევს, ხარკოვს, ოდესას, ხერსონს და დნეპრს, თუ უკრაინა დარჩება თავისუფალი და მას აყვავების შესაძლებლობა მიეცემა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელმა ხალხმა გაიმარჯვა.

დიახ, საშინელი ფასით და არასრული მშვიდობის პირობებში, მაგრამ მაინც გამარჯვება და იმის იმედი, რომ უკრაინას მომავალი ექნება. ბრიტანეთს და სხვა მოკავშირეებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინას რუსეთის თავდასხმის დღიდან, ასევე შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ თავიანთ წვლილზე ამ გამარჯვებაში.

მაგრამ არის ერთი გასაჭირი: მისტერ პიტ ჰეგსეთმა ძალზე ზუსტად და ნათლად გადმოსცა მისტერ დონალდ ტრამპის პოზიცია - ისე, რომ ამას ბავშვიც კარგად გაიგებდა: ამერიკა არ არის დაინტერესებული არც უკრაინის და არც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

ამრიგად, მშვიდობის შენარჩუნების ფორმა დამოკიდებული იქნება თვითონ ევროპის მიდგომებზე, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. მოკლედ, „თქვენს თავს თქვენვე მიხედეთ“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და მისმა კოლეგებმა ლა-მანშის იქითა ნაპირზე უნდა გადაწყვიტონ, სურთ მათ ევროპის კონტინენტის ბედის განსაზღვრა თუ ეს საქმე, რომელიც მათ უნდა გააკეთონ, მოსკოვსა და ვაშინგტონს დაუტოვონ გადასაწყვეტად.

რასაკვირველია, თუ ევროპაზე თვითონ ევროპელები იზრუნებენ, ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციების ჩადებას შეიარაღებულ ძალების განვითარებისათვის, სამხედრო მრეწველობის გაფართოებას - რუსეთის სამომავლო თავდასხმის შესაკავებლად, არამარტო უკრაინაზე, არამედ ნატოს ევროპულ ნაწილზეც. 

ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ხისტი კომპრომისებისა და პოლიტიკურად რთული გადაწყვეტილებების მიღება ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეიძლება მოგვარდეს.

უკრაინას ამჟამად ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, საომარ ოპერაციებში გამოწრთობილი და ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს.

თუ დიდი ბრიტანეთი და სხვა მოკავშირეები თავიანთ დაპირებას შეასრულებენ, მათ შეუძლიათ კონტინენტის საიმედო თავდაცვა უზრუნველყონ - ბარენცის ზღვიდან და ხარკოვიდან კერის საგრაფომდე. ირლანდიის ნეიტრალიტეტიც დამოკიდებული იქნება იმაზე, იმუშავებს თუ არა შეკავების ევროპული ფაქტორი აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.

ალტერნატივა, სავარაუდოდ, ასეთი სახით შეიძლება გამოიხატოს:

რამდენიმე წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში კვლავ დაბრუნდება და ხარკოვს და კიევს დაიპყრობს, შემდეგ, იქნება რა დარწმუნებული იმაში, რომ ალიანსის წევრები კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპს (მე-5 პუნქტს) დაარღვევენ, შეიჭრება ნატოს ქვეყნებში

სრულიად დასაშვებია, რომ ევროპაში ვლადიმერ პუტინის გავლენა გავრცელდება და ბრიტანეთიც და ევროპაც ისეთ პირობებში იცხოვრებენ, როგორც რუს დიპლომატებს უყვართ ხოლმე თქმა - „ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის პირობებში“. ევროპაში უპირატესობა ვლადიმერ პუტინის ხედვებს ექნება - „ძლიერებმა სუსტებზე უნდა იბატონონ“.

ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს.

მისტერ დონალდ ტრამპის რიტორიკა თანმიმდევრულია: აშშ-ის ინტერესების აქცენტის გადახრა ევროპიდან წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ამერიკელებს გაღიზიანება ევროპელთა პოზიციის გამო - მუდამ აშშ-ის იმედზე ყოფნით - დონალდ ტრამპამდე გაუჩნდათ.

ამჟამად ამერიკელების გაღიზიანება ევროპელთა მიმართ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის დათბობითაც ღრმავდება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და პუტინმა ერთმანეთთან ვიზიტების თაობაზე მოილაპარაკეს. ანუ ის სანიტარული კორდონი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის გარშემო შექმნეს ვლადიმერ პუტინის იზოლირების მიზნით, უშედეგო გამოდგა.

დღემდე საგარეო საკითხებში ერთიანობა ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენდა, მაგრამ ერთი საათიც არ იყო გასული აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ნათქვამიდან უკრაინის შესახებ, რომ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ [ევროპელმა] პიტ ჰეგსეთი [ამერიკელი] ფაქტიურად გააკრიტიკა და მოუწოდა ამერიკას სიფრთხილე გამოიჩინოს პუტინთან მოლაპარაკების დროს: „ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ წინსვლისა [და პრობლემების მოგვარების] უკეთეს გზებზე... მაგრამ მოდით ამ გზის ძიებისას თავს იმაზე უფრო ბრძენად ნუ წარმოვიდგენთ, ვიდრე ვართ“, - განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე.

სხვათა შორის, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა გახარებულია ზოგიერთი იმ განცხადებით, რომლებიც პიტ ჰეგსეთმა გააჟღერა უკრაინის მიმართ. გერმანელი დიპლომატები უკვე დიდი ხანია გამოხატავენ სკეპტიციზმს უკრაინის მიერ ოკუპირებული მიწების დაბრუნების საკითხში, არაფერი რომ ვთქვათ მათ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ქვეყნის ნატოში წევრად მიღების მიმართ.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ასეთი სიტუაცია, შეიძლება ითქვას, ანაზდეულ-მოულოდნელი არ ყოფილა. ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტი შიშობდა, რომ მას აშშ-რუსეთის მოლაპარაკებიდან „გამორთავდნენ“.

ომი ჯერ დასრულებული არ არის. იმედია, ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც უნარიანი და მოტივირებული სახელმწიფო მოღვაწე, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ გარიგება უკრაინისათვის მომგებიანი აღმოჩნდეს.

წინ კიდევ ბევრი საკითხის მოგვარება მოგვიწევს, მით უმეტეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინში ფრონტზე საომარი მოქმედებები უფრო გამძაფრდება. ამასობაში დიდი ბრიტანეთი და ევროპა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვან - უნდათ თუ არა მათ მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდომა თუ მხოლოდ მენიუს სიაში ყოფნას ამჯობინებენ.

დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო.

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way