USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«The Daily Telegraph» : „კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები „ააფეთქა“: მან შეიძლება გაიმარჯვოს, ჩვენ ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდებოდა, მაგრამ ის ახლა ჩრდილშია მოქცეული“
дата:  1037

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია-კომენტარი სათაურით „კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები „ააფეთქა“: მან შეიძლება გაიმარჯვოს // ჩვენ ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდებოდა, მაგრამ ის ახლა ჩრდილშია მოქცეული“ (ავტორი - ჯანეთ დეილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პოლიტიკა აქტიურ ბიზნესს ჰგავს. დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერაქტის მცდელობის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის მეთაურის პოსტს, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელი კანდიდატი დაიკავებდა. ეს ის დროა, როცა ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ უარზე იყო თავისი კანდიდატურა მოეხსნა. ერთადერთი, რისი იმედიც დემოკრატებს ჰქონდათ, იყო ის, რომ როგორმე კონგრესის ორივე პალატაში არსებულ მდგომარეობას შეინარჩუნებდნენ და საკანონმდებლო ორგანოში თავიანთ ადგილებს არ დაკარგავდნენ, ანუ მარცხი მეტ-ნაკლებად დასაშვები ისტორიული პარამეტრების ფარგლებში მოთავსდებოდა.

და რა მოხდა შემდეგ? დონალდ ტრამპის მაღლა აწეულმა მუშტმა დემოკრატების ყველაზე მინიმალურ იმედებსაც კი ბოლო მოუღო. ვისაც კი ვკითხე ჩემი მეგობრებიდან, რომლებიც დემოკრატების მხარდამჭერები იყვნენ, ყველა სასოწარკვეთით მპასუხობდა: „მორჩა. ტრამპი და რესპუბლიკელები იმარჯვებენ“.

მაგრამ ჩვენ „პოლიტიკური სასწაულის“ მოწმენი გავხდით: დემოკრატიულამ პარტიამ თავი ხელში აიყვანა, „მძინარე“ ჯო უპერსპექტივობაში დაარწმუნა და იძულებული გახადა პრეზიდენტობის რბოლიდან გასულიყო. პრეზიდენტის უუნარობით გამოწვეული საყოველთაო იმედგაცრუების ფონზე, დემოკრატებმა მზერა კამალა ჰარისს მიაპყრეს, რადგან სხვა გზა აღარ რჩებოდა - პარტიას ფატალური ზიანი მიადგებოდა. ასე რომ, „საწყალი“ ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მანამდეც თავისივე პარტიაში ღია ირონიისა და დაცინვის ობიექტი იყო, უეცრად ახალ პოტენციურ პრეზიდენტად იქნა შერაცხული.

მოვლენები სწრაფად განვითარდა: მუდმივად მომცინარი „არასერიოზული“ კამალა ჰარისი ისეთი სიტყვით გამოვიდა, რომ ყველა მსმენელზე ფურორი მოახდინა. „მე როცა პროფესიონალ პროკურორად ვმუშაობდი, ყველა ჯურის მტაცებლებთან მქონდა საქმე - ისეთებთან, რომლებიც ქალებს ჩაგრავდნენ... ვიჭერდი აფერისტებს, გაიძვერებს, თაღლითებს, რომლებიც წესებს და კანონებს საკუთარი ინტერესებისათვის არღვევდნენ... ასე რომ, მე კარგად ვიცნობ დონალდ ტრამპის მსგავს ტიპებს“. აი, ამ ერთი ფრაზით კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობა დემოკრატების სასარგებლოდ შეცვალა. ახლა იგი უნებისყოფო ვიცე-პრეზიდენტი კი არ იყო, არამედ მრისხანე პროკურორი, რომელიც კანონის უზენაესობას იცავდა იმ დამნაშავედ აღიარებული კანდიდატისაგან, რომელიც ამერიკულ თემიდას დასცინოდა.

დონალდ ტრამპი და მისი გუნდი პირდაპირ „ჭკუიდან გადავიდა“: ყველა მათი მოლოდინი, იმედი და რწმენა ერთ წამში საფრთხის ქვეშ დადგა. რაღაც მომენტში დონალდ ტრამპიც კი შიშმა შეიპყრო - მან მოითხოვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენთან პაექრობაში დახარჯული თანხები ანაზღაურებილყო (იმ მოტივით, რომ რადგან დემოკრატები კანდიდატს ცვლიან, მას ისევ ხელახლა მოუწევს თანხების დახარჯვა, ახლა უკვე კამალას წინააღმდეგ). ყველაზე კატასტროფული კი ჯეიმს დევიდ ვენსის ვიცე-პრეზიდენტად წამოყენების ფაქტი გამოდგა: მისმა გამონათქვამებმა და რიტორიკამ ფერადკანიანი ქალების მიმართ რესპუბლიკელ კანდიდატს მხარდამჭერები დაუფრთხო - ისინიც კი, რომლებიც ექს-პრეზიდენტის მიმართ ერთგულებას მტკიცედ გამოხატავდნენ.

ამ მხრივ უფრო მეტად საკუთარი თავი თვითონ დონალდ ტრამპმა დაიზიანა: რასობრივ პრობლემაზე (ანუ კამალა ჰარისზე) აქცენტის გადასატანად მან ორი ფერადკანიანი ჟურნალისტი დაიქირავა, რომლებმაც დემოკრატების რჩეულ ქალზე იერიში მიიტანეს და შეურაცხმყოფელი  ფრაზები გამოიყენეს. მათი თქმით, კამალა ჰარისი თავის თავს მუდამ „ინდური წარმომავლობის მქონედ პიროვნებას“ წარმოსახავდა და მხოლოდ მაშინ დაიწყო სიტყვა „ფერადკანიანის“ ხმარება, როცა ჯო ბაიდენმა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანუ იმიჯის გაზრდის მიზნით, რათა არჩევნების დროს ფერადკანიანების თვალში უპირატესობა მიეღო. რასაკვირველია, ეს აშკარად ცილისწამებას წარმოადგენს.

რა გამოდის? ვხედავთ თუ არა ჩვენ დღეს ნამდვილ კამალა ჰარისს, იმ მარგინალიზებული ადამიანის ნაცვლად, რომელსაც პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებულ პიროვნებად თვლიდნენ? თუ მას გამოსვლის ტექსტი „კარგმა სპიჩრაიტერმა“ დაუწერა? ვინ იცის...

რაც უეჭველია, არის ის, რომ ამერიკულ პოლიტიკას სახიფათო მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, რომლის დროსაც დიდი ალბათობა იყო უკვე ჩასახული სიძულვილი და განხეთქილება გაღვივებულიყო. ახლა უკვე არის რეალური შანსი იმისა, რაც ერთი თვის წინათ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა: დემოკრატები კვლავ მოიპოვებენ თეთრ სახლში ყოფნის უფლებას და ისტორიაში იმით შევლენ, რომ პრეზიდენტად, პირველად აშშ-ის ისტორიაში, მათი კანდიდატი - ქალი იქნება არჩეული, თანაც ფერადკანიანი - ორი ეთნიკური ჯგუფის (ინდოელების და იამაიკელი აფრიკელების) წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ეს კონცეფცია დონალდ ტრამპისათვის გაუგებარია.

სხვათა შორის, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება დიდ ბრიტანეთშიც: რომ არაფერი ვთქვათ აწ უკვე ყოფილ პრემიერ რიში სუნაკზე (წარმოშობით ინდოელზე), მინისტრებად ჩვენ ხშირად ვხედავთ აფრიკული წარმოშობის პოლიტიკოსებს - შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს სუელა ბრავერმანს (კენიელი და მავრიკიელი მშობლებით), განსაკუთრებით კი ვაჭრობის ექს-მინისტრს კემი ბეიდენოკს (ნიგერიელი დედ-მამით), რომელიც მთავრობის წევრის თანამდებობაზე ყოფნისას ხისტი ხასიათით და უკომპრომისობით გამოირჩეოდა.

რასაკვირველია, ჩემი მხრიდან შესაძლოა რასისტობა იყოს კამალა ჰარისს და კემი ბეიდენოკს შორის პარალელების გავლება მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ფერადკანიანმა ქალებმა უფრო კარგად იციან გადაულახავი პრობლემების დაძლევა, ანუ ის, რაც თეთრკანიანმა მამაკაცებს არ შეუძლიათ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/08/03/kamala-harris-has-blown-this-presidential-election-wide-ope/

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати