USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
The Daily Telegraph - „როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით“
Date:  716

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული ძლიერება ბოლო 70-80 წლის განმავლობაში მშვენივრად ერთმევდა თავს შემკავებელი ფუქნცების შესრულებას და არმაგედონს თავიდან იცილებდა. სტრატეგიული ბირთვული ბალანსი ისეთია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ჩინეთმა რომ კიდევ უფრო მეტი ბირთვული იარაღი შექმნას, ძალთა თანაფარდობა უახლოეს დროში არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ იარაღს არავინ გამოიყენებს - ქვეყანა, რომელიც ამას გაბედავს, უნდა ელოდოს, რომ თვითონაც განადგურდება. 

მაგრამ ის, რაც თანაფარდობის მიღმა არსებობს, განსაკუთრებით ევროპაში - ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობა. რუსეთს ბევრი აქვს, საფრანგეთსაც აქვს, მაგრამ ცოტა, დიდ ბრიტანეთს კი საერთოდ არ აქვს მსგავსი რამ. გამოდის, რომ ლონდონი არასწორად აღიქვამს ახალი მსოფლიო წესრიგის მოახლოებას და რეალური ძალის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს?

იარაღის აუცილებელი რაოდენობის არსებობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისათვის - უკრაინის ომის გაკვეთილების გათვალისწინებით. ადოლფ ჰიტლერმა ძალიან გვიან გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: თუ მეომარ ქვეყანას არ შეუძლია საჭირო რაოდენობის ტანკების გამოშვება, არ აქვს თვითმფრინავები და არ ჰყავს საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალა, მაშინ საეჭვოა მან ომში გაიმარჯვოს. მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ძალის ეფექტი ტანკებისა და მილიონობით ჯარისკაცის გარეშე?

როგორც შოკის მომგვრელად არ უნდა ჟღერდეს, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი პრაქტიკული გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ქონა და მისი გამოყენების მუქარა. ჩვენ ეს ცივი ომის დროს კარგად ვიცოდით, 1990 წლამდე დიდი ბრიტანეთს სხვადასხვა ძალისა და დანიშნულების ბირთვული იარაღი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ჩავთვალეთ, რომ აღარ გვჭირდებოდა და მათი დიდი ნაწილი გავანადგურეთ, მათ შორის ტაქტიკურიც..

მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია. რუსული ურდოები წინ მიიწევენ და უამრავ ტანკს, დრონს და სხვა თანამედროვე იარაღს ფლობენ, რომ  ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწიონ. ჩვენ როცა ასობით ტანკზე ვლაპარაკობთ, რუსებს ათასობით აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმდენი საავიაციო თუ სატანკო ქარხანა, რომ ბალანსი უახლოეს ხანში აღვადგინოთ.

ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მუქარებზე, თუ ჩვენ ძია სემი (აშშ) გვერდით აღარ დაგვიდგება? ტაქტიკური ბირთვული იარაღი ნიშნავს, რომ ქვეყანას ისეთი ძალა აქვს, რომელიც მასიურ ეფექტს მოახდენს, ანუ ისეთ შედეგს მოიტანს, რომელსაც ჩვეულებრივი იარაღი ვერ შეძლებს. როგორ და რით გავცემთ პასუხს, თუ რუსეთი, ვტქვათ კონკრეტულად ბალტიისპირეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელ სუვალკის ვიწრო დერეფანს დაარტყამს? ჩვენ, რასაკვირველია, არ გვინდა არმაგედონის პროვოცირება და სტრატეგიული დანიშნულების მქონე ჩვენი ბირთვული რაკეტებით „ტრაიდენტებით“ მოსკოვს ვერ დავარტყამთ. სავარაუდოდ, ჩვენი სახმელეთო არმიის ქვედანაყოფები დამარცხდებიან, ჩვენ ჩავბარდებით და რუსეთი ბალტიისპირეთს დაიპყრობს, ამ სხვა ქვეყნებსაც ზედ მიაყოლებს..

მოკლედ, კრემლის მიმართ საუკეთესო პასუხი იქნებოდა ტაქტიკური ბირთვული დარტყმის მიყენება, რომელიც პუტინის არმიას ისევე გაანადგურებდა, როგორც რუსები ჩვენსას. ასეთ ვარიანტს ძლიერი შემკავებელი ეფექტი ექნებოდა.

ჩემი სპეციალიზაცია სწორედ ბირთვული იარაღია და ვფიქრობ, ჩვენი მდგომარეობა არცთუ ძალიან ცუდია. ჩვენ შეგვიძლია შესაფერისი ბირთვული საბრძოლო ქობინების წარმოება და მათი დანიშნულების ადგილზე მიტანა უმოკლეს ვადაში.

გასაგებია, რომ ბრიტანული ბირთვული ტაქტიკური იარაღის წარმოების იდეა უეჭველად გამოიწვევს უკმაყოფილებას ჩვენს აკადემიურ ინსტიტუტებში, მაგრამ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ პაციფისტების ცარიელი სიტყვების რახა-რუხს და უნდა დაველოდოთ რუსეთის რეაქციას. ვფიქრობ, შემკავებელი ეფექტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ის, რომელიც ჩვენი ტანკების უახლოეს მოდელს - ათასობით „ჩელენჯერ-3“-ს შეუძლია, როგორი უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ რუსულ ტანკებთან შედარებით .

ვლადიმერ პუტინი პატივს სცემს მოწინააღმდეგის ძალას და სარგებლობს მისი სისუსტით. ბირთვული იარაღი ბრძოლის ველზე ისეთ ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც არცერთ სხვა სახეობის იარაღს არ აქვს. ასე რომ, სანამ ჩემზე ვინმე რაიმე კრიტიკულს იტყვის, მანამ ამაზე დაფიქრდეს.

რედაქციის შენიშვნა: ავტორი ბრიტანეთის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცერია და სამხედრო სამსახურის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მეთაურობდა ბრიტანულ ბირთვულ ქვედანაყოფს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2025/04/16/tactical-nuclear-weapons-uk-vital-against-putin-invasion/

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way