USD 2.7191
EUR 3.2020
RUB 3.4463
Tbilisi
The Daily Telegraph - „ჯორჯ ბუშ-უმცროსი, დევიდ კემერონი და ემანუელ მაკრონი - ყველა დარწმუნდა, რომ კრემლის ტირანთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია“
Date:  872

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი - მატყუარა და მკვლელია, მასტან მოლაპარაკება შეუძლებელია’ (ავტორი - ლიან ფოქსი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი 2010-2011 წლებში). „ჯორჯ ბუშ-უმცროსი, დევიდ კემერონი და ემანუელ მაკრონი - ყველა დარწმუნდა, რომ კრემლის ტირანთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოები, წმინდა პეტრეს ტაძარში გადაღებული, შეიძლება ითქვას, არამარტო გულში ჩამწვდომი და ამაღელვებელია, არამედ მათ საკულტო მნიშვნელობაც კი აქვთ. ტაძარში, რომელიც ვატიკანის გულს წარმოადგენს, ხშირად გაისმოდა პაპის მოწოდებები მშვიდობის დაცვაზე და ომების შეწყვეტაზე. ასე რომ, დონალდ ტრამპის განცხადება შეხვედრის შემდეგ, რომ „ვლადიმერ პუტინი შეიძლება მას ეთამაშება“, უსაფუძვლო და უპრეცედენტო სულაც არ არის.

ბოლო წლებში შექმნილია ქცევის ისეთი მოდელი, რომლის დროსაც თავისუფალი სამყაროს იმედები და მოლოდინები დაუნდობელი ტირანიების ამორალურ მოქმედებას აწყდება. ოდესღაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა თქვა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და მისი სული დაინახა“. სამწუხაროდ, რუსი პრეზიდენტის სულში მხოლოდ „კაგებეს“ ფაილების ნომრები მოჩანს. თუ სული ერთხელ მაინც „კაგებეს“ მიჰყიდე, ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლის დასასრულამდე „კაგებეშნიკი“ ხარ.

2008 წელს საქართველოში რუსეთის უკანონო შეჭრის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაეწყო და კრემლთან საქმიანი ურთიერთობა განევითარებინა. ვლადიმერ პუტინმა მადლობით მიიღო ეს წინადადება და 2014 წელს მან ყირიმის ოკუპირება განახორციელა, რომლიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.. როცა კრემლის ბინადარმა დასავლეთის სულმოკლე რეაქცია დაინახა, გადაწყვიტა, რომ მას შეეძლ;ო უკრაინის სხვა რეგიონებიც ხელში ჩაეგდო და 2022 წლის თებერვლის ბოლოს მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. დაიწყო ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც უკრაინის 13 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა, დაიღუპა აგრეთვე 70 ათასი სამხედრო მოსამსახურე, დასახიჩრდა 120 ათასი. უარესი ზარალი განიცადა თვითონ თავდამსხმელმა რუსეთმაც.

ამჟამად მარადიული ოპტიმისტი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, მკაცრ რეალობას აცნობიერებს. იგი ბოლო ლიდერია დასავლელ ლიდერებს შორის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს. დიახ, დონალდ ტრამპის მსგავსად, დევიდ კემერონსაც სჯეროდა და ემანუელ მაკრონსაც თავის დროზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი შეურიგდნენ იმას, რომ სიტუაციას ვერ შეცვლიდნენ: ვლადიმერ პუტინი როგორც იყო და არის ცრუ ადამიანი, მკვლელი და საერთაშორისო დამნაშავე, მომავალშიც იგივე პიროვნებად დარჩება.

უკრაინელები, სხვებთან შედარებით, ამ ჭეშმარიტებას უკეთესად აცნობიერებენ. თავის დროზე, 1994 წელს, უკრაინის ხელისუფლებამ, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მოღალატური აქტი ჩაიდინა და დათანხმდა უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე, რომელიც მან საბჭოთა კავშირის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო, სანაცვლოდ კი კიევს უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვეს. ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმით უკრაინა შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალურ ხელშეკრულებას - რუსეთთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად - და დამატებით გააფორმა შესაბამისი შეთანხმებები საფრანგეთთან და ჩინეთთან.

მემორანდუმის თანახმად, უკრაინამ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და საზღვრების ურღვევობის გარანტიები მიიღო. მასზე ხელმომწერები - რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი - ვალდებულობდნენ, რომ არასოდეს არ გამოიყენებდნენ ძალას უკრაინის ტერიტორიის მიმართ და არ დაარღვევდნენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და თუ უკრაინა რომელიმე სხვა ქვეყნის მხრიდან აგრესიის წინაშე დადგებოდა, მხარეები დაუყონებლივ მოიწვევდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უკრაინის დასახმარებლად. სამწუხაროდ, მემორანდუმის პირობები არ შესრულდა, დოკუმენტზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა კი უკრაინა კი არ დაიცვა, არამედ პირიქით - მას თავს დაესხა.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ესოდენ დაბეჯითებით და ჯიუტად მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე, რომლებიც ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს. უკრაინის პრეზიდნტი კარგად ხვდება, რომ ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი დაპირება პროფანაციას წარმოადგენს და მეტს არაფერს. ვლადიმერ პუტინისათვის ნებისმიერ ხელმოწერას, საბოლოო ჯამში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კრემლის აზრით, ყოველგვარი შეთანხმების იგნორირება შეიძლება, როცა დაინახავს, რომ მომავალი ექსპანსიისათვის შესაფერისი დრო დადგა.

თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროში საზოგადოება დაპროგრამირებულია იმაზე, რომ ყველაფერი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვით ხორციელდებოდეს (საერთაშორისო სამართლის ჩათვლით).

ჩვენ დროა ვაღიაროთ, რომ მათ, რომლებიც აღნიშნულ პრინციპებს უარყოფენ, სრულიად სხვა მსოფლმხედველობა აქვთ.

ვლადიმერ პუტინი - მთავარი დამნაშავე და წარმომადგენელია იმისა, რასაც შეიძლება ბანდიტოკრატია ეწოდოს. იგი თავის სამშობლოში კლავს პოლიტიკურ ოპონენეტებს, ან ისინი უკვალოდ ქრებიან. იგი ნადირობს საზღვარგარეთ მყოფ რუს დისიდენტებზე. კრემლის სპეცსამსახურები დევნიან უცხოელ მოქალაქეებსაც. პუტინის ავი ხელის მოქმედების შედეგები იგრძნობა ჩვენთანაც, დიდ ბრიტანეთში.   

ბევრი დასავლელეი ლიდერი საკუტარ მწარე გამოცდილებიტ დარწმუნდნენ, რომ ვლადიმერ პუტინთან გრძელვადიანი სეთანხმება სეუძლებელია იმდენად, რამდენადაც იგი უსირცხვილოდ უარს იტყვის ნებისმიერ დაპირებაზე, გაწყვეტს ნებისმიერ ხელშეკრულებას და ფეხზე დაიკიდებს ნებისმიერ მეგობარს, თუ ისინი მისი მიზნების შესრულებას ხელს უშლიან ან არ ეთანხმებიან.

რა თქმა უნდა, მშვიდობის მიღწევის მცდელობა და სურვილი, დაზავებისაკენ სწრაფვა სირცხვილი არ არის, მაგრამ როცა საქმე ვლადიმერ პუტინს ეხება, წესიერი ადამიანები ადრე თუ გვიან, ერთნაირ - წამგებიან - მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way