ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაცია კიკვიძის პარკში გაიმართა, სადაც
ფანკლუბისთვის შესაბამისი ზონა მოეწყო.
საქართველოს დროშებით, ინიციალებითა და სუვენირებით მომზადებული ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა ეროვნულ ნაკრებს გულანთებული გულშემატკივრობდა.
დიდ ეკრანზე საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს სხვადასხვა თაობის ასობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
საქართველოს ნაკრებმა ქართველი გულშემატკივარი დაუვიწყარი ემოციებით აავსო. თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიის ნაკრებთან გამართული მატჩების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან მერვედ ფინალში გადასვლა შეძლო.
დებიუტანტი გუნდის მხრიდან გამოჩენილმა თავგანწირვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მსოფლიოს წამყვანი პრესა ქართველების ნიჭზე აალაპარაკა. ფეხბურთელები კი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციამ საუკეთესოთა რიგებში დაასახელა.
მრავალგზის გამოცდილ ესპანეთის გუნდთან საქართველოს ნაკრები 4:1 ანგარიშით დამარცხდა, მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა მსოფლიოს სანახაობრივი და შთამბეჭდავი თამაშები აჩვენეს, რითაც ღირსეული მეტოქეობა გასწიეს.
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის 1981 წელს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, როცა თბილისის „დინამო“ UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა, ისტორიაში პირველად მოხდა, რითაც ახალი ფურცელი დაიწერა.
საქართველო-ესპანეთის მატჩს მოსახლეობასთან ერთად კიკვიძის პარკში ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გულშემატკივრობდა.
ფრაზა - ,,მე ვარ საქართველო“ ქართველს ერს ერთიანობის, სიამაყის, წარმატებისა და გამარჯვების სლოგანად დიდხანს გაჰყვება.