USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შაშიანის სამების რეაბილიტაცია დაიწყო
Date:  
VI საუკუნით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეკლესიიანი ბაზილიკა შაშიანის სამება გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაშიანიდან დაახლოებით 3-4 კმ-ის მოშორებით, ტყის დაფერდებული რელიეფის მოსწორებულ ადგილზე დგას. ტაძარს დასავლეთიდან და სამხრეთიდან სხვადასხვა დანიშნულების სათავსები აქვს მიშენებული. დასავლეთის მხრიდან მთელ სიგრძეზე სამ მეტრამდე სიგანის ნაგებობაა მიშენებული, რომელიც გეგმის დონეზეა შემორჩენილი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არის მცირე ზომის მართკუთხა ფორმის სათავსისა და საწნახლის ნაშთები. საინტერესოა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე კრიპტა - საძვალე, რომლის სახურავი ჩამოქცეულია.
 
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2023 წელს, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან ერთად, ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგის მეთვალყურეობით გაიწმინდა მიწისა და ხე-მცენარეებისგან, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, რომელიც გადაირჩა, დასაწყობდა და მას რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენებენ.
 
ტაძრის მდგომარეობა მძიმეა. ცენტრალური ნავის კამარა მთლიანად ჩაქცეულია, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი ნავების კედლები დახრილია და შეინიშნება ბზარები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ტაძრის სრულად აღდგენა, ასევე - მინაშენებისა და საძვალის კონსერვაცია.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ტაძრის მთელ პერიმეტრზე გამყარდება საძირკველი, ამორტიზებული სამხრეთის ნავი კირის დუღაბზე გადაეწყობა, ჩრდილოეთის ნავი სრულად აღდგება კირის ხსნარით და ამავე ნავში არსებული სვეტი გასწორდება, ცენტრალური ნავის კამარა და კონქი კი აღდგება ქართული აგურით, კირის ხსნარით. ტაძრის სამივე ნავზე მოეწყობა შირიმის ქვის თარო-ლავგარდანი, ფასადსა და ინტერიერს მოსცილდება გვიანდელი ცემენტის ბათქაში და ღრმა ნაკერები გასუფთავდება; მთელ ტაძარში დაიგება ქართული აგურის იატაკი და ნაგებობა გადაიხურება ქართული კრამიტით; ტაძრის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინელი.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ა(ა)იპ „ისტორიულ ძგელთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შეასრულებს. ჩასატარებელი სამუშაოებისთვის სააგენტოს მიერ გამოყოფილია 433 602 ლარი.
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way