USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები
дата:  1152

გურიის რესპუბლიკაგურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა — სოციალ-დემოკრატიული თვითმმართველობა, რომელიც არსებობდა საქართველოში, გურიის ტერიტორიაზე. გამოცხადდა 1905 წლის ზაფხულის ბოლოს, ხოლო არსებობა შეწყვიტა 1906 წლის 10 იანვარს.

ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა[1].

სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. XX საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრაში დაიწყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. 1892 წელს აღინიშნა 1 მაისი. 1902 წლიდან ჩნდება სოციალ-დემოკრატიული წრეები, ეწყობოდა გლეხთა ფარული კრებები (მიქელგაბრიელში, ჯუმათში, ძიმითში). ფართოდ ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა, რის გამოც მეფის მთავრობამ 1902 წელს ყველა სამკითხველო დახურა. 1902 წლის ბათუმის დემონსტრაციის შემდეგ ოზურგეთის მაზრაში არსებული მოძრაობა კიდევ უფრო გააქტიურდა. 1903 წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე წულუკიძე. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები. 1904 წლის 1 მაისს რამდენიმე სოფელში მოეწყო შეიარაღებული დემონსტრაცია. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის გავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. რევოლუციურ მოძრაობას ხელს უწყობდა ქუთაისის გუბერნატორ სტარკოსელსკის შემწყნარებლური დამოკიდებულება რევოლუციონერების მიმართ.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი

გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი", რომლის რედაქტორი იყო ლენინი. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბეს სასოფლო თემები. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო. სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. მაგრამ მაზრის ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, რომ ქალაქში შესვლა საშიში იყო. მაზრის პოლიციამ სამსახურს თავი დაანება რევოლუციონერების შიშით. სამსახურიდან წავიდა სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს თავს დაესხნენ სხვა ბოქაულის სახლს და 35 ტყვია ესროლეს. ქალაქ ოზურგეთში ორი დარაჯი მოკლეს დ ბერდანას თოფები წაიღეს. მთავრობამ გადაწყვიტა გლეხებთან მოლაპარაკებაზე წასულიყო.[2]


ნესტორ ერქომაიშვილი

გურიაში 11 თებერვალს გაიგზავნა სადამსჯელო ჯარი 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. 16 თებერვალს თბილისში მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ გენ. მალამას ქართული საზოგადოების დეპუტაციამ (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი დავით მელიქიშვილი, ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნიჟარაძე, ბათუმის ქალაქის მოურავი ივანე ანდრონიკაშვილი, ქუთაისის ქალაქის მოურავის მოადგილე გრიგოლ გველესიანი, ჟურნალისტები ალექსანდრე ჯაბადარი და კ. ჯაფარიძე და სხვ.) გურიაში ჯარის შეჩერება მოსთხოვა.  შეხვედრის შემდეგ ჯარი სადგურ ნატანებში შეჩერდა, გლეხობასთან მოსალაპარაკებლად კი 1905 წლის 18 თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გირეი შეხვდა იმ დროს არსებული 25 სასოფლო საზოგადოებიდან 12-ს. კრიმ-გირეის გლეხობამ საკუთარი მოთხოვნები გადასცა. ასეთი იყო შემოქმედის გლეხთა დადგენილება და „ბახვის მანიფესტი“. გლეხობა მათთვის სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითხოვდა.

მეფის ხელისუფლებამ მარტში ოზურგეთის მაზრა (გურია) ქუთაისის გუბერნიისგან გამოყო, კინტრიშის ოლქი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) კი ჩამოაცილა ბათუმის ოლქს და ამ ტერიტორიებზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ალიხანოვის დამსჯელი კორპუსი, რომლის შემადგენლობაში თურქეთის ერთ-ერთი სასაზღვო ქალაქის გარნიზონი, ქვეითთა ერთი პოლკი, ქვეით კაზაკთა ერთი ბატალიონი, ცხენოსანი კაზაკების ერთი პოლკი და არტილერიის ორი ბატარეა შედიოდა. მას „რიონის კორპუსი“ შეარქვეს. კორპუსი 12-13 მარტს შევიდა ოზურგეთში. მარტიდან აგვისტომდე კორპუსი პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდა, გახშირდა დაპატიმრებები, თუმცა გურიაში მაინც სიმშვიდე იყო. აგვისტოში კორპუსი უკან გაიწვიეს.

1905 წლის ივლისში ფარცხმელმა ესე ცინცაძემ გურიაში საჯავახოდან ერმილე დოლიძის ეტლით იოსებ სტალინი ჩამოიყვანა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრებებსა და დისკუსიებში. მიტინგებზე მიმდინარეობდა პაექრობა და კამათი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ასეთი მიტინგები გაიმართა შუაფრაცხმაში, სადაც 3000 ადამიანი შეიკრიბა, იანეულში, სადაც 1000 ადამიანი შეიკრიბა, ამ კრებას ნიკო მარი ესწრებოდა, რომელიც რევოლუციონერთა ორგანიზებულობით მოხიბლული იყო, ხიდისთავში, სადაც ასეთი გამოსვლის აღსანიშნავად მოგვიანებით აღმართეს ობელისკი. 1905 წლის 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება ვაკიჯვარში, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები დვაბზუსა და ბახვში. გურიის გლეხობის მოძრაობას მაღალი შეფასება მისცა ლენინმა მას შემდეგ რაც რსდმპ-ს მესამე ყრილობაზე მიხა ცხაკაიამ წარადგინა გურიის ამბები. 1905 წლის 29 აგვისტოს არქივის შენობიდან მოიპარეს „ბერდენის“ სისტემის რვა თოფი.

მეფის მთავრობის ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისში. რსდმპ-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით. 1905 წლის ოქტომბერში რევოლუციონერები თავს დაესხნენ ბათუმიდან მიმავალ მატარებელს სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის და გაიტაცეს 30 რევოლვერი. 12 ოქტომბერს მათ სადგურ ნატანებსა და სუფსას შორის აყარეს ლიანდაგი და მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგად მოიპოვეს 8 შაშხანა. გლეხობას იარაღით უზრუნველყოფის საკითხში ეხმარებოდა ნესტორ კალანდარიშვილი. იმავე წლის 21 ოქტომბერს რიონის რკინიგზიდან გადავარდა სამხედრო მატარებელი, რომლითაც გურიაში დამსჯელი რაზმი იგზავნებოდა. ლიანდაგი წინასწარ იყო გაფუჭებული, რათა ხელი შეეშალათ მატარებლის მოძარაობისთვის.[5]

აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა. ბრძოლას ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ნოემბერში აჯანყებულებმა დაიკავეს ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი გამოცხადდა.

გურიის დასასჯელად ხერსონიდან გამოიძახეს პოლკოვნიკი კრილოვი. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა. გურიის კომიტეტმა კრილოვთან დეპუტაცია გაგზავნა, რომელმაც ითხოვა ეპატიება გურულებისთვის. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა. 11 იანვარს კრილოვი ოზურგეთში შევიდა და დაპირების მიუხედავად ქალაქი გადაწვა: ცეცხლი წაუკიდა მაღაზიებსა და აჯანყებაში შემჩნეულების საცხოვრებელ სახლებს. ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კრილოვი ხვდებოდა თემების უხუცეს წარმომადგენლებს და მათ თხოვდა იარაღის ჩაბარებას, რევოლუციონერთა გაცემას, ახალწვეულთა მიერ ვალდებულების შესრულებასა და გადასახადების აკრეფას. კრილოვის სისასტიკემ უნაყოფოდ ჩაიარა. მან ვერ დაიმორჩილა გურია. იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში.

გურიის რესპუბლიკის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ს. სიონკევიჩს. რესპუბლიკის მოთავეებს ბრალი ედებოდათ 102-ე სტატიით: სპეციალური ორგანიზაციის შექმნა თვითმპყრობელობის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით. ბრალდებულები წინასწარი პატიმრობის სახით სამ წელიწადს ისხდნენ ციხეში. სასამართლომ დაადგინა, შეწყვეტილიყო საქმისწარმოება და გადადებულიყო ახალ განკარგულებამდე. სასამართლო პალატის წევრებს ეშინოდათ, რომ პროცესის შემდეგ რევოლუციონერები მათ ტერორით უპასუხებდნენ. ამის გამო პალატამ შუამდგომლობა აღძრა იუსტიციის სამინისტროს წინაშე, რომ საქმე რუსეთის რომელიმე ქალაქში გადაეტანათ. მთავრობამ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და პროცესი ოდესაში გადაიტანა, სადაც ქალაქის ხელმძღვანელად იმყოფებოდა გურული ფირალების და ტერორისტების რისხვა გენერალი ტოლმაჩოვი. ოდესაში გაასამართლეს აჯანყების ხელმძღვანელები: ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, გიორგი მამულაიშვილი, ანტონმ ლომჯარია, მოსე ტუღუში, სიმონ ტოტოჩავა, სერგო სურგულაძე, პარმენ თოთიბაძე, სიმონ ღლონტი, კარლო ლომაძე და სხვები. ბენია ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიესაჯა.

გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები ,,გურია” და ,,გურული მუშები და გლეხები” მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати