USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
გურამ მაჭარაშვილი - ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს - ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება
дата:  798

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წელს.

როგორც ის აღნიშნავს, „დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, და ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება, არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში და ისინი ვერც გაჩერდებიან, ვინაიდან დავალებებით მოქმედებენ“.

მაჭარაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ადამიანებს, რომლებიც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებენ, ჩართული არიან ბულინგის, შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანიებში, დაუსჯელობის განცდა აქვთ და ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ.

მისივე თქმით, ჯაშუშობის მუხლით ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება.

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას. ცხადია, უკვე ჩაფერფლილი პროტესტის მონაწილეებს შორის გულწრფელი, მაგრამ პროპაგანდით მოტყუებული ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, მათი წილი იმდენად მცირე იყო, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო კანონი ზედმეტი გართულებების გარეშე გაიტანა.

პირადად ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი კანონის მიმართ დასავლური ქვეყნების ზღვარგადასული წინააღმდეგობა. საქმე მარტივადაა - კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იგივე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს და შესაბამისად, ქართველი ხალხი სრულ ინფორმაციას მიიღებს პოლიტიკის კულუარებში არსებულ შავბნელ პროცესებზე. ასე მაგალითად, კანონს რომ აქამდე ემოქმედა, ქართულ საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა პარალელური დათვლის გაყალბება 2020 წელს, რასაც ლამის რევოლუცია მოყვა. საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა ენჯეოების პროტესტი, რომლებიც მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ასევე, ყველას ეცოდინებოდა, რომელი უცხოური ქვეყნები და ორგანიზაციები იდგნენ „კანვასის“ ტრენინგების უკან, როდესაც რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას გაკოტრებული რადიკალი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, უცხოელ ტრენერებთან ერთად, რევოლუციის მოწყობას ასწავლიდა.

დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, პროტესტის მოტყუებული მონაწილეები სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ.ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში. არ ჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ისინი დავალებებით მოქმედებენ და ინსტრუქციებს, ისევე, როგორც შავ ფულს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებენ, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

უცხოელმა ჯაშუშებმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს თვითგასამართლება მოუწყვეს და ამ თვითლუსტრაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი გაგრძელება. ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება. სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ, თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ.

მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.

ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოსდაბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდესაღარავის გაუჩნდეს“, - წერს გურამ მაჭარაშვილი, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати