ადამიანს, რომელსაც ეს სტატია ეძღვნება, ქართული მედიცინის წინაშე უდიდესი დამსახურება მიუძღვის. მისი წყალობით საქართველოში ჩამოყალიბდა და აღორძინდა ალერგოლოგია – მედიცინის ერთ-ერთი საინტერესო და განვითარებადი დარგი. აკადემიკოს გურამ გურგენიძის ალერგოლოგიური სკოლის სახელი არათუ საქართველოს, საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც გასცდა, მის მიერ შემუშავებული მეთოდები კი მრავალ ქვეყანაში დაინერგა.
მედიცინის ისტორიის მოამაგემ, გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ, დიდი პატივისცემით გაიხსენა გურამ გურგენიძე, მის შესახებ მასალები მოგვაწოდა და მის მოწაფეებსა და ოჯახთანაც დაგვაკავშირა.
გურამ გურგენიძე 1929 წლის 30 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მამამისი ვლადიმერი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ცხოვრობდა. თელავის ვაჟთა საქალაქო სასწავლებელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ თბილისის პოლიტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა, საიდანაც, როგორც ნიჭიერი სტუდენტი, პეტროგრადის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტში მიავლინეს. მისი დამთავრების შემდეგ ვლადიმერ გურგენიძე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიწვიეს ლექტორად. იყო რკინიგზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ცნობილი სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა პირველი დოქტორი ამ დარგში, პროფესორი.
მისი მეუღლე თამარ ერისთავი, ექიმი იყო. ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრებისა და სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ თბილისში ბიძასთან, ცნობილ ქირურგთან, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავთან ცხოვრობდა. სწორედ ერისთავებთან გაიცნეს ერთმანეთი გურამის მშობლებმა და მოსიყვარულე ოჯახი შექმნეს. მათი მეორე ვაჟი რევაზიც მედიცინას გაჰყვა და ცნობილი ნეიროოფთალმოლოგი გახდა.
სტუდენტობა და მეცნიერება
1948 წელს გურამ გურგენიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის მესამე საშუალო სკოლა, იმ დროისთვის ახალდაწესებული ოქროს მედალი მიიღო და სამედიცინო ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩაირიცხა.
იდეებით სავსე, აქტიურად ჩაება სამეცნიერო მუშაობაში და არაერთი ჯილდო დაიმსახურა. წარჩინებული სწავლისა და აქტიური სამეცნიერო საქმიანობისთვის 1950 წელს სტალინური პრემია დაენიშნა. 1951 წელს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. მართავდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებს და სხვა საინტერესო ღონისძიებებს, ამყარებდა ახალ კონტაქტებს.
ნიჭიერ, განათლებულ და ბეჯით ახალგაზრდას თავისთან მუშაობა შესთავაზა ბიოქიმიის კათედრის გამგემ ვასილ ვარაზმა.
ინსტიტუტის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ გურამ გურგენიძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა (“მასალები აზოტური ცვლის ცენტრალური რეგულაციისთვის”). ამ ხნის განმავლობაში ძალიან დაუმეგობრდა ვასილ ვარაზს, რომელიც იდეალურ ადამიანად, ექიმად და მეცნიერად მიაჩნდა. იმავე წლებში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. მისმა გამოკვლევებმა წვლილი შეიტანა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობის სრულყოფაში. მოგვიანებით, 1960-1962 წლებში, როდესაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კვების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, საინტერესო ნაშრომები გამოაქვეყნა წყლულოვანი დაავადების შესახებ.
ალერგოლოგიის პიონერი
დოქტორის ხარისხი მედიცინაში გურამ გურგენიძემ 1961 წელს მიიღო. მისი დისერტაციის თემა, "მასალები ბრონქული ასთმის პათოგენეზისთვის", მისთვის აქტუალური იყო, რადგან ბავშვობიდან აწუხებდა ბრონქული ასთმა. გურამი გახდა ყველაზე ახალგაზრდა (31 წლის) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი საქართველოში, რასაც არა მხოლოდ ქართულ, არამედ საკავშირო პრესაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან მიაგნო ასთმის პათოგენეზის ახალ რგოლს და ამ დაავადების მკურნალობის ახალ მეთოდს.
1963 წელს გურამ გურგენიძის ინიციატივით სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების თერაპიულ სნეულებათა კათედრის ბაზაზე საქართველოში პირველი ალერგოლოგიის კაბინეტი გაიხსნა, ორი წლის შემდეგ კი მან საბჭოთა კავშირში პირველმა შეიმუშავა ალერგოლოგიის კურსი აკადემიკოს ანდრეი ადოს უშუალო ხელშეწყობით.
ხუტა პაჭკორია:
– ანდრეი ადო – პათოფიზიოლოგი, ბიოლოგი, იმუნოლოგი – საბჭოთა კავშირში ალერგიული მიმართულების ლიდერად ითვლებოდა, თუმცა თავად კლინიცისტი არ ყოფილა და როდესაც ალერგოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ექიმი გაიცნო, ყველანაირად დაეხმარა. მოგვიანებით ადო ამბობდა, მე თეორეტიკოსად დავრჩი, გურამი კი დიდ თეორეტიკოსთან ერთად დიდი კლინიცისტიც არისო.
მიმაჩნია, რომ გურამ გურგენიძე თავისი მნიშვნელობით შეიძლება შევადაროთ მედიცინის ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) და იუსტინე ჯანელიძე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გურამმა საქართველოში ალერგოლოგიის ეპოქა შექმნა.
გურამ გურგენიძის თაოსნობით:
* 1967 წელს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გაიხსნა ალერგოლოგიური კაბინეტი და ლაბორატორია, რომელიც თანამშრომლებმა პრაქტიკულად საკუთარი ხარჯით ააშენეს.
* 1968 წელს ბორჯომსა და ლიკანში გაიმართა საქართველოში პირველი ბრონქული ასთმისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ამ სიმპოზიუმზე ექიმებს პირველად წარუდგინეს საბჭოთა კავშირის წამყვანი ალერგოლოგების ანდრეი ადოსა და პანტელეიმონ ბულატოვის მიერ შემუშავებული ბრონქული ასთმის კლასიფიკაცია, რომელსაც იყენებდნენ მთელ საბჭოთა კავშირში მისი არსებობის ბოლომდე და მისი დაშლის შემდეგაც დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში. გურამ გურგენიძე ამ კლასიფიკაციის წინა ვარიანტის თანაავტორი გახლდათ.
* 1970-1972 წლებში საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა ალერგოლოგიური კაბინეტები.
* 1974 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში დაარსდა საბჭოთა კავშირში პირველი ალერგოლოგიის კათედრა, რომელსაც გურამ გურგენიძე თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
* 1979 წელს სოხუმში გაიმართა სოციალისტური ქვეყნების ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო სიმპოზიუმი. ამ სიმპოზიუმზე წარდგენილი ნაშრომებით გურამ გურგენიძის სკოლამ დიდი ყურადღება დაიმსახურა.
* მოეწყო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეიქმნა ალერგიულ დაავადებათა რუკა ცალკეული კლიმატურ-გეოგრაფიული რეგიონებისთვის.
* ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმები "ალერგოტესტი 80" და "ალერგოტესტი 84".
გურამ გურგენიძე იყო ავტორი საბჭოთა კავშირში პირველი ალერგოლოგიის სახელმძღვანელოსი, რომელიც რუსულ ენაზე გამოიცა.
მრავალ ქვეყანაში დაინერგა გურამ გურგენიძის მიგნებები: კანის სინჯი მისეული მოდიფიკაციით, ბრონქული ასთმის ზოგიერთი ფორმის საკუთარი ნახველის დიალიზატითა და ავტოერითროლიზატით მკურნალობის მეთოდი, ჰიპოალერგენული რძე... იყო იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაციის, მოსკოვის ალერგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების, ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის საბუნებისმეტყველო საზოგადოების საპატიო წევრი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი.
1963 წლიდან დიდ მეცნიერს ყველა საქმეში გვერდით ედგა მეუღლე, შესანიშნავი ქალბატონი მზია გზირიშვილი, ცნობილი უროლოგის ალექსანდრე გზირიშვილის ქალიშვილი. მათი ორი ვაჟიც, გიორგი (გოგლა) და დავითი, ექიმია – ღირსეულად აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას.
მოწაფეთა მოგონებები
ამირან გამყრელიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი:
– გურამ გურგენიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა საქართველოს მედიცინის ისტორიაში. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას ქართულ მედიცინაში და აღზარდა ექიმების, მეცნიერებისა და პედაგოგების მთელი პლეადა. ის თამამად შეიძლება ამოვუყენოთ გვერდით საქართველოში მედიცინის სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ფუძემდებლებს: გრიგოლ მუხაძეს, ივანე თიკანაძეს, სვიმონ გოგიტიძეს, ნიკოლოზ ყიფშიძეს...
გურამს ჰქონდა განსაკუთრებული ინოვაციური ნიჭი – ნიჭი ახლის სწრაფად შეგრძნებისა და განვითარებისა. წილად მხვდა ბედნიერება, რამდენიმე ათეული წელი მემუშავა მის გვერდით. თავდაპირველად მასთან ურთიერთობა მქონდა როგორც ახალგაზრდა სტუდენტ მედიკოსთა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელთან, რადგან ამ საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეც გახლდით, მაგრამ მეექვსე კურსზე, როდესაც ქალაქის
პირველი საავადმყოფოს ბაზაზე სუბორდინაციას გავდიოდი თერაპიაში, განსაკუთრებით დავუახლოვდი, რადგან იმავე კათედრაზე იყო ალერგოლოგიის კურსიც.
ერთ დღეს მკითხა, კათედრა იქმნება და კლინიკურ ალერგოლოგიაში მუშაობას ხომ არ ისურვებდიო? მისმა წინადადებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა. გურამ გურგენიძე და პროფესორი არჩილ ასათიანი მივიდნენ ინსტიტუტის მაშინდელ რექტორთან, პროფესორ ოთარ ღუდუშაურთან, და მათი თხოვნით, როგორც გამონაკლისი, მეექვსე კურსის შემდეგ პირდაპირ დამტოვეს სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის ახალდაარსებულ კათედრაზე უფროს ლაბორანტად.
ბატონი გურამი ძალიან მენდობოდა. საკმაოდ ახალგაზრდა, კლინიკურ ასისტენტად ამირჩიეს, მერე – დოცენტად, კათედრის პროფესორად. ვინაიდან ბატონი გურამი მალევე დანიშნეს სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო დარგში, ბევრ საქმეს – პედაგოგიურს, სამეცნიეროს თუ კლინიკურს – მე მავალებდა.
ალერგოლოგიის კათედრაზე ერთად დავსახეთ და განვავითარეთ რამდენიმე ახალი მიმართულება, საქართველოში – და, საზოგადოდ, საბჭოთა კავშირში – ჩვენ დავნერგეთ ალერგიის განმაპირობებელი IგE ანტისხეულების კვლევა. ბატონმა გურამმა სწრაფად აუღო ალღო კათედრისთვის საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას და ყოველნაირად გვიწყობდა ხელს სერიოზული კავშირების დამყარებაში. ათი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით მაშინდელი აღმოსავლეთი გერმანიის იენის კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტთან, სადაც კათედრის ყველა თანამშრომელმა გაიარა სტაჟირება. მეც საკმაოდ დიდი ხნით გახლდით მივლინებული დასახელოვნებლად გერმანიაში, მერე კი სამეცნიერო მუშაობისთვის – შვედეთში.
საბჭოთა პერიოდში ჩვენი კათედრა ყოველმხრივ გამოირჩეოდა. მოსკოვის ინსტიტუტებსაც კი არ ვუდებდით ტოლს, თუ არ ვჯობდით.
უდიდესია ბატონი გურამის წვლილი ჩემს ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად და საზოგადო მოღვაწედ ჩამოყალიბებაში. ძალიან ახლო, მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა. უფროს მეგობრად მივიჩნევდი და ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი.
მურმან კიკვიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ალერგოლოგი:
– კლინიკური ორდინატურა შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში ყოფილ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, შიო გუგეშაშვილთან გავიარე. მისი სკოლა დიდ აკადემიურ ცოდნას გვაძლევდა. ორდინატურის დამთავრების შემდეგ ბატონმა შიომ ჩემი კათედრაზე დატოვება მოისურვა, მაგრამ იმ დროს ასეთი ამბები ასე მარტივად არ წყდებოდა. მაშინ მან გურამ გურგენიძესთან მიშუამდგომლა. გურამმა ამიყვანა, და არამხოლოდ ბატონი შიოს პატივისცემით – კადრების არჩევისას ის უდიდეს ყურადღებას აქცევდა აკადემიურ ცოდნას, თერაპიის სკოლაგავლილი ექიმი კი ალერგოლოგიაში ბევრი არ იყო.
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამოც საწოლზე გაშლილ ალერგიულ განყოფილებაში მოდიოდნენ არა მხოლოდ ალერგიული პროფილით, არამედ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებითაც. ბევრს ჰქონდა მძიმე, რთულად სადიფერენციაციო ფორმა. ჯერ ახალგაზრდა ვიყავი და დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ რაკი შიო გუგეშაშვილის სკოლა მქონდა გავლილი, როცა ფილტვის დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკა იყო საჭირო, ბატონი გურამი მეც მიხმობდა. ამით გამოხატავდა ჩემდამი ნდობას და იმავდროულად ჩემს წახალისებასაც ცდილობდა.
ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მიმართ, ყველანაირად უწყობდა ხელს მათ წინსვლას.
იმ დროს ჩვენს დარგში მომუშავე ექიმებისთვის აუცილებელი იყო მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, კლინიკური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის კურსის გავლა. მე პირადად სამჯერ გახლდით ამ ინსტიტუტში და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ავტორიტეტით სარგებლობდა იქ ბატონი გურამი. თბილისიდან ჩასული ალერგოლოგი უკვე ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
იყო კეთილი, ყველასთან თბილი, საოცრად ყურადღებიანი. ხმას არასოდეს აუწევდა, თუ რამე არ მოეწონებოდა, წყნარად, მშვიდად მიგითითებდა.
წელიწაში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც ბატონი გურამისა და ქალბატონი მზიას ოჯახში მთელი ჩვენი განყოფილება, კათედრა, მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიული ჯგუფი იკრიბებოდა. ჩვენთვის ეს იყო უაღრესად დიდი გაკვეთილი ადამიანური ურთიერთობისა.
მაია გოთუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი:
– გურამ გურგენიძე მრავალმხრივი პიროვნება იყო, განათლებული, პროგრესული, ჭეშმარიტი ინტელიგენტი, გარეგნობითაც დახვეწილი – იმ დროისთვის პოპულარულ მსახიობს ალექსეი ბატალოვს ამსგავსებდნენ.
ჩვენი ნაცნობობა, რომელიც შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოლეგიალობაში გადაიზარდა, სამედიცინო ინსტიტუტიდან დაიწყო. ალერგოლოგიის კათედრაზე ჩემს ჯგუფს ბატონი ამირან გამყრელიძე ასწავლიდა. მთელი ჯგუფი აღტაცებული ვიყავით ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჭაღარაშეპარული ლექტორით, რომელიც საინტერესოდ გვასწავლიდა იმ დროისთვის ახალ დარგს – ალერგოლოგია-იმუნოლოგიას და თეორიასთან ერთად კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვან ნიუანსებსაც გვიზიარებდა.
კათედრის გამგე კი გახლდათ ყველასათვის პატივსაცემი ადამიანი, დიდი ავტორიტეტი – პროფესორი გურამ გურგენიძე. კათედრის ბაზას, რესპუბლიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიის განყოფილებას, წარმატებით ხელმძღვანელობდა ბატონი მურმან კიკვიძე. ამავე ბაზაზე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილება, რომელიც ალერგოლოგიის კათედრასთან ერთად დააარსა ბატონმა გურამმა და თვითონვე ედგა სათავეში. გურამ გურგენიძე ანდამატივით იზიდავდა საუკეთესო ახალგაზრდა კადრებს. ამ სამ სტრუქტურაში გაერთიანებული ექიმები და მეცნიერები გამოირჩეოდნენ აკადემიურობით, ფართო ინტერესებით, პროფესიული განვითარებისადმი სწრაფვით და თბილი ურთიერთობებით. ბატონი გურამის მხარდამხარ ალერგოლოგიის საქმეს ემსახურებოდნენ მისი მეუღლე – ქალბატონი მზია გზირიშვილი და მათი ვაჟი – ბატონი გოგლა გურგენიძე, რომელიც დღეს ამ დარგის წარმატებული მოღვაწეა.
ბატონი გურამის საყრდენი და მარჯვენა ხელი იყო ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელიც დიდი ოსტატობით უძღვებოდა როგორც კლინიკურ, ისე პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ შემეძლო, თვითონვე გამეკეთებინა არჩევანი თეორიულ ასპირანტურასა და კლინიკურ ორდინატურას შორის. მე კლინიკური ორდინატურა ავირჩიე და, რა თქმა უნდა, გულმა იქით გამიწია, სადაც ყველაზე საქმიანი და საინტერესო გარემო მეგულებოდა. ვმადლობ განგებას, რომ სურვილი ამისრულდა. მოვხვდი იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა და თანამედროვეობის უმთავრესი დარგის, ალერგოლოგია-იმუნოლოგიის, თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დაუფლების შესაძლებლობა მეძლეოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბატონმა გურამმა შემომთავაზა, მისი ასპირანტი გავმხდარიყავი. ჩემთვის ეს უდიდესი პატივი გახლდათ. ამ წინადადებამ განსაზღვრა მთელი ჩემი პროფესიული მომავალი, რომლის არც ერთ ეტაპზე არ მომკლებია ბატონი გურამის მხარდაჭერა.
გურამ გურგენიძესა და ამირან გამყრელიძესთან თანამშრომლობას დიდი შემოქმედებითი მუხტი ახლდა თან: აქტიური კლინიკური საქმიანობა, საერთაშორისო პროექტები, უახლესი იმუნოლოგიური და იმუნოგენეტიკური მიმართულებების დანერგვა, უცხოეთში სტაჟირება, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა ერთიორად საინტერესოს ხდიდა ჩვენ ყოველდღიურ ექიმურ ცხოვრებას.
ყველაფერთან ერთად, ბატონი გურამი იყო კარგი მეოჯახე და ჩინებული მასპინძელი. უყვარდა ხელოვნება და საუცხოოდ უკრავდა ფორტეპიანოზე. ის და მისი მეუღლე ხშირად მართავდნენ წვეულებებს, რომლებზეც იკრიბებოდნენ მათი უახლოესი ნათესავები, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები: გურგენიძეები, ერისთავები, გზირიშვილები, თანამშრომლები...
წლები გადის, მაგრამ მისი აღზრდილები მუდამ მადლიერებით ვიხსენებთ ბატონი გურამის ღვაწლს.
ქეთევან მაჭავარიანი, თსსუ ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი:
– 1989 წელს ჩავირიცხე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში, ალერგოლოგის სპეციალობით. კათედრაზე საოცრად თბილი, შინაურული გარემო დამხვდა. ბატონ გურამს ჰქონდა დიდი ნიჭი, ადამიანის პოტენციალი სწორად შეეფასებინა. ჰყავდა არაჩვეულებრივი თანამშრომლები. თვითონ იყო ადამიანური, რბილი, მაგრამ ძალიან პრინციპული.
ორდინატურის დამთავრებას ნახევარი წელი მაკლდა, როდესაც კათედრაზე უფროსი ლაბორანტის ადგილი გათავისუფლდა. ძალიან მინდოდა იქ მუშაობა, მაგრამ რადგან ორდინატურა ჯერ არ დამემთავრებინა, უფლება არ მქონდა. ადგილი ჩემთვის რომ შეენახათ, ექვსი თვე თავისუფალი უნდა დარჩენილიყო. ერთ დღეს კადრების სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირადად მიაკითხა ბატონ გურამს და კანდიდატურა შესთავაზა უფროსი ლაბორანტის შტატისთვის. ასეთ სიტუაციაში ძნელი იყო უარის თქმა, მაგრამ ბატონმა გურამმა საოცარი პრინციპულობა გამოიჩინა და უთხრა, მე ჩემი კადრი მყავსო. ახლაც გული მიჩუყდება ამ ამბის გახსენებაზე, რომელმაც, პრაქტიკულად, გადაწყვიტა ჩემი პროფესიული ბედი.
როდესაც პაციენტის მდგომარეობა რთულდებოდა და მკურნალობას შედეგი არ მოჰქონდა, ბატონი გურამი გვაძლევდა ძალიან საჭირო რჩევებს, გვაწვდიდა საუკეთესო იდეებს. მას განსხვავებული ხედვა ჰქონდა. საერთაშორისო სტანდარტებს, რა თქმა უნდა, იცავდა, მაგრამ შეეძლო, თითოეულ პაციენტთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიეღო.
მყავს რამდენიმე ასაკოვანი პაციენტი, რომლებსაც ჩემამდე ბატონი გურამი მკურნალობდა და რომლებიც მას სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით იხსენებენ.
დღეს მედიცინას ბრონქული ასთმის სამკურნალო უამრავი საშუალება აქვს, მაშინ კი საინჰალაციო პრეპარატები მსოფლიო პრაქტიკაში ის-ის იყო ინერგებოდა, ამიტომ ასთმიანი პაციენტის მართვა საკმაოდ რთული გახლდათ. მკურნალობის ერთადერთ საშუალებად, გარდა ეუფილინისა, მიიჩნეოდა ტაბლეტირებული კორტიკოსტეროიდები. ბატონ გურამს მათი დანიშვნის განსხვავებული, ზედმიწევნით დამზოგველი სქემები ჰქონდა, რომელთა წყალობითაც კორტიკოსტეროიდები ვერ ასწრებდა უამრავი გვერდითი ეფექტის გამოვლენას. ასეთი მწირი არსენალითაც კი ბატონი გურამი ძალიან კარგი შედეგების მიღებას ახერხებდა.
მაია ტატიშვილი, ექიმი ალერგოლოგი:
– სულ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიურ ცენტრში მივედი სამუშაოდ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ახალგაზრდა ექიმი ყალიბდება ისეთ სივრცეში, სადაც ექიმობა პაციენტისადმი დამოკიდებულებით, პროფესიონალიზმითა და აკადემიურობით იზომება. ბატონი გურამის ხელმძღვანელობით რეგულარულად იმართებოდა დილის კონფერენციები და პაციენტთა განხილვები, ახალგაზრდა ექიმები ვისმენდით პროფესორების მსჯელობას და ეს ყველაფერი იყო ჩვენი პროფესიული ზრდის გარანტი.
განსაკუთრებული გახლდათ ბატონი გურამის ლექციები. ის ახალგაზრდებს არა მარტო საბაზისო, საყოველთაოდ ცნობილ ინფორმაციას აწვდიდა, არამედ დარგის უახლეს მიღწევებსაც აცნობდა. რაც მთავარია, ის იყო კოლექტივის შემდუღაბებელი. მის გვერდით ექიმობასთან ერთად ურთიერთობასაც ვსწავლობდით. კოლეგიალობა და ადამიანის პატივისცემა იყო მისი ყველა ქმედების ქვაკუთხედი.
გურამ გურგენიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 2002 წლის 7 იანვარს. თაობებს გაჰყვება მისი ხსოვნა – არა მხოლოდ ქართული ალერგოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის, არამედ ადამიანების მიმართ მისი უდიდესი სიყვარულის გამოც.
მარი აშუღაშვილი
წყარო: ჟურნალი "ავერსი"
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/