USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
გურამ ბათიაშვილი: მე ქართველი ებრაელი ვარ, ეს ყველაფერზე მეტყველებს, მასში ყველაფერია ნათქვამი
Date:  8851

86 წლის დრამატურგი, პროზაიკოსი გურამ ბათიაშვილი წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აიჩიეს. კულაშში დაბადებული ქართველი ებრაელის ცხოვრება და პროფესიული გზა ბევრი საინტერესო ეპიზოდით არის სავსე. ბატონი გურამი წლების განმავლობაში მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ვიცე პრეზიდენტი იყო, 1998 წელს ის ღირსების ორდენის კავალერი გახდა.

გურამ ბათიაშვილის რომანები და პიესები ქართულ-ებრაულ მეგობარობას, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე მნიშვნელოვან ისტორიულ პერიპეტიებს ეძღვნება.  მათ შორისაა ყველაზე გახმაურებული პიესა „ვალი“ და „შეთქმულება“, რომელიც 1832 წელს ქართველი თავადაზნაურობის მიერ რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგოდ მოწყობილ შეთქმულებას ასახავს. „მე ქართველი ებრაელი ვარ, ეს მოიცავს ყველაფერს“ - ამბობს ბატონი გურამი, რომელსაც საქართველო არც მაშინ მიუტოვებია, როდესაც ქართველი ებრაელების დიდი ნაწილი გადავიდა საცხოვრებლად ისრაელში და არც მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბრძოლის და დაპირისპირების უმძიმესი წლები იყო..     

- ბატონო გურამ, მოგვიანებით გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. მართალია რეგალიები არ გაკლიათ, მაგრამ თბილისის  საპატიო მოქალაქეობა რას ნიშნავს თქვენთვის?

- ღვთის წყალობით ცხოვრებაში წოდებები არ დამკლებია, მაგრამ როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისის საპატიო მოქალაქედ მირჩევდნენ, გულახდილად გითხრათ სიხარულისგან ვინერვიულე და ძალიან ავღელდი. მოგეხსენებათ, თბილისი ისტორიულად როგორი ქალაქია, ვაღმერთებ ამ ქალაქს, მიყვარს ძალიან და მრავალი წელია ვარ მისი მოქალაქე, მაგრამ თბილისის საპატიო მოქალაქეობა, რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავი და პატივია. თბილისში 21 წლის ჩამოვედი და მას მერე აქ ვცხოვრობ. მე სამტრედიის რაიონის კულაშში დავიბადე,  6 თვის ვიყავი როდესაც კულაშიდან  წამომიყვანეს  და საცხოვრებლად გადავედით სენაკში. კულაშში ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, ყმაწვილკაცობაში ხშირად ჩავდიოდი ხოლმე. ეს იყო საოცარი სოფელი: ცოცხალი, საინტერესო, კოლორიტული, სხვადასხვა ხასიათებით  სავსე. სოფელში ჩამოდიოდა მდინარე, მის ერთ მხარეს ცხოვრობდნენ ებრაელები, მეორე მხარეს - ქართველები.  მოგეხსენებათ, ებრაელებს შაბათს საქმის გაკეთება ეკრძალებათ. ღმერთმა ბრძანა, ექვსი დღე იშრომეთ, მეშვიდე დღეს დაისვენეთო, ამიტომაც შაბათობით ებრაელები არაფერს აკეთებენ. უნდა გენახათ, შაბათობით გაღმა ნაპირიდან  გადმოდიოდნენ ქართველები, ყმაწვილები იმ  მხარეს, სადაც ებრაელები იყვნენ დასახლებული, რომ დაენთოთ „კერასინკები“ საჭმელის გასაცხელებლად.  ასეთი  თბილი ურთიერთობა  ჰქონდათ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის ტრადიციებს. ბავშვები სიხარულით მოდიოდნენ, მათ აუცილებლად აძლევდნენ  კამფეტს, ნაზუქს. ეს სოფელი იყო ქართულ-ებრაული მეგობრობის და ურთიერთობის  შესანიშნავი. მოდელი. ერთი საოცარი რამ  უნდა გითხრათ. მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან ბევრი ებრაელი დაწინაურდა ისრაელში სხვადასხვა სფეროებში, ერთი ისრაელის პარლამენტის წევრი გახდა, ერთი მილიონერი ბიზნესმენი, იყვნენ  წარმატებულები  ეკონომიკის, ტექნიკის  მიმართულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ისინი კულაშიდან წასული ებრაელები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კულაშის ებრაელები გახდნენ ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანები, მთელ ისრაელში  გაითქვეს სახელი. ამ ფაქტის  ჩემეული  ახსნა შეიძლება მაინცდამაინც არ იყოს  მყარად არგუმენტირებული,  მაგრამ მე მაინც მგონია, რომ  მათ  ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამოადგათ  საქართველოში მიღებული ბრძოლის უნარი, შრომისმოყვარეობა, გამტანობა,  ერთმანეთის მხარდაჭერა.  ქართული თვისებები შეიკრა და მოიყარა თავი ამ ადამიანებში, რაც გახდა მათი დიდი წარმატებების საფუძველი. ებრაელები გიჟდებოდნენ, რაშია საქმეო, მაგრამ ახსნას ვერ უძებნიდნენ. დღეს ეს ჩავლილი ეტაპია, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო.

Dadvadze_Bondo(83)

- როდის ჩამოხვედით თბილისში საცხოვრებლად და როგორ მიგიღოთ ამ ქალაქმა? 

- თბილისამდე ვცხოვრობდი სენაკში, სადაც მამა სამუშაოდ გადავიდა. მაშინ სენაკს ცხაკაია ერქვა. ჩვენ წლები ვიცხოვრეთ სენაკში, სკოლა იქ დავამთავრე. დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს სენაკი,  მიმაჩნია, რომ გამორჩეულად თბილი, თანადგომის და  მეგობრობის ქალაქია.  ის ურთიერთობები, სითბო და სიყვარული,  რაც გამომყვა სენაკიდან, მე ვერსად ვნახე. გამიგია, როცა ადამიანებს  ეკონომიკურად უჭირთ, ერთმანეთი უფრო უყვართ და პატივს სცემენო. ალბათ, არის  ამაში რაღაც სიმართლე. იმის მიუხედავად, რომ მაშინ დიდი გაჭირვება იყო, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სხვანაირი ურთიერთობა და პატივისცემა ჰქონდათ. სენაკი ჩემთვის დღესაც ძალიან საყვარელი ქალაქია.  ნინელი ჭანკვეტაძე ატარებს ხოლმე რეგიონული თეატრების ფესტივალს, ამ ფესტივალის ჟიურის წევრი ვარ. ფესტივალი იწყება ხოლმე სენაკში, შემდეგ გადადის ფოთში.  ჩამოდიან რეგიონული თეატრები და ვნახულობთ მათ სპექტაკლებს. სენაკში  ჩასვლა ჩემთვის დიდი დღესასწაულია. მიხარია ბავშვობის ადგილებში სიარული, მართალია ვერავის ვეღარ ვნახულობ, ვისაც ვიცნობდი, იქ ახლა სხვა ხალხის ჟრიამული ისმის, მაგრამ  მაინც სიხარულით დავდივარ ჩემთვის ძვირფას  ქუჩებში.         

თბილისში ჩამოვედი, რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ დიდი კონკურსი იყო და ჩავაბარე  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თურქული ენის და ლიტერატურის განხრით. მითხრეს, ეს იგივეა, რაც ფილოლოგია, უფრო მეტიც, დამატებით ახალი ენა გეცოდინებაო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ  ეს  არჩევანი გავაკეთე.

მაშინ თბილისში არავინ მყავდა გარდა ბიძის, რომელსაც პატარა ბინა ჰქონდა და მასთან ვერ  ვიცხოვრებდი.  ნახევრადსარდაფი დავიქირავეთ  ოპერის გვერდით, პატარა ქუჩაზე, რომელიც ძნელაძის ქუჩას უერთდება. მთელი სტუდენტობა იქ გავატარე. ჩემი მშობლები ყოველ კვირა მიგზავნიდნენ ერთ ქათამს, უკვე დაკლულს, გაპუტულს და გამზადებულს, მარტო მოხარშვა რომ სჭირდებოდა, 20 ცალ კვერცხს და 20 მანეთს. სულ ეს იყო ჩემი სამყოფი კვირიდან კვირამდე, რაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ გვერდით მყავდა უამრავი კეთილი ადამიანი, კარგი  მეგობრები, რომლებიც მეხმარებოდნენ სირთულეების გადატანაში. 

- ძალიან ბევრი ადამიანისგან გვსმენია, რომ იმ პერიოდის თბილისი იყო სრულიად სხვა ქალაქი გამორჩეული ადამიანური ურთიერთობებით,  რა არის ამ ისტორიებში ლეგენდა და რა სინამდვილე,  თქვენი ასაკიდან გამომდინარე მომსწრე უნდა  იყოთ იმ ისტორიების.  

 - ეს არაა ლეგენდა, ეს არის სინამდვილე. არ შეიძლებოდა თბილისში ქუჩაში გამოსულიყავით, ვიღაცისთვის რაღაც გეთხოვათ და მას თქვენთვის დახმარება არ აღმოეჩინა, თუ მას არ შეეძლო, მონახავდა ისეთ ადამიანს, ვინც თქვენ აუცილებლად დაგეხმარებოდათ. თბილისი ნამდვილად წარმოადგენდა  სიყვარულის და მეგობრობის ქალაქს. მაშინ თბილისი პატარა ქალაქი იყო. ერთ ისტორიას გავიხსნებ.  პირველკურსელი ვიყავი, ერთ გოგოს პაემანზე უნდა შევხვედროდი. პაემანი საბურთალოს ქუჩაზე, სპეციალისტების სახლთან დამინიშნა.  საბურთალოს ქუჩა იმდენად შორს იყო, ვიფიქრე, ეს გოგო ალბათ ყაჩაღია, აბა ქალაქგარეთ რატომ  დამინიშნავდა პაემანს - მეთქი (იცინის) უნდა გითხრათ, რომ თბილისმა ძალიან დიდი სითბო მომცა. მე ე.წ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. 15 ოჯახი ცხოვრობდა საერთო აივანზე. დღეს რომ ვფიქრობ ისე მიკვირს, ხანდახან არც კი მჯერა - ისე არ გააკეთებდნენ ოჯახში სადილს, მეზობლისთვის თეფშით რომ არ მიეწოდებინათ, არ იკეტებოდა სახლების კარები. ისე შედიოდნენ ერთმანეთთან, ზედმეტი არაფერი იყო საჭირო. უნივერსიტეტში ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, მათთან ბევრ დროს ვატარებდი. გოგი ანთელავა იყო ჩემი მეგობარი, მერე აკადემიკოსი გახდა, ასევე  ელიზაბარ ჯაველიძე. სულ ერთად ვიყავით. ძალიან კარგი ყმაწვილი იყო  ქერიმ ამოევი, მან იეზიდურ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“.  

- როგორ დაიწყეთ პროფესიული საქმიანობა? პიესების წერა?   

- სკოლაში მეოთხე ვსწავლობდი, როცა ჩემს კლასელ გოგონას, რომელიც ძალიან მომწონდა, ლექსებს ვუწერდი და ვუტოვებდი მერხზე. ის ამაზე იცინოდა, ეტყობა, არ ვუწერდი კარგ ლექსებს, რადგან მას არ მოვწონდი.  იქ დასრულდა ჩემი ლექსების წერა. სტუდენტობისას გულმა დრამატურგიისკენ გამიწია, თუმცა იქამდეც ვწერდი, მაშინ   ჩემს ნაწერებს მხოლოდ მეგობრებს ვაკითხებდი. ყველა დადებითად მაფასებდა, მეუბნებოდნენ, სადმე დაბეჭდეო, მაგრამ მე ამაზე არც კი ვფიქრობდი. ცოტა მოგვიანებით, თურქი მწერლის ორჰან ქემალის  ახალ რომანზე დავწერე რეცენზია, რომელიც ტრადიციულად წავაკითხე მეგობრებს. მათაც მითხრეს და ფაკულტეტზეც, ეს არ შეიძლება არ დაიბეჭდოსო. მივედი „მნათობის“  რედაქციაში, თავხედურად შევედი  რედაქტორთან   სიმონ ჩიქოვანთან, დავუდე მაგიდაზე ჩემი რეცენზია და წამოვედი. ორი კვირის შემდეგ რომ გავიარე, გავიგე, რომ გამზადებული იყო დასაბეჭდად, რამაც ძალიან გამახარა. ამის შემდეგ დავიწყე წერა, ძალიან გამიტაცა თარგმნამ, ვთარგმნე აზიზ ნესინი,  საბაჰათინ ალი და კიდევ რამდენიმე კარგი თურქი მწერალი, თარგმანებს „ახალგაზრდა კომუნისტში“ ვბეჭდავდი. ძალიან  პატარა ჰონორარებს გვაძლევდნენ.    

ჩემი პირველი პიესა იყო „ძახილი“, რომელიც დაიდგა გორში, შემდეგ კი ჭიათურაში, რომელიც ძალიან კარგი თეატრი იყო. ამან ძალიან წამახალისა. კულტურის სამინისტრომ იმხელა ჰონორარი მომცა, გაოგნებული ვიყავი. 2200 მანეთი, მაშინ დიდი ფული იყო,  მანქანა 5 000 მანეთი ღირდა.  კიდევ ერთ თეატრს რომ დაედგა, ჩემს ჰონორარს  800 მანეთი დაემატებოდა. ჰონორარი რომ ავიღეთ,  წავედით მეგობრები, ძალიან მაგრად ვიქეიფეთ.  მქონდა კიდევ ერთი კარგი პიესა, რომელიც ეძღვნება 1832 წლის ქართველების  შეთქმულებას. მე  ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ისტორია, 1832 წლის შეთქმულების ფორმა გამოხატავდა, როგორც  საქართველოს ღირსებას  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ასევე ნაკლოვანებებს, იასე ფალავანდიშვილს ვგულისხმობ.  ჩემი აზრით, ეს ისე მძაფრად არ გამოვლენილა არც ერთ ეტაპზე, როგორც გამოვლინდა ამ შეთქმულების დროს. ნიკოლოზ ფალავანდიშვილი და იასე ფალავანდიშვილი ორივე ბედკრული საქართველოს შვილია, ერთი ღირსეული, მეორე უღირსი, ეს არის სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა. ამას ვერსად გავექცევით.      

- თქვენს პიესებს შორის ყველაზე გახმაურებული პიესაა „ვალი“, რომელიც ქართულ-ებრაულ მეგობრობას მიუძღვენით.

- ეს პიესა გამორჩეულად მიყვარს, წლების განმავლობაში დაიდგა უამრავ სცენაზე, როგორც საქართველოში, ასევე ისრაელშიც. ამ ბოლო პერიოდშიც  კი დაიდგა ჩვენთან, გომარ სიხარულიძის შვილის, გიორგი სიხარულიძის მიერ. მშვენიერი სპექტაკლი იყო. პიესის პირველი ვარიანტი, არ მომეწონა და დავხიე. მეორე ვარიანტი, ის რაც დაიდგა, სამ - ოთხ კვირაში დავწერე, რეკორდულად მოკლე დროში, მაშინ, როცა პიესის დაწერას 10 თვე მაინც  სჭირდება. „ვალის“ წერის პროცესში ძალიან განვიცდიდი, ვღელავდი, რადგან  გულის ნადები გადამქონდა ქაღალდზე და მონაწილე ვიყავი იმ ამბის, ალბათ ამიტომაც დაიწერა სწრაფად. პიესა  ემოციურად მიიღეს ადამიანებმა, როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში, რადგან ეს იყო მათი თანაცხოვრების ისტორია.

gurami1_w_h

- მაშინ როდესაც საქართველოდან ისრაელში წავიდა ქართველი ებრაელების მთელი თაობა, თქვენ არ გიფიქრიათ ასეთ გადაწყვეტილებაზე? ან თუნდაც მოგვიანებით, როდესაც  საქართველოში რთული მდგომარეობა იყო, თქვენ არ დატოვეთ აქაურობა. 

-გულწრფელად გეტყვით, მე ვერ შევძელი წასვლა. არ შემეძლო ამ ქვეყნის მიტოვება. ყველას უკვირდა ჩემ ირგვლივ.  ვიღაცისთვის  შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ვერ დავტოვე თბილისი. ვერ წავედი, გამიჭირდა, თუმცა ღა ჩემი ქალიშვილი ცხოვრობს ისრაელში, ჩემი შვილიშვილი გოგონა, ისრაელის არმიაში გენერლის მოადგილეა, მისი ჩინი  ჩვენებურად ვიცე პოლკოვნიკის ჩინს უტოლდება. საომარი მდგომარეობა რომ დაიწყო, ვუთხარი: ბაბუ, ჩამოდი საქართველოში, ცოტა ხანი აქ იყავი მეთქი. სიცილი დაიწყო, ბაბუა ასეთ დროს ქვეყანას მივატოვებო? მესმის მისი. მეც ხომ ვერ  დავტოვე თბილისი მაშინაც კი, როცა ტყვიების წვიმა მოდიოდა რუსთაველზე. მაშინაც კი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, თბილისში ომი, არეულობა იყო, უამრავი გზა მქონდა გახსნილი რომ წავსულიყავი, მაგრამ ვერ გავაკეთე. წლები ვიყავი მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, ახლა ვარ ევრაზიის ებრაელთა კონგრესის სტრატეგიული საბჭოს წევრი, მაქვს კარგი კავშირები, ახლო ურთერთობები ადამიანებთან, მაგრამ  სხვაგან ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება მირჩევნია. მე ქართველი ებრაელი ვარ, ეს ყველაფერზე მეტყველებს, მასში ყველაფერია ნათქვამი (იცინის)         

ადრე ძალიან  ხშირად ჩავდიოდი ისრაელში, წელს მარტო გაზაფხულზე ვიყავი. მაქვს სამი უსაყვარლესი ქალაქი, თბილისი, იერუსალიმი და სტამბული. მსოფლიოს უამრავი ქალაქი მინახავს, ვყოფილვარ, მიცხოვრია კიდეც, მაგრამ ეს სამი ქალაქი ძალიან მომწონს და მიყვარს. როდესაც მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ვიცე პრეზიდენტი ვიყავი, მაშინ ხშირად გვიწევდა სხდომების გამართვა იერუსალიმში, ხშირად ევროპის ქალაქებში ვიკრიბებოდით.

- მსოფლიოს ებრაელთა კონგრესისი ვიცე -პრეზიდენტი  როგორ  გახდით? 

-ჩაწყობა იქ არ მოდის, ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა (იცინის)  ერთ საღამოს, დამირეკეს და მითხრეს: გურამ გვინდა თქვენ იყოთ კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, ამისთვის საჭიროა ქვეყანა - საქართველო გახდეს მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის წევრიო. დაველაპარაკე მეგობრებს, რატომ არ უნდა გავმხდარიყავით, არაფერი გვიშლიდა ხელს, პირიქით. ვიცე პრეზიდენტად დამასახელა კანადელმა ფილოსოფოსმა, რომელიც  ახლა ცხოვრობს ისრაელში. მე დამაჯილდოვა ერთ-ერთმა  ებრაელმა ბიზნესმენმა, რომელმაც დააფინანსა ჩემი რომანის „ თუ დაგივიწყე, იერუსალიმო“ გამოცემა ისრაელში, ეს ამბავი ძალიან გახმაურდა. რომანი ასახავს საქართველოს ებრაელთა ყოფას, ორ მიმართულებას, როგორ მოვიდნენ ებრაელები საქართველოში და როგორ იბრძოდნენ  საბჭოთა ეპოქაში კგბ-ს წნეხის ქვეშ ემიგრაციისთვის, რომ წასულიყვნენ  ისრაელში. ეს იყო ძალიან რთული გზა, რაზეც გადაიღო მერაბ კოკოჩაშვილმა დოკუმენტური ფილმი ჩემი სცენარის მიხედვით.  

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ, როდესაც უკან იხედებით, წარსულიდან ყველაზე მეტად რისი ნოსტალგია გაქვთ?

- ყველაზე მეტად მენატრება ახალგაზრდობის წლები. იცით რა კარგი იყო?! ძალიან ბევრი რამ იყო იმ წლებში, ეს იყო ყველაფრით სავსე  ქარიშხლიანი ცხოვრება,  ნამდვილი და სიყვარულით სავსე ადამიანური ურთიერთობები. საშინელი პერიოდი გამოვიარეთ 90 იან წლებში, როცა იყო თბილისის ომი, არეულობა. ყველა მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მთლიანად  ქალაქი გახდა საშიში. მაშინ ნუცუბიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ერთხელ სახლში დაბრუნება დამაგვიანდა. ღამე მოვდივარ ქუჩაში  ფეხით სახლისკენ. არც ტრანსპორტი იყო, არც არაფერი. მოკლე გზებით გადავედი. სიბნელე იყო. ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა, რომ დავინახე, ჩემსკენ მომავალი, ვიფიქრე, ყაჩაღი იყო და გამძარცვავდა, ან რამე უბედურებას დამმართებდა. შინაგანად მოვემზადე ხიფათისთვის.  სიგარეტზე მომიკიდეთო, მთხოვა. მოვუკიდე.  დიდი მადლობაო - მითხრა და წავიდა. დიდხანს დავრჩი გაოცებული. ვერ მივხვდი, რატომ არ გამძარცვა (იცინის) მადლობა რომ გადამიხადა, მაშინ ვირწმუნე, რომ  თბილისში არც ისე ცუდად იყო საქმე, მართლაც, რთული წლები  კი გავიარეთ, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი სიკეთისკენ წავიდა, დაიწმინდა სიტუაცია. პასუხს არ ვცემდი ხოლმე ხალხს, როცა გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, რატომ არ მიდიხარ საქართველოდანო. აი იმ მადლობის გამოც დავრჩი და იმედის, რომ  ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გადარჩებოდა.

თამუნა ნიჟარაძე.   

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way