USD 2.8130
EUR 2.9241
RUB 2.8127
Тбилиси
გურამ ოდიშარია: არ არის მარტივად საქმე, ჩვენსა და აფხაზებს შორის დანაღმული ველია
дата:  613

„ სიტყვას  და ნდობას  ჯადოსნური ძალა აქვს  - რაც მეტი ნდობით იქნებიან  ქართველების მიმართ  ადამიანები აფხაზებში  და პირიქით, მით მეტი იქნება შანსი იმისა, რომ ვილაპარაკოთ.  ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი იმ უბედურების შემდეგ, რაც გავიარეთ -   ამბობს  გურამ ოდიშარია  თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში  აქტუალური გახდა  ქართულ -აფხაზური ურთიერთობების აღდგენის კონტექსტში.

თავად ბატონ გურამს, რომელიც  31  წლის განშორების მიუხედავად,  საკუთარ თავს მაინც სოხუმელად მიიჩნევს და დღემდე ინახავს სოხუმის ბინის გასაღებს,  მშობლიურ ქალაქზე  საუბარი  უემოციოდ არ გამოსდის. ემოციურია  მისი პირადი ისტორიაც - საკუთარ დაბადების დღეზე გამოკეტილი სახლის კარი და ყველაზე მძიმე გზა საკერ -ჭუბერის უღელტეხილზე - გზა, რომელმაც  მწერალი და  დრამატურგი გურამ ოდიშარია  დაკარგულ საყვარელ ქალაქში არაერთხელ „დააბრუნა“.   

- ბატონო გურამ, ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გააქტიურდა  ქართულ-აფხაზური  ურთიერთობის  და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა, რასაც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიამ და მესიჯებმა მისცა ბიძგი. თქვენ, როგორც სოხუმელმა კაცმა, ყველაზე კარგად იცით  რა რესურსი არსებობს ამ მიმართულებით, როგორ აფასებთ გაჟღერებულ ვერსიებს,  რომელთა შორის სახიფათო ვერსიებიც გამოჩნდა.

-  ეს თემა  ჩვენს საზოგადოებაში პერიოდულად გააქტიურდება ხოლმე, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ მინელდება. კარგია, რომ აფხაზეთის თემას დავიწყება არ უწერია, ხანდახან რაღაც თემები ფარავს მას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მაინც სულ არსებობს ინტერესი და მსჯელობა. მე მჯერა, რომ  პირველ რიგში უნდა აღდგეს ადამიანური ურთიერთობები.  ჩვენ ვართ ნათესავი ხალხი,   გვყავს უამრავი შერეული ოჯახი, ერთმანეთის შესახებ ვიცით  ბევრი რამ, მათ შორის ფასეულობები. რა არის ვაჟკაცობა, სიტყვის შესრულება, სინდისი -  ჩვენ  და აფხაზები ზნეობრივ მომენტებს  ერთნაირად ვხედავთ.  ყველაზე რთული ისაა, რომ ომი, რომელიც  ანგრევს ქალაქებს, შენობებს, ქუჩებს, ანგრევს  ურთიერთობებს. როდესაც ხალხებს შორის ურთიერთობა წყდება, ომი უფრო ადვილად შემოდის. ჩვენ უნდა შევძლოთ და მივიდეთ საერთო წერტილებთან,  მივიდეთ ჯერ  სიტყვით, რადგან სიტყვა იყო პირველი, სიტყვა არის ღმერთი, სიყვარული. ჩვენ სიყვარულით უნდა ვაჯობოთ სიძულვილს. ყოველ ჩასვლაზე სხვანაირად ვხედავ სიტუაციას, ამას ვგრძნობ,  როდესაც ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიან აქეთ  სამედიცინო პროექტების ფარგლებში, რაც ძალიან კარგი და სასარგებლოა ურთიერთობებისთვის.

არ არის მარტივად საქმე, ჩვენსა და აფხაზებს შორის  დანაღმული ველია. იმდენი სისხლი დაიღვარა, ამ ველზე  სიარული ძალიან ძნელია.  საქმე უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვინც იციან სიარული  დანაღმულ ველზე.  ვინც ეს არ იცის, დააბიჯებს იმ მინას და კიდევ უფრო რთულად ააფეთქებს ამ ველს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ადვილად შეიძლება მოგვარდეს, არაა ასე. ასეთმა არ უნდა იაროს ამ დანაღმულ ველზე. 

ჩვენი ყველას მთავარი და პირველი მიზანი უნდა იყოს ადამიანური ურთიერთობების აღდგენა, მე ამას ვემსახურები, როგორც მწერალი. აფხაზებთან და ოსებთან ერთობლივი წიგნებიც მაქვს გამოცემული, ამ წიგნებს კითხულობენ იქ და ეს უკვალოდ არ რჩება.  ყველაფერს თავისი წილი ბილიკი გაჰყავს დიდ გზაზე. ეს თემა ჩემთვის ძალიან ემოციურია. უკვე 30 წელზე მეტი გავიდა რაც დავტოვეთ სოხუმი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, გავატარე ცხოვრების მრავალი წელი, შესაბამისად, ეს თემა ჩემთვის მარტივი არ არის. სოხუმი ყველაზე დიდი, ლამაზი  და ძვირფასი ქალაქია,  სოხუმზე  გადის დედამიწის ღერძი, პლანეტის ცენტრია.    

 - წლები მოგონებებს აფერმკრთალებს,  თუმცა არის  ემოციები, რომელიც, რა დროც არ უნდა გავიდეს, მძაფრად გვრჩება ადამიანებს.  გახსოვთ  განცდა, რაც დაგეუფლათ,  როდესაც  სოხუმში საკუთარი სახლის კარი დაკეტეთ და დაემშვიდობეთ ქალაქს, სადაც მრავალი წელი იცხოვრეთ? 

- 24 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე გამოვკეტე სახლის კარი, რომლის გასაღებსაც უკვე 30 წელზე მეტია, რაც ვინახავ.  ეს ჩემი სამახსოვროა სოხუმიდან.  იმ დღეს  ჩემი მეუღლე და ქალიშვილი  უკვე თბილისში იყვნენ.  ქალაქში ომის საშინელი  ორომტრიალი იყო, როდესაც ჩემმა შვილმა პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა და ატესტატი აიღო. ომის „შესვენება“ იყო, როდესაც სალომე  თბილისში წამოვიდა და  ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩააბარა. სამწუხაროდ, 16 სექტემბერს სოხუმს შემოუტიეს და ჩემმა  გოგონამ  საყვარელ ქალაქში ჩამოსვლა  ვეღარ  შეძლო. მახსოვს, ის განცდა, რაც მქონდა როცა სახლის კარი გამოვიხურე, თუმცა მაშინ იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ  ჩემს სახლს დიდი ხნით თუ სამუდამოდ ვკეტავდი.   

მე მთელი სიყვარულით და ემოციებით ვარ დაკავშირებული სოხუმთან. ბოლოს  ჩვენ ვცხოვრობდით  ქლუხორის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, სადაც  ბოლო სართული გვეკუთნოდა, სახლიდან  გვქონდა  შესანიშნავი ხედი ზღვაზე. ამ ომს  და მის ასეთ მასშტაბს  არავინ  არ ველოდით. როდესაც პირველი ტყვია გავარდა, დაიძრა  ტანკი, ამოქმედდა ქვემეხები, „გრადები,“ ეს ულამაზესი ქალაქი გაეხვა  აფეთქებების ხმაურში და კვამლში.  ეს მოხდა აგვისტოში, ზაფხულის დღესასწაულში, რადგან საზღვაო ქალაქისთვისთვის  ზაფხული მაინც განსაკუთრებული სეზონია.  ქალაქი სავსე იყო დამსვენებლებით, ქალებით  ფერადი კაბებით, ახმაურებული რესტორნებით.  ბავშვები კაფეებში ნაყინს მიირთმევდნენ, როდესაც ავტომატები აკაკანდა. კავშირი ამ ლამაზ ქალაქს და ომს შორის იყო იმდენად მძიმე, ეს ემოციები დღემდე არ გამნელებია. ომს აქვს საზარელი  სახე, როდესაც ის ლამაზ ქალაქში მიმდინარეობს, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ ყველამ, ვინც იმ აგვისტოში სადღესასწაულოდ განწყობილ ქალაქში ვიყავით. ჩვენ ომი  მხოლოდ ეკრანებიდან, ფილმებიდან ვიცოდით, მაგრამ   ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ის უცებ მოვიდოდა  ჩვენთან, ჩვენს ქუჩებში, დაიწვებოდა ჩვენი სახლები, დაიხოცებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან  მახსოვს ბედნიერები  სოხუმის ქუჩებში.

ძალიან ემოციურია მესაათე გრიგოლის ისტორია, რომელზეც ბევრ ინტერვიუში გისაუბრიათ.

-  გრიგოლი მესაათე იყო ჩვენთან, ტურბაზის  ტერიტორიაზე. მოხუცი კაცი იყო, პატარა ჯიხურში მუშაობდა ავტობუსის და ტროლეიბუსის გაჩერებასთან. ჩემი სახლიც იქვე იყო და ხშირად გავდიოდი ხოლმე იმ ქუჩას. როცა გრიგოლი სახლში მიდიოდა, თავის ჯიხურს მიაწებებდა ხოლმე ქაღალდს წარწერით:  მე მალე მოვალ ან  ნახევარ საათში მოვალ. ეს წარწერა იმ  „დროის“ მიხედვით იცვლებოდა, რა გეგმაც ჰქონდა გრიგოლს, თუმცა ყველაზე ხშირად თვალს „20 წუთში მოვალ“ ხვდებოდა. გრიგოლი ახლოს ცხოვრობდა ჯიხურთან, ეს 20 წუთი იმისთვის სჭირდებოდა, რომ სახლში წასულიყო, წაეხემსა. შემდეგ დაბრუნდებოდა ჯიხურში,  გააღებდა  კარს და ელოდა ხოლმე ხალხს, რომელსაც საათი გაუფუჭდა. ომი დაწყებული იყო, მაგრამ გრიგოლი მაინც მუშაობდა, არ  ტოვებდა ჯიხურს, არ ღალატობდა საყვარელ ხელობას.  ერთხელაც  გროგოლმა  დატოვა ჯიხურზე წარწერა: 20 წუთში მოვალო და წავიდა  სახლში. რამდენიმე დღე უცვლელად ეკიდა წარწერა  ჯიხურზე. ვიკითხე, სად არის გრიგოლი - მეთქი.  მეზობელმა მითხრა, სოხუმის დაბომბვის დროს,  სახლისკენ მიმავალი  „ჰაუბიცის“ ნამსხვრევმა იმსხვერპლაო.  ომის ბოლომდე დარჩა მესაათის ჯიხურზე  წარწერა  „20 წუთში მოვალ“..   

 - რაც სოხუმი დატოვეთ, მას შემდეგ მშობლიურ ქალაქში  ჩასვლა მოახერხეთ?

- რამდენჯერმე მოვახერხე ჩასვლა  ჩემს ქალაქში, რომელიც ძალიან მენატრებოდა. ყველაფერს ვაკეთებდი, ვცდილობდი, რომ როგორმე ჩავსულიყავი სოხუმში, რაც პირველად მოვახერხე 2004 წელს. იმ პერიოდში ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. რთული მდგომარეობა მქონდა, მაგრამ გადავრჩი. ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა მომინახულეს საავადმყოფოში. მათ ვუთხარი, რომ ძალიან  ხშირად მესიზმრებოდა მამა, რომელიც ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა, სოხუმის გარეუბანში, აბჟაყვაში დავასაფლავეთ. მეგობრები დამპირდნენ,  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოხუმში ჩამოხვიდე, იქ ყველას ახსოვხარ და პატივს გცემენო. 2004 წლის 10 იანვარს ჩავედი სოხუმში. ეს ჩემთვის იყო საოცარი ემოცია - შეხვედრა ჩემს ქალაქთან 11 წლის შემდეგ.მძიმე განცდები დამეუფლა. ფერდაკარგული იყო ჩემი ქალაქი. სოხუმში ძალიან ბევრი სახლი მარსელის კრამიტით იყო გადახურული, რომელიც ხმელთაშუა ზღვით ჩამოჰქონდათ  გემებით ჩვენთან. ეს კრამიტი ძალიან უხდებოდა ქალაქს, და რა თქმა უნდა შენობების ფერები. სოხუმი არასდროს ყოფილა ჭრელაჭრულა ქალაქი, მაგრამ იყო  ნათელი, გემოვნებიანად  შეხამებული ერთმანეთთან  თეთრი და ყვითელი. მე ვნახე  გაფითრებული ქალაქი, რომელიც ძალიან ჰგავდა  ნაომარ, დაჭრილ კაცს. მივედი მამაჩემის საფლავზე, მეგობრებმა შემომთავაზეს, მოდი მივიდეთ შენთან სახლშიო, მაგრამ უარი ვუთხარი. ჩემს სახლში გუდაუთელი აფხაზი კაცი ცხოვრობდა, რა უნდა მეთქვა, ეს ჩემი სახლი იყო მეთქი?!   

განშორების შემდეგ პირველ ჩასვლაზე მოვინახულე ჩემი საყვარელი ადგილები.  სულ ოთხი დღე დავრჩი. ვიყავი ჩემს ძველ სანაპიროზე, სადაც უამრავი მოგონება მაქვს. ჩვენ ვიყავით „სანაპიროს ბიჭები“.  მართალია ბულვარიდან ცოტა მოშორებით ვცხოვრობდი ჭამბას ქუჩაზე, მაგრამ ყოველდღე ვიყავი ბულვარზე.  პირველი  საშუალო სკოლა დავამთავარე,  სახლიდან სკოლამდე  და უკანა გზაზე აუცილებლად ფეხით უნდა გამევლო სანაპიროზე, შემდეგ იყო სტუდენტობის წლები. მე დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვა ქალაქში ჩაბარება არც მიფიქრია, იმის მიუხედავად, რომ მეუბნებოდნენ, შენი ლექსები უკვე იბეჭდება გაზეთებში და მოდი თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარეო. კატეგორიული უარი ვთქვი, ჩემს ქალაქს ვერ დავშორდები-მეთქი. ძნელია, როცა  ასეთ ფერად, ლამაზ, ცოცხალ ქალაქში იწყება ომი, რომელიც შეიწირავს ყველას და ყველაფერს. მახსოვს, ქალაქში დარჩენილ მარტოხელა მოხუცებს,  ფიცრებისგან, ხშირად ძველი შიფანერებისგან დაშლილი ნაწილებისგან უკრავდნენ სასახლეებს.  

 -  საკენ -ჭუბერის უღელტეხილს და  იმ ჯოჯოხეთურ დღეებს, რაც გაიარეთ  უამრავ დევნილთან ერთად,   წლების შემდეგ  მიუძღვენით წიგნი „დევნილთა უღელტეხილი“.  როგორ შეძელით გადმოცემა იმის, რაც ასე მძიმე იყო თქვენთვის?   

-  უღელტეხილის გადმოვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე, მაგრამ მაინც იმედიანი ისტორიაა. იქვე მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ თუ ამას გადავურჩებოდი, ეს  უნდა დამეწერა. უღელტეხილი სხვა დევნილებთან ერთად გადავიარე. ხანდახან მარტოც ვრჩებოდი, რადგან დაბომბვაში მოყოლის შემდეგ დარჩენილი მუხლის  ტრავმის გამო, სწრაფად ვერ დავდიოდი. თურმე  ადამიანი სიძნელის, გასაჭირის დროს ისეთ მობილიზებას ახდენს, ისეთ ძალებს პოულობს,   რომელსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ვერ წარმოიდგენს.  მას შემდეგ ყველას ვეუბნებოდი, რომ ადამიანმა  ასეთ  დროსაც  კი არ უნდა დაკარგოს იმედი,  არ უნდა ჩაიქნიოს ხელი და  მაგრად უნდა დახვდეს  ასეთ განსაცდელსაც კი.   უღელტეხილზე ვნახე სიკვდილის შემზარავი  კადრები, რაც უკვე მქონდა ნანახი სოხუმში, მაგრამ იქ, სრულიად სხვანაირად გავიაზრე ყველაფერი. ფილმებში მქონდა ნანახი ჯარის უკან დახევა, დევნილობაც,  მაგრამ  უკვე საკუთარი თვალით ვნახე  დედა ბუდიანად აყრილი ოჯახები, მოხუცები, ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ცალხელა, ცალფეხა ახალგაზრდები, რომლებიც ამ ომში დაიჭრნენ, პატარა ბავშვები, რომლებიც მოჰყავდათ დედებს. მე  წლები  ვეძებდი პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ დააბრუნეს სოხუმში  ოჯახები და ბავშვები 1993 წლის 1 სექტემბერს  და რატომ დაიწყო სწავლა სკოლებში  მაშინ,  როდესაც საქართველოს სხვა ქალაქებში აფხაზეთის ომის გამო მხოლოდ 1 ოქტომბერს ამუშავდა  სკოლები  და უმაღლესი სასწავლებლები. ეს იყო ძალიან დიდი რისკი, რაც  კარგად იცოდნენ ადგილობრივმა ხელისუფლებმა, იცოდა ედუარდ შევარდნაძემაც, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც  მიიღეს  ეს ცუდი გადაწყვეტილება. მე მიმაჩნია რომ ბავშვები არ უნდა აიფარო ფარად. ვიცი, ეს ყველაფერი კონკრეტულ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რაზედაც ჩემს მომავალ წიგნებში იქნება საუბარი.

 როგორც უკვე ვთქვი, მე მუხლის გამო ნელა მივდიოდი. ახალგაზრდებმა  სწრაფად დაიწყეს სვლა მთაზე, რომელიც ალპური  ზონით მთავრდება, დაახლოებით 3 ათასამდე მეტრის სიმაღლის გადავლა მოგვიწია, სადაც ჟანგბადი ნაკლებადაა,   ადამიანები მიდიოდნენ და არ იცოდნენ საით, თითქმის მთელი გზა იყო ნისლი, ზოგან წინ არაფერი ჩანდა. ამ გზის გავლა გაუჭირდათ მათ, ვისაც ჰქონდა გულის პრობლემები, ჩემი აზრით ბევრს მაინც   გადატანილი სტრესების გამო გაუჭირდა სვლა. საკენიდან ჭუბერამდე ფეხით რომ გაიარო, სულ მცირე  50 კილომეტრია.  თან ეს  სიკვდილის ზონაა, არ ხარობს ხე, არის მხოლოდ  ბალახი და პატარა ბუჩქები.

მე არსად მინახავს და  არ მიგრძვნია ისეთი სითბო, რასაც იმ გზაზე ადამიანები ერთმანეთს უწილადებდნენ იმ  განსაცდელის ჟამს.  გზადაგზა გვხდებოდა წყაროები, წყალი თითქმის  ყველას ჰქონდა, მაგრამ პროდუქტი არ იყო. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა და ლუკმას უყოფდა. ბევრს შიმშილის გამო გაუჭირდა გზის გავლა, ბევრი  ძალაგამოლეული  ადამიანი დაიღუპა,  განსაკუთრებით უჭირდათ ხანდაზმულებს.   თან  ჩვენ ვიყავით „ზღვის ხალხი“.  ადამიანები, ვინც ვცხოვრობდით სოხუმის და გულრიფშის რაიონებში, ჩვენ სხვა კლიმატში, ზღვის პირას გვიწევდა ცხოვრება და არ ვიცოდით სიმაღლეზე ასვლის წესები. არ  ვიცოდით, როგორ უნდა გადაგველახა მთა, ალბათ ამიტომაც გაუჩერდა გული  ბევრ ახალგაზრდასაც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ გზას სწრაფად გაივლიდნენ.

- თქვენ რამ გადაგარჩინათ ამ გზაზე?

- მე ნელ-ნელა მოვდიოდი. ჩემი სუნთქვაც ისე რიტმულად იყო შეხამებული ჩემს სიარულთან, არც გულმა მიღალატა და არც ფეხმა.   გზადაგზა ველაპარაკებოდი ორივეს. (იცინის)  გულო, აბა შენ იცი, არ მიღალატო! ფეხო, აბა შენ იცი, აქ არ გასივდე, შენ რომ ამტკივდე,  მე აქ  ვეღარ  ვივლი. ჩემს სხეულს ველაპარაკებოდი, როგორც მეგობარი  მეგობარს. ამან ძალიან მიშველა. ყველა ადამიანში ორი მე არსებობს,  ყველაზე ინტესიურად სწორედ იმ გზაზე ვესაუბრე ჩემს მეორე მეს.  მე ორი სახელი მაქვს. პასპორტით  მირიან ოდიშარია ვარ, ბიძაჩემის მოსახელე,   თუმცა ყველა  გურამს მეძახდა.  უღელტეხილზე მირიანი და გურამი ესაუბრებოდა ერთმანეთს,  რამაც მომცა დიდი ძალა.  თავი ბიბლიის  ფურცელებზე წაკითხული ისტორიების პერსონაჟი  მეგონა, თითქოს  რომელიღაც ფურცელზე წერია, რომ მოდის ხალხი, მათ შორის  მირიან -გურამიც, რომელიც  ხედავს, როგორ  წაექცა  კაცს  ცოლი და  ადგილზე გარდაიცვალა. თავიდან  მეგონა, რომ ქალს  გული წაუვიდა, როდესაც ვნახეთ, რომ ქალი მკვდარია და  ეს  დაინახა ქმარმა, რომელსაც ჩემოდანი მოჰქონდა,  ისიც  იქვე წაიქცა და გარდაიცვალა.  პირველად ვნახე, რომ ადამიანი შეიძლება ასე ჩიტივით წავიდეს ამ ქვეყნიდან.. მძიმე სანახავი იყვნენ დამარცხებული ჯარისკაცები, მით უმეტეს, როცა  იცი, რომ ეს ომი ჯარისკაცებს არ დაუწყიათ. ომი დაიწყეს პოლიტიკოსებმა და წააგეს პოლიტიკოსებმა და მთავარსარდლებმა.  რა ქნას ჯარისკაცმა, როდესაც ყველა  თავს შველის  და არავის აქვს გეგმა, თუნდაც როგორ უნდა მოხდეს  ევაკუაცია, ეს ხომ უნდა იცოდეს შტაბმა, მთავარსარდალმა?  რა ქნას ჯარისკაცმა, რომელსაც ტოვებს მთავარსადარდალი  და გენერალი?!  ყველაფერი მაინც   ჯარისკაცების გმირობაზე გადადიოდა.  პოლიტიკური მოლაპარაკებებიც ისე მიდიოდა, რომ აწერდნენ ხელს და მერე, როცა მეორე მხარე მოატყუებდათ, თავს იმართლებდნენ, მოგვატყუესო. ასე, ამ  ტყუილ-ტყუილში იღუპებოდა ხალხი, რომელიც ბოლოს ამ უღელტეხილს შერჩა მარტო,  ყოველგვარი დაცვის გარეშე, უმძიმესი პირობების, შიმშილის და  მძარცველი ავკაცების პირისპირ, რაც იყო  წარმოუდგენელი - ძარცვა დევნილებისა, რომლებიც ძლივს მილასლასებდნენ უღელტეხილზე, ჩვენ როგორღაც ვიგერიებდით მათ.  ეს ჩემთვის მაშინ  საბოლოო დამარცხების სურათი გახდა, თუმცა ბოლომდე მაინც  არ მტოვებდა  იმედი, რომ თბილისში თანადგომის და ზნეობის სხვა მაგალითებს ვნახავდი, რაც მართლაც ასე მოხდა.  

- სოხუმის დატოვებამ თქვენი ცხოვრება ორად გაყო.  როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება თბილისში?  

- როცა ომი დაიწყო 41 წლის ვიყავი. იმდენი წელია აქეთ ვცხოვრობ,  უახლოვდება ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი იმ წლებს, რაც სოხუმში გავატარე.  როდესაც  თბილისში გადმოვედი, აქ  ცხოვრების დაწყება  არ გამჭირვებია. იმის მიუხედავად, რომ თბილისიც ომგამოვლილი ქალაქი იყო და მძიმედ იყო ასახული ომის კვალი,  დედაქალაქმა მაინც თბილად მიიღო აფხაზეთიდან დევნილები. შეგვხვდა ბევრი კეთილი ადამიანი, რომელთაც არ მოუკლიათ ყურადღება, ზრუნვა. თბილისმა ხელი გაუმართა დევნილებს.  ყველას იმედი მიეცა.  ქუთაისში, გურიაში, აჭარაში - ყველგან სითბო გვხვდებოდა.  საქართველო ეხმარებოდა საქართველოს - ეს მკაფიო და ცხადი იყო.

თბილისი არ იყო ჩემთვის უცხო ქალაქი. აქ ბავშვობაში ხშირად ვიყავი, კვირები,  ხან თვეც კი  ვრჩებოდი ხოლმე. თბილისში ცხოვრობდა  ჩემი ბიცოლა, რომლის მეუღლეც უგზო-უკვლოდ დაიკარგა მეორე მსოფლიო ომში. ბიცოლაჩემს ძალიან ვუყვარდი, სულ მეპატიჟებოდა აქეთ  და ზაფხულობით მართლაც ჩამოვდიოდი ხოლმე. მამაჩემიც, ძმის მსგავსად  სამხედრო იყო. მისი სამსახურის გამო  ჩვენს ოჯახს მოუწია ცხოვრება  დასავლეთ საქართველოს ქალაქებში:  ბაღდათში, წალენჯიხაში, სადაც შევედი სკოლაში. პირველი ორი წელი წალენჯიხაში ვისწავლე.  მიყვარდა თბილისში ჩამოსვლა. ბიცოლა ოპერასთან ცხოვრობდა. ზაფხულობით, გაგანია სიცხეში,  როცა თბილისი  დაცარიელებული იყო ხოლმე,  მე  აქეთ  მოვდიოდი. მთელი რუსთაველის პროსპექტი თავისი ლაღიძით ჩემი იყო (იცინის)

როდესაც თბილისში ჩამოვედით, არავის გვიფიქრია, რომ აქ დიდხანს მოგვიწევდა გაჩერება. გვეგონა, გადაივლიდა ზამთარი და დავბრუნდებოდით უკან. მერე ხან გაეროს რეზოლუციას ველოდებოდით, ხან -პოლიტიკოსთა და მომლაპარაკებელთა  დაპირებებს, რომელიც ვერა და ვერ დამთავრდა. 1996-97 წლებში გაიხსნა  პერიოდი სახალხო დიპლომატიისთვის, დაიწყო პირველი შეხვედრები, შეიქმნა ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ.  მე უკვე ვიყავი ავტორი ორი წიგნის „დევნილთა უღელტეხილი და „სოხუმში დაბრუნება, “ აფხაზებმა იცოდნენ,  რომ მე ხმამაღლა ვამბობდი, ორივე მხარის შევდომებს, რომ  შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება, არ ვმალავდი ჩემს პოზიციას, რუსეთის როლთან დაკავშირებით,  მქონდა საკმაო ნდობა როგორც აფხაზებში, ასევე ქართველებში, მიცნობდა ლიტერატურული საზოგადოება.  სოხუმის ომი რომ დაიწყო, ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალ „რიწის“ მთავარი რედაქტორი ვიყავი.  აქ გავაგრძელეთ ჟურნალის გამოშვება. მე ვაკეთებდი საქმეს, რომელიც მიყვარდა.

- გავიდა დრო და თქვენს ცხოვრებაში დადგა ეტაპი ჩინოვნიკური საქმიანობის -  როგორ იხსენებთ კულტურის მინისტრობის პერიოდს, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.

- ჩინოვნიკური საქმიანობის გამოცდილება სოხუმშიც მქონდა.  სახელმწიფო მოხელე გავხდი ძალიან ახალგაზრდა -  29 წლის ასაკში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უფროს რეფერენტად დავიწყე მუშაობა კულტურის და განათლების განყოფილებაში. ამ პოზიციაზე საოლქო კომიტეტში ჩემი კოლეგა, ძალიან კარგი ადამიანი ტერენტი ჭანია მუშაობდა.  უნდოდათ, მის საპირწონედ ქართველი მწერალი ყოფილიყო მინისტრთა საბჭოში. სკოლები, ჯანდაცვა, თეატრი, კინო, ჟურნალ-გაზეთები - ყველაფერი ჩვენს სამსახურს ეხებოდა. სამი წელი ვიმუშავე ამ სამსახურში,  დიდი გამოცდილება მივიღე.  სამი წლის შემდეგ, მითხრეს, თბილისში უნდა გადახვიდეო, მინისტრთა საბჭოში მთავაზობდნენ მუშაობას,  რაც  სახელმწიფო მოხელის  კარიერისთვის, კარგი შემოთავაზება იყო,  მაგრამ  უარი ვთქვი, სოხუმში ვარჩიე დარჩენა - მე ჩემს ქალაქს არ მივატოვებ-მეთქი. გამიშვეს  ჟურნალ „რიწის“  რედაქტორად. ჟურნალის მისია იყო  ქართულ -აფხაზური კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება, აფხაზი მწერლების ნაწარმოებების თარგმნა, რასაც ქართველი მკითხველი ეცნობოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. წლების შემდეგ კახეთში გამომიტანეს ბაგრატ შინქუბას მოთხრობები, თქვენს ჟურნალში დაბეჭდილი,  ჩვენ კახეთში წავიკითხეთო.  

როდესაც კულტურის მინისტრის პოსტი შემომთავაზეს,  დავთანხმდი, რადგან  უკვე მქონდა ბიუროკრატიული მუშაობის და  მართვის გამოცდილება.  წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე ამ პოსტზე. ეს არ იყო ადვილი პერიოდი. ამისთანა პოზიციებზე მუშაობა რთულია უამრავი მიზეზის გამო, მე რომ არ მქონოდა გავლილი ომი, არ გადმოვსულიყავი  უღელტეხილით, რამაც გამომაწრთო როგორც  „იწრთობოდა ფოლადი,“ ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა მინისტრობა. ყველაფრის მიუხედავად,  მე გადავწყვიტე  ადრე წავსულიყავი პოსტიდან და მთლიანად დავუბრუნდი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

- დღეს ყველაზე მეტად რა გენატრებათ წარსულიდან?

-  მენატრება ის ძველი ურთიერთობები, რაც იყო ადამიანებს შორის. ახლა არეულია ყველაფერი, ისე როგორც აიმღვრება წყალი მდინარეში, რომელიც  ბობოქრობს, მაგრამ უნდა დაწყნარდეს. ძალიან მინდა, რომ ადამიანებს შორის იყოს ჰარმონია ყველასთან, მით უმეტეს ჩვენს ახლობელ ხალხთან - აფხაზებთან, ოსებთან. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, პირველ რიგში ქართველებს  შორის უნდა იყოს ჰარმონია.   არ შეიძლება დიდ საქმეს  ორი ხელით არ აკეთებდე. ერთია ხელისუფლების ხელი, მეორე - საზოგადოების. ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით, რაც დამოუკიდებლები ვართ, სრულყოფილად ვერ მოვახერხეთ ჩვენი საზოგადოების ენერგიის ხარჯვა მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ. ხშირად ეს ენერგია იხარჯება ერთმანეთთან ბრძოლაში, დაპირისპირებაში, გაუგებრობაში. 

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ  არ გვაქვს გაანალიზებული ეს ომი, მისი წინაპირობები. არ გვახსენდება ხშირად, რომ ჩვენ გვქონდა  ქართულ-ქართული კონფლიქტი, როდესაც ჩვენ ვესროლეთ ერთმანეთს 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დასაწყისში. ჩვენ ვხოცავდით ერთმანეთს, ვინ იყო ინსპირატორი, საიდან რა მოდიოდა, ამ ყველაფერს გაანალიზება სჭირდება. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა ასეთი რამ.  ჩვენ ამ ისტორიის მიჩქმალვა გვინდა. თუ  ეს პერიოდი ანალიზის გარეშე დავტოვეთ, ხვალ შეიძლება ცუდად შემოგვეფეთოს ისევ. არიან ადამიანები, ვისაც არ მოწონს ამისი გახსენება, არ მოსწონთ, რადგან ამ პროცესის მონაწილენი არიან. მე ძალიან მინდა,  აღდგეს  ძველი ურთიერთობები, რომელიც არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო,  ეს ილუზიაა, მაგრამ თეორიულად შეიძლება გახდეს ბევრად უკეთესი. ჩვენ უნდა ვცადოთ სამყარო გავხადოთ უკეთესი, რაც ნამდვილად  შესაძლებელია,  მაგრამ ეს  ყველამ ერთად უნდა შევძლოთ.                თამუნა ნიჟარაძე    

Неизвестный Известный
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати