USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
გუდაურში დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას შვილი ნიკოლოზ რაჭველს: მიმიფურთხებია თქვენი სიმართლისთვის, მაესტრო!
Date:  964

2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მფრინავი მაშველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ვერავის აპატიებს მათ მიმართ გადაკრულ სიტყვას და მათ ინტერესებს ყველგან დაიცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ, ღამის 9 საათზე, ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფაქტორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია.

ნეტა თუ ჩაქოლეს და „მაშველებს ეძინათ?“ ეძახეს? ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო? ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან, რას უზამდნენ?

ნეტავ, თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტავ, თუ კარგია რომ შეაკლა თავი?! ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიაანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო.

მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!

გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ჰოდა, რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: „ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ“ მივიღე პასუხად!

მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: „აბა როგორ?“.

მთელი ბავშვობა ყოველ დილით რომ შუბლზე კოცნით გვემშვიდობებოდა მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის წინ კარზე გაკრულ „სახლიდან გასვლის წინ ლოცვას“ რომ კითხულობდა ოჯახის ტრადიცია მეგონა. მოზრდილმა რომ ვკითხე რატომ აკეთებდა ამას? „მე ისეთი პროფესია მაქვს კარს რომ მოვიხურავ უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი“ მივიღე პასუხად.

ნეტა რომელიმეს პირით ერთი გადაკრული წუწუნი მაინც თუ მოგისმენიათ წლებია, ნეტა რომელიმეს გულში თუ ჩაგიხედავთ „პილოტებს ეძინათ“ კომენტარებს რომ კითხულობენ.

ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდისმე?

დღეს ნიკოლოზ რაჭველი „ვერ პატიობს“ სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართლისთვის ბატონო მაესტრო!

ჩემი გულის ფეთქვა ხართ ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი ბიჭებო!

არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ! მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!

გასკდა გული, განმიახლდა ჩემი მოუშუშებელი ტკივილები, სულის ყველა ნაწილში მტკივა ტალახში ჩამხრჩვალი ხალხი და მათი ოჯახის წევრების გულებში ვერჩამქრალი იმედის ნაპერწკალი. თავს შევაკლავ და არ ვაპატიებ არავის ერთ გადაკრულ სიტყვას!

მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაკმაროთ თქვენც და სრულიად საქართველოს!“, – წერს ანი ლორია Facebook-ზე.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way