USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა
Date:  595

გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“­ წარიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბარი გასულ კვირას შედგა და 45 წუთს გაგრძელდა.

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია.

ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი „მკაცრი“ იყო და სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა.

„საშინელება იყო. ადრე ამის სერიოზულად აღქმა რთული იყო. ვფიქრობ, ახლა საქმე სერიოზულად არის და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

გამოცემის მეორე წყაროს განცხადებით, ახლა დანიელები „კრიზისულ რეჟიმში და საკმაოდ შეშინებულები არიან“.

დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ სატელეფონო საუბრის მსგავს ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way