გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ტრაილერის მძღოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრიც დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს ავტოავარია გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მიკროავტობუსის მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.