USD 2.7113
EUR 3.1565
RUB 3.4660
Тбилиси
“გოგილოს აბანო” მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
дата:  4837
თბილისში აბანოთი სარგებლობა თავადებისთბის ერთი მანეთი ღირებულა,აზნაურთათვის,ოფიცრების და ვაჭრებისთვის სულიაბაზი, მდაბიოთათვის კი მომსახურება ორ შაურს შეადგენდა.
 
ვახუშტი ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა. როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოა ამ უბანში აღნიშნული. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანის თბილისის გეგმაზე კი, კვლავ ექვსი აბანოა დატანილი.
 
საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი მეთორმეტის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული. ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა. როგორც მეცხრამეტე საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის აბანო იყო განლაგებული. მოგვიანებით მას „ერეკლეს აბანოსაც“ უწოდებდნენ. მის დასავლეთით, ოდნავ მოშორებით კი მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის, ენალას, გრილი აბანო, ბებუთასი – ყველა ეს აბანო მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. მეითარის აბანოს მოგვიანებით „სუმბათოვის აბანოს“ უწოდებდნენ, ხოლო გრილ აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა – „შიოევის აბანოს.“ აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც, რომელსაც „ხოჯას აბანო” ერქვა. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ამ ციხის აბანოს უწოდებდნენ აგრეთვე საჭურისს ხოჯა აღამაჰმადის აბანოს. ტფილისის აღების დროს ეს ხოჯა შევიდა ამ აბანოში, „გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა, მოეწონა წყალნი წმინდანი ყოველითურთ, აღუმრეველნი და მარგებელნი”, მაგრამ, სენისგან რომ ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოებიც ძირიად დაენგრიათ“. გრიშაშვილის მოწმობით, ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ციხის ანუ „ხოჯას აბანო” იყო და გამოირჩეოდა უწესობით, სივიწროვით.
 
აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა. ამიტომაც იცვლიდა ხოლმე აბანო სახელწოდებას იმის მიხედვით, თუ ვის მფლობელობაში იყო ის. აბანოს სახელწოდება მისი დამახასიათებელი თავისებურებებიდანაც მომდინარეობდა. ენალა ქალაქის მელიქი იყო 1655-1672 წლებში. მას ხელახლა აუშენებია აბანო და წყალი დაუთხანის აბანოდან გამოუყვანია. ზოგიერთი მკვლევარი ენალას აბანოდ მეცხრამეტე საუკუნეში „მირზოევის აბანოდ“ წოდებულ შენობას მიიჩნევს, რომელიც მირზოევამდე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა. ბებუთას აბანო კი, დღევანდელი ეგრეთ წოდებული საგარნიზონო აბანო უნდა იყოს. ამას გარდა, ტფილისის ძველ ცნობარებში ნახსენებია არღუტინ-დოლგორუკის აბანო, ჩიტახოვის, მეითარას, ძმები ცოვიანოვების, თამამშევის, ავლაბარში – გოგილოს აბანო. იმავე ცნობარებზე დაყრდნობით, საერთო აბანოში შესვლა 15-20-25 კაპიკი ღირდა, ხოლო ნომრის დაქირავება – 60-80 კაპიკიდან 1,20-1,50 მანეთამდე ჯდებოდა.
 
აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი აჩნია (ეს მეჩვიდმეტე საუკუნის თბილისის არქიტექტურის ნიშანდობლივი თვისებათაგანია). მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა ორბელიანების აბანო, ეგრეთ წოდებული „ჭრელი აბანო”. სახელწოდება მან მიიღო სხვადასხვა ფერის ფილებისგან, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთისმაგვარი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი. სწორედ ამ აბანოში დადიოდა ალექსანდრე პუშკინი თბილისში ყოფნის დროს. ცნობილი ფაქტია, რომ პუშკინის მექისე უცხვირო კაცი იყო. აბანოს მესამე ნომერს კი, რომელშიც პუშკინი „განიბანა“, დღემდე „პუშკინის ნომერს” უწოდებენ. სხვადასხვა დროს ჭრელ აბანოს ესტუმრნენ: ალექსანდრე დიუმა, კოსმონავტი გრეჩკო, ლუდმილა ზიკინა და ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის უმცროსი ძმა, ედვარდ (ტედ) კენედი, რომელიც 1970-იან წლებში იყო თბილისში ჩამოსული.
 
ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონია, ისინი გარკვეულად საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ჩამოსული გლეხისთვის ზოგჯერ სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაღში მირეკავდა, თვითონ კი, განბანილ-განსპეტაკებულს, ორ შაურად, მთელ ღამეს აბანოში არხეიდან ეძინა...აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა – ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ, აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები. ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი” გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს”.
 
აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისელი მოქეიფე ბოჰემისთვის – ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „თბილისის ნახვა და აბანოში არშესვლა იგივეა, რომ პარიზში ჩახვიდე და ეიფელის კოშკი არ ნახოო”.
უშანგი რუხაძე
 
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).
аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати