USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
Tbilisi
გოგი ლორთქიფანიძე - თბილისის გენგეგმის ისტორია
Date:  2266

სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ, კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან“.

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა “– ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს (პუნქტი 2.,,მ“).

 „განაშენიანების რეგულირების გეგმა” – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ- გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას“(პუნქტი 2.,,ნ“).

ზემოხსენებული დოკუმენტების გარდა, უნდა არსებობდეს ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა და თბილისი განვითარების სტრატეგია.

მხოლოდ ამ დოკუმენტების ერთობლიობის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს ჩვენი დედაქალაქის გეგმაზომიერი და სისტემური განვითარება, ნაცვლად დღეს არსებული ანარქიისა და ქაოტური ურბანული დანაშაულებისა.

რა რეალობა გვქონდა დღემდის, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით ვითარდებოდა თბილისი და როგორ მივედით ახალი დოკუმენტის მიღებამდე

 თბილისის I გენგეგმა 1934 წელს დამტკიცდა, რითაც დაიწყო ახალი ეტაპი თბილისის ქალაქმშენებლობაში (ავტორები: შ. ქურდიანი, ი. მალოზომოვი, გ. გოგავა). პირველი გენგეგმა აგრძელებდა ქალაქის ხაზოვანი განვითარების ტრადიციებს: ქალაქი გეგმარდებოდა მდ. მტკვრის გასწვრივ. გენგეგმაზე მონიშნული იყო თბილისის ზღვა, განვითარებული რეკრეაციული ზონით, ქალაქის სხვა ფუნქციური ზონებით.

1954 წელს დამტკიცდა ქალაქის მე-2 გენგეგმა, რომელიც იმეორებდა წინა გენგეგმის ტრადიციებს, თუმცა კი, ნაკლები გათვითცნობიერებითა და მექანიკური ტრანსფორმაციებით. 1950-იანი წლებში, პოლიტიკური ძვრების ფონზე რადიკალურად შეიცვალა ქალაქმშენებლობის იდეოლოგია. დაიწყო საცხოვრებელი ფონდის მასობრივი მშენებლობა ტერიტორიების ინტენსიური ათვისებით, რაც ტიპური სახლების პროექტირებით ხორციელდებოდა.

1970 წელს დამთავრდა თბილისის ახალი, რიგით მე-3 გენგეგმა, რომელზეც მუშაობა 1962 წლიდან დაიწყო და გათვლილი იყო 2000 წლამდე. გენგეგმა გამოირჩეოდა ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და პოზიტიური მიზნების მასშტაბურობით, რომელთაგან რიგი საკითხებისა განხორციელდა, ადრეული გენგეგმებისგან განსხვავებით.

შეიცვალა ქალაქის განვითარების ტრადიციული გრძივი, ხაზოვანი მიმართულება მდინარე მტკვრის გასწვრივ. დაისახა საქალაქო ცენტრის განვითარება თბილისის ზღვის მიმართულებით, ქალაქის ხაზოვან მიმართულებასთან მართობულად .

 1972 წელს დამტკიცებულ გენერალური გეგმას ვადა 2000 წელს გაუვიდა, რის შემდგომ მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. გენგეგმის განვითარების მომდევნო ეტაპზე - ქალაქის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტი არ იქნა მიღებული, რის საფუძველაზეც, 1988 წელს, გენგეგმის ვადის გასვლამდე 12 წლით ადრე, გამოცხადდა კონკურსი „თბილისის ურბანული განვითარების კონცეფციაზე.

 ეს უკანასკნელი მიიღეს 2000 წლამდე მოქმედების ვადით, თუმცა მან, ფაქტობრივად, 2009 წლამდე იმოქმედა.

 ქალაქ თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით, მიიღო „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“. ამ დროისთვის უკვე მოქმედებდა საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (მიღებული 2005 წლის 2 ივნისს ), რომელშიც არ იყო „პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ ცნება. ეს ცნება მოცემულია საქართველოს კანონში „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ (მიღებული 1998 წლის 20 თებერვალს), როცა მოხდა ამ კანონის ინკორპორირება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მიღებული 2014 წლის 5 თებერვალს), ამ ფორმალური მიზეზით, დაჩქარდა ახალი „გენერალური გეგმის მიღება“.

 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით, ქ. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა  „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“.

ამ გეგმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს უკვე ხუთ თვეში და 2015 წლის 21 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაკეთდა საკონკურსო განცხადება: „საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვა“.

 გეგმის შეცვლა პირდაპირ კავშირში იყო თბილისის  მერის ბ-ნი დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამის მთავარ დაპირებასთან, რომლის „შესრულებაც“ მისი მერობის მთავარ მიზნად გადაიქცა: „დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაიწყება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის თვისობირივი განახლება, რათა ის უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.“

 როგორ ჩატარდა კონკურსი და რა ინტერესები გამოჩნდა ამ პროცესის მიმდინარეობისას ?

 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ, საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული დროისთვის წარმოდგის იქნა 11 საკონკურსო წინადადება. ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობა დაიწყო საკონკურსო კომისიამ.

 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო - „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. 20 სამუშაო დღეში აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 400 000 ამერიკული დოლარი, რაც საკმაოდ დიდი ციფრია აღნიშნული მომსახურებისთვის ასეთ მოკლე დროში.

 შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის შეფასების შედეგად, 3 გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი შპს „თბილისი ჯგუფის”, „სითი ინსტიტუტი საქართველოს”, „Albert Speer & Partner GmbH”-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილის და მამუკა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილმა ერთობლივმა პროექტმა დაიკავა.

2015 წლის 13 სექტემბერს, საკონკურსო კომისიამ „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ რეკომენდაციით (11.09.2015 წ. საკონკურსო წინადადების შეფასების ანგარიში), გამოვლინდა საუკეთესო საკონკურსო წინადადება (ოქმი #5) და გამარჯვებულად დასახელდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის თანამშრომლობს ისეთ იურიდიულ პირებთან, როგორებიცაა: „AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”, Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო,უნივერსიტეტი, ა(ა)იპ „სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ და სხვები.

 გამარჯვებული კონკურსანტის მიერ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც, მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, კომპანიას უნდა შეესრულებინა და წარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი.

 2015 წლის 15 ოქტომბრის, საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელი მოეწერა თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ.

 აქვე აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნებულ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-ე დღეს.

საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა - 2015 წლის 13 სექტემბერს.

 ასეთი ფაქტობრივი გარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს, სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე.

 კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულ „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ მიიღო კონკურსის პირობებით გათვალისწინებული 50 000 ლარი.

 ლოგიკურად, აქ უნდა დამთავრებულიყო კონკურსი და დამთავრდა კიდეც, მაგრამ ამ პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, „შესყიდვების შესახებ კანონში“ განხორციელდა ცვლილება და კანონს დაემატა მე-101 მუხლის შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის, „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, უნდა შეუთანხმოს სააგენტოს“. განხორციელებული ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს დაევალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფო შესყიდვის წესებსა და პირობებს.

 კანონის მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო #13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ მოცემულობას, რომ კანონში განხორციელებული ზ/აღნიშნული ცვლილებაც და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - ბრძანებაც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან. რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას მიიღო #2212 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი კანონი არ გაითვალისწინებდა ცვლილებების 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესვლის საკითხს, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არ იქნებოდა უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიეღო გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზე განკარგულება და საჭიროებდა გაცილებით გართულებული, საჯარო და პროცედურულად გამართული წესით, ასეთი თანხმობის დადასტურებას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად 50 000-ლარიან კონკურსში გამარჯვებული „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ ავტომატურად მიიღო 2 800 000-ლარიანი კონტრაქტი.

ასევე კონკურსის პროცესს წითელ ხაზად გასდევს ქართულ-გერმანული კვალი. გარდა 20-დღიან მომსახურებაში გადახდილი  400 000 დოლარისა, ვიდრე გენგეგმაზე კონკურსი გამოცხადდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდა განხორციელებულიყო პროექტი - „მომავლის ქალაქი“, რომელიც ათ მიმართულებას მოიცავდა. საბოლოო ჯამში, „მომავლის ქალაქის“ ეს ათივე მიმართულება „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შექმნილი გენგეგმის პროექტში აღმოჩნდა. გემრანული კომპანია „მომავლის ქალაქის“ პროექტშიც იყო ჩართული, თუმცა დღეს „მომავლის ქალაქზე“ აღარავინ ლაპარაკობს. აღნიშნულ გარემოებებს მივყავართ დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პროექტ „მომავლის ქალაქის“ ნაწილობრივ დამფინანსებელ ორგანიზაცის KFW- სა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაში გამარჯვებულ კომპანიის პარტნიორ, ასევე გერმანულ ორგანიზაცია Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH-ს შორის, ჩამოყალიბებულია სათანამშრომლო გარემო.

გაგრძელება იქნება

გოგი ლორთქიფანიძე

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობა"

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way