USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
გოჩა ლორთქიფანიძე - ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა
თარიღი:  779

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა, რომლის დირექტორატის წევრიც ვარ ამჟამად, 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დაამტკიცა 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიანი პროგრამა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის დეტალები 2021 წლის განმავლობაში დაზუსტდება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობა საერთაშორისო ურთიერთობებში გაზრდილია.

„2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი და ეს მოლოდინი განპირობებულია უზარმაზარი ძალისხმევით, რაც გაკეთდა 2013 წლიდან. წარდგენილი იქნა 700-მდე მტკიცებულება. ჩვენი სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით, ამიტომ ქვეყანამ შედეგი უნდა მიიღოს ამ მტკიცებულებების და ამ სიმართლის სიმყარის ადეკვატური. მომდევნო წლების განმავლობაში, ევროპული სასამართლო აქტიურად დაიწყებს საქართველოს მიერ 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვას, რომელიც ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას. ჩვენ ამ საქმეზეც მოგვიწევს მასშტაბური სამუშაოების ჩატარება და ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ. ასევე, გაგრძელდება ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაზე ინტენსიური მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე. ჩვენი აქტიურობის შედეგად, ეს საქმე განიხილება მინისტრთა კომიტეტის ყოველ შეხვედრაზე და კომიტეტმა რუსეთი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა თანხის გადაუხდელობის გამო. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს მცირე წინსვლა. სულ რამდენიმე დღის წინ კომიტეტის ბოლო სხდომის ფარგლებში, რუსეთი დათანხმდა, რომ თანხის გადახდის პროცესში განიხილავს ევროსაბჭოს შუამავლობის საკითხს და საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად რუსეთს ვადა მიეცა 2021 წლის 1-ელ თებევრლამდე“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, უფრო აქტიურ ფაზაში შევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის ომის საქმის გამოძიება.

„ეს იქნება სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, რათა მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ ამ პროცესში უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს და 2016 წელს სასამართლომ აღნიშნა, როდესაც მან გასცა ნებართვა 2008 წლის ომის დაწყების გამოძიების შესახებ, რომ 2008 წელს რაც მოხდა, ეს იყო საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი ცხინვალის რეგიონზე ახორციელებდა კონტროლს და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის