გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომლებმაც გმირთა მოედანზე იუსტიციის სახლიდან გადაინაცვლეს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდები ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!
ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ - წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.
ფიცის დადების შემდეგ ახალგაზრდებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
იუსტიციის სახლიდან გმირთა მოედნამდე სტუდენტები მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობისას აქციის მონაწილეებს ავტომობილების მძღოლები მხარდაჭერას სიგნალებით უცხადებდნენ.აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: „არა რუსულ რეჟიმს“, „ევროკავშირს გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მათი თქმით, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.
გმირთა მოედნიდან ახალგაზრდები კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/