USD 2.7085
EUR 3.1462
RUB 3.3432
თბილისი
გლდანის პატარა ტბის გარშემო ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
თარიღი:  361

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის პატარა ტბის გარშემო მასშტაბური სამუშაოები დაასრულა და დედაქალაქს კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შემატა.

თუ აქამდე ტერიტორია მოუწესრიგებელი და სამშენებლო ნარჩენებისგან დანაგვიანებული იყო, დღეს პატარა ტბის ირგვლივ შექმნილია სრულად განახლებული გარემო. აღნიშნული პროექტი მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით.

განახლებული ტერიტორია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„კარგად გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი მდგომარეობა იყო გლდანის პატარა ტბის გარშემო და დღეს ტერიტორია უკვე ყველანაირად რეაბილიტირებული, განახლებულია. მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, განათების სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ეს ყველაფერი თქვენია, რომელსაც უნდა მოვუაროთ, მივხედოთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან სამუშაოებში. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მათი თანადგომით შევძელით ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება. მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა, რა პროექტია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს და უნდა მისი განვითარება, წინსვლა, იამაყებს ამ პროექტით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გლდანში გვაქვს კიდევ ერთი ტბა, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ტერიტორია კერძო საკუთრებშია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ იგი მუნიციპალიტეტს დავუბრუნოთ და ასეთივე პროექტი განვახორციელოთ. აქვე არის „ამერის“ საფეხბურთო სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ტერიტორია უკვე დავუბრუნეთ თბილისელებს და პირობას გაძლევთ, რომ ორ წელიწადში ის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

556011556_1360154518813704_107975010586826090_n

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 8,2 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც 5,1 ჰა პარკის ტერიტორიაა, მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, ფრენბურთის ქვიშის მოედანი, საჩრდილობლები, სკამები, ურნები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ტბაზე დამონტაჟდა პირსი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდნენ გარემოსა და ფრინველებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამწვანებაზე - მოეწყო სარწყავი სისტემა, შეტანილი იქნა ნოყიერი მიწის ნაზავი და მულჩი, 22 757 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, 2 491 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. გარდა ამისა, მოეწყო ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად შერწყმულია არსებულ ლანდშაფტთან.

პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

პროექტის დეტალები:

  • საერთო ფართობი – 8,2 ჰექტარი, აქედან პარკის ტერიტორია – 5,1 ჰა;
  • მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფრენბურთის ქვიშის მოედანი, საჩრდილობლები, სკამები და ურნები;
  • დამონტაჟდა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა;
  • ტბაზე მოეწყო პირსი, საიდანაც ვიზიტორებს გარემოსა და ფრინველების დაკვირვება შეუძლიათ;
  • გამწვანებისთვის დაიგო 22 757 კვ.მ ბალახი და დაირგო 2 491 ძირი მცენარე;
  • ტერიტორიაზე მოეწყო ტერასული გამწვანება და სარწყავი სისტემა;
  • პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარს შეადგინა.

გლდანის პატარა ტბის ირგვლივ განახლებულ სივრცესთან ერთად, მერმა აღნიშნა, რომ იგეგმება რაიონში მდებარე კიდევ ერთი ტბის რეაბილიტაცია, რომლის დაბრუნება მუნიციპალურ საკუთრებაში ამჟამად პროცესშია.

555586661_1360155545480268_1835142849696785614_n

გამოკითხვა
სხვათა შორის