USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
თბილისი
გივი ანდრიაძე - მუშკეტერი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით და ექიმის დიპლომით
თარიღი:  5048

 თაობა,  რომელმაც  შექმნა ისტორია 

ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში, თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ თაობად, რომელმაც შექმნა ისტორია. თაობა, რომელმაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებული, საუკუნის ბოლომდე უამრავ წარმატებას მიაღწია მეცნიერებაში, სპორტში, ხელოვნებაში. თავად ბატონი გივი მთელი ცხოვრება ორი მუზის "მსახური" იყო - წარმატებული იყო მისი სპორტული კარიერა ფარიკაობაში. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული ფარიკაობის არაერთი აღიარება, რის გამოც მას სპორტის რაინდის წოდება ერგო. სპორტული ცხოვრების მიღმა წარმატებული იყო მისი, როგორც ექიმის კარიერა. ბატონი გივი, ცნობილი კარდიოლოგი ათეული წლები ეხმარებოდა ადამიანებს ყველაზე მთავარის - სიცოცხლის გადარჩენაში.   

ცნობილი მუშკეტერი ექიმის დიპლომით - ეს გივი ანდრიაძის პორტრეტის გამორჩეული შტრიხებია, თუმცა ამის მიღმა იყო კიდევ   ერთი მთავარი - მას "მემკვიდრეობად" ტიციან ტაბიძის შვილიშვილობა ერგო, რისი წყალობითაც ცხოვრებამ შეახვედრა ლეგენდარულ ადამიანებს, ვისთანაც ძვირფასი მოგონებებით არის დაკავშირებული.       

და კიდევ ერთი შტრიხი პორტრეტისთვის - 77  წლის ასაკში გივი ანდრიაძე გინესის რეკორდსმენი ხდება იმ უნიკალური რეკორდისთვის, რომელიც მან დაამყარა ფარიკაობის ისტორიაში - ის 20 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი რაპირაში, 56 წლის შემდეგ კი, უკვე, ვეტერანის რანგში სამჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული - ფარიკაობის სამივე სახეობაში (რაპირა, დაშნა, ხმალი).   

  ნინო მაყაშვილი, ტიციან და ნიტა ტაბიძეები 

ვერა, ბავშვობა, ოჯახი    

ვერაზე, ძნელაძის ქუჩაზე დავიბადე.14 წლის ვიყავი,როდესაც გოგებაშვილის ქუჩაზე გადავედით საცხოვრებლად ე.წ. მწერლების სახლში. ჩვენი მეზობლები იყვნენ იოსებ ნონეშვილი, პავლე ინგოროყვა, შალვა აფხაიძე, ვიქტორ გაბისკირია. პატარა ბიჭი ყოველდღე ამ  დიდ ადამიანებს ვხედავდი. იმ ასაკში გაცნობიერებული არ მქონდა, რომ ტიციან ტაბიძის შვილიშვილი ვიყავი.ჩემი მშობლები ისე მზრდიდნენ, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ვერ ვხვდებოდი, რომ გამორჩეულად დიდი წინაპარი მყავდა. დედაჩემი ნიტა ტაბიძე ხშირად მესაუბრებოდა ბაბუაზე. მთელი ცხოვრება ცრემლით იგონებდა 1937 წლის 15 დეკემბრის ცივ ღამეს, არ ავიწყდებოდა მამის დანაბარები, რომელიც მან უთხრა ატირებულ მეუღლეს ნინო მაყაშვილს და დედას, სანამ ჩეკისტები მას სახლიდან წაიყვანდნენ: იცოდეთ, ჩემი სახელის ხსენების და ხალხის თვალებში შეხედვის თქვენ არასოდეს შეგრცხვებათო. დედა მაშინ 16 წლის ყოფილა, მე ექვსი წლის შემდეგ დავიბადე ნიკოლოზ ანდრიაძის ოჯახში. ბაბუაჩემი პირველი ინფექციონისტი და ძალიან ცნობილი ექიმი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ამ დარგის ჩამოყალიბება და განვითარება. ბაბუაჩემის სახელს ატარებს ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, რომელიც მისი დაარსებულია. ექიმი იყო მამაჩემიც, ალექსი ანდრიაძე. 

ნიკოლოზ იოსების ძე ანდრიაძე

დედას და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, საოცარი სიყვარული აკავშირებდათ, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. ნიტა კეთილი და თბილი ქალი იყო, მის მიმართ ყველა დიდი პატივისცემით და სიყვარულით იყო განმსჭვალული. უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა ხოლმე მასთან რუსეთიდან, უკრაინიდან, სასომხეთიდან, ყველა მისი ახლობელი და მეგობარი იყო, ვისაც კი  პოეზიასთან კავშირი ჰქონდა. მახსოვს ლენინგრადიდან სტუმრად იყო ჩამოსული მწერალი ნატალია საკალოვსკაია, ინტერვიუ უნდა აეღო დედასთან, მაგრამ მერე ისე დამეგობრდნენ  ქალბატონი ნატალია ოთხი წელი ცხოვრობდა ჩვენთან. დედას მიმართ ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, დღეს იშვიათია ადამიანის მიმართ ასეთი სიყვარული..

არჩევანი, რომელიც  იქცა ცხოვრების მთავარ  მუზად..  

12 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა პიონერთა სასახლეში ფარიკაობის წრეზე შემიყვანეს. იქამდე  ჭადრაკზე დავდიოდი  ვახტანგ ქარსელაძესთან. იმ ასაკში პუტკუნა ბიჭი ვიყავი. მშობლებმა იფიქრეს, უფრო აქტიური სპორტით თუ დავკავდებოდი,  წონაში დავიკლებდი  და მიმიყვანეს ანატოლი ფიოდოროვთან, რომელიც  ცნობილი მწვრთნელი იყო. მან დამაყენა ბილიკზე და მასწავლა  ფარიკაობის ანა-ბანა.  მაშინ  ჩემი მშობლები რას წარმოიდგენდნენ, რომ სპორტის ამ სახეობას მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი, გავხდებოდი მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.მამაჩემი ტანმოვარჯიშე იყო. მას ჩემს სპორტულ კარიერაში არაპირდაპირ, მაგრამ დიდი წვლილი მიუძღვის. 1962  წელს ეგვიპტეში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში  20 წლამდე ასაკში.ფინალში შევხვდი ფრანგ მოფარიკავეს კურტილიას. მაშინ ეგვიპტეში ქართველების ყოფნა იშვიათობა იყო. ტურნირის დროს ვიღაცამ ზურგიდან დამიძახა: ბიჭო, ქართველი არ ხარ, მიდი შეუტიეო. მოვიხედე, რომ დამენახა ვინ იყო, ამ დროს კურტილიამ  დრო იხელთა და  ჩხვლეტა  მომაყენა. ის ბრძოლა წავაგე. იმ წელს კურტილია ჩემპიონი გახდა, მე მეხუთე ადგილი ავიღე. თბილისში რომ ჩამოვედი, თითქმის მთელი წელი, მამა  ნორმალურად არ მელაპარაკებოდა, ნაწყენი იყო, როგორ ვერ გაიმარჯვეო - მეტყოდა ხოლმე, ვითომ ხუმრობით. ეს ისე დამამახსოვრდა, რომ მომავალ წელს, მსოფლიო პირველობაზე, რომელიც ბელგიის ქალაქ გენტში გაიმართა, პირველი ადგილი ავიღე და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. რამდენჯერაც გამიძნელდა შეჯიბრებაზე  გამოსვლა, იმ წამსვე მამა მახსენდებოდა. ფინალში ისევ კურტილიას შევხვდი. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთიდან, მე ჩემი მწვრთნელი ბიჭიკო მესხი  და რამდენიმე ადამიანი მახლდა. კურტილიას გულშემატკივრები  დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის  აუცილებლად  მოიგებდა ჩემპიონატს  და გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ზუსტად  ერთ წუთში მოვიგე ეს შეხვედრა  5 -1 ანგარიშით. უბედნიერესი კაცი ვიყავი. როცა კვარცხლბეკზე ავედი, ჰიმნის დაკვრის დროს მე მხოლოდ  იმაზე ვფიქრობდი, რომ  მამას თვალებში თამამად შევხედავდი და ის ჩემზე ნაწყენი აღარ იქნებოდა.

ასე დაიწყო ჩემი გზა ფარიკაობაში. იმ დროს ფარიკაობა ძალიან პოპულარული იყო, ელიტურ სპორტად ითვლებოდა. ჩემს ახალგაზრდობაში საბჭოთა კავშირის პირველობაზე ძალიან ბევრი ხალხი იღებდა მონაწილეობას, კარგი სპორტსმენები ჰყავდა უკრაინას, ბელორუსიას. ჩვენც გვყავდა უფროსი თაობის გამორჩეული მოფარიკავეები გურამ კოსტავა, იურა ოსიპოვი, რეზო ცირეკიძე, ძმები გოგელიები. იმ დროს ტურნირი რომ მოგეგო,ძალიან ბევრი უნდა გევარჯიშა. მე დღემდე ასე ვარ - აქტიურად ვვარჯიშობ,  ვცურავ, დავრბივარ, რომ სპორტულ ფორმაში ვიყო. ახალგაზრდობაში სამჯერ გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი,  1963 წელს  კი მოვიგე  მსოფლიო პირველობა. ეს იყო ჩემი სპორტული კარიერის პირველი და წარმატებული ეტაპი.

 2002  წელს გავიგე,  რომ ამერიკაში ტარდებოდა მსოფლიო პირველობა ვეტერანებში, ძალიან გამიხარდა. მოვემზადე და ჩავედი ამერიკაში,  ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი. მას შემდეგ არც ერთხელ  არ გამომიტოვებია ვეტერანების მსოფლიო პირველობები. თავიდან მეხუთე - მერვე -მეათე ადგილებზე გავდიოდი, შემდეგ დავიწყე შედეგების  გაუმჯობესება.  2013 წელს იტალიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ავიღე მესამე ადგილი. ვეტერანებში ასეთი მიღწევა ძნელია.  2014 წელს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ჩატარდა მსოფლიო პირველობა, სადაც ისევ მესამე ადგილზე გავედი. 70 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა დაშნით და ხმლით ფარიკაობა ვისწავლე, გუნდი არ გვყავდა და ჩემ თავზე ავიღე. მთელი ცხოვრება რომ რაპირით ფარიკაობ,  და გუნდის სახელის დასაცავად დაშნით და ხმლით ფარიკაობას ისწავლი, ამას გაბედვა უნდა. 2015 წელს  გერმანიაში, ლაიფციგში მედიკოსების ჩემპიონატზე ჩავედი, იქ  მოვიპოვე ევროპის ჩემპიონის წოდება რაპირით ფარიკაობაში, 2019 წელს  კი ისევ გერმანიაში გავხდი ევროპის ჩემპიონი  როგორც ხმლით, ასევე რაპირით და დაშნით ფარიკაობაში. მე თვითონ მიკვირდა ასეთი დიდი წარმატების, ეს მე ვარ -მეთქი, ვხუმრობდი.

                      

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის რაინდის  წოდება. 2019 წელს ფარიკაობის ფედერაციამ წარმადგინა ამ ტიტულზე და მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაადასტურა. ტიტულები არ მაკლდა, მაგრამ ეს მართლაც ძალიან სასახელო წოდებაა, რომელსაც სპორტსმენებს იშვიათად ანიჭებენ. სპორტის რაინდის მედალს საპატიოდ ვინახავ.     

ერთი წუთის  "თეორია" ...

გენეტიკამ იმარჯვა და პროფესიულად ბაბუის და მამის გზა გავაგრძელე. მთელი ბავშვობა ვხედავდი პაციენტებს, რომლებიც  ჯერ ბაბუასთან, შემდეგ მამასთან მოდიოდნენ, და მეც გამიჩნდა ინტერესი მედიცინის, უფრო მეტად კარდიოლოგიის  მიმართ.  სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, შემდეგ წავედი მოსკოვში. ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი,  მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუტი იყო. 1970 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის ხელმძღვანელობით. ბატონი ჩაზოვი წლების განმავლობაში იყო მეოთხე სამმართველოს უფროსი, მის ხელში გამოიარა გენსეკის ხუთმა მდივანმა - ის იყო ბრეჟნევის, ჩერნენკოს, ანდროპოვის, გორბაჩოვის, ელცინის პირადი ექიმი. წარმატებული იყო, ჩემი, როგორც პრაქტიკოსი ექიმის კარიერა. უამრავ პაციენტს ვეხმარებოდი, ვმკურნალობდი. მე დღემდე ვმუშაობ რესპუბლიკურ  საავადმყოფოში კარდიო-ქირურგიული დეპარტამენტის ექიმ- კონსულტანტად და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის მენეჯერად. 2017 წელს ამირჩიეს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

 

ევგენი ჩაზოვი და გივი ანდრიაძე

მთელი ჩემი ცხოვრება მედიცინას და ფარიკაობას მივუძღვენი. ვერ ვიტყვი, რომელი საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო,  ორივეს  თანაბარი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. ბევრჯერ უკითხავთ, რა აქვს საერთო ამ ორ საქმეს - ეს არის ის  ერთი  წუთი, რომელიც წყვეტს ყველაფერს. კარდიოლოგიაში დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ასეა ფარიკაობაშიც. მოსკოვში აკადემიკოს ჩაზოვთან  როდესაც ვმუშაობდი, ჩემი მორიგეობის დროს მძიმე ავადმყოფი შემოიყვანეს, ცნობილი ინსტიტუტის დირექტორი იყო.  მოულოდნელად ამ კაცს გული გაუჩერდა, კვდებოდა უკვე. ერთ წუთში მივიღე გადაწყვეტილება - ჩავუტარე ელექტროშოკი - დეფიბრილაცია, რომელიც მაშინ ახალი მეთოდი იყო და პაციენტი გადარჩა. იმ ერთმა წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი. მე რომ სწრაფად არ მიმეღო გადაწყვეტილება, მეყოყმანა, დამაგვიანდებოდა. ასეა როცა საქმე სიცოცხლეს, გულს ეხება.. უნდა იჩქარო,  ასეა ფარიკაობაშიც- ერთ წუთში უნდა შეფასო მოწინააღმდეგე, მოიფიქრო, რა გააკეთო, რომ მოიგო ბრძოლა, ეს არის ჩემი ერთი წუთის თეორია.   

მოგონებები  წარსულზე და ლეგენდარულ ადამიანებზე..

უკვე დიდი  ვიყავი, როდესაც  ჩვენთან სახლში ბორის პასტერნაკი ჩამოვიდა. ის მეუღელესთან ერთად ერთი თვე ცხოვრობდა ჩვენთან. მაშინ მოსკოვში ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჩამოდიოდა, ხრუშჩოვმა პირდაპირ მოთხოვა პასტერნაკს, პრემიერ- მინისტრს შენთან შეხვედრა უნდა, მოსკოვში ვერ დარჩები, სადმე უნდა წახვიდეო. პასტერნაკმა და მისმა მეუღლემ ზინაიდა ნიკოლაევნამ თბილისში ჩამოსვლა არჩიეს. მათი მასპინძელი ბებია ნინო მაყაშვილი იყო. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დიდი მეგობრები იყვნენ. თბილისში სტუმრობიდან ერთი წლის შემდეგ პასტერნაკი ბებიას ხელში გარდაიცვალა, სიკვდილამდე არ მოშორებია მას  ნინო ბებია.პასტერნაკების ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის პირადად ჩემზეც. მოსკოვში სწავლის დროს, როდესაც ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე, ბინა რომ არ დაგვექირავებინა, ხუთი წელი მათ ბინაში ვცხოვრობდი.                                                                ბორის პასტერნაკი თბილისში

ნინო მაყაშვილი  თავადის ქალი იყო, დახვეწილი, გონიერი.ზაფხულს მის მშობლიურ ყვარელში ვატარებდი ხოლმე, მის ნათესავებთან, მაყაშვილების მამულებში. ძალიან მიყვარდა ყვარელი, წლების შემდეგ  ჯერ ყვარლის, მოგვიანებით კი ვანის საპატიო მოქალაქედაც კი ამირჩიეს. ნინო ბებიას სიკვდილამდე უყვარდა ტიციანი, მას სულ ჰქონდა იმედი, რომ ის დაბრუნდებოდა,  ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ  ტიციანი დახვრიტეს. ბებია ინახავდა მაგიდის საათს, რომელიც გაჩერდა მაშინ, როდესაც ტიციანი წაიყვანეს.  ეს საათი ჯერ ინახებოდა ბებიას სახლში, შემდეგ კი 1985 წელს, როდესაც მერიის და ირაკლი ანდრიაძის დახმარებით გრიბოედოვის ქუჩაზე  გაიხსნა ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი, საათი სხვა ტიციანის კუთვნილ ნივთებთან და ექსპონატებთან ერთად მუზეუმში  მოხვდა. ბებია მეგობრობდა ნიკოლოზ ტიხონოვთან, პავლე ანტოკოლსკისთან, კონსტანტინე სიმონოვთან, სერგეი   ესენინთან. ბებია მათთან ჩადიოდა ხოლმე, ისინიც  ჩამოდიოდნენ საქართველოში, ერთად დადიოდნენ ზღვაზე. ბებია ვერ მოესწრო ტიციანის  მუზეუმის გახსნას. დედა იყო  ამ მუზეუმის დირექტორი წლების განმავლობაში, 2006 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ მუზეუმს ჩემი და ნინო ანდრიაძე  უძღვება.          

ტაბიძეების და ანდრიაძეების "მემკვიდრეობა"

ბედნიერი კაცი ვარ, რომ ორივე გვარიდან, როგორც ტაბიძეებისგან, ასევე ანდრიაძეებისგან "მემკვიდრეობით" მერგო ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი თვისება -  სიცოცხლის სიყვარული. ყველას თავისი გვარი უყვარს, მაგრამ სიამაყით ვიტყვი, რომ ანდრიაძეებს დიდი გვარი გვაქვს, წარმატებული, შეკრული და მეგობრული ურთიერთობით, გვაქვს ჩვენი საგვარეულო დროშა, ჰიმნი. რაც შეეხება ტაბიძეებისგან მიღებულ "მემკვიდრეობას," ტიციან ტაბიძის შვილიშვილობა სიამაყესთან ერთად იყო დიდი პასუხისმგებლობა. რომ მოგენდომებინა, ცუდად ვერ მოიქცეოდი. ეს იყო ფარი, რომელიც გიცავდა შეცდომებისგან, გადაცდენისგან. პოეზია ჩვენს ოჯახში სულ იყო, რადგან  ტიციანი და პოეზია განუყოფელია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ჩვენ,  მის შთამომავლებს  წერის ნიჭი დაგვყვა. ხომ ამბობენ, გენი ოთხი - ხუთი თაობა ისვენებს და შემდეგ, შესაძლოა  ისევ "გაიღვიძოსო", ვნახოთ,როგორ იქნება. საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული არაფერზე მწყდება, მყავს კარგი შვილები ლექსო და მარიამ ანდრიაძეები. ერთადერთი რაც მაწუხებს, ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან ჩემი მეუღლე მანანა ანდრიაძე. ჩემი მეუღლე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კონსერვატორიის პროფესორი და პრორექტორი იყო, შესანიშნავად უკრავდა, მღეროდა. მოღვაწეობდა  ქართული სასულიერო მუსიკის სფეროში. ის იყო მუსიკისმცოდნე, პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ამ სფეროში დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. მანანამ დაარსა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკლესიო მუსიკის კათედრა და  შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა. სამწუხაროდ, მანანა 2013 წელს  გარდაიცვალა  62 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ძალიან უყვარდა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, ის მანანას დაკრძალვის დღეს, ქაშუეთის ეკლესიაში მობრძანდა და თავად გადაუხადა მანანას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

მანანა ანდრიაძე პატრიარქთან შეხვედრაზე

თაობა,  რომელმაც  შექმნა ისტორია..      

არ მინდა ტრაბახში  ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენ თაობას ნამდვილად გამორჩეული როლი ერგო, 60-70-იან წლებში უზარმაზარ წარმატებებს მივაღწიეთ სპორტში, მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სხვადასხვა დარგებში. იმ დროს, ჩაკეტილ საბჭოთა სამყაროში იოლი არ იყო წარმატების მიღწევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ ქართველებს  მაინც  ბევრი წარმატება გვქონდა. ადამიანები თავიანთი ნიჭიერებით სრულიად განსხვავებულ ისტორიებს ქმნიდნენ, რომელმაც დროს და ათეულ წლებს  გაუძლო.    

თამუნა  ჩხენკელი   

 

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.