USD 2.7500
EUR 3.1614
RUB 3.3805
Tbilisi
გიორგი ცუცქირიძე - ლარი წლის ბოლოს 2.7-ის ფარგლებში იქნება, მომავალ წელსაც სტაბილური გაცვლითი კურსი გვექნება
Date:  614

“ლარი,  ჩვენი გათვლებით და არა მხოლოდ ჩვენი გათვლებით,  ამ წლის ბოლოს 2,70-ის ფარგლებში იქნება,  მომავალ წელსაც სტაბილური იქნება, კურსის რაიმე რყევა არ მოხდება”- ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური მაკროფაქტორების კარგი მაჩვენებლიდან გამომდინარე ლარის დინამიკა პოზიტიურია.

“მოგეხსენებათ,  ბოლო დღეებში  ლარის კურსი მყარდება. გარკვეული შიში იყო, რომ შეიძლებოდა,  ლარის კურსი გაუფასურებულიყო. გასული 10 დღის წინანდელ პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც კურსი 2.71-ს აცდა. თუმცა, ჩვენი პროგნოზი მაშინაც ის იყო, რომ ლარი  ზევით არ წავიდოდა  და პირიქით, დასტაბილურდებოდა, გამყარებისკენ წამოვიდოდა. ეს, ფაქტობრივად, სახეზეა. ბოლო დღეებში ლარი მყარდება, უკვე 2,70-ს ჩამოცდა. გარკვეულწილად, დადებითი დინამიკაა. ხაზს გავუსვამ იმას, თუ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული.  სავალუტო კურსი, პირველ რიგში, მოგეხსენებათ,  სავალუტო ბალანსსა და ზოგადად, უცხოური ვალუტის დინამიკაზეა

დამოკიდებული, მათ შორის,  იმპორტზე. ჩვენ რომ ლარის დღევანდელი მაჩვენებლები შევაფასოთ, უნდა ვთქვათ, რომ ლარი , ჩვენი გათვლებით და არა მხოლოდ ჩვენი გათვლებით,  ამ წლის ბოლოს 2,70-ის ფარგლებში იქნება,  მომავალ წელსაც სტაბილური  იქნება, მისი რაიმე რყევა არ მოხდება,  გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა  გვაქვს.

წლის დასაწყისში “სავალუტო ფონდის” და “მსოფლიო ბანკის” პროგნოზები შედარებით მოკრძალებული, კონსერვატორული, 4%- ის ფარგლებში იყო, ჩვენ ამ წელს,  სავარაუდოდ,  7%-იანი ზრდის ფარგლებში ვამთავრებთ, რაც მაღალია. რაც ყველაზე მთავარია და რაც კურსის დინამიკაზე ასევე აისახება  გაუმჯობესებული საგადამხდელო ბალანსია, ასევე საგარეო ვალი მნიშვნელოვნად შემცირებულია. მნიშვნელოვნად შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტიც. როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი მთლიანობაში ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასეთი მაღალი ექსპორტი  გასულ წლებში არასდროს გვქონია. 

ეკონომიკური მაკროფაქტორების კარგი მაჩვენებლიდან გამომდინარე ლარის დინამიკა პოზიტიურია.

რაც შეეხება მომავალ წელს, ვიცით , რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ძალიან დაბალი დეფიციტის პირობებშია დაგეგმილი. როცა ბიუჯეტის დეფიციტი 2-დან 3 %-მდეა , ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია  არათუ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო სტანდარტითაც. ხაზგასმა მინდა, გავაკეთო იმაზეც, რომ ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბიუჯეტის დეფიციტის გვაქვს. ასევე დაბალია საგარეო ვალის მაჩვენებელი, სხვათა შორის,  ერთ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროკავშირში. არიან ქვეყნები,  სადაც  საგარეო ვალი 100%-ზე მაღალია.

ვალი  უნდა შევაფასოთ არა იმით, თუ რამდენია პროგნოზში (მშპ-ის დაახლოებით 38-39% იქნება )  არამედ იმ დინამიკით, რომ უკვე მესამე წელია, 2020 წლიდან მოყოლებული, მშპ-სთან  ამ ვალის პროცენტული შემცირება ხდება. მოგეხსენებათ,  კოვიდპანდემიური შოკის პერიოდში, როცა ეკონომიკური რეცესია გვქონდა, ბიუჯეტის დეფიციტი 9 %-მდე იყო გაზრდილი, ხოლო საგარეო ვალი 61 %-მდე გვქონდა. დღეს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-მდეა, რაც შეეხება საგარეო ვალს, ის 40%-ზე ქვევით იქნება. ეს ყველაფერი სავალუტო კურსზე პირდაპირ აისახება,

თუ ექსპორტის მზარდ დინამიკასაც გავითვალისწინებთ”- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა ტურიზმიდან უცხოური ვალუტის სახით საკმაოდ კარგ შემოსავლებს იღებს, რაც ქვეყანაში რჩება და სავალუტო კურსზე მოქმედებს.

“კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გაუმჯობესებულია და  სავალუტო ბალანსზე  პირდაპირ მოქმედებს , მომსახურების ექსპორტია, პირველ რიგში,  საერთაშორისო ტურიზმი. უნდა ვთქვათ, რომ ტურიზმი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია, არათუ 2020 წელთან, როცა  ტურისტული ინდუსტრია , ფაქტობრივად,  გაჩერებული იყო. ტურიზმიდან უცხოური ვალუტის სახით საკმაოდ კარგ შემოსავლებს ვიღებთ, რომელიც ქვეყანაში რჩება და სავალუტო კურსზე მოქმედებს.  კიდევ ერთი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. ველოდებით, რომ წლის ბოლოს სარეკორდო მაჩვენებელი გვექნება, გამომდინარე პირველი ორი კვარტლის დინამიკიდან.

მომავალ წელსაც სტაბილური გაცვლითი კურსი გვექნება. წლის ბოლოსთვის, როგორც მოგახსენეთ, ყველა პარამეტრი პოზიტიურია. ამას ე.წ ახალი წლის ეფექტიც  ემატება. ფაქტორი, რომელიც დეკემბერში სავალუტო კურსზე დადებითად იმოქმედებს, წინასაახალწლო ფაქტორია. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება ხოლმე. ადამიანები, რომლებსაც დანაზოგები უცხოურ ვალუტაში აქვთ, მათ კონვერტაციას ლარში ახდენენ საახალწლო საჩუქრებისთვის, სხავადასხვა ხარჯის  დასაბალანსებლად. ამიტომ  ვამბობ,  წლის ბოლოს სატბილური კურსი იქნება,  დაახლოებით, 2.69- 2.70-ის ფარგლებში”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6860 ლარია.

წყარო: https://bfm.ge/

ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way