USD 2.6625
EUR 3.0683
RUB 3.6325
თბილისი
გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა
თარიღი:  732

ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში მუშაობისას ახალგაზრდა ფინანსისტმა გიორგი მესხმა შეამჩნია, რომ ხშირად მიზეზი რის გამოც კომპანია ინვესტიციას ვერ იღებდა, ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია იყო.

ეს ის შემთხვევაა, როცა კარგი იდეა, პროფესიონალთა გუნდი და თუნდაც სწორი ბიზნესმოდელი თავისით ვერ ყიდის თავს. საჭირო ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია, სწორი პრეზენტაცია და საინვესტიციო მასალების ხარისხიანი მომზადება.

“საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ამ მასალებზე მუშაობა და, რაც მთავარია, იმ შედეგებისა და წარმატებების ნახვა, რასაც კომპანიები იღებდნენ ჩემ მიერ მომზადებული საინვესტიციო მასალების გამოყენების შემდეგ.”- იხსენებს გიორგი, რომელმაც თიბისი ბიზნესდაჯილდოების “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციაში მეორე ადგილი აიღო.

დღეს უკვე 600-ზე მეტ სტარტაპთან თანამშრომლობს მსოფლიოს 35-ზე მეტი ინდუსტრიიდან. მისი კლიენტები ძირითადად აშშ-დან, ევროპული და არაბული ქვეყნებიდან არიან. თემებიც მრავალფეროვანია: შვეიცარიის საგანმანათლებლო ინსტიტუტის პროექტები თუ საჰარის უდაბნოს ტურიზმი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტს განსაკუთრებით ხიბლავს, ხელოვნური ინტელექტია. მიმართულება, რომელიც დღითიდღე უფრო ხშირად საჭიროებს საინვესტიციო მასალების მომზადებას.

“პროცესი, როგორც წესი, ასე მიმდინარეობს: ჯერ ვადგენთ საინვესტიციო პრეზენტაციას, შემდეგ ფინანსურ მოდელს, სურვილის შემთხვევაში სხვა კომპონენტებსაც, შემდეგ ვეხმარები სტრატეგიულ პოზიციონირებაში, რათა დამაჯერებლად წარადგინონ საკუთარი ბიზნესის სიძლიერეები. საბოლოო ჯამში, კლიენტებს უფრო ნათლად ესმით, თუ როგორ მივიდნენ ინვესტორებთან და რას ელოდონ პროცესში.”-გვიხსნის გიორგი.

ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 18 თვეში, მის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, სტარტაპებმა $140 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, ხოლო გიორგის საქმიანობის მთლიანი მოცულობა $1.2 მილიარდს აჭარბებს.

ბევრი სტარტაპი ფიქრობს, რომ კარგად მომზადებული „ფიჩ დექი“ ინვესტორების ავტომატურ ინტერესს გამოიწვევს, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია, მიზნობრივი ინვესტორების შერჩევა და პროცესის თანმიმდევრული მართვა. თან ხომ გახსოვთ? წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ფრილანსერობა გიორგისთვის თავისუფლების სინონიმია. შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს პროექტები, იმუშაოს სხვადასხვა ინდუსტრიაში და ყოველ ჯერზე ახალი გამოცდილება მიიღოს. თუმცა, ამ თავისუფლებას თავისი სირთულეებიც ახლავს, მუდმივი მობილიზება.

“ხშირად მიწევს ღამეების გათენება, სულ ლეპტოპთან ერთად სიარული და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს გზა მაინც უფრო საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა პროფესიული განვითარებისთვის.”- ამბობს გიორგი.

თიბისის მიერ „საუკეთესო ფრილანსერის“ ტიტულით დაჯილდოება მისთვის განსაკუთრებული მოტივაცია გახდა. აღიარება სტიმულია, ახალი ენერგიით გააგრძელოს განვითარება და საერთაშორისო მასშტაბზე კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი პროფესიული ადგილი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის