1. ნატო გაფართოვდა - 2023 წლის აპრილში ნატოს ახალი წევრი, ფინეთი შეემატა. კრემლი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მუქარითა და წითელი ხაზებით გამოდიოდა, მაგრამ ყველა ეს მუქარა და წითელი ხაზი უბრალოდ ფუჭი გამოდგა: ნატო-რუსეთის საზღვარი 1300 კილომეტრით გაიზარდა. ნეიტრალურ სახელმწიფოსაც კი რომ აიძულებ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას ესე იგი სრულიად უგუნურ პოლიტიკას აწარმოებ.
2. პრიგოჟინის ამბოხი - რუსეთი კლანებით იმართება. კლანებს შორის ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ შეიარაღებული კრიმინალი ბანდების მხრიდან დედაქალაქზე წასვლამ რუსეთის შიდა პოლიტიკური სიმყიფე კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა.
3. ყარაბაღის სამხედრო კრიზისის დასასრული - პოსტ-საბჭოთა სივრცეში პირველი სამხედრო კონფლიქტია, რომელიც საბოლოოდ სამხედრო გზითვე მოგვარდა. იმ ფონზე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ფინალურ სამშვიდობო შეთანხმების დადებას აპირებენ ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებები დასრულდა. თუმცა გადაუჭრელია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტერიტორიის საკითხი. აზერბაიჯანულ ნაწილებს სომხეთის ტერიტორიის მთიან მასივებში პოზიციები აქვთ დაკავებული. ასევე უცნობია გაიხსნება თუ არა აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი სომხეთზე გამავალი გზა. დაბოლოს, ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული თუ რა ბედი ეწევა ყარაბაღიდან წამოსულ სომხურ მოსახლეობას.
4. სომხეთის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება - სომხეთს ცალსახად პრო-რუსული კურსი აღარ აქვს. ერევანში აქტიურად ალაპარაკდნენ საქართველოზე, როგორც ხიდზე ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. ასევე თურქეთთან ურთიერთობების დალაგება მათთვის ახალი შანსების გაჩენის საშუალება იქნება. სომხეთის დამოუკიდებლობიდან დღემდე არასდროს ყოფილა ერევანი ასე შორს რუსული ორბიტისაგან.
5. ისრაელი-ჰამასის ომი - ეს ომი დიდი გეოპოლიტიკური ძვრების გამოძახილია. 2019 წელს დაწყებული ისრაელის დაახლოება არაბულ სახელმწიფოებთან შეჩერებული და უკუქცეულია. ირანი რეგიონის რადიკალებისათვის მისაბაძ მაგალითადაა ქცეული. ისრაელი ღაზას დაკავების შემდეგ მისი კონტროლის საკითხს ძალიან სერიოზულად დააყენებს. როგორც ისრაელის მოქმედი ხელისუფლება აცხადებს, ისინი ღაზას არ გადასცემენ რამალაში (დასავლეთ ნაპირზე) ბაზირებულ პალესტინის ხელისუფლებას. ეს კი ღაზასა და პალესტინური მოსახლეობის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ ამყოფებს.
6. კრიზისის წითელ ზღვაში - ზღვა კვლავაც რჩება ტვირთების გადაზიდვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად. ირანის მიერ კონტროლირებადი, იემენში ბაზირებული ჰუთები (ჰუსიტები) აქტიურად იყენებენ რაკეტებსა და დრონებს ხომალდების წინააღმდეგ. ამ ფონზე სატრანზიტო მიმოსვლა წითელ ზღვაში შემცირდა. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა ეს დიდ პრობლემებს შექმნის გლობალურ ბაზარზე. ამიტომაცაა, რომ აშშ-მ დიდი რაოდენობით საზღვაო ძალების გადასროლა მოახდინა ამ მიმართულებით.
7. მიანმარში პრო-რუსული და პრო-ჩინური ხელისუფლების მარცხის დასაწყისი - 2021 წელს დემოკრატიული მთავრობის დამხობის შემდეგ მოსული პრო-რუსული და პრო-ჩინური სამხედრო დიქტატურა თვითნასწავლი გასამხედროებული მოსახლეობის მიერ განდევნილ იქნა ქვეყნის 70%-დან. არადა რუსული და ჩინური იარაღის ერთ-ერთი ძირითადი მსყიდველი სწორედ მიანმარის სამხედრო ძალები იყვნენ. მიანმარში ჩინეთის მხარდაჭერილი მთავრობის მოსვლა ერთგვარი მცდელობა იყო ჩინეთის მხრიდან ეჩვენებინა რეგიონისათვის რომ დომინანტი პოლიტიკური ძალა რეგიონში სწორედ ის იყო. ახლა ეს პრეცედენტი ლოკალიზებულია.
8. ტაივანის კრიზისი - ჩინური ხომალდები აქტიურ სამხედრო წვრთნებს აწარმოებენ ტაივანის ირგვლივ. კუნძულზე თავდასხმისთვის რამდენიმე სცენარი არსებობს. ყველაზე ნათელი კი მისი ბლოკადის დაწყებაა, რომლის კონტურებიც წელს რამდენჯერმე გამოიკვეთა. ჩინურ ხომალდებს სპეციალური სექტორები აქვთ განსაზღვრული, სადაც პატრულირებენ ხოლმე, ხოლო წვრთნებისას ჩინური რაკეტები ტაივანის საჰაერო და საზღვაო სივრცეში აქტიურად დაფრინავენ. აშშ მიზანმიმართულ ორაზროვან პოლიტიკას აწარმოებს. არავინ იცის რას იმოქმედებს აშშ თუკი ჩინეთი თავს დაესხმება ტაივანს. თავისმხრივ, ტაივანში აქტიურად ემზადებიან ყველა შესაძლო სცენარისათვის. მიუხედავად აშშ-ში არსებული კრიზისებისა, პარტიებს შორის ჩინეთთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიური განწყობები არსებობს. ეს კი ტაივანისათვის ერთგვარი იმედი შეიძლება იყოს.
ახლა ჩინეთი რუსეთს აკვირდება. თუკი რუსეთმა წარმატების რაიმე პრეცედენტი შექმნა და დასავლეთი დაღალა, ის აუცილებლად იმოქმედებს და არამხოლოდ ტავიანთან მიმართებით არამედ მთელს სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც.
ამ თემაზე დეტალურად:
9. შიდა პოლიტიკური კრიზისი აშშ-ში - აშშ-ს პოლიტიკა უკიდურესად პოლარიზებულია. თითქმის ყველა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური საკითხი დავისა და ვაჭრობის საგანი ხდება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ამ შიდა მეტოქეობასა და ურთიერთდაპირისპირებას აშშ-ს სახელმწიფო ინტერესების გაპრობლემება და რეპუტაციული ზიანის მიყენება მოჰყვა. 2024 წელი ამ პროცესის გაგრძელება იქნება. ამით კი აგრესიული რეჟიმები სარგებლობენ ხოლმე. თუმცა კრიზისმა აშშ-ში ისიც წარმოაჩინა, რომ ევროპას რიგი საკითხების თავის თავზე აღებაც მოუწია. სწორედ ამიტომ ვხედავთ სამხედრო წარმოების გაძლიერებას ევროპულ სახელმწიფოებში.
10. დიდი ცვლილებების არარსებობა ფრონტის ხაზზე უკრაინაში - მიუხედავად მოლოდინისა, უკრაინელებმა ვერ შეძლეს ფრონტის ხაზის მასირებული გარღვევა. გარკვეული წარმატება იყო სამხრეთში, ველიკა ნოვოსილკას მიმართულებით, რობოტინეს გათავისუფლებისას და მდინარე დნიპროს გადალახვით, მაგრამ სხვა მხრივ გარღვევა არ ყოფილა.
თავის მხრივ, რუსებმა დიდი მსხვერპლის ფასად ბახმუტი დაიკავეს. ისეთი დასახლებები კი როგორებიც დონეცკის ოლქში ავდიივკა, მარიინკა და ვუჰლედარი იყო დიდ ხორცსაკეპადა იქცა, რომელსაც რუსებმა ათიათასობით სამხედრო შესწირეს და წინ წაწევა ვერ ან უმნიშვნელოდ შეძლეს.
2024 წელს ორივე მხარე შეეცდება გენერალური გარღვევის წარმოებას და მოწინააღმდეგის იძულებას.
11. [ბონუს მოვლენა] - ევროკავშირში ცვლილებებია - გაერთიანება ცდილობს უნგრეთის მიერ ვეტოთი წარმოებული პერმანენტული ვაჭრობისა და მუქარის პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შეცვალოს და ისეთი რეფორმები განახორციელოს, რომელიც ვეტოს დაძლევის მექანიზმს შეამუშავებინებს ან სრულიად გააქრობს მას. ეს ყველაფერი კი გრძელვადიანი, მაგრამ დამაიმედებელი პროცესის დასაწყისია.
ამ ფონზე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რაც არამხოლოდ ინსტიტუციური და პოლიტიკური წარმატებაა, არამედ ცივილიზაციური არჩევანის განმტკიცებაც.