USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
გიორგი კობერიძე - ვიქტორ ორბანი 2015 წლამდე აქტიურად უჭერდა მხარს ნატოსა და ევროკავშირს
дата:  468
მცირე განმარტება მინდა გავაკეთო უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულთათვის და თუ რა კავშირი აქვს მას უკრაინასთან.
 
პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთი ტერიტორიებს კარგავს. უნგრეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული ტრიანონის ზავი გამოდგა, რის შემდეგაც უნგრეთმა საკუთარი ტერიტორიების 72% დაკარგა - მათ შორის ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი. ეს 1919 წელს მოხდა. მას შემდეგ უნგრეთი პერიოდულად მისდევს რევიზიონისტულ პოლიტიკას და ცდილობს არსებული საზღვრების გადახედვის იდეა დღის წესრიგიდან სრულად არ მოხსნას. მაგრამ თუკი ბუდაპეშტი 1919 წლამდე ტერიტორიებზე დავას წამოიწყებს ერთდროულად მოუწევს დავა რუმინეთთან, ავსტრიასთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, სლოვაკეთთან, უკრაინასთან, სერბეთთან და პოლონეთთან. მარტივად რომ ვთქვათ - ყველა მეზობელთან (პოლონეთს აღარ ესაზღვრება).
 
უნგრეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ტერიტორიული დავები მოხსნილი იყო მანამ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი ძალები არ გამოჩნდნენ როგორიც სახელისუფლებო პარტია ფიდეზი/Fidesz და რადიკალური ძალა იობიკია/Jobbik. საინტერესოა, რომ ორბანის პარტია ფიდეზი/Fidesz თავდაპირველად ლიბერალური იყო. იმდენად ლიბერალურიც კი რომ ორბანი ლიბერალური ინტერნაციონალის ლიდერად გახლდათ წარმოდგენილი ხოლო პარტია ინტერნაციონალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი იყო. ორბანმა განსაკუთრებული ცნობადობა იმით მოიპოვა, რომ საბჭოთა ტანკების წინ დადგა, შემდეგ მიკროფონი აიღო და საბჭოთა ძალებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა - და მან ეს გააკეთა ასიათასობით ადამიანის თვალწინ. ამის გამო შეიძლება დაეხვრიტათ იგი.
 
თუმცა 2000-ანი წლების მეორე ნახევარში უნგრეთის პოლიტიკურ სისტემაში ექსპანსიონიზმისა და დიდი უნგრეთის იდეა დაბრუნდა. ორბანიც, რომელიც 2009-2015 წლამდე აქტიურად უჭერდა მხარს ნატოსა და ევროკავშირს (და საქართველოს - პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი იყო), ამ წლებში თანდათან დაშორდა ამ იდეებს და პრო-რუსული იდეები გააძლიერა. ეს არ იყო მხოლოდ საგარეო კურსის გარკვეული რეფორმირება და დაპირისპირება ბრიუსელთან - საშინაო ასპარეზზე დაარტყა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ ძალებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ძალიან სწრაფად არ მომხდარა და როგორც აღვნიშნე, ეტაპობრივი და გარდამავალი ხასიათი ჰქონდა.
 
აი სწორედ 2000-ანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ექსპანსიონიზმის იდეები ნელ-ნელა პოპულარული გახდა უნგრულ პოლიტიკურ წრეებში, გამოიკვეთა ორი სახელმწიფო, რომელშიც უნგრული უმცირესობა ცხოვრობდა და ბუდაპეშტი მათზე გარკვეულ პრეტენზიებს განაცხადებდა: რუმინეთი და უკრაინა. რუმინეთის საკითხი პირველი და უფრო ძველი იყო - ტრანსილვანიაში მილიონზე მეტი უნგრელი ცხოვრობს.- ანუ მთელი ქვეყნის დაახლოებით 6%. ამ ფონზე უნგრეთსა და რუმინეთს შორის გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ადრეც იყო, თუმცა ევროკავშირში შესვლისა და ურთიერთმიმოსვლის გააქტიურების ფონზე ურთიერთობები დალაგდა. ცხადია, სენტიმენტების დონეზე დაპირისპირება ისევ არსებობს, მაგრამ იმდენად მწვავე აღარაა.
 
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უფრო მეტად წინ წამოიწია უკრაინის ზაკარპატიის ოლქის საკითხმა, სადაც 150 ათასი უნგრელი ცხოვრობს. ორბანის ხელისუფლებამ რიტორიკა თანდათან შეცვალა და უკრაინასთან მიმართებით შესამჩნევად ხისტი გახადა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლების პერიოდში მივიღეთ გამწვავებული ურთიერთობები. პრემიერი ორბანი მუდმივად ხაზს უსვამდა უნგრელების ენისა და უფლებების დაცვის აუცილებლობას რაც რიტორიკის დონეზე მართლაც წააგავდა რუსეთის მიერ წამოწყებულ კამპანიას რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის შესახებ. არ არსებობა რაიმე ხელშესახები ფაქტი თითქოს უკრაინელები უნგრელებს დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ამიტომ ორბანის დამოკიდებულება კიევისადმი საკმაოდ საეჭვო გახლდათ. მეტიც, ზაკარპატიეში გხვდება ორენოვანი წარწერებიც და არსებობს უნგრულის სწავლის შესაძლებლობაც.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები არ დამთბარა. რთული სათქმელია რა მოხდებოდა თუკი კიევი დაეცემოდა, მაგრამ არსებობს ასეთი რადიკალური ვერსია, რომ შესაძლოა უნგრეთს ზაკარპატიეს ოკუპაცია მოეხდინა სწორედ უნგრელთა [რუსეთის ან უკრაინისგან] დაცვის მოტივით. ეს ჰიპოთეტური ვერსია თავისთავად რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თავად კრემლის პროპაგანდისტები 2014-2022 წლებში უკრაინის გადანაწილების გეგმებს რომ ხატავდნენ დასავლეთ უკრაინის ნაწილს პოლონეთს ხოლო ზაკარპატიის ოლქს უნგრეთს აკუთვნებდნენ ხოლმე.
 
კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო ფაქტი - როდესაც 2022 წლის ომის დაწყების შემდგომ უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადდა უნგრული პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი უკმაყოფილონი იყვნენ ზაკარპატიის ოლქიდან ეთნიკურად უნგრელთა ჯარში გაწვევის გამო.
უნგრეთისაგან განსხვავებით პოლონეთს, მიუხედავად ძლიერი სამოქალაქო ნაციონალიზმისა და ისტორიული მახსოვრობისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასდროს დაუყენებია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ, რაზეც ვერ ვიტყვით უნგრეთზე, რომელშიც ისტორიული რუკები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არცთუ უმნიშვნელოდ მოქმედებს.
 
ეს იყო ძალიან მოკლედ ორბანის აღმოსავლური საგარეო პოლიტიკის შესახებ. უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ვინმეს საქართველოში მიბაძოს ორბანის საგარეო პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, რადგან თბილისსა და ბუდაპეშტს კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები გვამოძრავებს და არც ისაა დასავიწყებელი, რომ ორბანის ხედვები დასავლურ დიდ პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენს სინამდვილეში მთელი ევროპის სტაბილურობაზეც ნეგატიურად აისახება.
 
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати