USD 2.6937
EUR 3.1950
RUB 3.5255
თბილისი
გიორგი კობერიძე - სამი ფეთქებადი ზონა ბალკანეთში
თარიღი:  1856

რამდენიმე დღის წინ გავლენიან პოლიტიკურ ჟურნალ Foreign Affairs-ში დაიბეჭდა სტატია სახელად "რუსეთის მეორე ფრონტი ევროპაში"/Russia’s Second Front in Europe. სტატიაში საუბარი იყო იმ გამოწვევებზე, რისი განხორციელებაც რუსეთს სერბეთის ხელით შეუძლია ბალკანეთში. ამ სტატიამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით რუსეთი ბალკანეთში არეულობას ამზადებს. ეს კი უბრალო განცხადება არაა. ეს იყო მოწოდება მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისაკენ.

რეალურად სამი ფეთქებადი ზონა არსებობს ბალკანეთში:
1. სერბული რესპუბლიკა ბოსნიაში - ბოსნია ჰერცოგოვინას შიგნით არსებობს ცალკეული პოლიტიკური ერთეული სახელად სერბული რესპუბლიკა, რომელსაც პუტინის ახლო მოკავშირე მილორად დოდიკი მართავს. მან ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დააანონსა ბოსნიისაგან შესაძლო გამოყოფის საკითხი. დოდიკს თავისი პოლიციური და გასამხედროებული საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალები ჰყავს, რომლებიც სერბეთის მიერ არიან ზურგგამაგრებული. ზოგიერთი შეფასებით სერბული ნაციონალიზმი ამ რესპუბლიკაში იმაზე მძლავრია, ვიდრე თავად სერბეთშიც კი. შესაბამისად, ეს ადგილი სერიოზული საფრთხის მატარებელია.
2. ჩრდილოეთ კოსოვო - კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც სერბული უმრავლესობაა, საკმაოდ ცხელი შემოდგომა იყო. სროლები, პოლიციებზე თავდასხმები, სერბეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული სამხედრო დაჯგუფებების გადაადგილება, ადმინისტრაციულ საზღვართან სამხედროების მობილიზაცია და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ტერიტორიაზე ხდება. სერბული უმრავლესობის რეგიონები კოსოვოში 2008 წლიდან წინააღმდეგობის მთავარ კერას წარმოადგენენ. ნატოს კონტინგენტი შემცირებულია რეგიონში. სერბეთის მხრიდან კი ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი აქტივობა მოსალოდნელია.
კოსოვოს 193 ქვეყნიდან 102 აღიარებს. თუმცა სერბეთში მის აღიარებაზე საუბარიც კი ზედმეტია და სამხედრო გზით მასზე (ან მის ნაწილზე მაინც) კონტროლის დაბრუნების იდეა კვლავ ცოცხალი და აქტუალურია.
3. მონტენეგრო რეგიონში მშვიდობიანობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო, მაგრამ აქაც სწრაფად იცვლება სიტუაცია. ქვეყანაში თვითიდენტიფიცირებული სერბების რაოდენობა დაახლოებით 40%-მდეა. ქვეყანას არ აქვს ავტოკეფალია და რელიგიურად სერბეთზეა დამოკიდებული (გარდა სანაპირო მხარე კოტორისა, რომელშიც კათოლიკეები არიან უმრავლესობაში). 2017 წელს, სანამ ქვეყანა ნატოში შევიდოდა რუსებმა ქვეყანაში გადატრიალება სცადეს თუმცა მანამ განხორციელდა პრევენციული დაკავებები, სანამ გადატრიალება დაიწყებოდა. ამ საკითხზე დღემდე ბევრი უცნობი დეტალია. ახლა მონტენეგროს სერბეთთან შედარებით დამთბარი ურთიერთობების მქონე მთავრობა კი მართავს, მაგრამ სიტუაცია არაა მარტივი. ოპოზიცია (ყოფილი ხელისუფლება), რომელიც ანტი-სერბულ და ანტი-რუსულ პოზიციაზე დგას, უკიდურესად მწვავე დაპირისპირებაში იმყოფება ხელისუფლებასთანაც და სერბეთთან ქვეყნის მიყიდვაში სდებს ბრალს. იმ ფონზე, რომ სერბები ზოგიერთ რეგიონში უმრავლესობასაც კი წარმოადგენენ სიტუაცია არაა მარტივი.

როგორც არ უნდა იყოს, ბალკანეთს ევროპის აქილევსის ქუსლს უწოდებენ. იქ ერთ წერტილში სიტუაციის არევა შეიძლება სწრაფად მოედოს მთელს რეგიონს. ამით კი რუსეთი უფრო მეტად ამოისუნთქებს. ამიტომაა, რომ კიევის მხრიდან გაფრთხილება უყურადღებოდ არ იქნება დატოვებული.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

მსოფლიო
BMG: ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები - 2025 წლის TOP 10 ბრენდი აშშ-ში

ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.

ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.

გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:

2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".

მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".

ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".

მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".

1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.

ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.

"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.

ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

წყარო:https://bm.ge/n

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის