USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
გიორგი კობერიძე - როგორ აშენებს ჩინეთი პორტებს, გზებსა და რკინიგზებს და რა გამოწვევა შეიძლება დადგეს ჩვენს წინაშე
თარიღი:  1330
ანაკლიის პორტზე დისკუსია მალე მიინავლა. მაგრამ მოდი ვნახოთ თუ როგორ აშენებს ჩინეთი პორტებს, გზებსა და რკინიგზებს და რა გამოწვევა შეიძლება დადგეს ჩვენს წინაშე.
2013 წლიდან ჩინეთმა აბრეშუმის გზისა და ერთი სარტყლისა და ერთი გზის ინიციატივა დააანონსა. პროექტის მიხედვით ჩინეთი მეტწილად განვითარებად სახელმწიფოებს აძლევდა მილიარდობით სესხს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. სესხის აღების შემდეგ მიმღები ქვეყანა ისევ ჩინურ კომპანიას ქირაობდა, რომელსაც უნდა აეშენებინა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რადგან ჩინეთი კომუნისტური ავტოკრატიაა, იქ თითქმის ყველა კომპანია ამა თუ იმ ფორმით მთავრობის მიერ კონტროლდება ან/და პასუხისმგებელია მათ წინაშე. გამოდის, რომ ჩინეთი სესხის გაცემით ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში იდებდა ფულს, ოღონდ სესხის ამღები სახელმწიფოსა და ჩინური კომპანიების გავლით.
სესხს დაბრუნება უნდა. ჩინური სესხის პროცენტი კი ყოველთვის ძალიან მაღალია ხოლმე. ვადები კი მოკლე. ვინც სესხს ვერ აბრუნებს ჩინეთი სესხის გადავადების სანაცვლოდ მარტივ გამოსავალს სთავაზობს: რაც აგიშენე იმის მმართველ პაკეტს ითხოვს ან სრულიად ახალ ტერიტორიას, სადაც მისი საზღვაო ან სახმელეთო ბაზა აშენდება ხოლმე. თუკი ეს ყველაფერი არ გააკეთა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ჩინეთი მის მიერ აშენებული ინფრასტრუქტურის გამტარობისას შეზღუდვებს ითხოვს იმ სახელმწიფოებისათვის, რომელიც ჩინეთისათვის მიუღებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთი იტყვის შენს ტერიტორიაზე ევროპული ხომალდი ან ამერიკული ესა და ეს პროდუქცია არ უნდა დაუშვაო. რეალურად კი საგარეო პოლიტიკის კონტროლი წესდება. ამ ყველაფერს საერთაშორისო პოლიტიკაში სესხის მახე ეწოდება და ბოლო 10 წელია ძალიან აქტიურად იყენებს ჩინეთი იგივე პაკისტანში, ლაოსსა და შრი-ლანკაში.
ზოგიერთი სახელმწიფო თავდაპირველად ჩინურ სესხს არ იღებს. მაგრამ დაგეგმილ პროექტში ჩინეთის თანამონაწილეობა თითქმის ნახევარია ხოლმე 30%-დან 49%-მდე. 51%-ს კი სხვადასხვა სახელმწიფოს კომპანიების თანამონაწილეობით კეთდება. მაგრამ ჩინეთთან ერთად დაგეგმილ პროექტში მონაწილეობა არავის უნდა. ამის მიზეზი მარტივია:
1. ჩინური კომპანიების დიდი ნაწილი სანქცირებულია; სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა სარისკოა.
2. ჩინური კომპანიები შესასრულებელი სამუშოების დიდ ნაწილს უხარისხოდ ან საერთოდ არ ასრულებენ. მიტოვებული, არასათანადოდ შესრულებული ან სულაც განადგურებული ჩინური პროექტები ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრია, განსაკუთრებით აზიაში;
3. ჩინური კომპანიები გარემოს ტოტალურ განადგურებას ახდენენ დაგეგმილი პროექტის შესრულებისას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩინური კომპანია გარემოზე ზემოქმედების კვლევას აყალბებს ხოლმე. მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია განადგურებულია ჩინური კომპანიების დაუდევრობის მიერ;
4. ჩინური კომპანიები პერსონალის უმეტეს ნაწილს ჩინეთის მოქალაქეებს ასაქმებს და არა ადგილობრივებს. ამასთან, დასაქმებულების უფლებები მინიმალური და უკუგდებულია ხოლმე. იყო შემთხვევები მუშებს რომ მიუტოვებიათ სამუშაო ადგილი გაუსაძლისი პირობების გამო.
როგორც აღვნიშნეთ ყველა სახელმწიფო არ იღებს ჩინეთისაგან ვალს, მაგრამ ისინიც კი მალევე ორ პრობლემას აწყდებიან: ასეთმა სახელმწიფომ პროექტში თანამონაწილეობის მეორე ნახევარი ან თავად უნდა დაფაროს ხოლმე, რისი შანსიც მინიმალურია ან ისეთ ქვეყნებს ჩაადებინოს, როგორიც რუსეთია (ჩინეთთან არ თანამშრომლობს ბევრი სახელმწიფო). რუსული პორტის ან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის ხილვა არავის სურს. ამიტომ რჩება მესამე გამოსავალიც: მიმართოს ჩინეთის ხელისუფლებას და აიღოს ის სესხი, რომელსაც კაბალური პირობებით დაბრუნება მოუწევს მალე. ანუ მაინც სესხამდე დადის ხშირად. და თან კაბალური პირობების მქონე სესხამდე.
ეს სესხი მხოლოდ საქმეს არ ხმარდება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კორუმპირებული პოლიტიკოსების ჯიბეებში ილექება ხოლმე. რა ხდება შემდგომ? ჩინეთი აცხადებს, რომ პროექტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე პირველი შეფასებისას ჩანდა რის გამოც სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი სესხის აღება უწევს მისგან. ან ამ პროექტის მიტოვება. მაგრამ ვალი მაინც რჩება. თუ მაინც დასრულდა პროექტი სესხის დაბრუნების დროც მოდის.
დიდ სესხს განვითარებადი სახელმწიფო ფიზიკურად ვერ დააბრუნებს, რის გამოც ორი გამოსავალი რჩება მას: მიმართოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და იქიდან აიღოს სესხი, რომ ჩინური სესხი დაფაროს. ეს შემთხვევა ხშირად არ მუშაობს, რადგან სავალუტო ფონდს არ სურს ჩინეთის ჯიბის დაფინანსება. მაგრამ ასეც რომ მოხდეს სესხით სესხი იფარება მხოლოდ. ამაში კი კარგი არაფერია. ან მეორე ვარიანტი და უფრო რეალისტური - ჩინეთი ითხოვს აშენებული პროექტის საკონტროლო წილს, ან ქვეყანაში სამხედრო ბაზას, ან მთელს ქვეყანაზე პოლიტიკურ ზეგავლენას. ეს ზეგავლენა ეხება როგორც საშინაო, ისე განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკას. ჩინეთი კი ჩინურ-რუსულ ღერძს ქმნის.
კარგი, ხომ შეიძლება სახელმწიფომ არ აიღოს სესხი? დიახ. არის ეს ვარიანტიც. პროექტს ახორციელებს ჩინეთი ნაწილობრივ. სესხის გარეშე. ამ პროექტის განხორციელების 49%-ს ჩინეთი კისრულობს და ჩინეთი ფლობს. მეორე ნაწილზე კი უნდა გაჩნდნენ თანამონაწილე ქვეყნები (კიდევ ერთხელ - რადგან ჩინეთთან ბევრი არ თანამშრომლობს შეიძლება თანამონაწილე იყოს მაგალითად რუსეთის მსგავსი ქვეყანა) ან ადგილობრივი ბიზნესმენები. მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, რადგან ჩინეთს ყველაზე მეტი მეწილეობაც აქვს და ზეგავლენაც, სახელმწიფომ სულ რომ სესხი არ აიღოს, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ პეკინი მაინც აქტიურდება და მოთხოვნას აყენებს: მისი პროექტით მხოლოდ ის სახელმწიფოები ისარგებლებენ ვისაც საჭიროდ კომუნისტურ პარტიაში ჩათვლიან.
ამაზეც რომ გადარჩეს სახელმწიფო, მაინც, ჩინეთი ასე ადვილად არ ახორციელებს პროექტებს და ხანდახან ფარულ გარიგებებსაც მიმართავს. იმისათვის, რომ სახელმწიფომ მისგან აიღოს სესხი, ასეთი ქვეყნების ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებას და დიდ ფულს ჰპირდება ხოლმე. პერსონალურად. დაახლოებით ასე მოხდა შრი-ლანკაში, რამაც საბოლოოდ ქვეყანა ჩინეთის ეკონომიკურ ვასალად აქცია.
ანაკლიის პორტი საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორი აზრი არ არსებობს, რომ რაც უფრო მეტი პორტი გაქვს, მით უფრო ღრმაწყლოვანი, მით უკეთეს პოზიციაში ხარ. მაგრამ ის უნდა იყოს საქართველოსი, მოჰქონდეს შემოსავალი და ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს. სასიხარულო შეძახილი "ჩინეთი ანაკლიის პორტს აშენებს" სინამდვილეში რას ნიშნავს ჯერ კიდევ გასარკვევია ხოლო რისკები - ასაწონი. ჩინეთი ის ქვეყანაა არაა მხოლოდ ააშენოს და პოლიტიკური სარგებელი არ ნახოს. ჩინეთს ფული აქვს და ფულით ზეგავლენის ყიდვა სურს.
მარტივი კითხვები რომ დავსვათ: რას იღებს ჩინეთი პორტის აშენების სანაცვლოდ - მხოლოდ ფულს? ვინ იქნება ჩინეთის კომპანიების გარდა მშენებლობაში თანამონაწილე სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაცია? თუკი არავინ არ გამოჩნდა და სრულიად ჩინეთმა აითვისა მშენებლობა რას მოასწავებს ეს? ან თუ გამოჩნდა ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთი ან რომელიმე ანტიდასავლური ძალაა და გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი, მაშინ რა ხდება? როცა პორტს სანქცირებული ჩინური კომპანია აშენებს დააზიანებს რამდენად განხორციელებადია ეს პროექტი? ყველაზე უარეს შემთხვევაში, იქნება თუ არა სესხი აღებული? ეს და სხვა კითხვები პოლიტიკურმა ეკონომისტებმა უნდა დასვან. სხვა გვარად ბნელ სივრცეში გადაადგილებას ჰგავს ეს ყველაფერი, სადაც სხვა ქვეყნების გამოცდილება კარგს არაფერს გვასწავლის.
სხვების გამოცდილებიდან, ცუდ შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილიც კი დგება ხოლმე საფრთხის ქვეშ. პაკისტანს სწორედ ეს პრობლემა დაუდგა, როდესაც აიღო ჩინური სესხი და ჩინურ კომპანიასვე ააშენებინა გვადარის პორტი ჩინეთს, მაგრამ 2016 წელს ოპერაციული კონტროლი დაკარგა კიდეც მასზე და დღეს ეს პორტი ჩინეთის არაპირდაპირ მფლობელობაშია. უარესი შემთხვევაა შრი-ლანკაში არსებული ჰამბანტოტას პორტი, რომელიც 99 წლითაა ჩინეთის მფლობელობაში.
ზოგადად, მშვიდობა-მშვიდობაო რომ გაიძახიან, სინამდვილეში ეს ყველაფერი რუსულ-ჩინურ ავტოკრატიულ და კორუფციულ ღერძში გადანაცვლებას და დასავლეთთან კონფლიქტში შესვლას თუ გულისხმობს, ძალიან ცუდი იდეაა ეს ჩვენნაირი სახელმწიფოსათვის.
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის