USD 2.6807
EUR 3.1782
RUB 3.4683
Tbilisi
გიორგი კობერიძე - რატომ არის საქართველო ევროპა
Date:  3385
სოციალურ ქსელში კამპანიასავით შემხვდა პოსტები თუ რატომ არ არის საქართველო ევროპა. ასეთი მიდგომა რთული გამოსაცნობი არ არის თუ რას ემსახურება, მაგრამ მოდი დავიწყოთ მცირე ანალიზით:
 
გეოგრაფიული თვალსაზრისით ევროპა სუბკონტინენტია. კონტინენტს წყლის დიდი მასა უნდა ყოფდეს ერთმანეთისაგან. ევროპას კი მსგავსი რამ არ აქვს. ამიტომ გეოგრაფიულად ევროპის საზღვრების დგენა პირობითია და პოლიტიკურ-კულტურული ასპექტებით იცვლება. დღეს ყველაზე გავრცელებული საზღვარი გადის ურალისა და კავკასიის წყალგამყოფ ქედებზე. ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს ნაწილი ექცევა ევროპის საზღვრებში.
 
არის სხვა მიდგომაც - მცირე კავკასიონია ევროპა-აზიის საზღვარი. ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხვდება ევროპაში.
 
ისტორიულად, ბერძენი გეოგრაფები რიონსა და მტკვარზე ავლებდნენ ევროპა-აზიის საზღვარს. ამ შემთხვევაში საქართველოს ნახევარზე მეტი ხვდება ევროპაში.
 
მაგრამ გეოგრაფიას მნიშვნელობა ეკარგება, როდესაც შემოდის პოლიტიკა და კულტურა. გეოგრაფიულად კვიპროსი აზიაშია, მაგრამ ევროკავშირის წევრია და საკუთარ ისტორიას აფროდიტეს ქაფიდან დაბადებასთან უკავშირებენ კვიპროსელები.
კულტურული საზღვრებით საქართველო ევროპაა. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი აღქმაა - საქართველოდან 900 კილომეტრში რუმინეთია, 900 კილომეტრში კი თურქმენეთი. ვისთან გვაქვს მეტი საერთო - რუმინეთთან თუ თურქმენეთთან? საცხოვრებლად რომ წახვიდე თავს სახლთან უფრო ახლოს რუმინეთში იგრძნობ თუ თურქმენეთში?
 
მაგრამ ეს არაა ყველაფერი - ისტორიულად, სანამ ვინმე შეთანხმდებოდა თუ რა იყო ევროპა და აზია არსებობდა ასეთი ვერსიაც - სამხრეთის საზღვარი ყოფილიყო იქამდე, სადამდეც ვრცელდებოდა ღვინის კულტურა. ეს კი საქართველოს ევროპის არამხოლოდ ნაწილად, არამედ კულტურულ ბირთვადაც კი აქცევდა.
 
ისტორიულად მიჩნეული იყო კიდევ ერთი მიდგომა - იქამდე, სადამდეც ქრისტიანული რელიგიის დიოფიზიტური მიდგომა ვრცელდებოდა იყო დასავლური ქრისტიანული ერთობის ნაწილი, ხოლო ორიენტალისტური სივრცე სწორედ იქიდან იყო აღქმული საიდანაც მონოფიზიტური ქრისტიანობა ან სულაც ზოროასტრიზმი ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაში სწორედ საქართველო იყო ერთიანი ევროპული სივრცის ბოლო წერტილი აღმოსავლეთში, სადაც დიოფიზიტობა გახდა დომინანტი (და დღემდე ასეა - საქართველოდან აღმოსავლეთით ან სამხრეთით ან ისლამი ან მონოფიზიტური ქრისტიანობა იწყება).
 
მაგრამ ქრისტიანობამდეც, ქართული მითოლოგია ევროპული სივრცის იყო - იახსარი, ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ლილე, დალი, ამირანი, თეთრი გიორგი და სხვა ევროპული მითოლოგიური ღვთაებების მსგავსი და ზოგჯერ უფრო კომპლექსურებიც კი იყვნენ.
საქართველოში ისტორიულად მეტოქე აზიიდან მოდიოდა. ევროპას კი საქართველოს იმედი ჰქონდა. ამას მხოლოდ ჯვაროსანთა ეპოქა არ ადასტურებს, არამედ შემდგომი პერმანენტული კავშირები და მიმოწერაც კი. ევროპელ რაინდებში დავით აღმაშენებელი და თამარი არამიწიერი გმირების სტატუსსაც კი ატარებდნენ. სულხან-საბაც იმიტომ წავიდა ევროპაში რომ სწორედ იქ ეგულებოდა მსგავსი მოკავშირე და არა აზიაში (თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ ვერ მივიღეთ დახმარება).
 
პოლიტიკური სისტემა ისტორიულად ევროპული იყო. ფეოდალიზმის ევროპული სისტემა იყო საქართველოშიც. აზიაში ევროპული ფეოდალიზმის მსგავსი სისტემა მხოლოდ იაპონიაში არსებობდა. აზიური ფეოდალიზმი თვისებრივად განსხვავდებოდა ევროპულისაგან.
მეტიც, საქართველომ მე-18 საუკუნეში სწორედ იმიტომ დაისახა მოკავშირედ რუსეთი, რომ ისიც ევროპულ სახელმწიფოდ აღიქმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ შეცდა, მაინც იყო წარმოდგენა, რომ ევროპაში გასასვლელი რუსეთისაგან შეიძლებოდა ყოფილიყო. პეტერბურგში განათლებაც ევროპულად აღიქმებოდა. ის კი არა პეტერბურგს ასეთი ზედმეტსახელიც ჰქონდა "ფანჯარა ევროპაში".
საქართველოში განმანათლებლობაც ევროპული იყო და არა აზიური. ალექსანდრე ამილახვარი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე - ყველა მათგანი ევროპული ტიპის განმანათლებლობისა და ნაციონალიზმის მხარდამჭერები იყვნენ. და ეს მაშინ, როდესაც აზიის ბევრ ქვეყანაში ნაციონალიზმი არც კი არსებობდა და ძირითადი იდენტობა რელიგიური ხასიათისა იყო.
 
საქართველოს სამართალი ევროპულია - გერმანული სტილის. თავის მხრივ გერმანული სტილის სამართლის სისტემა რომაულთანაცაა დაკავშირებული. გასასაჩივრებლად სტრასბურგი იმიტომაა არჩეული, რომ ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილი ვართ. და ჰო მართლა, აზიის ადამიანის უფლებათა სასამართლო უბრალოდ არ არსებობს. ანუ აზიაში თუ ვართ სტრასბურგში ვერ გავასაჩივრებთ ვერაფერს.
საქართველო ევროპის სპორტულ ჩემპიონატებში მონაწილეობს. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისათვის ბრძოლა ყოველ ორ წელიწადში მასობრივი გულშემატკივრობით მიმდინარეობს ხოლმე. თუ არ ვართ ევროპა ვითამაშოთ აზიის ჩემპიონატში და შევხვდეთ ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ნაკრებებს. უფრო მეტი შანსი შეიძლება გვქონდეს.
 
განათლების სისტემა საქართველოში ევროპულია. სწავლის ხანგრძლივობა, საკრედიტო სისტემა უნივერსიტეტებში, გაცვლითი პროგრამების არსებობა, ლიტერატურა რომელსაც ვკითხულობთ თუ ისტორია რომელსაც ვსწავლობთ - უმეტესად ევროპული და ევროპაცენტრისტულია.
ქართული მხატვრული ლიტერატურა ევროპული სტილისაა. ქართული მეცნიერება ევროპულ სივრცეში იყრის თავს. სამეცნიერო თუ ლიტერატურული ნაშრომების თარგმანების უმრავლესობა საქართველოში ევროპულია.
 
საქართველოში ჩაცმის სტილი და მოდა ევროპულია და არა აზიური. ისტორიულადაც, სანამ ძალიან გაიზრდებოდა ოსმალეთის ზეგავლენა საქართველოზე, შუა საუკუნეების ფეოდალურ სისტემაში ჩაცმულობა თითქმის ანალოგიური იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის სტილისა.
დემოკრატიაში, სადაც ადამიანი მიზანია და არა საშუალება, სწორედ დასავლურ სივრცეშია დაბადებული და დღესაც უმეტეს შემთხვევაში იქ გვხვდება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რადგან გაცხადებული აქვს, რომ არ სურს აღმოსავლური სტილის დესპოტიებში ცხოვრება რომელშიც კლანების ლიდერებს აქვთ წამყვანი ძალა, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ევროპისაკენ სწრაფვა. 81% უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. აღმოსავლური სტილის დესპოტიები აზიაში ბევრი გვინახავს, ევროპაში კი ბელარუსისა და რუსეთის გარდა არცერთი ქვეყანა არ არის ტირანია.
პოლიტიკურად საქართველო ევროსაბჭოს წევრია. ევროკავშირის აპლიკანტი ქვეყანაა. ევროპულ სავაჭრო სივრცეშია მოქცეული და ევროპული სტრუქტურებისაკენ მიისწრაფვის.
 
"საქართველო კავკასიაა" - ამას იშველიებენ ხოლმე იმის წარმოსადგენად, რომ თითქოს საქართველო ევროპა არ არის. ეს დაახლოებით ასე ჟღერს "მონტენეგრო ბალკანეთია". როგორც ბალკანეთია ჭრელი და განსხვავებული, მაგრამ მაინც ხვდება ევროპულ სივრცეში ისე საქართველო წარმოადგენს კავკასიის ნაწილს, რომელიც ევროპის სივრცეშია მოსააზრებელი.
 
დაბოლოს, საქართველოში "ხარისხიანის" ეპითეტი ევროპულია - ევრორემონტიდან დაწყებული "ევროპული სტანდარტით" დამთავრებული. წარმოიდგინეთ სცენა - რაიმეს ყიდვისას გთავაზობენ აზიურ რემონტს ან აზიური სტანდარტით გიზომავენ პროდუქტს. არა, აზიის დაკნინება არანაირი ფორმით არ მინდა, პირიქით, აზიას თავისი პლუსები აქვს და ეს განხილვის ცალკე თემაა, მაგრამ საქართველოს აზიურ სივრცეში იძულებით გადასროლა პოლიტიკური გათვლა თუ არა შეცდომა მაინცაა. ეს არ ნიშნავს რომ ევროპული სახელმწიფოები უშეცდომო ან უმწიკვლოები არიან, თუგინდ ზოგიერთი მათგანი საქართველოსთან მიმართებითაც კი, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და აზიური იდენტობა ხელოვნურად არ უნდა გამოვიმუშაოთ.
გიორგი კობერიძე - GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
World
ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველი სხდომა 19 თებერვალს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.

როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.

რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way