USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Тбилиси
გიორგი კობერიძე - რამდენიმე საინტერესო ამბავი რუსეთის ირგვლივ
дата:  823

I - არჩევნები:

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები შესამჩნევად დაბალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს დიდი ქალაქების ფონზე. სამი მიზეზი სახელდება ამის:
1. მიგრაციის გამო - ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა უბრალოდ უკვე დატოვე ქვეყანა ორწლიანი საომარი მოქმედებების, მასობრივი გაწვევებისა და ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამო. იმ ფონზე რომ ძალიან მაღალი აქტივობაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, ეს მიგრაციის ვერსიას ამყარებს.
2. პროტესტის გამო - ბოიკოტი ერთგვარი პროტესტია. ვინც არჩევნებზე მივიდა მათგან იყო შემთხვევები მელნის ან სხვა გასაფერადებელი ნივთიერების საარჩევნო ყუთებში ჩასხმის, ბიულეტენების დაწვის, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის და ასე შემდეგ.
3. ნიჰილიზმის გამო - ამომრჩევლის დიდ ნაწილს უბრალოდ არ აქვს არაფრის იმედი.
თუმცა კრემლი კამპანიას ატარებს და მოუწოდებს ყველას არჩევნებზე მივიდნენ. ზოგიერთი მოწოდება მუქარაშემცველია. ძალადობრივიც კი. ავტობუსებში ხალხის ძალით ჩასმა და არჩევნებზე მიყვანაც ხდება. ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროები იარაღით ემუქრებიან ადგილობრივებს და ისე დაჰყავთ არჩევნებზე. თუმცა თუკი ამან არ გაამართლა სავარაუდოა, რომ საბოლოოდ სასურველ რიცხვს მაინც დაწერენ. ვინ დაუშლის რო?!
II - დაბომბვები
როგორც გუშინ ისე დღეს დილიდან იბომბება რუსეთის მინიმუმ ოთხი ოლქი: ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და როსტოვის. რამდენჯერმე ჩაირთო სირენები ვორონეჟშიც. ბელგოროდის ოლქში, უშუალოდ სასაზღვრო ზონის დასახლებების ნაწილი დაცლილია მოსახლეობისაგან. შებეკინოს რაიონში განსაკუთრებით უჭირთ რუსებს. ოთხი დღის წინ უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედროების მხრიდან რამდენიმე სასაზღვრო პუნქტის აღების ფონზე რუსეთის ტერიტორიაზე რეიდების განხორციელება გაადვილდა.
თავად პუტინმა გააკეთა ამ ყველაფერზე განცხადება და აღნიშნა, რომ რუსეთი იგერიებს ყველა სახის შეტევას და დაისჯებიან უკრაინელებიო. მისი მხრიდან დასჯა ალბათ ისევ ქალაქების დაბომბვა იქნება, როგორც ეს გუშინ ოდესაზე იერიშით განხორციელდა.
იმ ფონზე, რომ რუსეთის ქვეითი ჯარის აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის ნებისმიერი უკრაინული რეიდი მნიშვნელოვანია რუსეთის ტერიტორიაზე როგორც დემორალიზებისათვის ისე იძულებისათვის, რომ საზღვრის გასამაგრებლად რესურსების გაღება და გადმოსროლა განახორციელონ კრემლში.
იბომბება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიც. წუხელ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სამარას ოლქში. დაიბომბა სიზრანის ქარხანაც. გუშინ კალუგას ოლქის საწარმოს დაბომბვა ვიხილეთ. სამი დღის წინ რიაზანში მოხდა იგივე. ყველა ეს საწარმო გამოეთიშა რუსეთის სამხედრო ეკონომიკას. ნავთობი რუსეთის ომის ხერხემალია.
III - საერთაშორისო მიდგომები
სავარაუდოა, რომ ევროკავშირი დაიწყებს რუსეთის გაყინული ანგარიშების უკრაინის მიმართებით გამოყენებას. ბრიუსელის განკარგულებაში 27 მილიარდის ღირებულების ევროა. მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის ფონზე ამ ანგარიშების გამოყენება რეალისტური ხდება. საერთო ჯამში დასავლეთში 300 მილიარდი დოლარის გაყინულ ანგარიშებზეა საუბარი.
ამასთან, პარიზი-ბერლინი-ვარშავა თავად იწყებს აქტიურ გადაიარაღებას და წარმოების გამართვას. ეს კი ბოლო 30 წლის ფაქტობრივი განიარაღებისა თუ დაკონსერვების ფონზე დიდი ცვლილებების დასაწყისია. საქართველოსთვის ძლიერი და შეიარაღებული ევროპა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საბერძნეთმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ახლა ბერძნული დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინული იარაღის შევსებისათვის.
ჩეხეთი კი საარტილერიო ჭურვების გარკვეული მარაგის გადაცემისათვის ემზადება უკრაინისათვის, რომელიც დეფიციტს მცირედით შეავსებს.
აქტიურობს ბულგარეთიც, რომელიც ჭურვების გარდა ქვეითთა სატრანსპორტო მანქანებს გადასცემს უკრაინას.
ამ ფონზე უკონტროლო მედვედევი დასავლეთის ქვეყნებს კვლავ ემუქრება. მან ჯერ მაკრონს პერსონალური შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა, შემდეგ გერმანიას დაემუქრა და ბოლოს ლატვიის პრეზიდენტს დაუწერა ტვიტერზე - არარსებული ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და სახრჩობელაზე არ დაამთავროო. ბირთვულის გაჟღერებაზე არა და არ ჩერდებიან.

მე კარგად მახსოვს პირველად, რომ დაიმუქრა მედვედევი და პუტინი ბირთვული იარაღით, თუ როგორ შეცბუნდა ბევრი. მაგრამ ადამიანს ადაპტაციისა და შეჩვევის უნარი აქვს. მალე ეჩვევა და შემდგომ ჰბეზრდება კიდეც უსაფუძვლო მუქარები. პოლიტიკოსების მხრიდან ცარიელი დაპირება და მუქარა ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ლიდერს არ უნდა ახასიათებდეს. არასერიოზული და კედელთან მიმწყვდეულ პოზიციაში დგანან კრემლში. "ჩინეთის უკანასკნელ გაფრთხილებასავითაა" ეს ყველაფერი. როგორც მთელი ცივი ომი ჩინეთი უკანასკნელად აფრთხილებდა დასავლეთს (40-ზე მეტჯერ გააფრთხილა "უკანასკნელად"), ისე მოსდით კრემლში. მისი ბირთვული მუქარა და წითელი ხაზები კი ვნახეთ რაც არის. და თავდასხმით ომში ბირთვული იარაღის გამოყენება (რაც უპრეცედენტოა) ნებისმიერ აგრესორი ლიდერის თავზე პოტენციური სამიზნის გაჩენას ნიშნავს. კრემლში მკვლელები კი სხედან, მაგრამ თვითმკვლელები?!

მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე

аналитика
რა არის პრინციპული მსგავსება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) შორის?

1. ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი პრიორიტეტი – პირადი გამდიდრება და „სახელმწიფო სახელმწიფოში“

IRGC მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს გახლავთ უზარმაზარი ეკონომიკური იმპერია.
იგი აკონტროლებს მშენებლობის კომპანიებს (მაგალითად, გიგანტურ კონგლომერატს „ხათამ ალ-ანბია“), ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ფირმებს, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ირანელი უშიშროების თანამშრომლები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს კონკურსის გარეშე, არიან ჩართული კონტრაბანდაში (ნავთობი, სხვადასხვა საქონელი), ფულის გათეთრებაში და კერძო ბიზნესის რეკეტში.

ФСБ მხოლოდ სპეცსამსახური არ არის – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საკუთრების გადანაწილებასა და ეკონომიკის კონტროლში.
ФСБ აქტიურად ეწევა ბიზნესის „კრიშავას“, ახორციელებს რეიდერულ დაპატრონებებს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით, აკონტროლებს საბანკო სექტორსა და სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ ნაკადებს. ФСБ-ის მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული პირები ხდებიან დოლარიანი მულტიმილიონერები და მილიარდერები.

შედეგი: როგორც IRGC, ისე ФСБ ქმნიან სისტემას, სადაც თანამდებობა ბიზნეს-აქტივად იქცევა. ამგვარად, მათი ხელმძღვანელობა პირადად არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის შენარჩუნებით.


2. პროფესიული დეგრადაცია და ძირითადი ფუნქციის ჩავარდნები

წლობით, ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქვეყნის (შეიძლება ითქვას, ლიხტენშტაინისაც კი) სპეცსამსახურები დაუსჯელად კლავდნენ ირანელ ბირთვულ ფიზიკოსებსა და IRGC-ის მაღალჩინოსნებს – ეს იყო კონტრდაზვერვის სრულმასშტაბიანი მარცხი.
2018 წელს „მოსადის“ აგენტებმა თეირანში მდებარე სპეციალური საცავიდან მოიპარეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაახლოებით 100 000 დოკუმენტი, საერთო წონით ნახევარი ტონა. თეირანის გულში, პირდაპირ IRGC-ის ცხვირწინ მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია.
IRGC-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, პანიკაში და შესაბამისი ამოცნობის სისტემის გარეშე, ჩამოაგდო უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი.
ეს ყველაფერი მიუთითებს პროფესიონალიზმის უკიდურესად დაბალ დონეზე და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უუნარობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს ისრაელის სპეცსამსახურები ირანში აკეთებენ რაც სურთ.

ФСБ კი ათწლეულებით ჯაშუშობდა უკრაინაში, აგენტებს ანთავსებდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ყიდულობდა მაღალჩინოსნებს. ომამდე, ФСБ-ის მეხუთე სამმართველომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდა აბსოლუტურად მცდარი სურათი – თითქოს უკრაინელი ხალხი რუსულ არმიას ყვავილებით დახვდებოდა.
ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაზვერვითი მარცხი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოიტანა.

ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“: მიუხედავად დასავლური დაზვერვების წინასწარი გაფრთხილებისა და შიდა ინფორმაციით, ФСБ ვერ შეძლო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტის აღკვეთა. ამ დროს მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ადამიანების დასაჭერად, ვინც პლაკატებს ატარებდა ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს წერდა.

დრონებით თავდასხმები მოსკოვზე, აფეთქებები ყირიმის ხიდზე, ოპერაცია „ობობა“ და შეტევები რუსული სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის სიღრმეში – ყველაფერი ეს ცხადყოფს ФСБ-ის სრული უუნარობას შეასრულოს ქვეყნის დაცვის პირდაპირი ფუნქცია.

ФСБ-ის ჩავარდნებს დასასრული არ უჩანს.


3. ერთადერთი სფერო, სადაც ორივე სტრუქტურა „ეფექტიანია“ – საკუთარი ხალხის ჩახშობა

ФСБ და IRGC მშვენივრად ასრულებენ ერთ საქმეს – მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობას. ისინი ებრძვიან ქალებს ჰიჯაბის გარეშე და სტუდენტებს – პლასტმასის ჭიქებით ხელში.

IRGC და მისი დამხმარე „ბასიჯი“ არიან მთავარი იარაღი ირანში პროტესტების ჩასახშობად (2009, 2019, 2022 წწ.). ისინი უშიშრად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მოქალაქეების წინააღმდეგ, ახორციელებენ მასობრივ დაპატიმრებებს, აწამებენ და აწყობენ საჯარო სიკვდილით დასჯებს.

ФСБ კი რუსეთის მთავარი რეპრესიული იარაღია. მათ გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, აყალბებენ საქმეებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. მათ ქვეყანაში შიშის ატმოსფერო შექმნეს – რაც რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია.


დასკვნა

IRGC და ФСБ კლასიკური მაგალითებია იმისა, რაც ხდება სპეცსამსახურებში ავტორიტარული რეჟიმების პირობებში:

  1. შერწყმა ხელისუფლებასთან – ისინი წყვეტენ სახელმწიფოს ინსტრუმენტად ყოფნას და თავად ხდებიან რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, მისი შეიარაღებული რგოლი.

  2. უარყოფითი შერჩევა – კარიერული წინსვლა განისაზღვრება არა პროფესიონალიზმით, არამედ ლოიალურობით და მზადყოფნით, შეასრულო დანაშაულებრივი ბრძანებები. კომპეტენტური, მაგრამ დამოუკიდებელი თანამშრომლები სისტემიდან გარიყულნი ხდებიან.

  3. პრიორიტეტების ცვლილება – ქვეყნის ან ხალხის უსაფრთხოების ნაცვლად, მთავარი ხდება ერთი ადამიანის ან ვიწრო ელიტის ინტერესების დაცვა (მაღლესი ლიდერი ირანში, პრეზიდენტი რუსეთში).


თუ მოკლედ ვთქვათ — ესენი არიან სპეცსამსახურები მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი კორუფციული ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати