USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
გიორგი კობერიძე - პოლიტიკაში გამოყენებულ ხელოვნურ ინტელექტის როლი ძალიან სწრაფად იზრდება
Date:  610
დღეს მედვედევის გამოსვლას ვუყურებდი, სადაც მან კვლავინდებურ მუქარებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ზელენსკისა და მაკრონის დამამცირებელი ფოტოებიც გვანახა. ეს პოსტი მედვედევზე არაა, არამედ პოლიტიკაში გამოყენებულ ხელოვნურ ინტელექტზე, რომლის როლის ძალიან სწრაფად იზრდება.
2023 წლის სლოვაკეთის არჩევნების წინ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არარსებული დიალოგი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ლიბერალ-პროგრესიული პარტია ვითომ არჩევნების გაყალბებისათვის ემზადებოდა. ეს კი არჩევნებამდე 48 საათით ადრე მოხდა და ამომრჩევლის ნაწილის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში პრო-რუსულად განწყობილი ძალები მოვიდნენ.
აშშ-ს წლევანდელ არჩევნებში უკვე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის როლი. აქტიურად ვრცელდება მის მიერ შექმნილი ფოტოები, თითქოს ტრამპი ფერადკანიან ამომრჩევლებს ხვდება ან მის მხარდასაჭერად რომელიმე პატარა ქალაქში თითქოს არარსებული შეკრება გაიმართა. ამ ყველაფერს კი თანდართული აქვს ფოტოები, რომელიც რეალურისაგან მახვილი თვალი თუ გაარჩევს მხოლოდ. რამდენიმე თვის წინ ხელოვნურ ინტელექტს თითების გამოსახვაც კი უჭირდა. ახლა აღარც ეს აღარაა პრობლემა. მალე კიდევ უფრო დაიხვეწება ის.
აქტუალურია ვიდეოებიც, რომლებსაც Deep Fake-ად ვიცნობთ. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში პრო-რუსულმა წყაროებმა ინტერნეტში გაავრცელეს ზელენსკის არარსებული ვიდეო მიმართვა თითქოს ის უკრაინის სამხედრო ძალებს დანებებისაკენ მოუწოდებდა. მაშინ ძალიან მარტივად მოხდა მისი გაშიფვრა. თუმცა ტექნოლოგია საკმაოდ დაიხვეწა. ათობით კადრისა და ხმოვანი ჩანაწერის დაგროვებითა და შესწავლით კომპიუტერი თავად აწყობს ახალ ვიდეოს ან არსებულ ვიდეოში სვამს თავის შექმნილ გამოსახულებას, რომელიც რეალურთან მიახლოებულია. Deep Fake-ის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება განსაკუთრებით საშიში ხდება, რადგან მისი მეშვეობით რიგი ისეთი განცხადების გავრცელება შეიძლება მოჰყვეს, რაც მომენტალურ ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე ან რომელიმე მხარეს იმის მტკიცება მაინც მოუწევს, რომ ეს ტყუილი იყო და საბოლოოდ ძალიან ბევრი რამ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, მათ შორის სამართლებრივი კუთხითაც - ადამიანს შეიძლება დანაშაული დააბრალო ან პირიქით, ალიბი შეუქმნა.
ბოლო ასეთი ყველაზე გახმაურებული ინციდენტი ერთი თვის წინ მოხდა აშშ-ში, როდესაც ტეილორ სვიფტს გაუვრცელეს პორნოგრაფიული ვიდეო, რომელიც სინამდვილეში არ ასახავდა რეალობასო. ამაზე განცხადება თეთრმა სახლმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან სერიოზულ გამოწვევას ქმნის. ზოგიერთი გამოცემა ვარაუდობს, რომ ტეილორ სვიფტზე ზეწოლა პოლიტიკური მიზეზებით მოხდა.
ხელოვნური ინტელექტი ქმნის ახალ ამბებსაც. მას დამოუკიდებლად შეუძლია მოიძიოს, დაამუშაოს, გააანალიზოს და დაწეროს ამბის თავისებური, სახეცვლილი ვერსია, რომელიც შესაძლოა სხვანაირადაც მოხდა. ცხადია ხელოვნური ინტელექტი ქმნის ნამდვილ ახალ ამბებსაც (ნაყალბევის გარეშე), მაგრამ ესაა იარაღი, რომლითაც ნებისმიერი რამის შექმნაა შესაძლებელი.
კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია, რომელსაც მალე ვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო საფრენი აპარატები და შეიარაღებაა. მას თავად შეეძლება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის აღმოჩენა, გადევნება და განადგურება. სავარაუდოა, რომ მსგავს ტექნოლოგიას არათუ შორეულ ომებში, არამედ რუსეთ-უკრაინის ომშიც ვიხილავთ (თუ უკვე არ ვხედავთ, რაზეც მხოლოდ ზედაპირულად საუბრობენ).
გამოწვევებით სავსე ტექნოლოგიურ მომავალს ვადევნებთ თვალს, რომელშიც მოწინავე სახელმწიფო აშშ-ს მიღმა სწორედ ჩინეთი და რუსეთია. თუ რას შეიძლება მოველოდეთ მათგან და ვის გაუზიარებენ ისინი ამ ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ არაა ცნობილი. რუსეთი და ჩინეთი საინფორმაციო ომებში ძალიან დიდ რესურსებს დებენ.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way