USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
თბილისი
გიორგი კობერიძე - მაისის თვეში რუსეთ-უკრაინის ომში ფუნდამენტური ცვლილებებია
თარიღი:  

- აშშ თანხმდება უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით მიიტანოს იერიშები. საუბარია საზღვრისპირა ოლქებზე. სამხედრო სამიზნეებია როგორც სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, ისე ბაზები და საწვრთნელი ცენტრები. არადა რუსეთი დასავლეთს ემუქრებოდა თუ მოხსნით უკრაინისათვის ამ შეზღუდვას ესკალაცია მოხდებაო. და რა ესკალაციაზეა საუბარი, ღიმილისმომგვრელია. ამაზე ხუმრობენ დასავლელი და უკრაინელი ანალიტიკოსები: რა, ნუთუ ომს დაიწყებს რუსეთიო?! იმ ომს რომელსაც ორ წელიწადზე მეტია იბრძვის და ვერ იგებსო?! მოსალოდნელია, რომ სამიზნეების განსაზღვრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე იმაზე მეტი ცეცხლის კერა გაჩნდება, ვიდრე ეს ასობით უკრაინული დრონის სინქრონიზებული შეტევის შემდეგ ჩნდებოდა ხოლმე - დაახლოებით თვეში ერთხელ მაინც. ამაზე ლავროვმა განაცხადა "კიევში ომის პარტია ზისო". სამწუხაროდ, ნაცნობი რიტორიკაა.

- დიდი ბრიტანეთი მწვანე შუქს უნთებს უკრაინას მის მიერ გადაცემული იარაღი შეუზღუდავად გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ბრიტანეთის პოზიცია თავიდანვე ძალიან ღია და ხისტი იყო.
- შვედეთმა და უკრაინამ სამხედრო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მომდევნო ორი წელი უკრაინის აღჭურვასა და წვრთნაში შვედეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მსგავსი პროცესები იკვეთება ნორვეგია-უკრაინის ურთიერთობებშიც.
- უკრაინელებმა გამთენია კრასნოდარის ოლქში ნავთობტერმინალი დაბომბეს. გამოყენებული იყო უკრაინული წარმოების რაკეტები. დაბომბილი ნავთობბაზა ქერჩის (ყირიმის) ხიდთან, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ თვის განმავლობაში უკრაინელებმა რამდენჯერმე აწარმოეს დრონების გამოყენებით მასობრივი შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგადად, ნავთობბაზები რუსეთის აქილევსის ქუსლია.
- რუსეთი ძალიან დიდი რაოდენობით საზღვაო ძალებს ათავსებს ყირიმის ხიდის სიახლოვეს. ამის საპასუხოდ უკრაინული წყლის დრონები კიდევ უფრო აქტიურად იწყებენ მოქმედებას. ბოლო 48 საათში ქერჩის სიახლოვეს, უკრაინულმა წყლის დრონებმა ოთხი რუსული სამხედრო ნავი ჩაძირეს.
- უკრაინელთა მიერ დაიბომბა თათარსტანი, რუსეთის ტერიტორია, სოფელი ვორონინოს სიახლოვეს მდებარე სამხედრო-ქიმიური საწარმო. ეს ტერიტორია საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.
- რუსების მცდელობა ხარკოვის ოლქში, სასაზღვრო რაიონებში გაფართოებული შეტევა ეწარმოებინათ ჩამოეშალათ უკრაინული თავდაცვა, მოცემულ ეტაპზე ჩიხშია შესული. არადა მაისის თვის დასაწყისში წარმოებული შეტევა ისეთ მოლოდინს ქმნიდა, თითქოს რუსეთს არამხოლოდ ინიციატივა, არამედ მაღალი სამხედრო მორალიც ჰქონდათ. პრესა შესაძლო მძიმე შედეგებზეც საუბრობდა უკრაინელთა მხრიდან. ამას ისიც ემატებოდა, რომ უკრაინელებს თავდაცვის ზღუდეები ისე არ ჰქონდათ მომზადებული, როგორც ფურცელზე. მაგრამ რუსული 50 ათასიანი დაჯგუფება საზღვრიდან 7 კილომეტრში გააჩერეს. რუსების მცდელობა სწრაფად აეღოთ ხარკოვის ოლქის სასაზღვრო ქალაქი ვოვჩანსკი არათუ არ გამოვიდა, არამედ ახლა უკრაინელების ხელშია ლოკალური კონტრშეტევა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. რუსული მომარაგების კოლონებს კი უკრაინელები ბომბავენ.
როგორც ჩანს ხარკოვის ოპერაცია რუსეთის მხრიდან ომის ბედის მის სასარგებლოდ შემობრუნების ერთ-ერთი მცდელობა იყო. ამ ოპერაციის მიზანი არა მაინცდამაინც ქალაქი ხარკოვის დაკავება (ეს პროგრამა მაქსიმუმი და რუსებისათვის იდეალური სცენარი თუ იქნებოდა), არამედ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გადასროლა და იქ ფრონტის ჩამოშლის მცდელობა იყო. ახლა რუსები თავს იმართლებენ, სინამდვილეში ბუფერის შექმნა გვინდა ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ტერიტორიას შორისო.
ახლა რუსეთის ხელში მოქმედების ბევრი არჩევანი არ არის. თუმცა არსებობს სხვა საფრთხეებიც: ბელარუსიდან დარტყმის შანსი ბოლომდე არ მოხსნილა, ისევე როგორც უკრაინის სუმის ოლქში რუსეთის მხრიდან გარკვეული მოქმედებების საფრთხეც.
- ევროპაში მასობრივად მიმდინარეობს რუსი აგენტების გამოვლენა და დაკავება. ისინი ევროპის ტერიტორიაზე არამხოლოდ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ, არამედ დივერსიებსაც კი. სავარაუდოდ მათზეა რამდენიმე საწარმოს თუ საცავის დაწვა და განადგურება. ევროპული უსაფრთხოება რუსული დივერსიის წინააღმდეგ სრული სერიოზულობით ამოქმედდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
- დაიწყო მობილიზებული უკრაინელების მასობრივი წვრთნები. შემოდგომაზე უკრაინას დიდი სამხედრო შევსება ექნება, კარგად გაწვრთნილი სამხედროებით.

- პუტინი ჩინეთის იმედადაა. მისი პროპაგანდისტები იმით იყვნენ გახარებული, რომ ამბობდნენ, პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი ერთმანეთს ჩაეხუტნენო (პირდაპირი მნიშვნელობით). დიახ, ჩახუტებაზე აკეთებდნენ აქცენტს. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი ბოლომდე დაუდგება რუსეთსო. კარგად იკვეთება თუ რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია რუსეთი რომ ჩინეთის პრეზიდენტთან ჩახუტებაზე აკეთებს აქცენტს.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

რეგიონი
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.